top of page

„დედა მინდა. მინდა, რომ ჩემს  წასაყვანად მოვიდეს“

281791775_1064265360835166_2186278438264469677_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

„დედა მინდა. მინდა, რომ ჩემს  წასაყვანად მოვიდეს“

 

თანამედროვე ფრანგი მწერალის, დრამატურგის, სცენარისტის, რეჟისორის და „ოსკარის“ მფლობელი ფლორიან ზელერის საკმაოდ ბევრი დრამატული ნაწარმოებებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა სამი მათგანი: „დედა“, „მამა“, „ვაჟიშვილი“ (ამ თანამიმდევრობით შეიქმნა ეს პიესები), რომლებსაც ტრილოგიად თვლიან და ერთი ოჯახის ისტორიას უნდა შეეხებოდეს. მაგრამ მთლად ასე არაა. პიესების წაკითხვისას ხვდები, რომ მიუხედავად მამაკაცთა და ქალთა სახელების იდენტურობისა დედა - ანა, შვილი ანა, მამა ანდრე, ანას მეუღლე პიერი, მამა პიერი -  ეს არ არის ერთი ოჯახის ისტორია. იგი ზოგადად თანამედროვე ფრანგული ოჯახის ტრაგედიაა დრამატურგის თვალის დანახული, სადაც ოჯახის ამა თუ იმ წევრს დედის, მამის ან ვაჟიშვილის ამბავს ეხება. მათ ბევრი რამ აერთიანებთ, თუმცა ფლორიან ზელერი ერთ პიესაში დაწყებულ ამბავს მეორეში არ აგრძელებს - „ვაჟიშვილის“ დედა ანა სულ სხვაა, ვიდრე „მამას“ შვილი ანა, ისევე როგორც მამა პიერი „ვაჟიშვილში“ განსხვავდება ანდრეასგან - „მამას“ მთავარი გმირიდან. ამ პიესებიდან კინორეჟისორმა ზელერმა მხოლოდ „მამა“ აქცია მხატვრულ ფილმად შესანიშნავი ამერიკელი მსახიობის ენტონი ჰოპკინსით მამის როლში. ვრცელდება ხმები, რომ რეჟისორს დაგეგმილი აქვს „დედას“ გადაღებაც.

რასაკვირველია, ამ გამოთქმულ მოსაზრებაში კატეგორიული ვერ ვიქნები - შესაძლებელი დრამატურგს სხვანაირი ჩანაფიქრი ჰქონდა, მაგრამ პიესათა ანალიზი ჩემი ამ ვარაუდის გამოთქმის საშუალებას იძლევა.

რეჟისორ დავით ჩხარტიშვილის ინტერესი ამ დრამატურგის მიმართ გაჩნდა მაშინ, როდესაც მ. თუმანიშვილის ფონდში 2019 და 2020 წლებში შემოვიდა მისი ორი პიესის „ვაჟიშვილის“ და „მამის“ ნანა სამჭკუაშვილის თარგმანებით. რეჟისორის მათდამი ინტერესი და მისი შემდგომი ქმედება ნამდვილად მისაბაძია (რაც ჯერ კიდევ იშვიათია ქართულ თეატრში) - მან ავტორისგან პიესის დადგმის უფლება მოიპოვა და ასე გაჩნდა გორის გიორგი ერისთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში სპექტაკლი „ვაჟიშვილი“ – 2021 წლის აპრილში, ხოლო „მამა“ ამავე წლის ნოემბერში.

ჩემი აზრით დავით ჩხარტიშვილის მიზანი სულ სხვა იყო - დაედგა ტრილოგია ერთ კონკრეტულ ოჯახზე, სადაც დედა, მამა, ქალიშვილი და ვაჟიშვილი ერთი ოჯახის წევრები იქნებოდნენ, რომელთა ისტორიას მხოლოდ დროის გრძელი მონაკვეთი აშორებდათ ერთმანეთისგან. ჩანაფიქრი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტულ მუშაობას ჰპირდებოდა რეჟისორს, არა მხოლოდ პიესათა „გადაბმა-აკინძვით“, არამედ რეჟისორული და სცენოგრაფიული გადაწყვეტით, სადაც ერთი და იმავე მსახიობს ანდობდა მთავარი როლის განსახიერებას. დასაწყისში ასეც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ „ექსპერიმენტი“ რიგი მიზეზების გამო შეწყდა, მაგრამ სახეზე გვაქვს ამ ჩანაფიქრის ნაწილი, ორი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სპექტაკლი დასისთვის და რეჟისორისთვის. ის ფაქტი, რომ ნანა სამჭკუაშვილის მესამე პიესის „დედის“ თარგმანი მზად აქვს, იმედია ფლორიან ზელერის ამ სამ პიესას ვიხილავთ ტრილოგიის სახით.

ამის იმედს იძლევა ის ფაქტიც, რომ გორის გიორგი ერისთავის პროფესიული დრამატული თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკა შველიძე-გეინემ ამ სპექტაკლების აღსადგენად თეატრში მოიწვია დავით ჩხარტიშვილი და თეატრის მიმდინარე რეპერტუარში დაბრუნდა ეს ორი წარმოდგენა. „ვაჟიშვილის“ დადგმისას რეჟისორმა და სცენოგრაფმა თამარ ჭავჭვაძემ გადაწყვიტეს მაყურებელი სცენაზე, უშუალოდ მსახიობთა წინაშე განეთავსებინათ. აქ მხოლოდ ორი რიგია და წარმოდგენასაც მხოლოდ 20-30 მდე მაყურებელი ესწრება. ზუსტად ამავე ფორმას მიმართავს შემოქმედებით ჯგუფი მეორე სპექტაკლის „მამის“ დადგმის დროსაც. სცენაზე ოთხი უკედლო განათებული ყუთებია, ფერადი ბუშტებით მორთული, თითქოს გალიები, წითელი სკამით მასში. ოთხი პერსონაჟი მამა - იურისტი პიერი (გიორგი გოგუაძე), მისი პირველი ცოლი ანა (ანა მატუაშვილი), ახლანდელი მეუღლე სოფია (ქეთევან ლუარსაბიშვილი) და შვილი ნიკოლა (დაჩი ბაბუნაშვილი) პერიოდულად იკავებენ ამ წითელ სავარძლებს, მაშინ როცა მარტო დარჩენა სურთ, რომ გაერიდონ იმ მძიმე გარემოს, სადაც მამასა და ვაჟიშვილს შორის მძაფრი დაპირისპირება არსებობს და სადაც სულ მალე ტრაგედია უნდა დატრიალდეს. რეჟისორი ერთგვარად ოთხ განცალკევებული გარემოს უქმნის ოთხ ერთმანეთთან რთულ ურთიერთობაში მყოფ პერსონაჟს და განსაკუთრებით კი ვაჟიშვილს, რომელიც ძალიან იშვიათად ტოვებს თავის „სამყაროს“.

„მამაშიც“ ოთხი კუთხე აქტიურად არის გამოყენებული, სამ მათგანის კუთხეში უშველებელი ზოლიანი პიჟამა ჩამოკიდებული, რომელთა გრძელი შარვალი იატაკამდე ეშვება, რომლებიც ხან იატაკზე ვარდებიან, ხან ზემოთ წამოიმართებიან, თითქოს მამის ცხოვრების სამი ეპიზოდის სიმბოლოა, რომელსაც დროებით მსახიობი აზრს უზიარებს, ზოგს საკუთარ ფეხსაცმელს „ჩააცმევს“, ზოგს ჯიბიდან საგულდაგულოდ გადამალულ ვისკს ამოაცლის ჯიბიდან, ზოგს მათგანს კი სიძე და ქალიშვილი შემოიცავენ და სადილის დროს მოხუცს ორი მხრიდან საკენკივით წამალს უყრიან. ეს პიჟამები ქმედით პერსონაჟებად აღიქმებიან, ყურადღებით რომ აკვირდებიან აქ, ანას სახლში მომხდარ ამბებს. მეოთხე ასეთივე პიჟამა, თვით ანდრეას (გიორგი გოგუაძე) მოსავს. ამ სპექტაკლში ოთხი მთავარი მოქმედი პერსონაჟია, თუმცა ერთი გაორებული, ანა ყოფილი ქმარი (სოსო მგალობლიშვილი, ზაზა ცარულაშვილი) თუ ახალი ბოიფრენდი, ან უფრო სწორედ ორი ერთმანეთში გაერთიანებული, ყოველ შემთხვევაში ალცჰეიმერით დაავადებულ ანდრეას ასე ეჩვენება. ორივე ძალზე აგრესიულია ანას (ანიკო ცეცხლაძე) მამის მიმართ. ეს მსახიობები სხვადასხვა სცენებში მონაცვლეობენ - რეალურსა და წარმოსახვითში, ნამდვილსა და გამოგონილში. ორივეს შესრულება ორგანულია და მართალი.

მამა მთელი წარმოდგენის განმავლობაში ამ პიჟამაშია გამოწყობილი, მოძალებული სენის გამო ვერც კი ახერხებს ტანისამოსის გამოცვლას, თუმცა მრავალჯერ გადის თავის ოთახში ამისთვის. დრო ჩქარზე ჩქარა გადის ძირითადად ანასთან ან სიძესთან გაუთავებელ კამათსა და აურზაურში. მუდმივად თავის მაჯის საათის ძებნაში, ან იმის გარკვევაში ვის სახლში იმყოფება და აქ რატომ აღმოჩნდა, ნამდვილად იკვეთება მამის გართულებული ავადმყოფური მდგომარეობა. ხელზე წამოცმული ყავისფერი ხელთათმანები, მოწვეულ მომვლელთან გამუდმებითი კონფლიქტი და იზაბელის ქურდად გამოცხადება, მასზე იატაკის საწმენდი ჯოხით თავდასხმა (ამას მოგვიანებით ისევ გაიმეორებს), ერთი წუთის წინ გამოთქმული მოსაზრების დავიწყება ან თუ გნებავთ ამ სახლში მკვიდრი მამაკაცის „გაორებული“ აღქმა ამის დასტურია. მამა ვერ აცნობიერებს თავის მდგომარეობის ტრაგიზმს და ისევ დარწმუნებულია რომ საკუთარ თავს თვითონ მოუვლის და ახალი მომვლელი ამჯერად ლორა (ნათია ტატულაშვილი) მას სულაც არ სჭირდება. ახლად შემოსულ ლორას თამამად ეარშიყება, რომელსაც საკუთარ ვაჟიშვილის „ჩამოჰგავს“. აქ იკვეთება რეჟისორის მიერ სპექტაკლ „ვაჟიშვილში“ მოყოლილ ამბავთან ბმული - ანდრეას იმ წარმოდგენაში ერთი ვაჟი ჰყავდა ნიკოლა (დაჩი ბაბუნაშვილი), რომელმაც თავი მოიკლა, მეორე კი სწორედ ის ანაა, რომელიც მოგვიანებით მოხუცთა თავშესაფარში დატოვებს. სწორედ ლორა შეახსენებს ანდრეას რომ მისი შვილი ნიკოლა დაიღუპა. აქ კი მართლაც უზომოა ანდრეს განცდა - ყველაფერი ახსენდება, ადგილზე ვერ ჩერდება და ყვირილით და სირბილით გარს უვლის ოთახს და სცენას. ანა (ანიკო ცეცხლაძე) ურთულეს მდგომარეობაშია, ერთი მხრივ მამის მოტოვება არ სურს, მეორე მხრივ კი მასთან ცხოვრება უკვე გაუსაძლისი ხდება, რადგან მამაში თანდათან იბუდებს აგრესიულობა. ვერანაირი წამალი და მოფერება, ყურადღება და მასზე ზრუნვა შედეგს არ იძლევა და ანას მოთმინებაც ეწურება - ხან თავზე ფატით გამოეცხადება და ანას ხელში აიტაცებს, ხან პამპერსებით და შარვალჩახდილი გამოდის თავისი ოთახიდან. ხან კიდევ თოკზე ასხმული ფერად-ფერადი ფეხსაცმლით გვევლინება, გრძელი კუდივით რომ დაათრევს თან. ანას გადაწყვეტილება მოხუცთა თავშესაფარში გადაიყვანოს თანდათან მტკივდება. პარიზიდან ლონდონში გადასვლაც მხოლოდ საბაბია ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად. ანა ძალიან დაიღალა - პირადი ცხოვრებაც ვერ აუწყვია. მამას კი შლეიფივით თოკზე ასხმული ფერად-ფერადი ფეხსაცმლით თან დასდევს დანაშაულთა მთელი რიგი: პირველი ცოლის მიტოვება, ნიკოლას თვითმკვლელობა  ის მოვლენებია, რომლის მოწმეც ანა შეიქმნა. ამჯერად კი მამა მისთვის მხოლოდ მძიმე ტვირთია, რაც საკუთარი ცხოვრების მოწყობაში ხელს უშლის. მამა გონების გამონათების რაღაც მომენტში ხვდება ამ ყველაფერს, მაგრამ მეორე წუთში საკუთარი პრივილეგიებისა და ოჯახის უფროსობის აღდგენას ცდილობს. პიესების და შესაბამისად სპექტაკლების პერსონაჟები საკუთარი ეგოიზმით სჭარბობენ ერთმანეთს. მიუხედავად იმის რომ მთელმა ოჯახმა ნიკოლას თვითმკვლელობის გამო მძიმე ტრავმა განიცადა ანა მაინც მამის მიმართ შეუნდობელია. ანას გადაწყვეტილება ისეთივე თავზარდამცემია ანდრეასთვის, როგორც ვაჟიშვილის სიკვდილი. ხელთათმანებს გაიხდის - „დედასთან მინდა“ - მოთქვამს ანდრეა (პიერი). სპექტაკლის ფინალში მარტო დარჩენილ მამას თავზე უამრავი ძველი ნახმარი ფეხსაცმელი ჩამოექცევა თავზე.

„მამის“ ფინალი ერთგვარად იმეორებს „ვაჟიშვილის“ ფინალს, როცა პიერს (ანდრეს) თავზე იმ მაისურების მთელი გროვა დაეყრება, რომელთა თოკზე ასხმული გრაგნილით „ერთობოდა“ მისი ვაჟიშვილი ნიკოლა. ორჯერ დასრულდა სამყარო მისთვის, ორჯერ დაემხო ცა თავზე ანდრეას.

bottom of page