top of page

 „დაისი“, როგორც შესაძლებელი აისი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

346861522_794756061995827_7172404814037960107_n.jpeg

დავით ბუხრიკიძე

 „დაისი“, როგორც შესაძლებელი აისი

 

ასი წლის წინ, 1923 წლის დეკემბერში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისის“ პრემიერა გაიმართა. ასე რომ, 2023 წელი „დაისის“ საიუბილეო წელია და ბუნებრივია, ჩვენი არტ-მეხსიერება ისევ უბრუნდება და ხელახლა იაზრებს ჩვენი დიდი კომპოზიტორის რიგით მეორე, ლირიკულ-პატრიოტულ ოპერას. ეძიებს დადგმის ახალ შრეებსა და ჩვენი დროის შესაბამის ფორმებს.

 

„აბესალომ და ეთერის“ ტრიუმფიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა, ვალერიან გუნიამ ფალიაშვილს ახალი, პატრიოტული ოპერის ლიბრეტო შესთავაზა. ბოლშევიკური რუსეთის ანექსიის ფონზე, დეპრესიაში მყოფი კომპოზიტორისათვის ეს ერთგვარი თერაპია იყო. მითუმეტეს, რომ „დაისის“ სიუჟეტი პირდაპირ ეხმიანებოდა 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას.

 

შემთხვევითი არაა, რომ ოპერის მთავარ გმირ ქალს მარო ჰქვია, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული მარო მაყაშვილის პატივსაცემად. ვალერიან გუნიამ ლიბრეტოში ვაჟა-ფშაველას, აკაკისა და ბარათაშვილის ლექსები გამოიყენა (ძირითადად არიებში) და ხალხურ პოეზიასა და რუსთაველის აფორიზმებთან ორგანულად დააკავშირა.

 

აღსანიშნავია, რომ საპრემიერო დადგმა კოტე მარჯანიშვილს ეკუთვნოდა.

„დაისის“ პრემიერის წარმატებაში ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა ვანო სარაჯიშვილმა, რომელიც მალხაზის პარტიას მღეროდა და რომლისთვისაც ფალიაშვილმა ოპერის პირველი აქტის ბოლოს ჩაამატა ცნობილი არია „თავო ჩემო“, აკაკის ლექსზე. ასე რომ, „დაისის“ პირველივე შესრულებიდან იწყება ოპერის ტრიუმფი, რომელიც მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდა.

 

ბუნებრივია, ფალიაშვილის ოპერის დადგმა  დღეს სრულიად სხვა მიდგომას, გააზრებასა და კონცეფციას მოითხოვდა. სადადგმო ჯგუფი შედიან: დირიჟორი - რევაზ ტაკიძე, რეჟისორი - გოჩა კაპანაძე, მხატვარი, სცენოგრაფი და კოსტიუმების ავტორი - გოგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი - ილიკო სუხიშვილი, ქორმაისტერი - ავთანდილ ჩხენკელი.

 

რეჟისორი გოჩა კაპანაძე ამბობს, რომ მისთვის „დაისის“ დადგმა უაღრესად საპასუხისმგებლო ამოცანა იყო: „ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ფალიაშვილის ეს ოპერა დიდი ხანია არ დადგმულა, მეორე - ის საიუბილეო თარიღს ეძღვნება და მესამე - ჩემს პედაგოგს, გიზო ჟორდანიას უნდა დაედგა ეს ოპერა და ახლა მე მომიწია დადგმა“.

 

„დაისის“ პრემიერამ უდიდესი ინტერესი და მოლოდინი გააჩინა საზოგადოებაში და ამაზე მეტყველებს სრული ანშლაგი რამდენიმე საპრემიერო წარმოდგენაზე. უკვე ორი კვირაა, რაც ზედიზედ რვა სპექტაკლი გაიმართა და მასში ყველა თაობის მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

რა შეიძლება შეიძლება ითქვას ახალ „დაისზე“? რითაა ის გამორჩეული და როგორ უნდა გავიაზროთ ოპერა, რომელიც ბედის ირონიით დღეს ისევ ოკუპაციაზე შეგვახსენებს და არ კარგავს თავის აქტუალობას. რამდენადაც ჩემთვის  ცნობილია, რეჟისორს სურდა ახალი და თანამედროვე ვერსია შეეთავაზებინა ოპერის დირექციისათვის, თუმცა ხელმძღვანელობამ არ გაიზიარა ეს კონცეფცია და სადადგმო ჯგუფი კლასიკურ, თუმცა ოდნავ მოდერნისტულ ვერსიას მიუბრუნდა.

 

პირველი და უმთავრესი, რაც თვალში საცემია, ესაა სცენური სივრცის სრული გათავისუფლება ეთნოგრაფიული დეტალებისა და ეროვნული კოსტიუმებისგან. ის მხოლოდ ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმულ საცეკვავო ნომრებშია შემორჩენილი. მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების კოსტიუმებიც ნაწილობრივ აბსტრაქტული და გათანამედროვებულია.

 

მეორე - მასიური და აბსტრაქტული სცენოგრაფის ეფექტი. სცენას ორი გიგანტური კედელი კვეთს, რომლებიც დრო და დრო ერთდება და მიგვანიშნებს საფორტიფიკაციო ნაგებობასა თუ სვანური კოშკის ქონგურებზე. ამ კედელს მიღმა, სცენის სიღრმეში კი სახალხო-მასობრივი სცენები თამაშდება.

 

მესამე - აბსტრაქციისა და სიმბოლიზმის ელემენტები დადგმაში. სცენაზე ჩნდება თეთრებში შემოსული მაროს ორეული თუ ოცნება, რომელიც გარკვეულწილად აერთებს და ამთლიანებს სცენურ ეპიზოდებს. თეთრი მანდილი გათამაშდება ფინალშიც, როდესაც მალხაზის სიკვდილის სცენაში ზემოდან ვარდება და ეს ძალიან ეფექტურია.

 

მეოთხე - გუნდისა და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების აქცენტირება. მაგალითად, გუნდი წარმოჩინდება ხან როგორ აქტიური ქმედების ცენტრი, ხან სახალხო ლხინის ეპიცენტრი, ხანაც პატრიოტული შემართებით აღსავსე ადამიანების ერთობა. საინტერესოა ნანოსა და ცანგალას ურთიერთობის დრამატული ხაზიც, რომელიც აქამდე ნაკლებად იყო დადგმებში გამოკვეთილი.

 

მეხუთე - ლირიკულ-ფსიქოლოგიური სიუჟეტის მიუხედავად (სასიყვარულო სამკუთხედი:კიაზო-მარო-მალხაზი), ოპერის ეპიკურ-ვაგნერული კონცეფციით გააზრების მცდელობა. სცენის სიღრმეში გიგანტური ბეჭდის ფორმის წრე ეშვება, რომელშიც ნატვრის ხის სიმბოლიკაა დატანებული.

 

მეექვსე - განათება და ფერი, რომელიც ვიდეოპროექციის გამოყენების ეფექტურობას განაპირობებს (ვიდეოპროექცია დავით მაჭავარიანი). უვერტიურის შესრულებისას ეკრანზე ჩნდება ჩამავალი მზე, ხოლო მეორე აქტში, როცა კიაზო ხალხს ბრძოლისაკენ მოუწოდებს, ციდან გიგანტური ფორმის, შავად განათებული მახვილი ეშვება. რაც უდავოდ ეფექტური სანახავია.

 

მეშვიდე - ოპერის ტრაგიკული ფინალში (როდესაც მარო მოკლულ მალხაზს დასტირის) ოპტიმისტური ქმედების შემოტანის მცდელობა. კერძოდ, ილიკო სუხიშვილის სპეციალურად დადგმული საცეკვავო ნომერი, რითაც მთავრდება კიდეც სპექტაკლი.

 

რაც შეეხება მომღერლებს. რამდენიმე შემადგენლობა ვნახე და მოვისმინე: მალხაზი (არმაზ დარაშვილი, თემურ გუგუშვილი, ალექსანდრე თიბელიშვილი), კიაზო (ვახტანგ ჯაშიაშვილი, გიორგი ლომისელი, ელდარ გეწაძე), მარო (მარიკა მაჩიტიძე, ლიანა კალმახელიძე, მარიანა ბერიძე), ნანო (ირინა ალექსიძე, ელენე ჯანჯალია, ირინა შერაზადიშვილი), ცანგალა (გოჩა დათუსანი, გია ასათიანი, კახაბერ თეთვაძე)...თუმცა საიუბილეო დადგმაში საოპერო დასის კიდევ არაერთი სოლისტი მონაწილეობს.

 

მომღერლების საერთო დონე ზოგადად, ნორმალურია და თუმცა ზოგიერთი ნამდვილად გამორჩეულია. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს თემურ გუგუშვილი, რომელიც ასაკის მიუხედავად წარმოუდგენელ ვოკალურ ფორმას ინარჩუნებს. როდესაც არია „თავო ჩემო“ დაასრულა, დარბაზმა ცნობილ მომღერალს წარმოუდგენელი ოვაცია გაუმართა.

 

განსაკუთრებული ქების ღირსია გუნდი, რომლის მომზადება და მუსიკალური ხარისხი არაფრით ჩამოუვარდება ევროპული საოპერო თეატრების დონეს (კომპლიმენტები ავთანდილ ჩხენკელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია). მაესტრო რევაზ ტაკიძემ ოსტატურად გაუძლო საორკესტრო პარტიტურაში ტემპო-რიტმების ცვლას და რთულად „მოსარჯულებელი“ ორკესტრი მაინც გაიყვანა სამშვიდობოს.

 

დაბოლოს, ერთი საინტერესო ისტორია. „დაისის“ შემდეგ, საბჭოთა იდეოლოგიით მოწამლულმა კომპოზიტორებმა ბრალდება წაუყენეს ზაქარია ფალიაშვილს - ნაციონალისტური მუსიკა დაწერაო. შეიქმნა სახელმწიფო კომისა, რომელსაც ვიქტორ დოლიძე ხელმძღვანელობდა. საკითხი ასე დადგა: არის თუ არა ფალიაშვილის მუსიკა მენშევიკური. და მაშინ, ვიქტორ დოლიძემ, გადმოცემით ისტორიულ-ანეკდოტური ფრაზა თქვა - „მე არ ვიცი ეს მენშევიკური მუსიკაა თუ ბოლშევიკური, მაგრამ ვიცი, რომ ფალიაშვილის ამ მუსიკით დაგასაფლავებენ ყველას“.

bottom of page