top of page

ცეკვა თუ სიტყვა? საკითხავი აი, ეს არის

_MG_9138.jpg

ცეკვა თუ სიტყვა? საკითხავი აი, ეს არის

დავით ბუხრიკიძე

 

შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავი რუსთაველის თეატრში უსიტყვოდ, მაგრამ ცეკვით აღნიშნეს

 

სიმართლე ითქვას, შექსპირული სცენური ტრადიციებით გამორჩეულ ისეთ მდიდარ  ქვეყანაში, როგორც საქართველოა, დიდი ბარდის გარდაცვალების 400 წლისთავთან დაკავშირებით უფრო მეტ შემოქმედებით ვნებათაღელვასა და კრეატიულ გამოხდომებს ველოდი. ისე მოხდა, რომ 23 აპრილი - მსოფლიოში ყველაზე დიდი დრამატურგის გარდაცვალების დღე მთელ საქართველოში, ფაქტობრივად, მხოლოდ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში წარმოდგენილი სპექტაკლით აღნიშნეს.

 

მარიამ ალექსიძის დაახლოებით 75-წუთიანი ქორეოგრაფიული ფანტაზია სახელწოდებით - „შექსპირი. სიყვარული“ უფრო დამაინტრიგებელ კითხვებს აღძრავს თანამედროვე ქორეო-ანბანით მოკირწყლული შექსპირული სიუჟეტების შესახებ, რომელთა ანარეკლიც იმპროვიზებულად არის გაბნეული მთლიანად წარმოდგენაში. და მაინც, ყველაზე აქტუალურია ყოფნა-არყოფნის საკითხი, რომელიც კონკრეტულად ამ შემთხვევაში ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ - ცეკვა თუ სიტყვა? საკითხავი აი, ეს არის.

 

უსიტყვო, ქორეოგრაფიულ შექსპირში უჩვეულო და განსაკუთრებული არც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრის მწყემსმთავარი, რობერტ სტურუა მთელ მსოფლიოში სწორედ შექსპირის ინტერპრეტაციებით არის ცნობილი - „ჰამლეტითა“ და „რიჩარდ მესამით“ დაწყებული, „მეთორმეტე ღამითა“ და „ქარიშხლით“ დამთავრებული.

 

შექსპირის იუბილესთან დაკავშირებით ბუნებრივია, მაყურებელი  ისევ სტურუასეულ თეატრალურ ოინს ელოდა, თუმცა რეჟისორმა ამჯერად უარი თქვა  ლამის ყველაზე საკრალურზე - შექსპირის ინტერპრეტაციაზე (ჩავთვალოთ, რომ გასულ წელს მის მიერ დადგმული „იულიუს კეისარი“ რუსთაველის თეატრში იყო სწორედ „ნაშთი ძველი დიდებისა“) და თეატრის სივრცე მარიამ ალექსიძეს დაუთმო. თავად კი მხოლოდ ახალი სპექტაკლის ლიბრეტოთი და იდეის ავტორობით შემოიფარგლა.

 

მოკლედ, რუსთაველის თეატრმა გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდთან ერთად გადაწყვიტა, შექსპირის საიუბილეო თარიღს ორიგინალურად გამოხმაურებოდა და მითი კლასიკოსი დრამატურგის შესახებ ახლებური ინტერპრეტაციითა და  თეატრალური ფორმით წარმოეჩინა.

 

„შექსპირი. სიყვარული“ თავს უყრის დრამატურგის ყველაზე ცნობილ, თეატრისთვის ლამის გადაღეჭილი თემებისა და პიესების ფრაგმენტებს, რომლებსაც სცენაზე გიგანტური სკივრიდან ამომძვრალი პერსონაჟები აცოცხლებენ. რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა თაობის მსახიობები - ლელა ახალაია, ნათია კვაშალი, ნინო მაყაშვილი, რუსუდან მაყაშვილი, გაგი სვანიძე, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, გეგა ჩხაიძე, ქეთი ხიტირი და ლაშა ჯუხარაშვილი მარიამ ალექსიძის სადა, უბრალო, მაგრამ გამომსახველ ქორეოგრაფიას დრამატულ მღელვარებას სძენენ.

 

ცალკე უნდა აღინიშნოს ორი გამორჩეული გმირი - ლელა ალიბეგაშვილის მიერ განსახიერებული თავად შექსპირი  თუ მედიუმი და  გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სოლისტის, ნათია ბუნტურის მიერ  განსახიერებული ბედისწერა. ეს უკანასკნელი სპექტაკლის ერთადერთი პროფესიონალი მოცეკვავეა და ნებისმიერ შემთხვევაში გამოირჩევა დრამატულად გამრჯე, მაგრამ მაინც ოდნავ შეზღუდული პლასტიკური შესაძლებლობების მქონე მსახიობთა გვერდით. ამის მიუხედავად, ბალანსი დრამატულ თხრობასა და ქორეოგრაფიულ საწყისს შორის შენარჩუნებულია.

 

სხვათა შორის, „შექსპირში“ მონაწილე მსახიობთა უმრავლესობის ხელ-ფეხგარჯილობა და პლასტიკური მონაცემები მაყურებელმა ჯერ კიდევ შარშან, თანამედროვე ცეკვის პროექტში სახელწოდებით „ჰარირა“ შეაფასა. სხვათა შორის, მარიამ ალექსიძემ ეს ბალეტი ასევე რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე დადგა.

 

 

 

მარიამ ალექსიძე: „ეს წარმოდგენა ჩემს მიერ აქამდე დადგმულ ყველა სპექტაკლზე მეტად თამამი და სარისკო იყო. საქართველოში შექსპირის დადგმის მდიდარი ტრადიცია არსებობს: დრამატული სპექტაკლები, ბალეტები, ოპერები... სპექტაკლში „შექსპირი. სიყვარული“ გაერთიანდა თეატრი, ცეკვა, მუსიკა და პოეზია. ჩემი მცდელობა და მისწრაფება იყო, რომ კონკრეტული განცდები და სულიერი მდგომარეობა აბსტრაქტულ ფორმაში მომექცია და შექსპირის შემოქმედებისგან განცდილი ქორეოგრაფიული ალუზიები სხეულით გამომეხატა.“

 

სპექტაკლში გამოყენებულია შექსპირის სონეტების აუდიოჩანაწერი. ორი დიდი ბრიტანელი მსახიობის - ჯონ გილგუდისა და ალან რიკმანის მონაწილეობით. ეს ერთგვარ გაუცხოებასთან ერთად, ავთენტურობის გარკვეულ ხიბლსაც სძენს წარმოდგენას; თუმცა ჯობდა სონეტები შინაარსობრივად უფრო გასაგები ყოფილიყო და შესაბამისად, ქართველ მსახიობებს ქართულ ენაზე  ჩაეწერათ.

 

მოცარტისა და ჯონ კეიჯის ნაწარმოებები განსაზღვრავს არა მხოლოდ წარმოდგენის ტემპო-რიტმს, არამედ დღევანდელობასთან ხილულ კავშირსაც. პიანისტი ნინო ჟვანია ამერიკული ავანგარდული და ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი  უდიდესი წარმომადგენლის, ჯონ  კეიჯის  საფორტეპიანო კომპოზიციებს ცოცხლად ასრულებს, ხოლო მოცარტის საფორტეპიანო კონცერტებისა და სიმფონიების ფრაგმენტები ჩანაწერით სრულდება. სპექტაკლის მხატვრობა, სცენოგრაფია და კოსტიუმები  ანა ნინუას ეკუთვნის. პროექტის მხარდამჭერია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

 

ცოტა რამ გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდის შესახებ: ქორეოგრაფ  მარიამ ალექსიძის ბაბუა ცნობილი რეჟისორი დიმიტრი (დოდო) ალექსიძე იყო. მამა ასევე ცნობილი ქორეოგრაფი -  გოგი ალექსიძე. დედამ, ქალბატონმა მარინა ალექსიძემ თავის დროზე მოცეკვავის კარიერას ქორეოგრაფია ამჯობინა. 2011 წელს მარინა, ნინო, დიმიტრი, ირინე, ანა ალექსიძეებთან ერთად მარიამ ალექსიძემ „გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი“ დააფუძნა. სწორედ ამ ფონდმა განახორციელა ბოლო წლების განმავლობაში  სპექტაკლები: „აჭარპანი“, „ალვა“, „ჰარირა“, „გურჯი ხათუნი“.

 

„შექსპირი. სიყვარული“ უკვე ფონდის მეხუთე წარმოდგენაა, რომელშიც მარიამ ალექსიძე განაგრძობს თანამედროვე ქორეოგრაფიის გამომსახველი ფორმებისა და საშუალებების ძიებას. ასევე ძიებას ფოლკლორისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის თემაზე. ქართული ბალეტის ფოლკლორულ ტრადიციას თავის დროზე ვახტანგ ჭაბუკიანმა ჩაუყარა საფუძველი („მთების გული“, „გორდა“) შემდეგ ის გიორგი ალექსიძემ განაგრძო და დღეს უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული ისტორიის ახალი მემკვიდრე მარიამ ალექსიძეა.

 

ფონდის მიზანია გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის შენარჩუნება, მომავალი თაობებისათვის მისი გაზიარება და ფონდის პოპულარიზაცია; საქართველოში თანამედროვე ბალეტის განვითარება და პოპულარიზაცია; ისეთი ახალი პროექტების განხორციელება, რომლებიც მოქმედ ქორეოგრაფებსა და შემსრულებლებს შესაძლებლობების წარმოჩენაში  შეუწყობს ხელს.

bottom of page