
დავით კლ დიაშვილის დომინაცია ნოდარ დუმბაძს სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

დავით ბუხრიკიძე
დავით კლდიაშვილის დომინაცია ნოდარ დუმბაძს სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე
რადგან მედიაში დღეს მარტივ ჰედლაინებს დიდი გასაქანი აქვს, ასეთვე ცხადი და მარტივი გზავნილით დავიწყებ: ნოდარ დუმბაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც 5 ივლისიდან 15 ივლისამდე გურიაში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში მიმდინარეობდა, პირველ რიგში, მოჩუქურთმებული თუ იმპროვიზებულად მოთვინიერებული ქართული პროზის მრავალფეროვანი და არტისტულ-რეჟისორული „მენიუთი“ გამოირჩეოდა. თუმცა დავით კდიაშვილის იმერული ტრაგიკომიზმმის მასშტაბმა ფესტვალის ყველა სხვა სპექტაკლი და სახელი დაჩრდილა.
საფესტივალო რეპერტუარის მრავალფეროვნება ხან დროის შესატყვისად და ესთეტიკურად მნიშვნელოვან შრეებად მოჩანდა სცენაზე, ხან მინავლებულ და კონსერვატორულ კონვულსიებს წააგადა, ზოგჯერ კი მიუღწეველ პოეტურ გაელვებად იკითხებდა... პრინციპში, როგორც ყოველთვის და როგორც ნებისმიერ ფესტივალზე. ტოლსტოის მეტაფორა რომ მოვიშველიოთ, ყველა კარგი თეატრალური ფესტივალი სინამდვილეში განსხვავებულად კარგია, მაგრამ ყველა შედარებით ცუდი ფესტივალი (მოდი და გაიგე ამდენი ფესტივალის ფონზე რომელი) - ერთნაირად ცუდი!
ისევე როგორც წინა ფესტივალზე, 2023 წელს, ამჟამადაც რეპერტუარში ლიდერობდნენ ნოდარ დუმბაძე (გასაგები საფესტივალო არტიკულაციისა და გეოგრაფიული „მარადისობის კანონის“ გათვალისწინებით) და დავით კლდიაშვილი (მისი პროზის მასშტაბის, მნიშვნელობისა და თეატრალურ ენაზე კარგად მოთელვის ტრადიციის გამო). გაიელვეს ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის სახელებმაც. დანარჩენი ადგილი კი პროზაული ნაშთებისგან გამოცალკევებულმა პოეზიამ, თოჯინურმა სამყარომ, არავერბალურმა ჟანრმა და ერთგვარად გამარტივებულმა, ლიტერატურულმა თეატრმა შეავსო.
მოკლედ, ოზურგეთის დრამატულ თეატრის დიდ და მცირე სცენებზე, ასევე ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ათი პროზაულ-პოეტური დღის განმავლობაში მაყურებლმა 15 ქართული და 6 უცხოური დასი იხილა, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. რადგან თქვენი მონა-მორჩილი ამ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჟიურის წევრიც იყო და ამავდროულად, უბრალო მაყურებელიც, შეიძლება ითქვას, საგანგებო რეჟიმში მოუხდა ყოფნა.
შესაძლოა სპექტაკლი კრიტიკოსს უამრავჯერ ნანახი და დაზუთხულიც კი ჰქონდეს, მაგრამ ფესტივალის მსვლელობისას იძულებულია „პერცეფციის აპარატი“ - თვალი და ყური პირველქმნილ მდგომარეობაში ჩააყენოს, თითქოს ყველაფერს პირველად უყურებს. თანაც ფხიზელი და ობიექტური უნდა დარჩეს ბოლო წარმოდგენამდე: ასე ვთქვათ, არტისტულადაც „შეზარხოშებული“ და ობიექტურობამდე სავალი გზებითაც თავისუფალი (აქ თუ ლაშა თაბუკაშვილის პიესა „შენსკენ სავალი გზები“ ვინმეს უნებლიედ გაგახსენდება, ასოციაციაზე პასუხს ვერ გაგებ!)
როცა ფესტივალის საპრიზო ფონდი საკმაოდ მსუყე და მიმზიდველია, ეს გაიძულებს პასუხისმგებლობით აღიჭურვო, მართლა ასი ყური და ასი თვალი ერთად გამოიბა, რამე მნიშვნელოვანი წარმოსახვისა და ნანახის მიღმა არ დაგრჩეს. ჰამლეტი ერთგან ამბობს - „მაღალ ტაძარში მაღალია სულისკვეთებაც“. ეს კი დაახლოებით იმას ნიშნვს, რომ კოლეგებთან, ანუ ჟიურის სხვა წევრებთან ერთად, ზუსტად შეაფასო საფესტივალო „ტაძრის“ არტისტული სიმაღლე და ამავე დროს, მძაფრი სოციალურ-პოლიტიკური გარემოს სიმდაბლეც გაზომო. რადგან სიტყვამ მოიტანა, ორიოდე სიტყვას ვიტყვი ჟიურის წევრების შესახებაც.
ინტერნაციონალური საფესტივალო პროგრამის გათვალისწინებით, ინტერნაციონალურია ჟიურის შემადგენლობაც, რომელიც ამჯერად სამი ქართველი (თეატროლოგი და პედაგოგი, ჟიურის თავმჯდომარე - გიორგი ცქიტიშვილი, დრამატურგი და მწერალი - ნინია სადღობელაშვილი, კრიტიკოსი და ჟურნალისტი - დავით ბუხრიკიძე) და ორი უცხოელი წევრისგან (თურქი რეჟისორი და დრამატურგი - ემრე ერდემი და რუმინელი რეჟისორი, პროდიუსერი და პედაგოგი - ანტონელა კორნიჩი) შედგებოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ თითქმის არ მახსოვს შემთხვევა, რომ თეატრალურ კონკურსებზე თუ ფესტივალებზე საბოლოო გადაწყვეტილება ასე იოლად მისაღებ-მიღწევადი ყოფილიყო, როგორც დუმბაძის სახელობის წლევანდელ ფესტივალზე.
ერთადერთი, რაც ალბათ, ჟურის წევრებს მეტ-ნაკლებად ხელს უშლიდა (და ალბათ მაყურებელსაც) ბოლომდე და სრულყოფილად აღქმაში, ვფიქრობ, სუბტიტრების არარსებობა და უთარგმნელი სპექტაკლებია. სამომავლოდ კარგი იქნება, თუ სპექტაკლები წინასწარ დამუშავებული და ზუსტად შესატყვისი სუბტიტრების თანხლებით წარიმართება. რაც ნამდვილად გაამარტივებს წარმოდგენის სრულფასოვნად აღქმას, როგორც ჟიურის წევრებისთვის, ისე ქართველი მაყურებლისა და ფესტივალის სტუმრებისთვის.
ფესტივალის ფარგლებში, ერთგვარად სავალდებულო და უკვე ტრადიციათ ქცეული რიტუალიც გაიმართა: ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე, 14 ივლისი (მწერალს ამ დღეს 97 წელი შეუსრულდა) სოფელ ხიდისთავში, ფესტივალის სტუმრებმა და მასპინლებმა მწერლის სახლ-მუზეუმში განსაკუთრებული, თუმცა საკმაოდ მოკრძალებული ღონისძიებით აღნიშნეს. წარმოდგენილი იყო ჩოხატაურის თეატრში დადგმული, ვასილ ბუბუტეიშვილის სპექტაკლის, „დიდროს“, ფრაგმენტები, რომელიც სიცოცხლისა და სიკვდილის რითმას ერთგვარად „მარადისობის კანონის“ ფარგლებში მოაქცევს.
თავის დროზე, დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული მწერლობის პოპულარიზაცია იყო და ეს ნიშნავს, რომ თეატრმა რეალურად და თუნდაც ნელი ტემპო-რიტმით აითვისოს ეროვნული პროზის მდიდარ და ჯერ ხელშეუხელებ მემკვიდრეობას. ამავე დროს, მოაქციოს და მოათვინიეროს პროზა სცენური მრავალფეროვნების ფარგლებში.
საყურადღებოა კიდევ ერთი დეტალი: უცხოურ თეატრებს ფესტივალი საყურადღებო და დამაინტრიგებელ მესიჯს უგზავნის - შეეხონ განსხვავებული კულტურის ენას; შექმნან სპექტაკლები ქართული პროზის საუკეთესო ნიმუშების მიხედვით და ქართულ თეატრებთან ერთად საერთო, კოპროდუქციულ დადგმებზეც იფიქრონ. პრინციპში, ფესტივალის უცხოური პროგრამის გაცნობის შემდეგ თვალში საცემია რამდენიმე ფაქტორი:
1.ქართული პროზის (ამ შემთხვევაში მხოლოდ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს ვგულისმობთ, რადგან უცხოურ საკონკურსო პროგრამაში მხოლოდ დუმბაძის ნაწარმოებებია) ეგოზიტიკურ ჭრილში წარმოდგენა და ერთგვარი კლიშეებით აზროვნება, რომელიც ქართული კულტურის უკვე გამყარებულ არქეტიპებს მზა რეცეპტების სახით იყენებს.
2.სპექტაკლში მუსიკისა და ცეკვის ხაზგასმული აქცენტირება, რაც ცხადია, ქართულ კულტურსათან დაახლოებისა და უკეთ გაცნობის ‘ზედმეტად“ კეთილშობილური მიზეზით აიხსნება. ამ ორივე ფაქტორის მაგალითად გამოდგება ბერდახის სახელობის, ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიური მუსიკალური თეატრის (უზბეკეთი) სპექტაკლი „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“, რომელშიც ცეკვა-თამაშის დოზა და ქართული აქცენტები ზედმეტად გროტესკულ იერს იძენს.
3.განსხვავებული რაკურსის, შრეების და თემების ამოკითხვა კარგად ნაცნობ ტექსტებში და ორგინალური სცენური ფორმით მათი გადმოცემა. მაგალითად, ბეერ-შევას ფრინჯ თეატრი (ისრაელი), რომელიც ნოდარ დუმბაძის ცნობილ მოთხრობაში „სისხლი“, ფიზიკური თეატრის გამომსახველობის სრულიად ახალ შესაძლებლობას იყენებს. რაშიც ცხადია, ფანტასტიურ ფორმაში მყოფი მსახიობები და მათი პლასტიკა თუ ქორეოგამოსახველობა გადამწყვეტ როლს ასრულებენ. უნდა აღინიშნოს, რომ „სისხლის კვანძი“ (რეჟისორი იოავ მიქაელი) დაჯილდოვდა პრიზით - „უცხოური თეატრის მიერ ქართული პროზის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის“.
4. ჩვენთვის კარგად ნაცობ ნაწარმოებში სტუქტურის შეცვლა და ახალი სოციალური თუ პოლიტიკური ელემენტების შეტანა სპექტაკლში. მაგალითად, აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონული დრამისა და ოპერეტის თეატრის სპექტაკლი „ძაღლი“ (ინსცენირების ავტორი და რეჟისორი აბაი დაულეტული). თუ დუმბაძის მოთხრობაში მთავარი ამბავი მაინც ძაღლისა და ადამიანის ურთერთობა და მეგობრობაა, სპექტაკლში ის ტრანსფორმირება ოქტაგონზე მყოფი ადამიანებისა და ძაღლების სოციალურ დაპირისპირებად, ერთგვარ ბრძოლის მეტაფორად, სადაც ადამიანებს პოლიტიკური და სოციალური წნეხის პირობებში საუთარი სახეც კი დაკარგული აქვთ. პრიზი „უცხოური თეატრის მიერ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის“ გადაეცა სწორედ ყაზახურ სპექტაკლს.
ცალკე აღსანიშნავია ფესტივალზე წარმოდგენილი ერთადერთი კოპროდუქციული ნამუშევარი - ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და განჯის სახელმწიფო თეატრის (აზერბაიჯანი) სპექტაკლი „კუკარაჩა“ (რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე, ინსცენირების ავტორი ნინია სადღობელაშვილი, სცენოგრაფია ლომგულ მურუსიძე). ორსაათიანი რეტრო- ვარდისფერ-თბილისურ-ნეორეალისტური სანახაობა სავსეა მსუყე თამაშებით, ზოგჯერ არასაჭირო ხმაურით, მუსიკალური კოლორიტით და ბილინგვურ-ორენოვანი ბალგანით. პრინციპში, სპექტაკლი ისეა ჩაფიქრებული, რომ ბალანსი ორ კუკარჩას, ორ ინგასა და ორ მურტალოს შორის დაცული იყოს....მოკლედ, ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობა თვალსასერო, კოლორიტული, ცოტა ქაოსური და დამღლელი, მაგრამ სახალისო გამოვიდა.
წლევანდელი ფესტივალის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი შტრიხია დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების დომინაცია. ზუგდიდის, შალვა დადიანის სახელობის თეატრის „სამანიშვილის დედინაცვალი“ (რეჟისორი გიორგი კაშია, ინსცენირების ავტორი ალექსანდრე ქოქრაშვილი, სცენოგრაფია და კოსტიუმები ანანო დოლიძე) სხარტი, თითქმის შემზარავი და მძაფრი სოციალური სატირაა, საზოგადოებაზე, რომელსაც შეუძლია მუდამ გაშლილი ქელეხისა და ლხინის სუფრები სიცილ-ტირილით გამოიცვალოს. მაყურებელს კი თითქმის ორი საათის განმავლობაში არტისტული შთაგონებით საშენები სიამოვნებანი გარანტირებული აქვს!
სრულიად ლოგიკურია, რომ საუკეთესო სპექტაკლის პრიზი, ანუ გრან-პრი, სწორედ „სამანიშვილის დედინაცვალს“ გადაეცა. რაც ფესტივალის ოქროს სპონსორის, „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ მიერ დაწესებულ ფულად პრემიას 10 000 ლარსაც გულისხმობს. გარდა ამისა, ჟიურიმ გოგი გუგუჩია, პლატონ სამანიშვილის როლის შესრულებისთვის, საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დაასახელა; ისევე როგორც საუკეთესო სახასიათო როლისათვის - მარინა დარასელია, რომელიც სპექტაკლში ელენეს როლს ასრულებს.
პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის გიორგი სიხარულიძეს გადაეცა, სპექტაკლისათვის „სტუმარ-მასპინძელი“, რომელიც დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში დადგა. ქორეოგრაფიულად გამომსახველი მიზანსცენები, დრამატიზმი და იმავდროულად, თანამედროვე პოლიტიკური კონტექსტი (გაეროს სხდომების იმიტაცია მაგიდის ირგვლივ და სხვადასხვა ქვეყნების დროშები) მომგებიანი და ეფექტურია, თუმცა რამდენად ჯდება ეს ყველაფერი ვაჟას პოემის კონტექსტში, საკამათოა. მსახიობი ანა შარია, რომელიც ამავე სპექტაკლში აღაზას როლს ასრულებს, ასევე პრიზით დაჯილდოვდა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
ქართული პროზის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის პრიზი გადაეცა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლს „მსხვერპლი“ (რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი). ეს გადაწყვეტილება ერთი შეხედვით სრულიად ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კლდიაშვილის ამავე ნაწარმოების რეჟისორული ვერსია გიორგი კაშიამ ფესტივალზე „სამანიშვილის“ ტრიუმფამდე წარმოადგინა (შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგმული სპექტაკლი). კაშიას „მსხვერპლნი“ გაცილებით ამორფულია და მრავალი პლასტებისგან შედგება, რადგან კლდიაშვილის სხვადასხვა მოთხრობას ეყრდნობა.
საბა ასლამაზიშვილის „მსხვერპლი“ კი კონცენტრირებულია მხოლოდ ერთ ტექსტზე და საკუთრივ კლდიაშვილის მოთხრობას თანამედროვე ფსიქოლოგიურ და რელიგიურ შინაარს ანიჭებს (ინსცენირების ავტორი მანანა ანთაძე). თუმცა ორი „მსხვერპლის“ შედარების ფონზე „სამანიშვილი“ გაცილებით უფრო ეფექტური თერაპიული საშუალება აღმოჩნდა.ასლამაზიშვილის სპექტაკლში ძალიან შთამბეჭდავია მუსიკა, რომლის ავტორი, კომპოზიტორი კონსტანტინე ეჯიბაშვილი საუკეთესო მუსიკის შექმნისთვის ასევე პრიზით დაჯილდოვდა.
პერსონაჟის საუკეთესო განსახიერებისთვის პრიზი გადაეცა ნიკუშა ხრიკულს (ლამბალოს როლის განსახიერებისთვის სპექტაკლში „ლამბალო და ყაშა“, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი); ხოლო ლომგულ მურუსიძე დაჯილდოვდა საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშვრისთვის სპექტაკლში „კაცია-ადამიანი?!“ (სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი).
ფესტივალის ფარგლებში არასაკონკურსო მონოსპექტაკლიც გამართა. „ტრამვაის თეატრის“ (ესპანეთი) ხელმძღვანელმა, კრისტინა იანესმა დიდი ესპანელი პოეტისა და დრამატურგის, ფედერიკო გარსია ლორკას პოეზია გააცოცხალა. კერძოდ, „ბოშური ბალადები“, „პოეტი ნიუ-იორკში“ და „გოდება იგნასიო სანჩეს მეხიასისთვის“...
მოკლედ, თეატრალურ ფესტივალზე ოზურგეთსა და ჩოხატაურში, ათი დღის განმაბვლობაში, ბევრი რამ ვნახეთ და მოვისმინეთ, ავწონეთ და შევაფასეთ, შევეხეთ და მოვსინჯეთ. თუმცა საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ დავით კდიაშვილის ვარიაციებმა ნოდარ დუმბაძს სახელობის ფესტივალის მთავარი აქცენტები შექმნა. საინტერესოა, როგორი იქნება ეს ვარიაციები 2028 წელს, როცა ნოდარ დუმბაძის დაბადების 100 წლის თავზე რიგით მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.