top of page

დედაა ომი?

„დედაომის“-ეული ასოციაციები

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

275845393_1865425880323515_4103571008141922301_n.jpeg

მაკა (მარინე) ვასაძე

დედაა ომი?

„დედაომის“-ეული ასოციაციები

 

„სანამ იქნება ადამიანი, მუდამ იქნება ომი.

ვინ იცის, რა უფრო საშინელია, მკვდარი ბავშვები თუ არსიყვარულის შვილები?“

ზაზა ბურჭულაძე[1]

 

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ინტელექტუალებმა ღმერთი=სიყვარული მოკლეს. მე-20 საუკუნეში ადამიანმა კიდევ ერთხელ „იცვალა ფერი“. წარმოუდგენელი სისწრაფით განვითარებულმა ტექნიკურმა პროგრესმა ჰომო საპიენსი საბოლოოდ მოწყვიტა ბუნებას და მანქანის ჭანჭიკად აქცია. ამის შესახებ, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ექსპრესიონისტული ხელოვნება - თეატრი, დრამატურგია გვაფრთხილებდა (ძირითადად გერმანული). ექსპრესიონიზმი უარყოფდა მთელ წინარე კულტურას, სადაც ბატონობდა რაციო-გონება.  ინტელექტმა შექმნა ტექნიკა, ტექნიკა ანგრევს ადამიანის  სულიერ სამყაროს. რაციოს მიერ მოტანილმა ტექნიკურმა პროგრესმა შექმნა ბირთვული იარაღი. „ჰომო საპიენსი“ - თვითმკვლელ საზოგადოებად იქცა. ჩვენმა რაციომ თვითგადარჩენის ინსტინქტიც კი დათრგუნა.

მე-20 საუკუნის ბოლოსკენ მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ იმპერიების დრო დასრულდა და რომ თანამეგობრობა ქვეყნებს, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის საუკეთესო ფორმაა.  დედამიწაზე არსებულ ერთადერთ შოვინისტურ-იმპერიალისტურ ქვეყანად რუსეთი დარჩა, რომელსაც არ სურს „უფროსი ძმის“ როლის დათმობა. დღეს, უკრაინასთან (თავის სისხლით ნათესავთან) ომი მთელ მსოფლიოსთან ომის ტოლფასად იქცა.

2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმის პერიოდში, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა რეჟისორმა, დათა თავაძემ დაიწყო პიესის წერა ომის შესახებ და 2013 წელს დაასრულა. პიესა ავსტრია-საქართველოს მიერ ორგანიზებული კონკურსის „საუბარი საზღვრების შესახებ“ გამარჯვებული გახდა. ითარგმნა გერმანულ ენაზე და პირველი პრემიერა გერმანიაში შედგა. თითქმის 10 წლის განმავლობაში „დედაომი“ საქართველოში არ განხორციელებულა (თუ არ ჩავთვლით პიესის თეატრალიზებულ კითხვას).

ახალგაზრდა რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი, რომელსაც უკვე რამდენიმე, განსხვავებული სათეატრო ხერხით, საინტერესო სპექტაკლი აქვს შექმნილი სხვადასხვა თეატრში (როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში), პირველია, რომელმაც  ამ პიესის მიხედვით ოზურგეთის თეატრში დადგა წარმოდგენა. პრემიერა მარტის დასაწყისში შედგა. (დღეს, ოზურგეთის თეატრს საქართველოს რეგიონების თეატრებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია, რაც მისი სამხატვრო ხელმძღვანელის გონივრული მმართველობის შედეგია).

დათა თავაძის „დედაომი“  გლობალურ ომზე, ძალადობაზე, უსიყვარულობაზეა. ომი - ოჯახში, დედა-შვილს შორის, სხვადასხვა თუ ერთი სქესის წარმომადგენელს შორის, მეგობრებს შორის, ქვეყნებს შორის... ავტორის მიერ შექმნილ ტექსტში დახვეწილი იუმორიც არსებობს, რაც მკითხველს გადმოცემული ტრაგიკული, მძიმე ამბის აღქმაში ეხმარება. საბა ასლამაზიშვილის ე. წ. აპარტეს ხერხით დადგმულ სპექტაკლში (რაც დღეს ძალიან მოდაშია ქართულ თეატრში), მსახიობი-პერსონაჟები მაყურებელს სახეში ახლიან სათქმელს, იუმორი მთლიანად გამქრალია და „სახეში მოხლილი“ ამბის დრამატულობა უფრო მეტად გამძაფრებული.

რატომ დაარქვა დათა თავაძემ პისას - „დედაომი“? ქართულ ენაში სიტყვით - დედა - მრავალი სახელი იწარმოება: დედამიწა, დედაბოძი, დედაკაცი, დედაარსი, დედააზრი და ა. შ. პიესაში და სპექტაკლშიც ორი დედაა, ზინა - უფროსი ასაკის, რომლის შვილი ჯარში გაიწვიეს - ომობს. თინა - ახალგაზრდა გოგონა, შეუმდგარი დედა, რომელსაც ომმა შვილი წაართვა - მუცელი მოეშალა. ჯარისკაცებს, რომლებიც ომობენ, დედები შობენ.

„დედაომით“ ოზურგეთის თეატრის ექსპერიმენტული სცენა გაიხსნა. აქ არ არის ამაღლებული ფიცარნაგი, მსახიობები და მაყურებელი ერთ სივრცეშია მოთავსებული. თამარ ოხიკიანმა რეჟისორის კონცეფციის შესაბამისი დეკორაცია შექმნა. დარბაზში გარანდული ხის იატაკია, იმავე ხის მასალისგან მხატვარმა რამდენიმე კუბი განალაგა, რომლებიც მაყურებელს კუბოების ასოციაციას უჩენს. ეს კუბო-კუბები საწოლის ფუნქციასაც ასრულებენ.  მოქმედების განვითარების ერთ-ერთ ეტაპზე, პერსონაჟი თინა (ციცი ბუცხრიკიძე)  ტომრებს გამოათრევს და იატაკზე ცლის. ტომრებიდან პატარა კენჭების მსგავსი ლობიოს მარცვლები იყრება. შემდეგ თინა ამ მარცვალ-კენჭებს „აჭმევს“ ზინას (თამარ მდინარაძეს), უფრო სწორედ პირში ატენის, თითქოს გაუმაძღარი დედაომის მუცლის ამოყორვას ლამობს (პიესაშიც ლობიო რამდენჯერმე ფიგურირებს: ზინა და თინა არჩევენ, ხარშავენ, თინა ზინას გულისრევამდე აჭმევს). დეკორაციას შუშებიანი პატარა ოთახი კრავს, რომლის კედელის საკიდებზე ტანსაცმელი კიდია. იატაკზე მიმოფანტული - პიჯაკები, შარვლები, ლაბადები - თუ ჩამოკიდებული ტანსაცმელი გაუპიროვნებული, სულგამოცლილი ადამიანების მეტაფორად   ე. წ. „მასოვკად“, აღიქმება. ოთახს გვერდიდან დიდი პანდუსი აქვს მიდგმული (ასევე გარანდული ხის მასალისგან). რეჟისორმა პანდუსს ქმედითი დატვირთვა მიანიჭა. პანდუსი პიესაში არსებული ჩარაზული ჭიშკრის სცენური ვარიაცია-სიმბოლოა. თინა და ზინა პანდუსით მაღლა ასვლას და ჩაკეტილი სივრციდან თავდახსნას ცდილობენ. მათი ეს ქმედება რამდენჯერმე ზედიზედ მეორდება. მარცხენა მხარეს ტელევიზორი დგას, რომელიც თითქმის ფინალამდე ჩართულია, მაგრამ ეკრანზე მხოლოდ ტრანსლაციის ხარვეზი, ნაცრისფერი ციმციმი აისახება. დათა თავაძის პიესაში ტელევიზორსაც დრამატულის და კომიკურის შეპირისპირების დატვირთვა ენიჭება. დაძაბულ მომენტებში ტელევიზორის ეკრანზე  მულტიპლიკაციური ფილმის - იხვი დონალდის - კადრები ჩნდება. ფინალისკენ აღმოჩნდება, რომ ჩართული ტელევიზორი „მოსასმენი“ საშუალებაა. პერსონაჟი კურიერი ამბობს: „თქვენი ყოველი სიტყვა ისმინება. რამდენჯერაც ტელევიზორს რთავთ, იმდენჯერ თქვენს სახლში გვიშვებთ“. სპექტაკლში, რეჟისორის კონცეფციიდან გამომდინარე (ზევით აღვნიშნე, რომ იუმორი მთლიანად უარყოფილია) იხვი დონალდის კადრები ამოღებულია.

მოქმედება ქალაქგარეთ ერთ სივრცეში ვითარდება, ძირითადად ზინას სახლის შემოგარენში. როგორც აღვნიშნე, პიესაშიც და სპექტაკლშიც გადმოცემული ამბავი განზოგადებულია, მიუხედავად იმისა, რომ ქალ პერსონაჟთა სახელები ქართულია და პერსონაჟები თბილისს რამდენჯერმე ახსენებენ. პიესაშიც და სპექტაკლშიც 4 პერსონაჟია: შუახნის მეცნიერი, ენტომოლოგი ზინა - თამარ მდინარაძე, ახალგაზრდა გოგონა თინა - ციცი ბუცხრიკიძე, ზინას მეგობარი და თანამშრომელი მანანა - შორენა გვეტაძე და ახალგაზრდა ბიჭი კურიერი - ნიკა ძნელაძე. ამ ოთხი პერსონაჟის კოლიზიებით აღსავსე ცხოვრებით არის გადმოცემული, მუდმივად ომში მყოფ ადამიანთა გაუსაძლისი ყოფიერება. მეცნიერი ენტომოლოგები ზინა და მანანა კალიების ქცევას სწავლობენ. უწყინარი, მშვიდი ჭრიჭინები, რაღაც მომენტში ჯგროდ შეჯგუფებულები, გარდაიქმნებიან აგრესიულ კალიებად, რომლებიც გარშემო ყველაფერს ჭამენ, ანადგურებენ, მათ შორის მოძმე სუსტ კალიებსაც. და, რაც მთავარია, კალიები, რომლებიც ერთ დროს უწყინარი ჭრიჭინები იყვნენ, შემდგომი გამრავლებისას, კიდევ უფრო აგრესიულ კალიებს „ბადებენ“. მეტაფორა აბსოლუტურად ნათელი და გასაგებია. უპიროვნო აგრესიულ ბრბოდ, მანქურთებად ქცეული ადამიანებიც კალიების მსგავსად ყველაფერს ანადგურებენ, მოძმეებსაც და საკუთარ თავებსაც.

პიესაშიც და სპექტაკლშიც გაუცხოებული ადამიანები გამოსავლის ძიებაში არიან. მათ თითქოს თვითგადარჩენის ინსტინქტიც ამოძრავებთ. გარშემო ომია, ერთი სოფელი, რომელშიც შედარებითი სიმშვიდეა, ჭიშკარს ჩარაზავს მეზობელი სოფლიდან ლტოლვილების არ შემოსაშვებად.

რეჟისორმა და მხატვარმა კოსტიუმებში ფერთა სიმბოლიკა გამოიყენეს პერსონაჟთა ხასიათების გამოსაკვეთად. მაგალითად, ზინა=დედაომს მწვანე კაბა აცვია, ზევიდან კი წითელი პიჯაკი. ყველა ფერს რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მწვანე, ასოცირდება როგორც სიცოცხლესთან, ახალგაზრდობასთან, ასევე უბედურებასა და მწუხარებასთან. წითელი სხვასთან ერთად, სისხლის და ცეცხლის სიმბოლოდ მოიაზრება. რეჟისორის ჩანაფიქრით ზინა ერთდროულად სიცოცხლის, სიკვდილის, სისხლიანი ომის განსახიერებაა.

საბა ასლამაზიშვილი არა მარტო პიესის ტექსტის, არამედ დრამატურგიული სტრუქტურის ერთგულიცაა. რეჟისორმა ტექსტი შეამცირა, მაგრამ შემცირებისას ძირითადი ამბავი, სათქმელი, იდეა დატოვა. ე. წ. „აპარტეს“ ხერხიც თავად დრამატურგიულ ნაწარმოებშია ჩადებული. ასეთი ხერხით სპექტაკლის დადგმა არ არის ადვილი. მსახიობები ერთნაირად უნდა ფლობდნენ გაუცხოებისა და გარდასახვის მეთოდებს. უნდა შეეძლოთ თხრობა, გაუცხოება საკუთარ პერსონაჟთან, მაყურებელთან ინტელექტუალური და ემოციური დიალოგის გამართვა. როცა ასე ახლოს ხარ მაყურებელთან ეს ამოცანა რთული განსახორციელებელია. რეჟისორმა უნდა შეძლოს ქართველი მსახიობის ემოციური ბუნების მოთოკვა. ის, რაც ამაღლებულ ფიცარნაგზე შეიძლება დაიმალოს, უშუალოდ მაყურებელთან პირისპირ ყოფნისას მძაფრ სიყალბედ აღიქმება. მსახიობთა მეტყველება მკვეთრი და  გამართულია, ემოცია მინიმუმამდეა დაყვანილი. სხვაგვარად მაყურებელსა და მსახიობებს შორის იმპულსური დიალოგი ვერ შედგება. ციცი ბუცხრიკიძე, შორენა გვეტაძე, ნიკა ძნელაძე რეჟისორის დასახულ ამოცანას კარგად ართმევენ თავს. თამარ მდინარაძის თამაშის მანერაში, ხანდახან ე. წ. „პათეტიკა“ გამოსჭვივის, რაც ამ ხერხით დადგმული სპექტაკლისთვის მიუღებელია. ვფიქრობ, რეჟისორს კიდევ უფრო მეტი უნდა ემუშავა მსახიობთან, მისი ფსიქო-ემოციური შინაგანი ბუნების შესაბოჭად. ვახტანგ გვახარიას მერ შექმნილი მუსიკალური რიგი ზუსტად ესადაგება და ასახავს წარმოდგენის კონცეფციას. მაგრამ, შესაძლოა, რეჟისორმა და ტექნიკურმა ჯგუფმა ვერ დაარეგულირა ჟღერადობის ტემბრი. თამარ მდინარაძეს კი მუსიკის ხმის გადასაფარად, ყვირილი უხდება, რაც პათეტიკაში გადადის (სპექტაკლი პრემიერზე ვნახე, დროთა განმავლობაში შეიძლება ამის გამოსწორება).

ციცი ბუცხრიკიძის თინას მუცელი მოეშალა, იქნებ ასეც ჯობდა? იგი ვეღარ შობს ომის მწარმოებელ ჯარისკაცს. თვითგადარჩენის ინსტინქტით ახლა კურიერის, დემობილიზებული ჯარისკაცის მოტყუება სურს. სექსით უნდა ახალგაზრდა მამაკაცის შეცდენა. ნიკა ძნელაძის პერსონაჟი კი არ ნებდება. აქ რეჟისორი ორმაგ დატვირთვას დებს კურიერის ე. წ. „მდგრადობაში“ -  ან, ეშინია, ან, იმპოტენტია, რომელსაც სექსი არ აინტერესებს. აქვე აღვნიშნავ, რომ რეჟისორს ჰომოსექსუალური პასაჟი შემოაქვს სპექტაკლში. რაღაც მომენტში თინა და მანანა ეამბორებიან ერთმანეთს ტუჩებში, ზინა და თინა კი ინტიმურ თემებზე საუბრისას, ვის რამდენჯერ უყვარდა და რამდენთან ჰქონია სექსი - ვნებიანად ჰკოცნიან ერთმანეთს. ბუნებაში არსებობს ერთსქესიანთა ერთმანეთისადმი ლტოლვა და მრავალ ნაწარმოებშიც არის ეს მაღალმხატვრულად გადმოცემული. თუმცა, ამ შემთხვევაში ცოტა გაუგებარია, რისი თქმა სურს რეჟისორს? ომმა უკაცოდ დატოვა სამყარო? ომმა კაცები იმპოტენტებად აქცია? სპექტაკლის საერთო კონცეფციიდან ამოვარდნილად მომეჩვენა ეს სცენები. რასაც ვერ ვიტყვი იმ ეპიზოდზე, როდესაც თინა მასაჟს უკეთებს ზინას და ეს უკანასკნელი ორგაზმს იმიტირებს - ქალი სწორედ ამ მომენტში იხსენებს სექსუალურ პარტნიორებთან ურთიერთობას.

თინა ზინას ლობიოს მარცვლებს ტენის პირში, წყალს აყოლებინებს და თან მანქურთად ქცეული ჯარისკაცის - ირაკლი კორძაიას მიერ ჩადენილ საშინელ საქციელზე ყვება. ირაკლი ჰქვია ზინას ნაშობ ჯარისკაცსაც. ჯარისკაცი-ირაკლი უფროსობის დავალებას ასრულებს, მეტროს ნანგრევებში ჩადის ლტოლვილების დასახოცად.

 პიესის და სპექტაკლის ფინალი პესიმისტურია. ზინა და თინა კურიერს კლავენ. ზინა ხვდება რომ ყველაფერი დასრულდა... თინა თანდათან ურჩხულად გარდაიქმნა, როგორც მისი ირაკლი - მანქურთ-ჯარისკაცად. პიესა ზინა-დედაომის მონოლოგით და შვილის წერილის წაკითხვით სრულდება. ტელევიზორში ხარვეზებია, ბოლოს კი იხვი დონალდის კადრები ჩნდება. რეჟისორმა ფინალი ხაზგასმით დრამატული გააკეთა. ზინა იღებს ცელოფნის პატარა ტომრებს, თავზე ჩამოიცვამს და თინასაც ჩამოაცვამს. სულის შემხუთველ, გამოუვალობის ატმოსფეროში ზინა-დედაომი თავს იკლავს და თინასაც კლავს. მომაკვდავი ზინა ამბობს: „მე ცხენი ვარ, ჯარისკაცებს რომ აჩენს, ყველა დასასრულის დასაწყისი ვარ... და ყველა ომი მე ვარ... ყველა დახოცილი ჯარისკაცი ვარ და მათი დედაც მე ვარ...“ - მე-20 საუკუნის ბოლოდან წარმოებული ომებისა და ძალადობის მსხვერპლთა ჩამოთვლას იწყებს.

მუსიკის ხმა მაღალ რეგისტრებში ისმის... იწყებენ ირაკლის წერილის კითხვას: „ძვირფასო დედა, შენ არ ამბობდი, ადამიანები თუ კარგად გაიცნობენ ერთმანეთს, ომი აღარ იქნებაო? ჰოდა, მინდა გითხრა, ძალიან ცდებოდი. [...] მუდამ შშშშშშშშ... - სრული სიბნელე ისადგურებს, მხოლოდ გამაყრუებელი შიშინის ხმაა...“

დასაწყისში აღვნიშნე, პიესა და სპექტაკლი გლობალური ომზეა, ომზე რომლიდანაც  გამოსავალი არ არსებობს.

ვიკიპედიაში ადამიანის შესახებ ბმულზე ასეთ რამეს ამოიკითხავ: „უკვე დიდი ხანია იკვლევენ ომის ფენომენს. მეცნიერთა დებატების საგანია - ადამიანი, როგორც ორგანიზებული კონფლიქტის მოთავე, რომელიც მზად არის მასობრივად გაანადგუროს თავისივე სახეობის სხვა წევრები. [...] დღეს არსებული მონაცემები მოწმობენ, რომ ზოგ რეგიონში ომისადმი მიდრეკილება  ჩვეულებრივ მოვლენად მხოლოდ 10000 წლის წინ იქცა და ზოგან კი ბევრად უფრო მოგვიანებით. ვარაუდობენ, რომ მე-20 საუკუნეში ომის შედეგად 167-დან 188 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა“.[2]

მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში მსხვერპლის დამთვლელი აღარ იქნება...

 

  

 

[1]https://www.radiotavisupleba.ge/a/31746019.html?fbclid=IwAR1An2M6FWQcNQlXeOGC_1sX_s1QZ2YQGdtPUfFKkFqs7Icv42_9TfHjOwk

 

[2] https://en.wikipedia.org/wiki/Human

bottom of page