top of page

დაიფიცეთ ნეტარხსენებული ნოამ ჩომსკის ხატზე!

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

269308751_2166727566819384_3272991835360264768_n.jpeg

დავით ბუხრიკიძე

დაიფიცეთ ნეტარხსენებული ნოამ ჩომსკის ხატზე!

 

რეჟისორ ირაკლი გოგიას „მედეა და ოიდიპოსი“ ახმეტელის თეატრში: პოსტინდუსტრიული დრამა ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის უხილავი მუშების წასახალისებლად... და კლასიკურ წარმოდგენებში ნავარჯიშევი თეატრალების დასაბნევად.

 

 

პირველივე აზრი, რაც სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სპექტაკლის, „მედეა და ოიდიპოსი“, დასრულების შემდეგ მითებით  ნაკვებ თეატრალს თავში მოუვა, ალბათ კლასიკური სტანისლავსკისეული შეფასებაა: „არ მჯერა!“ დიახ, დიდი ხანია მეც აღარ მჯერა, რომ 21-ე საუკუნის თეატრი წარსულის დიდებული და ნგრეული ნაშთით, კლიშეებით,  ან ნატიფად მოფიქრებული აკვიატებებით უნდა შევაფასოთ. დღეს მთავარია, რას და რატომ დგამს თეატრი (და შესაბამისად, რეჟისორი) და რა მიზანი ამოძრავებს მას.

 

როდესაც ახმეტელის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი, ირაკლი გოგია, მედეას მითს (ან ამ მითით შთაგონებულ ტექსტს) როგორც „პოსტინდუსტრულ სოციალურ დრამას“ მიმართავს, ეს ნიშნავს, რომ მას სრულიად სხვა კოორდინათა სისტემაში სურს „თეატრალური სინუსოიდის“ აგება; უფრო იმ სივრცე-დროით განზომილებაში, სადაც ტრადიციული წარმოდგენები, შეხედულებები და განწყობები უბრალოდ, ვეღარ ცოცხლობენ. ისინი იცვლება და ნადგურდება, როგორც 90-იანი წლების ვებერთელა კომპიუტერები, რომელთა ტანჯული მეხსიერება დღეს უმცირესი მოცულობის ჩიპებში ეტევა.

 

ანტონენ მარტოს (იგივე ირაკლი კაკაბაძე) პიესა “მედეა და ოიდიპოსი“ სწორედ წარსულთან მიჯაჭვულობასა თუ თეატრალური ფორმების შეგნებულ დავიწყებას გულისხმობს... მაგრამ დავიწყებას არა მარტო ახალი ტექსტის ავტორის თუ რეჟისორის ცნობიერების განახლება-რეფრეში ჭირდება, არამედ მაყურებლის შესაბამისი მზაობაც. რამდენიმე წლის წინ, სწორედ ირაკლი კაკბაძისა და ირაკლი გოგიას ტანდემით დაამახსოვრდებოდათ თეატრალებს „ბრეხტი სახურავზე“. ავტორები მაყურებელს ახმეტელის თეატრის სახურავზე სახანძრო კიბით ასვლას და იქ სოციალურ-პოლიტიკურ პერფორმანსის ნახვას სთავაზობდნენ. ცხადია, კონცეფციიდან გამომდინარე ბრეხტის თემებზე.

 

„ეს იქნება არაორდინალური, ინოვაციური თეატრი, სადაც დასწრება თავისუფალია, მაგრამ ყველა დამსწრეს საშვის მაგივრად მოეთხოვება სწრაფვა გამთლიანებული აზროვნებისაკენ. ასევე სავალდებულოა მაყურებელს თან ჰქონდეს გაჯეტი (აიფონი, ტაბლეტი, ვიდეოკამერა)... გელოდებით, ამ ექსტრემალურ თეატრში ყველა მონაწილე თანასწორია.“ - ტექსტის ავტორის ეს მიმართვა თითქმის პროგრამულად და ლამის მოწოდებასავით ჟღერს: კლასიკური სპექტაკლის კლიშეები ისე დავანგრიოთ, რომ ნანგრევები ჩვენივე ხელით გავიტანოთ ძველი სივრციდან. წამახალისებლად ის ბრეხტის ანალოგიით, ზონგებს და სიმღერებს გვთავაზობს, ცხადია, მსახიობთა დახმარებით.

 

ავტორი-დრამატურგი-რადიკალი-პერფორმერი ანტონენ მარტო (კაკაბაძე) ტრანფორმაციის კიდევ უფრო რადიკალურ და სოციალურსად მძაფრ ფორმას ირჩევს. კაპიტალიზმით „მოწამლული“ მმართველისგან  ზესტაფონის ქარხანის მუშების უფლებების დაცვას აპირებს. მეორე ნაწილში კი ამავე ქარხნის აფეთქებაში ბრალდებულების, მედეასა და ოიდიპოსის გამართლებას ინტერაქციაში ჩართული მაყურებლით, ანუ ნაფიცი მსაჯულების დახმარებით ცდილობს.

 

სპექტაკლამდე დაივიწყეთ არგონავტები, იაზონისა და მედეას სიყვარული თუ ოქროს საწმისი. მედეა ფანცულაია ზესტაფონის ფეროშენადნობი საწარმოს ადამიანური რესურსების განყოფილების გამგეა (რუსათაველის თეატრის მოწვეული მსახიობი მანანა აბრამიშვილი); ეს არის მედეა, რომელიც არ ხოცავს შვილებს,მაგრამ აფეთქებს ქარხნის კომპიუტერებს. ვერც სოფოკლეს მამის მკვლელსა და დედის მტ...ელ ოიდიპოსს დააბრალებთ რაიმე კავშირს ანტონენ მარტოს შეთხზულ ოიდიპოს სტეფანოპულოსთან (ანდრია გველესიანი). ის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ახლად დანიშნული მმართველი და ბერძნული წარმოშობის ამერიკელია, რომელიც ქარხნიდან მუშების დათხოვნას და კომპიუტერული ტექნოლოგებით მათ ჩანაცვლებას ცდილობს.

 

მოგვიანებით საქმეში ერთვება კომპანიის იურისტი გიგა ბაკურია (სრული გროტესკისა თუ გაუცხოების ხაზგასასმელად ამ როლს  მსახიობი ნინო ციმაკურიძე ასრულებს), რომელიც გააფთრებით იცავს კერძო საკუთრებას და მედეა-ოიდიპოსის გასამართლებისას მათ უმკაცრესად დასჯას ითხოვს...

 

ცალკე უნდა გამოვყოთ აზდაკისა და შალვას დუეტი (კიდევ ერთი გადაძახილი ბრეხტის დრამატურგიასთან). პირველი „კონფლიქტების მოგვარების სპეციალისტი და ქართველი ხალხის ისტორიაში ყველაზე სამართლიანი მოსამართლეა“; ამავე დროს დრამის მოდერატორ-ფასილიტატორი სასამართლოს ეპიზოდში (ამ როლს გიორგი ცხადაძე თამაშობს); მეორე - შალვა, მისი „ასისტენტია ინფორმატიკის და კომუნიკაციების დარგში“ (იურა ვასაძე). რაც ასევე ირონიად აღიქმება თეატრში გათვითცნობიერებული მაყურებლის მიერ, რობერტ სტურუას სპექტაკლის კონტექსტის გათვალისწინებით.

 

რეჟისორი გვთავაზობს ღია და მრავალშრიან პოსტმოდერნისტულ თამაშს, რომელშიც არ არსებობს მყარი დრამატურგიული კონსტრუქცია და წესები, არ არსებობენ ტრადიციული გაგებით მსახიობები და არ არსებობს სავარძელში მოკალათებული ჩვეულებრივი მაყურებელი... ჩვეულ და წლობით მიღებულ პირობითობას ანგრევს ინტერაქციაც, რადგან მეორე ნაწილში მაყურებელს უწევს ნაფიცი მსაჯულის „როლის“ მორგებაც (მან უნდა გაასამართლოს მედეა და ოიდიპოსი, რომელთაც ბრალად ედებათ ფეროშენადნობი ქარხნის აფეთქება). მანამდე მას ხან ხელფასის შესახებ ეკითხებიან და ხან ტელეფონით ცალკეული ეპიზოდების გადაღებას თხოვენ.

 

ტოტალური დეკონსტრუქცია ცხადია, თვითმიზანი არ არის და მას თავისი ლოგიკა აქვს. პირველი: ანტიკური დრამატურგიის მითის ნგრევა (ანტიკური ტრაგედიის პერსონაჟები მუშათა კლასის დამცველ ან პირიქით, კაპიტლიზმის დამცველ გროტესკულ ფიგურებამდე დაიყვანება), მეორე - თეატრალური მითების ნგრევა (რობერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრის“ პერსონაჟების გაცოცხლება ახალი, ირონიული შინაარსითა და კონტექსტით), მესამე - მაყურებლის შესახებ მითის ნგრევა (დარბაზში მჯდომი და უხილავი, სცენური მოქმედების კატალიზატორად იქცევა, რადგან მის არჩევანზეა დამოკიდებული რა ბედი ელით ბოლოსს მედეასა და ოიდიპოსს).

 

ანტონენ მარტო საბოლოოდ მარტო არ რჩება საკუთარ ტექსტთან. პოსტინდუსტრიული სიშლეგითა და ღია ფინალით უკმაყოფილო მაყურებელი, მედეასა და ოიდიპოსის საბედისწერო განაჩენს სწორედ ჯაზურ-იმპროვიზებული გადაწყვეტილებით ცვლის, რაც ბატონ (ქალბატონ) გიგა ბაკურიას აღშფოთებას იწვევს. შესაბამისად, იცვლება მოსამართლე აზდაკის თამაშის მოტივაციაც და მისი ასისტენტის, შალვას წამახალისებელ-სარკასტული ტექსტების ადრესატიც.

 

როდესაც სპექტაკლის მეორე, ინტერაქციულ ნაწილში აზდაკი ერთ-ერთ მაყურებელს პირდაპირ სოციალური მესიჯით მიმართავს - „დაიფიცე ნეტარხსენებული ნოამ ჩომსკის ხატზე“, სრულიად გასაგები ხდება რატომ იწვევს კლასიკურ წარმოდგენებში გავარჯიშებულთა გაუგებრობა-დაბნეულობას  ეს ანტიმედეა-ანტიოიდიპოსის შესახებ დაწერილი ტექსტი.

 

სინამდვილეშიმ, „მედეა და ოიდიპოსი“ ესაა სპექტაკლი, რომელსაც ვერასოდეს ექნება ერთნაირი დასასრული. მისი ღია და ინტერაქტივის შედეგზე დამოკიდებული ფინალი გიბიძგებთ იფიქროთ თეატრზე, როგორც სოციალური პასუხისმგებლობით გაჯერებულ კორპორაციაზე, ან პირიქით, გეგონოთ, რომ მისი უპასუხისმგებლო, მეამბოხე და თავნება ბუნება ადამიანის იმანენტური თვისებაა; რომ ის ისეთივე მაცდური და არასანდოა, როგორც სავალუტო ბირჟა, სადაც ვალუტის სიმყარეს მხოლოდ ნეგატიური მოლოდინი განსააზღვრავს და არა „სამყაროს მთავარი კანონი, რომელიც თანაგრნობას ნიშნავს“ (როგორც მედეა ამბობს).

 

დაბოლოს, კიდევ ერთი პასაჟი „მედეა და ოიდიპოსიდან“, რომელიც ნათლად ჩანს სპექტაკლში მითების ნგრევის აუცილებლობა:

 

ოიდიპოსი - მერე მე რა ვქნა?

მედეა - ერთ რამეს უნდა მიხვდე...

ოიდიპოსი - რას, ჩემო საყვარელო?

მედეა - იმას, რომ ყველა ადამიანი და ყველა კაცი საკუთარი დედის ცოლად შერთვაზე და ძალაუფლების მოპოვებაზე არ უნდა ფიქრობდეს.

ოიდიპოსი - ისევ ეს მითოლოგია.  მე დედაჩემი ცოლად კი არ მოვიყვანე, საუკეთესო მოხუცთა სახლში გავამწესე. კიდევ ერთხელ გიმეორებ, ის ძალიან კარგად არის და ახლა Boyfriend-იც ჰყავს. 

bottom of page