top of page

„დარისპანის გასაჭირი“ და საბა ასლამაზიშვილის „კროსვორდი“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

340165568_445626957757525_7933470429305296684_n.jpeg

ვალერი ოთხოზორია

„დარისპანის გასაჭირი“ და საბა ასლამაზიშვილის „კროსვორდი“

 

ჯერ კიდევ ახალგაზრდა რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა (რეჟისორის თანაშემწე თამუნა კამლაძე) ილიაუნის თეატრში, 2023 წლის აღდგომა მოახლოებულზე, ქართველ დრამატურგთაგან ყველაზე ცნობილის, ხარისხიანისა და კლასიკურის - დავით კლდიაშვილის ქმნილება - „დარისპანის გასაჭირი“ შემოგვთავაზა.

სპექტაკლის მხატვრობას შეეჭიდნენ ახალგაზრდები - მარიამ კალატოზიშვილი და სანდრო მარგველაშვილი; მქონდა პატივი, ცოცხლად მენახა ორივე, რეჟისორზე და ერთმანეთზე ხელჩაჭიდებულნი. არანჟირება უზრუნველყო ნინო სიხარულიძემ, ქორეოგრაფიული ნაწილი კი დეა აბაკელიამ მოამზადა. სხვათა შორის, სპექტაკლის ყურებისას, შემთხვევით, გრიმიორი გოგონა გავიცანი, თუმცა სახელი და გვარი არ მიკითხავს, როცა რამდენჯერმე გავუმეორე, კიდევ რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს მოსაწყენი სანახაობა-მეთქი...

სანახაობა კი მოსაწყენი იყო იმიტომ, რომ მოსაწყენად იყო დადგმული, მაგრამ თავად ტექსტი ისეთია, ნამდვილად ვერ მოიწყენ (თუკი წაიკითხავ). უწყვეტ გაოგნებაში მამყოფებდა იმაზე ფიქრი, როგორ შეძლო რეჟისორმა ასეთი ცოცხალი მასალიდან, ასეთი არაცოცხალი სპექტაკლის წარმოქმნა (მირჩევნია, სიტყვა „შექმნის“ ნაცვლად „წარმოქმნა“ გამოვიყენო)...

მოდით, ერთად გამოვიკვლიოთ, მართლაც, საიდან წარმოიქმნა ამ რაოდენობისა და ამ ხარისხის უხარისხობა... აქვე, - ამოცანის გასართულებლად - იმასაც გეტყვით, რომ მთლად უინტერესო სპექტაკლი არ გეგონოთ; სცენის მოწყობაც, მხატვრობაც, რეჟისორული ჩანაფიქრიც (მიზანსცენათა სერია), სპექტაკლის ყოველი ნაწილი (დიდი თუ მცირე) - მსახიობების თამაშზე ცალკე ვისაუბროთ, ქვევით, - შეიცავს, ყველაზე ცოტა, ერთ საინტერესო ასპექტს მაინც, რომელიც მაყურებელს იმედის ნაპერწკალს აღუძრავს, იქნებ სპექტაკლი გადარჩეს და მობეზრების ჭაობში არ ჩაინთქას, უმოქმედობის ბერწ მიწაზე არ გამოშრეს, არ დარჩეს თავისთვის, როგორც შეუმდგარი, დამარცხებული მცდელობა და გარკვეულწილად სირცხვილიც (საკუთარი თავისა და მაყურებლის წინაშე). მაგრამ არა, წინასწარ გეტყვით, რომ სპექტაკლი ვერ გადარჩება, ის განწირულია, იყოს უხარისხო ანარეკლი მისი დედნისა, შესანიშნავი ტექსტისა, რომელიც დატვირთულია ნიშნებით, საზრისებითა და მოქმედებათა იშვიათი, იმერულ-ევროპული დინამიკით.

სცენა, გარკვეულწილად, ფერად კროსვორდს ჰგავს. იატაკზე დაწყობილია ფერადი ბალიშები, ნაჭრის კვადრატულ ფორმებში ჩადებული ღრუბლები, ე.წ. „გუბკები“; მათზე მსახიობები რბილად დააბიჯებენ. ამგვარი ატრიბუტი არბილებს ატმოსფეროს, ფერებით ავსებს შავ სცენას, აჩენს სიხალისის მოლოდინს დრამაში და ამავე დროს, ხაზს უსვამს სიმარტივეს, დრამის ლაკონურობას, რომელიც უნდა გათამაშდეს. ამგვარი სცენა ჰგავს ერთგვარ საცეკვაო მოედანსაც, იმ კვადრატებს, ფეხის დადგმისას რომ ნათდება; და შორეულ ასოციაციაში, თუმცა არც ისე შორეულში, ატომური რეაქტორის ფილების სტრუქტურასაც წააგავს. ეს უკანასკნელი, ჩემი აზრით, არც ისე ხელწამოსაკრავი მეტაფორაა: ფილები, რომლებიც გადაჭარბებული წნევისგან ფეთქდება და რადიაციული ცუნამი წარმოიქმნება. შესაძლოა, სწორედ, ამგვარი დრამა გველის...

ამგვარი დრამა არ გველის, მაგრამ უკვე აშკარაა, რამდენად საინტერესოდაა გადაწყვეტილი სცენა.

არ გამოგვრჩეს კროსვორდის ხატის მნიშვნელობა. კროსვორდი, ეს ხომ დაფარულ სიტყვათა სტრუქტურაა, ასო-ნიშანთა ქუჩებითა და შუკებით შეერთებული მნიშვნელობები. და მართლაც, რა საოცარი იქნება, თუკი სცენაზე სპექტაკლის განმავლობაში ერთგვარი დრამატული, ცოცხალი ლექსიკონი, გნებავთ მცირე ენციკლოპედია გადაიშლება... გეტყვით, რომ არ გადაიშლება, მაგრამ ეს საოცარი იქნებოდა და ამის საფუძველი უკვე იყო მხატვრობაში...

ფერადი, ბრტყელი „კუბიკების“ შუაში ხვრელია, სადაც კიბეა ჩადგმული, სცენაზე ნახევრად ამოჩრილი. აშკარაა, იქიდან ვიღაც ან რაღაც ამოვა ან/და ჩავა.

მთელი სცენა, მოქმედების დაწყებამდე, ტოვებს სიზმრისეული ადგილის შთაბეჭდილებას, სადაც მოხდება რაღაც შთამბეჭდავი, ცოტა აბსურდული, აფექტური და შესაძლოა გაუგებარიც, მაგრამ რაც გაღვიძების შემდეგაც დაგამახსოვრდება და შესაძლოა შემდეგ სიზმრამდე არ დაგავიწყდეს... მაგრამ არა, ასეთი რაღაც არ მოხდება, უფრო სწორად მოხდება, მაგრამ მხოლოდ ძალიან ნაწილობრივ, ანუ თითქმის უმნიშვნელოდ.

ერთი სიტყვით, სპექტაკლის დაწყებამდე, რაც ძალიან მომეწონა, სცენის მხატვრობა და საერთოდ, ჩარჩო მიზან-სცენა იყო, - კიდევ ერთხელ ვახსენებ ახალგაზრდა მხატვრებს, მარიამ კალატოზიშვილი და სანდრო მარგველაშვილი, - ეს სიზმრისეულ-აბსურდული გარემო, შემდეგ კი, რაც არ მომეწონა, ის ეკლექტიზმია, რაც სჩვევია საბა ასლამაზიშვილის ხელწერას, - იხ. ჩემი რეცენზია „ექსპრესიონიზმი და იმპრესიონიზმი ქართულ სცენაზე, ორი ახალგაზრდა რეჟისორის - საბა ასლამაზიშვილისა და დავით ხორბალაძის მაგალითზე“ - სპექტაკლზე, ჩემი აზრით, მხოლოდ უარყოფითი გავლენა რომ იქონია.

რეჟისორი დრამის განვითარების მრავალ ხერხს ერთად იყენებს: სიმღერა, ცეკვა, პანტომიმა, საუბარი, სხეულის ენა, მუსიკალური ინსტრუმენტები; მაგრამ არცერთი არაა სათანადოდ დამუშავებული, ყოველი მათგანი გაუჩორკნელის შთაბეჭდილებას ტოვებს...

მოძრაობისა და საუბრის დინამიკა გარკვეულ ჰიპნოტურ პროცესს ჰგავს, ხელოვნურად შენელებული და ფორმალიზებულია, სტილიზებულია. მთლიანობაში, ეს ამდენი ხერხი ორგანულად არ ებმის ერთი-მეორეს, სპექტაკლი სხვადასხვა მორჩენილი ნაჭრისგან შეკერილ სამოსს ჰგავს, მსხვილი ძაფებით ნაბლანდს და უგემური აჯაფსანდლის გემო აქვს. კლდიაშვილისეული სიმკვირცხლე, დაჭიმულობა, ქარიზმა და ამავე დროს გულის გამაწვრილებელი სიწვრილმანე, ადამიანთა ეგსისტენციის ჩანთქმა საყოფაცხოვრებო, უმნიშვნელო რუტინის უფსკრულში, მთელი ეს დიალექტიკა, ტკივილიანი სიღრმე და ამავე დროს ეგსისტენციალური დეკადანსის რელიეფური ეშხი სპექტაკლში დაკარგულია.

საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლი გზააბნეულ მგზავრს ჰგავს, რომელიც კლდიაშვილიდან თითქოს ბეკეტის მიმართულებით წავიდა, გზაში კაბარეში შევლა მოუნდა, მაგრამ დრეს-კოდის გამო არ შეუშვეს, მერე ქუჩის მუსიკოსებთან დაუკრა, თითქოს წაიცეკვა კიდეც, მაგრამ დაავიწყდა, რატომ აკეთებდა ამას, რა მიზნისთვის დაადგა გზას და რა უნდა ეთქვა. მერე, უბეში ქაღალდი იპოვა, რამაც მომავალი გაჩერებები და ამოცანები შეახსენა, ამის მიხედვით თავისი გეგმა ხელოვნურად განახორციელა, სრულიად უგულოდ და უგერგილოდ.

მსახიობთა თამაშზე შეიძლება ითქვას, რომ მათი თამაშის სტილები ერთმანეთთან არ ჯდება და უგემოვნო დისონანსს ქმნის მაყურებლის თვალში. პელაგია (მსახიობი მაია ხორნაული) გამოკვეთილი იმერული დიალექტით საუბრობს, მაგრამ მისი მეტყველება ზედმეტად სტილიზებული და ნამდვილი ემოციებისგან დაცლილია. სპექტაკლის განვითარების ღერძი, სწორედ, პელაგიას პერსონაჟია, რომელიც თავისი ტოტებით აკავშირებს ერთმანეთთან დარინსპანსა და მის ქალიშვილს მართასა და მის ქალიშვილთან და ყველას მათ - ოსიკოსთან, რომელიც შეცდომით-სასიძოა, სინამდვილეში კი საცოლე ჰყავს.

პელაგია, საბოლოო ჯამში, თავისთვის ჩართულ გრამოფონს გავს, რომელმაც თავადაც არ იცის, რას მღერის, რატომ მღერის და ვისთვის მღერის. პელაგიას ის შველის, რომ კომუნიკაბელური და საჭირო კავშირების მქონე ქალბატონია, ერთგვარი სალონის დიასახლისივით.

დარისპანის პერსონაჟითაც (მსახიობი სლავა ნათენაძე) მაინცდამაინც მოხიბლული ვერ ვრჩებით. მას, განსხვავებით პელაგიასგან, იმერული დიალექტი ნაკლებად ახასიათებს. დარისპანის პერსონაჟი შაბლონურია, სცენაზე „გამოწერილი რეცეპტების“ მიხედვით მოქმედებს.

კაროჟნა და ნატალია, მსახიობები - მაშიკო თვალაბეიშვილი და ნინა ყიფშიძე, თითქმის ობიექტებად არიან ქცეულნი სცენაზე; ძირითადად, ისინი დგანან... კაროჟნა ყელზე დაკიდებული, მწვანე, პატარა გარმონით შემოჰყავს მამამისს, გაუგებარია, რატომ დადის კაროჟნა გარმონით (რეჟისორს დაეზარა, ინსტრუმენტი ჩემოდანში მაინც ჩაედო და იქიდან ამოეღოთ შემდეგ, როცა დასჭირდებოდათ)... კაროჟნა დგას, დაახლოებით 15-20 წუთი და ელოდება თავის რიგს, რამე თქვას ან რამე გააკეთოს, რითაც სპექტაკლი კიდევ უფრო გავს უსიამოვნო სიზმარს.

მართას (მსახიობი ლილი ხურითი) ყველაზე მეტად არა უშავს; ყველაზე ადეკვატური თავის როლთან, სხვებთან შედარებით, სწორედ, მართაა. მაგრამ აქაც, რეჟისორი ამატებს იმგვარ ექსტრავაგანტურ დეტალებს, რომლებიც მართას პერსონაჟიდან ისევ ვირტუალურ ბუტაფორიას ქმნის, როგორც ვიდეო-თამაშში, და გრძნობის სიღრმე აქაც იკარგება.

ზოგადად, სპექტაკლს აქსესუარების სახით ახლავს იაფფასიანი ექსტრავაგანტურობა, რაც აფუჭებს, როგორც სპექტაკლის ესთეტიკას, ასევე მაყურებლის გრძნობას, რომლის პოვნასაც სპექტაკლში ცდილობს. ერთ-ერთი ასეთი აქსესუარია, პელაგიას და დარისპანის შეხვედრის სცენაში, დარისპანის მიმართვა: „პელა-გეჲა!...“ - კომპლიმენტს უკეთებს, „გე(ჲ)ა“ - დედამიწა ძველბერძნულად, აღამაღლებს იმერელ ქალბატონს ბერძნულ ქალღმერთამდე... ასევე, ოსიკოს ზარდახშა, რომელშიც გემრიელი თეთრი ბურთები უდევს ოსიკოს, და სათითაოდ, პირში უდებს სცენაზე მყოფ პერსონაჟებს, ისინი კი ღეჭავენ. ასეთი ელემენტებით, რომლებიც მარტივი, ხელოვნური და იაფფასიანია, ძლიერი კომედია მხოლოდ სუსტ ფარსად იქცევა. „დარისპანის გასაჭირი“ აღნიშნულის იმდენად კარგი მაგალითია, შეგვიძლია ეს მოვლენა - კარგი კომედიის ცუდ ფარსად ქცევა -, როგორც ქიმიური ექსპერიმენტის დროს, ვისწავლოთ.  

ყველაზე შეუსაბამო, ჩემი აზრით, ოსიკოს პერსონაჟია (თორნიკე კაკულია), მისი ე.წ. ქორეოგრაფიით. რეჟისორი მას პრაქტიკულად არ ალაპარაკებს. აქ უკვე სპექტაკლი-სიზმარი აშკარად კოშმარში გადადის.

პირველი ღერძი, დრამის სპირალს რომ ავითარებს, ჩვენ უკვე ვახსენეთ - პელაგია. მეორე ღერძი, სწორედ, ოსიკოა, რომელიც იჭერს პელაგია-ღერძის ადგილს და ახალ დრამატულ სპირალს ავითარებს: ყველანი ეხვევიან ოსიკოს, როგორც პოტენციურ სიძეს... მაგრამ ოსიკოს ე.წ. ცეკვები არ არის ეფექტური საყურებლად. მეტიც, უსიამოვნოც კია. სიზმრის იმგვარ ეპიზოდს ჰგავს, რომლის ყურებაც არ გინდა, მაგრამ თვალს ვერ არიდებ.

ოსიკოს პანტომიმა არანაკლებ უსიამოვნოა, ვიდრე მისი ცეკვა. მსახიობი არ არის ნამდვილი, არ აქვს გრძნობა. ოსიკო სიმულაკრია.

სპექტაკლის ყველაზე წარმატებული ნაწილი, მართლაც კლდიაშვილისეული ხასიათით, მუსიკალური ორთაბრძოლაა დარისპანსა და პელაგიას, კაროჟნასა და ნატალიას შორის; რუსულ რომანსებს ენაცვლება ჯაზ-ბლუზი, რუსული მოტივები ამერიკულში გადადის. ასეთი გადასვლა სპექტაკლის ანოტაციაში ახსნილია, როგორც დარისპანის გასაჭირის სახით წარმოდგენილი საქართველო.

 

„ეს ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი ქვეყნის ბედს, რომელიც დარისპანივით გამოსავალს სხვაგან ეძებს: სხვების დახმარებაში, სხვაზე „მითხოვებაში“, დალხენილი ყოფის ილუზიაში, რომელიც ბუმერანგივით ბრუნდება და კიდევ უფრო დიდ უიმედობას იწვევს. [...] რეჟისორი და მსახიობები მაყურებელთან ერთად ეცდებიან იპოვონ გზა, რომელიც ხელს შეუწყობს დარისპანის ოჯახის, და ამავდროულად, საქართველოს მომავლის გადარჩენას.“

 

არ ვიცი, ამ პათეტიკური ტექსტის ავტორი ვინ არის, მაგრამ საქართველოს, დღევანდელს, ნამდვილად გავს, სამწუხაროდ, მთლიანად ეს სპექტაკლი. „საქართველოს მომავლის გადარჩენის“ გზა, ალბათ, ნატალიას (ნინა ყიფშიძე) საფინალო, მე ვიტყოდი - საფირმო, ფრაზაში უნდა ვეძებოთ: „თავი დაგვანებეთ!“ - ვისაც გვინდა, იმას მივთხოვდებით, და თუ გადავწყვეტთ, საერთოდ არ გავთხოვდებითო, ალბათ, ამას გულისხმობდა ძვირფასი ნატალია. მართლაც, მომავალი გადარჩენილია, გზა ნაპოვნია!... ამაზე მარტივი რეცეპტი რა უნდა იყოს: „თავი დაგვანებეთ!“

არა მოიღოთ სახელი სამშობლოსა თქვენისა ამაოსა ზედა, - ვეტყოდი რეჟისორს, მის ასისტენტს, მის მსახიობებს და ზემოხსენებული ნაწყვეტის ავტორს. შეეშვით საქართველოს, ის ისედაც ამოვა იმაში, რასაც აკეთებთ, თუკი ნორმალურად გააკეთებთ და საყურებლად სასიამოვნო და სასიხარულო იქნება. ვაჟა-ფშაველა „არწივს“ რომ წერდა, საქართველოს არ გულისხმობდა, მაგრამ „ყველამ“ საქართველო დაინახა. მეც ვხედავ თქვენს სპექტაკლში საქართველოს, უფრო ზუსტად, ეს სპექტაკლი მაჩვენებს იმგვარ საქართველოს, რომელზეც გული მტკივა.

არ შემიძლია კიდევ არ ვთქვა იმ დაღლილ, მარტოსულ კიბეზე, სცენის ხვრელში რომაა ჩადგმული და კიდევ ერთი ღერძის ფუნქციას ასრულებს. ეს სცენის ხვრელიც ერთი კარგი რამ მოფიქრებაა, თუმცა საკმარისად გამოუყენებელი. მხოლოდ ოსიკო ამოდის იქიდან და ჩადის, დანარჩენი მსახიობები კულისებში მიდი-მოდიან. ერთი ხვრელი, ერთი „კროსვორდი“, ერთი სიზმარი და თუნდაც ყველა მუსიკალური ინსტრუმენტი ერთად, აი, ეს იქნებოდა ნამდვილი ემოციური, მხიარული, ღრმა დრამა. სპექტაკლი ამჟამინდელ მდგომარეობაში ნახევრადგამომცხვარი ხაჭაპურის შთაბეჭდილებას ტოვებს. სხვათა შორის, აქაც ემთხვევა დღევანდელ საქართველოს. ბრავო!

bottom of page