top of page

დედა, როგორც მსხვერპლი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

484164748_606784372174827_5755693267611280341_n.jpg

თეკლა თალაკვაძე

დედა, როგორც მსხვერპლი

      

ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა არჩევანის გაკეთება უწევს ოჯახსა და კარიერას შორის. ეს არჩევანი ყოველთვის რადიკალური არ არის და შესაძლებელია ორივეს შეთავსებაც, მაგრამ  თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში თავისი პრიორიტეტები აქვს. ზოგი იბადება ოჯახისთვის. მისთვის ეს არის მთავარი ღირებულება, მისი ცხოვრება და აზრი. ასეთ ადამიანებს განსაკუთრებით უჭირთ, როცა შვილები იზრდებიან, შორდებიან და მათ აღარ სჭირდებათ სითბო და ყურადღება. ამ დროს დედისთვის ცხოვრება თითქოს აზრს კარგავს, ის როლი რაც დაკისრებული ჰქონდა დაკარგა და ამის გადატანა უმძიმესია.

     

ფლორიან ზელერი არის თანამედროვე ფრანგი დრამატურგი და რეჟისორი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია ოჯახური თემატიკის ფსიქოლოგიური დრამებით. ხშირად იყენებს დამაბნეველ თხრობას, ერთსა და იმავე სცენას სხვადასხვა ფორმით გვაჩვენებს. ოჯახური ტრილოგიით - „დედა“, „მამა“, „ვაჟიშვილი“ ზელერმა აჩვენა ოჯახის სხვადასხვა წევრის პერსპექტივა. სიღრმისეულად ეხება მარტოობას და სულიერ ტკივილს.

    

რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა დადგმებისას განსხვავებული თანმიმდევრობა აირჩია. მისი მიზანი იყო შეექმნა ტრილოგია, რომელიც ერთ ოჯახზე მოგვითხრობდა დედა, მამა, ვაჟიშვილი და ქალიშვილი. მთავარი როლები მოირგეს ერთი და იგივე მსახიობებმა, რათა პერსონაჟების განვითარების ხაზები უფრო გამოკვეთილი ყოფილიყო. „ვაჟიშვილი“ და „მამა“ გორის თეატრში დაიდგა ხოლო „დედა“ მოგვიანებით დაიდგა მარჯანიშვილის თეატრის სხვენში.

    

სპექტაკლის პირველივე წუთებიდანვე იქმნება სევდიანი და მძიმე ატმოსფერო. დედა დამწუხრებული ზის სკამზე, სარკის წინ, სიბნელეში ეწევა და სვამს. ამ მიზანსცენიდან იგრძნობა, რომ ამ ქალს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. მთელი  სპექტაკლის განმავლობაში ის უმეტესწილად სკამზე ზის, რაც მის დეპრესიულ და პასიურ მდგომარეობაზე მიუთითებს.  სცენები მეორდება ორჯერ, მაგრამ განსხვავებული ფორმით, რაც თავიდან დამაბნეველია და რამდენიმე ასოციაციას გიჩენს, მაგრამ მოგვიანებით ხვდები, რომ ერთი სცენა არის რეალური ხოლო მეორე დედის შიშებიდან გამომდინარე დანახული ოჯახია.

    

მუსიკალური გაფორმება (მერი ბეროშვილი) მნიშვნელოვნად ამძაფრებს დრამატულობას. ის ქმნის მუდმივ დაძაბულობას, რომელიც გვაგრძნობინებს, რომ რაღაც ტრაგიკული შეიძლება მოხდეს. ცისფერი განათება სიმბოლურად გამოხატავს სევდას, სიცივესა და მარტოობას. (მხატვარი - დავით ჩხარტიშვილი, თამუნა ლომსაძე).

   

დედის როლის შემსრულებელი მსახიობის ( ანა მატუაშვილი) თამაში დასაწყისში გარკვეულ დისკომფორტს იწვევს. მისი მეტყველება, ინტონაცია და არტიკულაცია ზედმეტად „დადგმულად“ ჟღერს, შეგრძნება გიჩნდება, თითქოს ფილმის ქართულად გახმოვანებულ ვერსიას უსმენ.  თუმცა სპექტაკლის დასასრულს მისი გარდასახვა შთამბეჭდავია, როდესაც სცენაზე ჩნდება ის სიმძაფრე, რაც ამ არტისტს ნამდვილად ხელეწიფება. მისი „გაგიჟება“  არა მხოლოდ შთამბეჭდავია, არამედ ემოციურად ძალიან ზუსტია. მამის როლის შემსრულებელი ( გირგი ცერცვაძე) მსახიობი შედარებით მოკრძალებულია. იგი კარგად გადმოსცემს იმ ტიპურ ქმარს, რომელიც გარეგნულად ცდილობს იყოს პასუხისმგებლიანი, თითქოს მზრუნველიც კი, მაგრამ სინამდვილეში არც ფიზიკურად და არც სულიერად არ არის მეუღლის გვერდით. დაჩი ბაბუნაშვილისა ( ნიკოლა) და ქეთი ლუარსაბიშვილს აკლიათ გარკვეული სიღრმე. მიუხედავად ამისა მაინც ახერხებენ მაყურებლამდე მიიტანონ მათი სათქმელი. დედა მართლაც შემაწუხებელია, მაგრამ შვილი მაინც ვერ აცნობიერებს ბოლომდე მის ტკივილს და ვალდებულებას, რომელიც არა მარტო მოვალეობაა, არამედ სიყვარულის გამოხატულება უდნა იყოს. ეს კი იმ დამოკიდებულების ასახვაა, რაც რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად გვავიწყდება.

      

მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს წითელ კაბას, რომელიც დედამ იყიდა იმ იმედით, რომ ახალგაზრდულად გამოჩნდებოდა და შვილთან ერთად გავიდოდა სასეირნოდ. თითქოს ამით ცდილობს დაიბრუნოს ის  თავი, რომელიც უწინ იყო. აღსანიშნავია, რომ იგივე წითელი კაბა აცვია შვილის შეყვარებულსაც, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს მისი ჩანაცვლების მტკინვეულ სიმბოლოზე შვილმა დედა მისმა პარტნიორმა „შეავსო“. ეს ერთი კაბა სცენაზე თითქოს ორ ქალს აკავშირებს, მაგრამ ამ კავშირში სიყვარული არ არის, ტკივილია. კაბა იქცევა დედისთვის სიმბოლოდ, რაც წართმეული სიყვარულის შეგრძნებას აღწერს, რომ ის ადგილი, რომელიც ოდესღაც მას ეკუთვნოდა, ახლა სხვამ დაიკავა. წითელი ასოცირდება ვნებასთან და ამ შემთხვევაში ტრაგიკული  ტონის მატარებელია ( კოსტიუმების მხატვარი - თამუნა ლომსაძე).

     

მიკუთვნებულობის პრობლემა მარადიული თემაა, რომელიც განსაკუითრებით მწვავედ დგება დედასა და ვაჟს შორის ურთიერთობაში. ბიჭის დედებისთვის ხშირად ურთულესია შვილის „გაშვება“, მისთვის დამოუკიდებლობის მინიჭება და აღქმა, რომ ახლა უკვე ახალ ოჯახს ქმნის და მისთვის პირველ პლანზე სხვა ადამიანი გამოდის. მიზანსცენაში, სადაც შვილი გორდება და ზეწარში ეხვევა გვაგონებს თოთო ბავშვს, ანუ მშობლებისთვის შვილები ყოველთვის პატარები იქნებიან. ამავდროულად, არანაკლებ მნიშვნელოვანია თვითონ შვილების პასუხისმგებლობაც. აუცილებელია ადამიანებს მუდამ ახსოვდეთ საკუთარი ვალი ერთმანეთის წინაშე. ოჯახი მხოლოდ ბიოლოგიური კავშირი ან ყოველდღიური რუტინა არ არის. ის არის ზრუნვა, ემოციური მხარდაჭერა და სიყვარული. როცა ეს ბალანსი ირღვევა, ოჯახი მხოლოდ ფორმად რჩება, უსახო სიტყვად, რომელშიც აღარ არის ის სითბო და სიცოცხლე, რაც მას მნიშვნელობას ანიჭებს.

bottom of page