სოხუმის თეატრი შემოქმედებით ძალას იკრებს

სოხუმის თეატრი შემოქმედებით ძალას იკრებს

ესაუბრა გუბაზ მეგრელიძე

საზოგადოებამ იცის, რომ სოხუმის თეატრს მუდმივი შენობა გადაეცა. თეატრს საინტერესო რეპერტუარი აქვს, რომელსაც ტექნიკური მიზეზების გამო პერიოდულად წარმოუდგენს მაყურებელს. ამჟამად, თეატრში საინტერესო შემოქმედებითი პროცესი და მნიშვნელოვანი ტექნიკური განახლება მიმდინარეობს. ამიტომ მკითხველისთვის საინტერესო იქნება საუბარი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ დავით საყვარელიძესთან.

როგორი იყო განვლილი სეზონი, რა მიღწევები გქონდათ და როგორ შეაფასებთ შემოქმედებით მიღწევებს?

განვლილი სეზონი ყველაზე კარგი გახლდათ. 2019 წლის თებერვალში ჩაგვბარდა ახალი დარბაზი. ეს არის ჩვენი სახლი, მშობლიური კერა თბილისში. იმედია სოხუმში მალე დავბრუნდებით. მანამდე კი გვაქვს მშობლიური ადგილი და მისამართი, რომელზედაც მთელი მსოფლიოს თეატრებს შეუძლიათ მოგვმართონ. ამ დარბაზის გადმოცემას დაემთხვა რამდენიმე შემოქმედებითი წარმატებაც. განვახორციელეთ სამი სპექტაკლი და ერთი კოპპროდუქცია: ჰ. იბსენის ..თოჯინების სახლი”, კ. გამსახურდიას ,,მთვარის მოტაცება”, რომელიც მიეძღვნა ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავს. სპექტაკლმა ძალიან კარგი რეზონანსი გამოიწვია. მოგეხსენებათ თეატრი ბატონ კონსტანტინეს სახელს ატარებს და ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს მის შემოქმედებასთან და ვცდილობთ რომელიმე ნაწარმოები გვქონდეს რეპერტუარში. მიხარია, რომ ნიჭიერმა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ ბრწყინვალედ წარმოაჩინა სპექტაკლი და რაც  ყველაზე მახარებს, ბატონ ზვიადის ოჯახს ძალიან მოეწონა ჩვენი გადაწყვეტა. ახალგაზრდა თურქმა რეჟისორმა გოგონამ დადგა ტროას ისტორიის გადაკეთებული ვერსია ,,დაკარგული სამოთხე”. აქ იყო მთლიან აფხაზურ თემაზე წარმოჩენილი, შეიძლება ითქვას, ქორეოგრაფიული ჩანახატი. ამ დადგმაში მონაწილეობდნენ, როგორც ჩვენი მსახიობები, ასევე ორი მოწვეული მსახიობი გვყავდა. სამივე სპექტაკლი დაფინანსებული იყო ევროპული სტრუქტურებიდან და ეს თურქული სპექტაკლი იყო, თურქეთის საელჩოსა და თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის ფონდ ,,ტიკას” მიერ. ეს სამი სპექტაკლი სრულმასშტაბიანი სპექტაკლია ჩვენს ახალ რეპერტუარში. გვინდა ერთობლივი  წარმოდგენები გავმართოთ სხვადასხვა თეატრებში. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ ს. მრევლიშვილის მიერ დაარსებული თეატრ ,,გლობუსთან” ერთად, იაპონელი დრამატურგ ჩიკამაცუს პიესა ,,შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე”, რომლის გადმოქართულებული ვარიანტია ,,ციურ ბადეთა კუნძულზე”. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ პიესის ბრწყინვალე მთარგმნელის ჯემალ აჯიაშვილის სახელი ჩვენს თეატრს დაუკავშირდა.

თქვენი შენობა თეატრთან ერთად კულტურის ცენტრის ფუნქციაც აქვს. ამ მხრივ როგორ წარიმართა მუშაობა და პერსპექტივენს ხედავთ?

რამდენიმე საინტერესო ღონისძიება გავმართეთ სხვადასხვა მიმართულებით. მწერალთა კავშირთან ერთად ჩავატარეთ საღამო, რომელმაც დაუდო საფუძველი, ჩვენს პროექტს, რომ ერთობლივად გავმართავთ ქართველი მწერლების საღამოებს და ახალი გამოცემების დროს მოეწყობა მათი წარდგინება. ამ მხრივ ძალიან კარგად ჩატარდა პოეტ გენო კალანდიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც გოგა თავაძემ უმცროსმა საინტერესოდ დადგა. ასევე მნიშვნელოვანი გახლდათ, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. ჩავატარეთ საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი. ჩვენმა ტექნიკურმა პერსონალმა ძალიან კარგად იმუშავა. მნიშვნელოვანი გახლდათ ის ფაქტიც, რომ ჩვენს თეატრში გაიხსნა ნ. ჭანკვეტაძის მიერ დაარსეული რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი. ასევე ნაჩვენები იყო რამდენიმე რეგიონული თეატრის სპექტაკლი. გვინდა, რომ ჩვენი თეატრი გადაიქცეს რეგიონალური თეატრების ცენტრად და ჩვენს სცენაზე თვეში ერთხელ წარმოადგინონ სხვადასხვა თეატრების დადგმები. სტუმრად გვყავდა ფოთისა და რუსთავის თეატრები. ძალიან მინდა მესხეთის თეატრის მოწვევა. ჩვენი მიზანია მსოფლიო დევნილ თეატრების ცენტრის შექმნა. მით უმეტესს, როდესაც ჩვენ გაწევრიანებული ვართ იუნესკოსთან არსებულ დევნილ თეატრთა ჯგუფში. არ მინდა ჩვენი თეატრი მხოლოდ ასოცირებული იყოს ომთან და პოლიტიკურ მოვლენებთან. შეიძლება ეკომიგრანტთა თეატრიც ვიყოთ.

როგორ გეგმავთ წლევანდელი სეზონის მუშაობას?

წელს შემოქმედებითად ძალიან საინტერესო სეზონი გვექნება. ჩვენი თეატრის დაარსებიდან 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვაპირებთ შექსპირის სამი კომედიის დადგმას, რომლებსაც სხვადასხვა რეჟისორები განახორციელებენ. ამ მხრივ სოხუმის თეატრს შესანიშნავი ტრადიციები აქვს. მარტო დოდო ალექსიძის მიერ დადგმული ,,ვენეციელი ვაჭარი” რად ღირს, რომელიც უხდებოდა თეატრის რეპერტუარს და მნიშვნელოვანი კვალიც დატოვა. ამჟამად ვარჩევთ იმ კომედიებს, რომლებიც საქართველოში ჯერ არ დადგმულა. ასევე, რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა შემოგვთავაზა ცნობილი აფხაზი მწერლის, ბაგრატ შინკუბას ისტორიული რომანის ,,უკანასკნელი უბიხის” დადგმა, რომელსაც თავადვე განახორციელებს. ბრწყინვალე ინსცენირება გააკეთა დრამატურგმა ირაკლი სამსონაძემ. ფოთის რეგიონალურ საერთაშორისო ფესტივალზე წარვადინეთ ლ. ბუღაძის ,,ანტიმედეა”, რომელშიც მთავარ როლს ჩვენი თეატრის მსახიობი ლილი ხურითი თამაშობდა. ამიტომ ეს სპექტაკლი თეატრის რეპერტუარში შევიტანეთ. ეს რაც შეეხება სპექტაკლებს.

ჩვენი თეატრის წამყვან და ამაგდარ მსახიობს დიმა ჯაიანს დაბადებიდან 70 წელი უსრულდება და იუბილეს წლის ბოლოს ვგეგმავთ. პარიზში მიმიწვიეს ფრანგული პიესის დადგმით და თუ თანხები ვიშოვნე ალბათ რეალური პერსპექტივა გვექნება. ხომ იცით ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ველოდებით განათების სისტემის ჩამოტანასა და ინსტალაციას. ამის შემდეგ დავიწყებთ უწყვეტ შემოქმედებით ცხოვრებას და კვირაში რამდენიმე სპექტაკლს შევთავაზებთ მაყურებელს. რეპერტუარში 10 სპექტაკლი გვაქვს და ნელ-ნელა კიდევ გავზრდით Mმაღალმხატვრული ახალი დადგმებით.

მოგეხსენებათ, თეატრს სანამ მუდმივი შენობა არ ჰქონდა მას სრულყოფილი ტექნიკური მომსახურეობა არ გააჩნდა. ამჟამად რა ტექნოლოგიურ სიახლეებს გეგმავთ?

სიახლე გვაქვს, რომელსაც მაყურებელი ვერ ხედავს. ეს გახლავთ ინტერნეტ სივრცეში ჩვენი გამოჩენა. ახალი ვებსაიტი შევქმენით და ახალი რებრენდინგი მოვახდინეთ ჩვენი თეატრის. ბილეთების გაყიდვის პროგრამული უზრუნველყოფა მოხდება ევროპული სტანდარტის გათვალისწინებით. გვექნება ბერლინიდან წამოღებული ტექნოლოგია, რომლითაც შემიძლია ვიამაყო. ამ მხრივაც ჩვენი თეატრი სამაგალითო უნდა იყოს. კიდევ ერთი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ რადგან თეატრს მუდმივი შენობა არ ჰქონდა, არ იყო მასზე მიბმული აუცილებელი სამსახურები. მაგალითად: კომენდანტი, განათების სისტემის ინჟინერი, სასაწყობო მეურნეობა, დეკორაციის საწყობი, ბუტაფორიის საამქრო, სალარო და სხვა. ამისთვის შესარჩევია პროფესიონალები. ეს პროცესი მარტში დასრულდება. მოგეხსენებათ კარგი სპექტაკლის შექმნას მთელი ინგრედიენტები სჭირდება და ამიტომ ტექნიკური მხარე გამარტული უნდა იყოს. ჩვენს მიერ მოპოვებული თანხებით მოვაწესრიგეთ თეატრის წინ მდებარე სკვერი და ფასადი გავალამაზეთ. ძალიან ბევრი საქმეა, რაც მაყურებელმა არ იცის, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს, თუ ჩვენი ენერგია სად მიდის და როგორ იხარჯება. თეატრი რთული სახელმწიფოებრივი საქმე და პასუხისდმგებლობაა, რომელსაც ვუდგები პატრიოტული სულისკვეთებით. ომში არ მიბრძოლია, მაგრამ ჩემი შემოქმედებითი ბრძოლა ამ სისტემის შექმნისკენაა მიმართული. 

რა მნიშვნელობვანი პრობლემების მოგვარება გჭირდებათ ამ სეზონში?

მოგეხსენებათ აფხაზეთის მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ბატონი რუსლან აბაშიძე. ასევე ფინანსთა ახალი მინისტრია ბატონი ამირან დოლიძე. ისინი ძალიან გვეხმარებიან და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ვთხოვოთ დახმარება თეატრის 135 წლისთავის იუბილეს ჩასატარებლად. მინდა ავღნიშნო ის გარემოებაც, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, საქრთველოს თეატრებს სახელფასო ფონდი მოემატათ. გულისტკივილით უნდა ვთქვა, რომ ჩვენი თეატრი მათ რიცხვში არ აღმოჩნდა, რამაც გული ძალიან დაწყვიტა მსახიობებს, რომლებსაც დიდი ამაგი მიუძღვით. 

რა იყო ამის მიზეზი?

ალბათ ტექნიკური გაუთვალისწინებლობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ არის ინფორმირებული, რომ თეატრები დაფინანსების სხვადასხვა წყაროებზეა მიბმული. რეგიონალური თეატრები, რომლებიც არ არიან ცენტრალურ ბიუჯეტზე დახმარება ვერ მიიღეს. ამის შესახებ ახლა წერილს ვამზადებთ. ჩვენ მხარს გვიჭერენ:  საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბუიშვილი, საქართველოს კულტურის პროფკავშირი, საქართველოს თეატრალური საზოგადოება, ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი, აგრეთვე, სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებმაც იციან ჩვენი პრობლემები  და სარეკომენდაციო წერილით მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას. ვიმედოვნებ საკითხი დადებითად გადაწყდება, რადგან სოლიდურ თანებთან არა გვაქვს საქმე და ბიუჯეტსაც დიდ ტვირთად არ დავაწვებით. ჩემი აზრით ეს პრობლემა ტექნიკურმა გაუთვალისწინებლობამ წარმოშვა.