top of page

ადამიანში ყველაფერი მშვენიერი უნდა იყოს

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

342069593_248113187580176_625988237742747270_n.gif

გიორგი ყაჯრიშვილი

ადამიანში ყველაფერი მშვენიერი უნდა იყოს

 

ასტროვის ეს სიტყვები მთავარი თეზაა, რომელსაც ანტონ ჩეხოვი თავის ყველას „უსიხარულო“ პიესაში გვთავაზობს. სოფლური ცხოვრების სცენები ასე განსაზღვრა დრამატურგმა პიესის ჟანრი და მართლაც მოსაწყენი ცხოვრება და ყოფა, განადგურებული და გადაგვარებული ბუნება, არანაკლები უღიმღამო ცხოვრება და არსებობა არა მარტო ამ სერებრიაკოვის მამულში, სადაც ამ პიესის გმირები იმყოფებიან, არამედ იმ გარემოში და ზოგადად იმ სამყაროში, სადაც ისინი არსებობენ და თანაცხოვრობენ.

 

რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძის მიერ სცენოგრაფ ლიზა ჭიჭინაძესთან ერთად შემოთავაზებული გარემო, რაც სხვათა შორის ძალზე არსებითია მსოფლიო კლასიკოსის (და არა მარტო რუსი) ჩეხოვის შემოქმედებაში ის სივრცეა, რაც შესაბამის განწყობას აღძრავს: გადატრიალებული სამყარო, სადაც თითქმის ყველა საგანი თავდაყირა ან წაქცეულია, პიანინო, კარადები, დახრილი ზედაპირები, საფლავის ქვებს რომ მოგვაგონებს, რაზედაც ეს ნიადაგგამოცლილი პერსონაჟები სწორადაც ვერ დგანან, რკინის კიბე, რომელსაც განსაზღვრული ადგილი არ აქვს და ყოველთვის აქეთ-იქით დაატარებენ, ხან კარებზე მიაყუდებენ და მასზე ადიან (სონია, სერებრიაკოვი), ხან ტახტ-მაგიდას (ერთ-ერთი რომელიც სწორად დგას) მიადგამენ და ტრიბუნასავით მასზე ადიან მგზნებარე სიტყვების წარმოსათქმელად და ხანაც ფიზიკური ვარჯიშების შესასრულებლად იყენებენ: შემოსასვლელი კარები - ჩარჩო - (ფერადი, სხვა თეთრი ნივთებისგან განსხვავებით) ერთგვარი „აიწონა-დაიწონა“, რომელიც მხოლოდ მაშინ არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, თუ მასზე არავინ დგას, სხვა დროს მასზე დროდადრო სპექტაკლის პერსონაჟები განთავსდებიან გადაწყვეტილებების მისაღებად ან საორჭოფო ან თუნდაც საარშიყოდ ან ზოგჯერ საკუთარი ქმრის შეცდენის (ელენე - სერებრიაკოვი), საქანელა, რომელზედაც არანაკლები ეროტიკული, სასიყვარულო თუ ასტროვის მოხიბვლის და შეცდენის სცენები ხდება, იატაკზე მიმობნეული სხვადასხვა სამუშაო ინსტრუმენტები: ჩაქუჩები, ბრტყელტუჩა, ხერხი და დანა, ივან ვოინიცკის სამუშაო მაგიდა კომპიუტერით, სონია რომ შემოაგორებს ხოლმე, რითაც ხშირად სარგებლობენ აგარაკზე მყოფნი და სტუმრები (მარია ვასილიევნა, ასტროვი, თვით ვოინიცკი). რეჟისორმა და მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა აშკარად შეძლო გადმოეცა ეს გაწყობა და ეს გრძნობათა ბუნება, შექმნა სპექტაკლი, რომელიც სრულად პასუხობს ჩეხოვის არა მხოლოდ მხატვრულ ტექსტს, არამედ პერსონაჟთა ხასიათის შექმნასა და წარმოჩენას, რაც არცთუ ხშირია ქართული თეატრის ისტორიაში ჩეხოვის დრამატურგიაზე მუშაობის დროს.

თუმცა აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთი რეჟისორული გადახვევა - მხედველობაში მაქვს ელენა ალექსანდროვნას და ასტროვის გამომშვიდობების სცენა. ანტონ ჩეხოვი თვლიდა და ამას სწერდა კიდევაც ოლგა ლეონიდოვნა კნიპერსს, რომ ეს სცენა არ უნდა შესრულებულიყო დიდი ვნებით. ვინაიდან ასტროვმა იცის რომ ყველაფერი დამთავრდა, - „ამ სცენაში მას (ელენეს -გ.ყ.) ისეთივე ტონით ელაპარაკება, როგორც ლაპარაკობს სიცხეზე აფრიკაში, კოცნის უბრალოდ უსაქმობის გამო. თუ ამ სცენას ასტროვი დიდი ვნებით ჩაატარებს მეოთხე აქტის მთელი მშვიდი და დუნე ხასიათი იცვლება“ ( ჩეხოვი. ა. წერილები, ტ. 6. გვ.100).

თუმცა უნდა ითქვას, რომ დღევანდელ დროს, სხვა ეპოქაში სხვა ჟინი ტრიალებს, სხვა ტემპო-რიტმით ვცხოვრობთ, უფრო ძლიერი აღგზნებაც გვინახავს და მიუხედავად იმ ვნებიანი სცენისა, რაც გრიბოედოველთა სპექტაკლში იყო გათამაშებული, მასში „მშვიდი და დუნე ხასიათი“ განსაკუთრებულად არც შეცვლილა.

მართლაც ამ უღიმღამო განწყობას დროდადრო სონიას (ნინა კალატოზი) ენერგიულობა, მისი დაუდგრომელი ხასიათი რომ ვერ გაურკვევია მოსწონს თუ არა ასტროვს, სერებრიაკოვის (არჩილ ბარათაშვილი) ტირადები ხელოვნებაზე და დასახული გეგმები ყოფილი მეუღლის აგარაკის გაყიდვასა და ფინეთში ახლის შეძენა, მიხეილ ასტროვის (ვლადიმერ ნოვოსარდოვი) მუდმივი წუწუნი ბუნებაზე, ტყუილად დახარჯულ დროზე და ივან ვოინიცკის (მიხეილ არჯევანიძე) აღშფოთება და სერებრაიაკოვზე იარაღით თავდასხმა თუ არღვევს. მართლაც მდორედ მიმდინარე დღეები ყველა დანარჩენისთვის მარია ვინიცკაიასთვის (ირინა კვიჟინაძე), ძიძა მარინასთვის (კარინა ყენია) და თვით ძია ვანიასთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა და ის რომ დრო თითქოს დაჩერდა მათთვის სრულიად მისაღებია. რაც შეეხება სერებრიაკოვის ახალგაზრდა მეუღლეს ელენა ალექსანდროვნას (სოფიო ლომჯარია) იგი აქ ადგილს ვერ პოულობს, მოწყენილობისაგან რა მოიმოქმედოს არ იცის. თუმცა მისი კეკლუცი ხასიათი და დაუდგრომელი ლტოლვა მუდმივი სიყვარულისკენ უბიძგებს საკუთარი ხიბლი გამოიყენოს და თავგზა აუბნიოს ასტროვს, რომელიც ისედაც მზად იყო რაღაც განსაკუთრებული სიყვარულისთვის.

ელენეს მომაჯადოებლობა არც სონიას ტოვებს გულგრილად - თავიდან ეჭვიანობით აღვსილი, პირველი აქტის ბოლოს უკვე ელენას დიდი მეგობარია და თავის გულისნადებსაც გააცნობს და სთხოვს - გამოარკვიოს ასტროვის დამოკიდებულება მის მიმართ. ელენე ალექსანდროვნა განსაკუთრებით ემზადება ასტროვთან შესახვედრად და არ მხოლოდ სხვისი თხოვნის შესასრულებლად - ვნებიანად გაიშიშვლებს მხარს (რაც უეცრად შემოსულ სონიას არ გამოეპარება და ეჭვს გამოიწვევს მის კეთილგანზრახვაზე) რადგან ამ შეხვედრას სულ სხვა დანიშნულება შესძინოს. ასტროვი ხვდება რა თამაშს სთავაზობს ელენე - „მტაცებელო ... თქვენ მსხვერპლი გჭირდებათ“ - ეტყვის იგი და თავისივე სურვილით ებმება სერებრაიაკოვას მახეში.

უსიხარულო ვახსენე და უსიხარულოა ეს პიესა იმიტომ, რომ აქ ყველა უბედურია, რაშიც თითოეულ მათგანს თავის წილი დანაშაულია აქვს: უბედური და დამნაშავეა ივანე ვოინიცკი, რომელიც თავისი ყოფილი სიძით აღფრთოვანებული თითქმის მონად დაუდგა მას უარი თქვა არა მარტო პირად ცხოვრებაზე არამედ მომავალზე და ხშირ კონფლიქტს დედასთან მრავალი მიზეზი აქვს. მას საკუთარი აზრიც კი აღარ გააჩნია. იმდენად უსუსურია თავის ქმედებაში, რომ ორი გასროლით ვერც კი დაჭრის სერებრიაკოვს, სამაგიერო რომ მიეზღო და ვერს თავის მოკვლას შეძლებს. დამნაშავეა სერებრიაკოვი იმით რომ შეიქმნა იმიჯი წარმატებული მეცნიერის ხელოვნების მცოდნის და სონიას და ვოინიცკის შრომით შეძენილი ფულით ცხოვრობდა. მას მხოლოდ მაღალფარდოვანი საუბარი ძალუძს და სიკვდილივით ეშინია ასტროვთან ან ვონიცკისთან მარტო დარჩენის და მათთან  საუბარის. ამიტომაცაა რომ ყოველთვის ჯგუფთან ერთად ჩნდება ყველგან, მათთან ერთად სეირნობას მრავალპერსონიან კრებებს იწვევს საკუთარი აზრის საჯაროდ გადმოსაცემად. ვითომ სონიაზე ფიქრმა აიძულა მიეღო გადაწყვეტილება აგარაკის გაყიდვაზე, მაგრამ ამავდროულად იატაკზე დაგდებულ სონიას ფეხს კრავს, ზედ ისე გადაუვლის ვერც კი შეამჩნევს.

სონია კეთილია, მშრომელი ყველას მიმართ ყურადღებიანი, მაგრამ აწუხებს კომპლექსი რომ ულამაზოა და არავინ შეიყვარებს.

ელენე სერგეევნა გათამამებული, უსაქმური მაგრამ მომხიბლავი და ლამაზი ყველაფრით უკმაყოფილოა - ქმრით, აგარაკით, უბედურია იმით რომ ბებერი ქმარი ჰყავს, სიყვარული უნდა საყვარელიც მაგრამ ვერ ბედავს ქმრის ღალატს. ყოველ დღე ტანსაცმლის გამოცვლა და ოთახებში უაზრო სიარულია მისი ძირითადი საქმიანობა.

ასტროვიც უბედურია - მუდმივად გადაღლილი, თითქოს რა რაც გეგმებს აწყობს მშენებლობებზე, ბუნების გადარჩენაზე, სამყაროს შეცვლაზე, მაგრამ მხოლოდ ის დარჩენია ავადმყოფებს უმკურნალოს. იშლებიან აგარაკზე შეკრებილნი ასევე უღიმღამოდ და უაზროდ როგორ შეიკრიბნენ.

მხოლოდ სონიას თუ აღმოხდება: „ძია ვანია, ვიცხოვრებთ... უნდა დავისვენოთ!“

bottom of page