top of page

დიაგნოზი - ხელოვნება

(თემო გველესიანის სადიპლომო დადგმის თაობაზე)

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

717755122_1468925801220952_9009751245661020160_n.jpeg

24.08.2026

მაკა (მარინე) ვასაძე

დიაგნოზი - ხელოვნება

(თემო გველესიანის სადიპლომო დადგმის თაობაზე)

 

საქართველოს სათეატრო სივრცეში, იასმინა რეზას დრამატურგიას, თითქმის 30 წლის წინ (1999) თემურ ჩხეიძის დადგმული „ART ხელოვნების“ შემდგომ, რომელიც ლეგენდად იქცა, კარგად იცნობენ. სხვადასხვა თაობის რეჟისორები ხშირად ახორციელებენ მის პიესებს.

და, მაინც, ცოტა რამ იასმინა რეზას შესახებ

იასმინა რეზა ებრაულ/ირანული (ებრაული წარმოშობის მშობლები ირანიდან ემიგრირებულები საფრანგეთში) წარმოშობის ფრანგი დრამატურგი, ნოველისტი, მსახიობი, რეჟისორი. მსახიობმა, რომელიც არც ისე აღიარებული გახლდათ, დაიწყო პიესების წერა და დადგმა. თავად ამბობს, რომ 30 წელს გადაცილებულ მსახიობს, რეჟისორები ხაზს გადაგისვამენო, მიყვარდა სიტყვები, თეატრი და დავიწყე წერაო. სწორედ მისმა დრამატურგიამ გახადა იგი ცნობილი სხვადასხვა კონტინენტის მრავალ ქვეყანაში. მანამდეც ჰქონდა აღებული მოლიერის პრემიები, მაგრამ 1994 წელს დაწერილმა “ART” -მა იგი მსოფლიოში აღიარებულ დრამატურგად აქცია. “ART” პირველად (1994) დაიდგა ბერლინში შაუბუნეში, შემდეგ უკვე საფრანგეთში და მერე უკვე სხვა ქვეყნებში. აღებული აქვს მრავალი პრემია, მათ შორის: მოლიერის საუკეთესო ავტორობისთვის (დრამატურგი და დამდგმელი), ლორენს ოლივიეს საუკეთესო კომედიისთვის და ტონის პრემია საუკეთესო პიესისთვის სხვ. სათეატრო მკვლევრები და კრიტიკოსები, მას უწოდებენ ე. წ. „სასაუბრო თეატრის“, „სიტყვის თეატრის“, „ტექსტის თეატრის“  წარმომადგენელს. ზოგიერთი ფრანგი კრიტიკოსი „ბულვარული პიესების“ ავტორად აცხადებს, სამაგიეროდ უცხოეთში, მაგალითად ბრიტანეთში, გერმანიაში, აშშ-ში (და საქართველოშიც) რეზას მნიშვნელოვან თანამედროვე დრამატურგად თვლიან. რამდენიმე მათგანი, იასმინა რეზას ჰაროლდ პინტერს, სემუელ ბეკეტსაც კი ადარებს და იქვე დასძენს, რომ რეზას პიესები, იმავე ეგზისტენციალურ პრობლემებზეა, რაც ბეკეტთან და პინტერთანაა, მაგრამ რეზასთან უფრო ადვილად აღსაქმელია მაყურებლისთვისო.

„როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ჟან ანუის 1950-იანი წლების სოციალური სატირების შემდეგ, ფრანგ დრამატურგს ლონდონის ვესტ-ენდსა და ნიუ-იორკის ბროდვეიზე ასეთი ტრიუმფისთვის არასდროს მიუღწევია. რეზას „ევროპული თეატრის სუპერვარსკვლავს“ უწოდებენ. ბრიტანელი დრამატურგი კრისტოფერ ჰემპტონი, რომელმაც “ART” (ხელოვნება) თარგმნა, მის მინიმალისტურ წერის სტილს ბრიტანელი დრამატურგის ჰაროლდ პინტერის შემოქმედებას ადარებს. რეზას პიესები ასევე შეადარეს სამუელ ბეკეტის მტკივნეულ დრამებს. რეზას პერსონაჟები სავსენი არიან სისულელეებითა და სისუსტეებით, რომლებიც სხვებისგან აღიარებას ეძებენ, როდესაც თავდაჯერებულობა აკლიათ; მან ინტერვიუში თქვა: „მე არ მჯერა კაცობრიობის“. თუმცა, რეზას პიესები, მიუხედავად იმისა, რომ დანაკარგის განცდითაა გაჟღენთილი, უფრო იმედისმომცემია, ვიდრე ბეკეტის და უფრო ხელმისაწვდომი მაყურებლისთვის, რადგან მათი (პერსონაჟების) გონებამახვილობა (აზროვნება) ნაკლებად ეგზისტენციალური და უფრო ყოფითია“.[1]

ორიგინალური პიესის  შესახებ

იასმინა რეზას ერთაქტიანი პიესა, ე. წ. კრიზისულ ასაკში მყოფი (40 წელს მიღწეულები), სამი ბავშვობის დროინდელი განუყრელი მეგობრის, აწმყოში რთული ურთიერთობის გადასინჯვაა. ნახატი, რომელიც ერთ-ერთმა შეიძინა, ე. წ. მოდერნისტულ-ავანგარდისტულ-მინიმალისტური ხელოვნების ნიმუში, თეთრი ფონი სხვადასხვა გრადაციის თეთრივე მკრთალი ზოლებით, მათი მეგობრობის სიმყარის გამოცდის მიზეზად იქცა. მოქმედება ვითარდება სერჟის (დერმატოლოგი), მარკის (აერონავტიკის ინჟინერი), ივანის (საკანცელარიო ნივთების გამყიდველი) მისაღებ ოთახებში პარიზში, ძირითადად კი სერჟთან. სერჟმა ნახატი საკმაოდ დიდ თანხად იყიდა, რაც მეგობრებს შორის მწვავე კამათს, დაპირისპირებას იწვევს. კამათობენ: ვის ესმის და ვის არ ესმის, ვინ აღიქვამს და ვინ ვერ აღიქვამს, ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს - ხელოვნების ესა თუ ის ნიმუში. ვინ აზროვნებს თანამედროვედ, და, ვინ რეტროგრადულად. ვინ რა ფასეულობებით ცხოვრობს, ვის შერჩა ერთმანეთისადმი სიყვარული და ვის არა, ვინ არის პატივმოყვარე და ვინ არა, ვის ეჭირა მათ შორის „მენტორის“ ადგილი და ვის არა, ვისზე სწორებას ცდილობდნენ... არც ერთს ამ სამიდან დალაგებული პირადი ცხოვრება არა აქვს. მოკლედ, ცხარე კამათის დროს, მარკი ხელსაც კი მოუქნევს სერჟს და მოქნეული ხელი ივანს მოხვდება. ესაა პიესა მეგობრობისა და პიროვნული მთლიანობის, ადამიანური ღირებულების შესახებ. მარკი სერჟის შენაძენს სულელურად მიიჩნევს, ივანი ცდილობს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას და მათ შორის მშვიდობის დამყარებას. პიესა იკვლევს ეჭვიანობის, დაუცველობის, სუბიექტურობის პრობლემებს, წარმოაჩენს, თუ როგორ შეიძლება პირადი ურთიერთობები დაზიანდეს, ერთი შეხედვით წვრილმანი ყოფითობით.

იასმინა რეზას დრამა კომედიად არის მიჩნეული, თავად ავტორი კი თვლის, რომ მას კომედია არ დაუწერია. ასევე, მისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, როდესაც მისი პიესა ამგვარად შეაფასეს: „დიდი იდეები შემსუბუქებულ ვარიანტში“. მან პასუხად თქვა, რომ ხელმისაწვდომობა შეცდომით აღიქვეს ბანალურობად. „არ მინდა ჩემი თავი უდიდეს დრამატურგებს შევადარო, მაგრამ შექსპირი, მოლიერი, რასინი, ყველა დიდი ადამიანი ძალიან, ძალიან ხელმისაწვდომი იყო. და, ის ფაქტი, რომ ისინი კლასიკად იქცნენ, სწორედ მათი ხელმისაწვდომობის დამსახურებაა. ჩემი შემოქმედება ძალიან რთულია... მაგრამ რთული და სასაცილო, რთული და მიმზიდველი“.[2]

გადმოქართულებული პიესის შესახებ

თემურ ჩხეიძის და თამაზ გოდერძიშვილის ტანდემის, ადამიანური თუ შემოქმედებითი მეგობრობის, ერთობლივი მუშაობის წყალობით, ქართული თეატრის ისტორიას, რამდენიმე საუკეთესო დადგმა შემორჩა. მათ შორისაა - „ART ხელოვნება“. თამაზ გოდერძიშვილი თავად წერდა, თარგმნიდა, აქართულებდა და ინსცენირებებს აკეთებდა, ძირითადად თავისი მეგობრის - თემურ ჩხეიძისთვის. თუმცა, მის - ორიგინალურ, თარგმნილ თუ გადმოქართულებულ დრამებს, მრავალი რეჟისორი დგამდა და დღესაც ახორციელებს სცენაზე. მათ შორის, მიხეილ კვესელავას რომანი, „ასერგასის დღე“ რობერტ სტურუას სპექტაკლისთვის ბატონმა თამაზმა გააკეთა (1985).

თამაზ გოდერძიშვილმა გადმოქართულებულ ვარიანტს უწოდა „ART ხელოვნება“. ვფიქრობ, ამით სათაურშივე გაამძაფრა, ავტორისეული იუმორნარევი, დამოკიდებულება, როგორც პიესის ძირითადი პრობლემის და კონფლიქტის, ასევე, პერსონაჟების მიმართ. აღსანიშნია აგრეთვე, რომ რეზასთან არსებული ფრანგული სნობიზმი „ქართულ-მამაპაპური’“ სნობიზმით ჩაანაცვლა. პერსონაჟებს, არა მარტო სახელები შეუცვალა, სერჟი იქცა სერგოდ, მარკი - მამიად, ივანი - ივანედ, არამედ, მენტალურადაც - ქართველ, ხელმოცარულ „ვაჟკაცებად“ აქცია. მოქმედების ადგილად, ანუ - სერგოს, მამიას და ივანეს ბინების, მისაღები ოთახები დატოვა. რემარკაში მიწერილია, რომ ინტერიერში არაფერი იცვლება, კედელზე დაკიდებული ნახატების გარდა. თამაზ გოდერძიშვილის პერსონაჟთა სამეტყველო ენა, თანამედროვე ქართულია, შიგა და შიგ ჟარგონებით განზავებული.

ინტერნეტ სივრცეში თუ აკრეფთ - თემურ ჩხეიძე „ART ხელოვნება“, იმ წამსვე გადაგიყვანს  მარჯანიშვილის თეატრის ვებგვერდზე და იქ, ქართული სარეჟისორო ხელოვნების, ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანის თემურ ჩხეიძის გამონათქვამი დაგხვდება სპექტაკლზე: „...ერთხელ „არტზე“ ვთქვი, იდეალური იქნება სპექტაკლის შემდეგ მსახიობებს თუ ჰკითხავენ, კი მაგრამ აქ რეჟისორმა რა გააკეთა, ვერ გავიგეთო?!   არ ვიცი, ვერ გეტყვით, რა ჰქვია ამას, ან როგორ ხდება... გააჩნია სად, რომელ სპექტაკლში რა არის საჭირო. არის სპექტაკლები, სადაც რეჟისორი არ უნდა ჩანდეს. არის სპექტაკლები, სადაც ის მინიმუმ არ უნდა გაწუხებდეს. „არტს” არ სჭირდება არც ერთი „მეტაფორა.“ სხვა სპექტაკლში შეიძლება მეტაფორა აუცილებელი იყოს. ისე, ეგ იგივეა, რომ თქვა: სადაც ფორტეა, იქ არის დირიჟორი და კომპოზიტორი, სადაც პიანოა, იქ თავისით, უნებურად უკრავს ორკესტრიო“.

თემურ გველესიანის დადგმის თაობაზე

ზემოთ, თემურ ჩხეიძის არტარეაზე თქმული, რეჟისორთან შეხვედრისას, იმისთვის მოვიყვანე, რომ აღმენიშნა, დიდი გამბედაობა უნდა გქონდეს, რომ ლეგენდად ქცეული სპექტაკლი, რომელიც ათეული წლები არ ჩამოდიოდა მარჯანიშვილის თეატრის სცენიდან, სარეჟისორო ინტერპრეტაცია/კონცეფციის, ფილიგრანული ნამუშევრის და მიხეილ გომიაშვილის, ზურაბ ყიფშიძის, ალეკო მახარობლიშვილის - უმაღლესი სამსახიობო ოსტატობით ხორცშესხმული პერსონაჟების გამო, ადგე და სადიპლომო სპექტაკლად აირჩიო. აქვე აღვნიშნავ, რომ ანდრო ენუქიძის წლევანდელი, 2026 წლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი ჯგუფის (ნანუკა ჯავახიშვილი, გიორგი გოცაძე, თემო დვალი, ტატო კუბლაშვილი, თემო გველესიანი) სადიპლომო დადგმები გამოირჩეოდა არჩეული პიესების ჟანრობრივი განსხვავებულობით, საქმისადმი სერიოზული მიდგომით, გადაწყვეტის ორიგინალობით, წარმოდგენებში დაკავებულ მსახიობებთან მუშაობის მცდელობით, კონცეფციასთან მისადაგებული სცენოგრაფიითა თუ მუსიკალური გაფორმებით.

დავუბრუნდეთ თემო გველესიანის დადგმას. გადმოქართულებული პიესის სასცენო ადაპტაცია თავად თემო გველესიანს ეკუთვნის. ახალგაზრდა რეჟისორმა ინტერპრეტირებისას სათაური შეცვალა და სადიპლომო ნამუშევარს „დიაგნოზი - ხელოვნება“ უწოდა. პიესის ტექსტის სასცენო ტექსტად გარდაქმნისას თითქმის არაფერი შეცვალა, უმნიშვნელოდ შეამოკლა. მოქმედების ადგილად სერგოს ბინა დატოვა. ორიგინალური თუ გადმოქართულებული პიესის მსგავსად, დეკორაცია მარტივი და უბრალოა (მხატვარი დინარა ზურაბიანი, გიორგი (გოგი) მესხიშვილის სახელოსნო). დიმიტრი ალექსიძის სასწავლო სცენის სივრცე უკან ჩამოშვებული ფარდითაა დაპატარავებული. სცენაზე მხოლოდ ერთმანეთზე ახოხოლავებული სამი ტუმბოა,  რომელიც პატარა ტრიბუნის ასოციაციას იწვევს. დასაწყისში, პერსონაჟი/ მსახიობები (სერგო - გუგა ქაცარავა, მამია - გივი ბალანჩივაძე  და ივანე - დაჩი ცაავა) რიგრიგობით მიდიან ე. წ. ტრიბუნასთან, ხელით ნერვულ მოძრაობებს აკეთებენ, აკაკუნებენ. მაყურებელი როცა საბოლოოდ განთავსდება ადგილებზე, გივი ბალანჩივაძის მამია - აპარტეზე (Aparté) გამოდის მაყურებელთან და უყვება ამბავს, რომელიც ძალიან ადარდებს - მისმა კარგმა მეგობარმა იყიდა ნახატი, ძალიან ძვირად, რომელზედაც არაფერია გამოსახული, თეთრი ტილოა და თვალების მოხუჭვის შემთხვევაში შეიძლება თეთრივე ფერის ზოლები დაინახო... პერსონაჟი მსახიობები ტრიბუნას დაშლიან, ტუმბოებს ცარიელი სცენა-სივრცის სამ მხარეს განალაგებენ და სხდებიან. რეჟისორმა ტუმბოების ზომების მიხედვით - დიდი, საშუალო, პატარა -  თავიდანვე გაუსვა ხაზი და მიგვახვედრა, ამ სამ მეგობარ/პერსონაჟს შორის - ვინ თვლის თავს მენტორად - მამია, ვინ ცხოვრობს სნობურ ალუზიებში სერგო, ცდილობს მამიაზე სწორებას და ვინ ცდილობს მომრიგებელ/ დამზავებლის როლი მოირგოს და საბოლოოდ, ყველაზე მეტად დაჩაგრულ/დამცირებული გამოდის - ივანე. ყველაზე დიდ ტუმბოზე ჯდება მამია, მომცროზე სერგო, ხოლო ყველაზე პატარა ივანეს შეხვდება. ასევე, რეჟისორი ორიგინალურად იყენებს ამ ტუმბოებს, იმისთვის, რომ სცენაზე პირობითად მამიას და სერგოს „სამფლობელოების“ არსებობაზე მიგვანიშნოს, ანუ, ამა თუ იმ ეპიზოდში,  ვის ტერიტორიაზე ვითარდება მოვლენები. ასევე, ამ ტრიუმვირატიდან, როცა ერთ-ერთი უშუალოდ არ არის ჩართული ქმედებაში, ე. ი. პირობითად იქ არ იმყოფება, ყველაზე პატარა ტუმბოზე, რომელიც სცენის სიღრმეში ჩამოშვებულ ფარდასთან დგას, ზურგით ჯდება მაყურებლისკენ. ეს ფარდა, კარის ფუნქციასაც ასრულებს, მაგალითად, დაგვიანებული ივანე, სწორედ აქედან შემოდის სერგოს ე. წ. ბინაში, და ასევე, გადის განაწყენებული, როცა მას ორივე მეგობარი „თავს დაესხმება“.

გუგა ქაცარავა, ნერვიული ადამიანის ფსიქო-ტიპს ქმნის, მისი სერგო ეგზალტირებული ადამიანია, მართალია ცნობილი, წარმატებული დერმატოლოგია, ამიტომ ფულიც აქვს ნაშოვნი. მასში არსებული პროვინციული სნობიზმი, ე. წ. „ელიტაში“ ყოფნის მცდელობისკენ უბიძგებს. როგორც მამია ამბობს: კოლექციონერობა მოინდომაო... სერგო ახალი შენაძენით აღფრთოვანებულია და სიხარული თავის მეგობრებსაც სურს  გაუზიაროს. საუბრისას გამუდმებით ფეხის ტერფს ათამაშებს, რაც მის ნერვულ დაძაბულობაზე მიგვანიშნებს. ოჯახური მდგომარეობა, გაყრილი, პატარა შვილი ჰყავს და მასთანაც ურთიერთობა არა აქვს დალაგებული.

გივი ბალანჩივაძის მამია - მუდმივად უკმაყოფილო ადამიანის განსახიერებაა. რეტროგრადი, არაფერი ახალი არ მოსწონს, რაღაც თვალსაზრისით ნიჰილისტია. ცხოვრობს ქალთან, რომელიც სერგოს სიტყვებიდან გამომდინარე უშნო და უხასიათოა, უყვარს პირველობა, როცა შეამჩნევს რომ მის ავტორიტეტს საფრთხე ექმნება უხეში და დაუნდობელი ხდება. ცინიკოსიც არის, ივანეს ხშირად აგდებულად ელაპარაკება. აღფრთოვანებულ სერგოს პირში მიახლის ეს შენი ნახატი - „მძღნერიაო“... ფინალისკენ, ხელების ქნევასაც არ ერიდება და მისი მოქნეული მუშტი სერგოს ნაცვლად ივანეს მწარედ მოხვდება.

დაჩი ცაავას ივანე - როგორც აღვნიშნე, ამ სამეულში ცხოვრებისაგან ყველაზე დაჩაგრულად გრძნობს თავს და ალბათ, არის კიდეც. საკუთარი აზრი არ გააჩნია, მეგობრებიც ამას უჩიჩინებენ და თავადაც ასე ფიქრობს. რბილი ხასიათის, უნებისყოფო, დამყოლი, ამ დროს ტრიუმვირატის წევრთაგან ყველაზე მოსიყვარულე, გულკეთილი, გულუბრყვილო და კომიკური. ირკვევა, რომ ქალები გამუდმებით ჩაგრავენ: დედა, დედინაცვალი, საცოლე, მათი დიქტატის ქვეშაა სულ. საკანცელარიო მაღაზიაც კი, რომელშიც მუშაობს საცოლის ბიძისაა. ცოლს იმიტომ ირთავს, რომ აგერ უკვე 40-ის ხდება და მარტოდ გრძნობს თავს, მარტოობის ეშინია. იმისთვის რომ მეგობრებმა მოუსმინონ, თავისი სატკივრის გაზიარებას, ჩქარ-ჩქარა, ტყვიამფრქვევის ჯერივით, თითქოს ერთი ამოსუნთქვით ცდილობს. მეგობრები მასზე მაღალი წარმოდგენის არ არიან, მაგალითად მამია პირში მიახლის, რომ ის ყოველთვის ისე იქცევა, რასაც ისინი ეტყვიან, ყოველთვის იმას აკეთებს, რაც სხვებს უნდათ. ამასთანავე, განსხვავებით მამიასგან, აქვს იუმორის გრძნობაც, მაგალითად ფინალისკენ სერგოს ეუბნება, ეგ შენი ნაყიდი ნახატი „ალბინოსის მოჯმულიაო“.

რეჟისორის ჩანაფიქრით ნახატი სპექტაკლში საერთოდ არ ფიგურირებს, მასზე საუბრისას მსახიობი/პერსონაჟები სივრცეში, მაყურებელთა დარბაზისკენ იყურებიან, თითქოს სადღაც იქ ეკიდოს. თემო გველესიანმა ამით ხაზი გაუსვა იმ ვითარებას, რომ სამ მეგობარს შორის ატეხილი დავიდარაბა, სინამდვილეში ნახატი არ არის. სინამდვილეში პრობლემა მათი ურთიერთობაა, რომელსაც დროთა მდინარებაში ბზარი გაუჩნდა და ახლა მის აღდგენას ცდილობენ, სურთ ერთმანეთს დაუმტკიცონ, რომ მათთვის მეგობრობაა ყველაზე მთავარი. ამის დასტურად სერგო მამიას ნახატზე ფლომასტერით მთიდან დაშვებულ მოთხილამურეს მიახატვინებს, ფინალში კი არ უტყდება, რომ იცოდა ფლომასტერით დახატულის წაშლა - შეიძლებოდა (რასაც აკეთებენ კიდეც). ივანე, როგორც ყოველთვის, ყველაფერს აპატიებს მეგობრებს, მაგრამ რაღაცნაირად გულჩვილი ხდება, ხშირად სხვადასხვა ქმედებაზე ეტირება კიდეც. ეგოდაკმაყოფილებული მამია კი ამ სიტყვებით ამთავრებს სპექტაკლს:

„თეთრი ღრუბლებიდან თეთრი თოვლი ბარდნის.

 არც თეთრი ღრუბლები ჩანს და არც თოვლი.

 არც სიცივე, არც მოყინული მიწა.

 ეული მოთხილამურე მთიდან მოსრიალებს.

 თოვს.

 თოვს, სანამ მოთხილამურე არ გაუჩინარდება!

 ჩემმა ძმაკაცმა სერგომ, რომელთანაც დიდი ხანია ვმეგობრობ,

სურათი იყიდა.

 იქნება ასე მეტრი და სამოცი მეტრზე და ოც სანტიმეტრზე.

 ტილოზე ხატია ადამიანი, რომელიც უკიდეგანო სივრცესა კვეთს

და თანდათან იცრიცება მასში.

 თოვს“.

აღდგება კი მათი ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული, ეს არავინ ვიცით. და, რადგან, რეჟისორმა მაყურებელი თავის დადგმაში ნახატის სახით ჩართო, პირადად მე, ვფიქრობ, ალბათ, უფრო არა. გატეხილის გამთელება ძალიან ძნელია. ამ სამეულმა შეიძლება ფორმალურად შეინარჩუნონ მეგობართა სტატუსი, მაგრამ გრძნობა გამქრალია...

თემო გველესიანის „დიაგნოზი-ხელოვნება“ ანსამბლური სპექტაკლია, თანამოაზრეთა მიერ შექმნილი. მასში ერთნაირად მნიშვნელოვანია, რეჟისურა, მხატვრობა, მუსიკალური გაფორმება (გოგა გოგიჩაძე) და რაც მთავარია მსახიობთა მიერ გაცოცხლებული პერსონაჟები. მათ, სამი მეგობრის ურთიერთობის განზოგადებით,  შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის - ადამიანთა შორის გართულებული -უსიყვარულო, უსულგულო, გაციებული და ა. შ. ურთიერთობის, ერთდროულად ფსიქოლოგიური და პირობითი სათეატრო ხერხებით გადმოცემა. რაც მთავარია, რეჟისორმა სწორად განსაზღვრა ნაწარმოების ჟანრი - დრამატული კომედია და ასეც გადმოიტანა სცენაზე.

ერთი შენიშვნა მაქვს რეჟისორის და მსახიობების მიმართ (არ ეხება დაჩი ცაავას). ხშირ შემთხვევაში მსახიობთა მეტყველება არ ისმოდა სცენიდან. ამ მხრივ, ვფიქრობ, მათ ბევრი სამუშაო აქვთ. ხოლო, რეჟისორი, როცა დგამს სპექტაკლს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ სხვასთან ერთად, მსახიობთან მუშაობის დროს, სწორი სასცენო მეტყველება, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად დაისახოს.

 

 

[1] Kelleghan F. "Art" by Yasmina Reza. Published In:2022. https://www.ebsco.com/research-starters/literature-and-writing/art-yasmina-reza (ბოლოს გადამოწმებულია 23.07.2026, თარგმანი ჩემია მ. ვ.)

[2] Kelleghan F. "Art" by Yasmina Reza. Published In:2022. https://www.ebsco.com/research-starters/literature-and-writing/art-yasmina-reza (ბოლოს გადამოწმებულია 23.07.2026, თარგმანი ჩემია მ. ვ.)

bottom of page