
დაელოდე სიბნელეს
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

15.09.2026
ნუცა კობაიძე
დაელოდე სიბნელეს
მარჯანიშვილის თეატრი
ავტორი - ფრედერიკ ნოტი
რეჟისორი - ანუკი ხიდეშელი
მხატვარი - გიორგი უსტიაშვილი
მუსიკალური გაფორმება - ლევან აბშილავა
ქორეოგრაფი - ქეთი ასათიანი
მონაწილეობენ: ანიკო ეზიაშვილი - სუზი ჰენდრიქსი; დავით გურგენაძე - სემ ჰენდრიქსი; ნინო ნოზაძე - ლიზა; ირაკლი ჩხიკვაძე - ჰარი როუტი, კოკო როინიშვილი - მაიკ ტალმანი; ანა ბუბუტეიშვილი - კარლინო; ანიტა ჯიქურიშვილი - ლეა.
თანამედროვე ქართულ თეატრში იშვიათია ტრილერის ჟანრის სპექტაკლები, მით უფრო თუ ფსიქოლოგიური და კრიმინალური დრამის ელემენტებს აერთიანებს. ამ ჟანრების სინთეზი მოითხოვს არა მხოლოდ მძაფრი სიუჟეტის თანმიმდევრულ განვითარებას, არამედ ისეთი მხატვრული სისტემის შექმნას, რომელიც მაყურებელს მუდმივი გაურკვევლობის, დაძაბულობისა და მოლოდინის მდგომარეობაში ამყოფებს. ფრედერიკ ნოთის პიესა „დაელოდე სიბნელეს“ სწორედ ამ ჟანრობრივი პრინციპების ერთ-ერთ კლასიკურ ნიმუშად მიიჩნევა. ანუკი ხიდეშელის დადგმა რთულ ამოცანას წარმატებით პასუხობს. სცენოგრაფია, განათება, მუსიკალური პარტიტურა, სამსახიობო შესრულება, რეალობასა და წარმოსახვას შორის მუდმივი ცვალებადობა ერთიანად ქმნის სპექტაკლის დაძაბულ ატმოსფეროს.
ამბავი იწყება მნიშვნელოვანი სცენით - ახალგაზრდა ქალი თეთრ კაბიან თოჯინას კერავს. ეს მოქმედება მალევე სცდება ექსპოზიციურ ნაწილს და თოჯინა მთელი წარმოდგენის განმავლობაში მოქმედების განვითარების განმსაზღვრელ დრამატურგიულ ელემენტად იქცევა. პარალელურად, რადიომიმღები მაყურებელს აფრთხილებს, რომ წინ ორი ამბავი ელოდება - ერთი რეალური, მეორე წარმოსახვითი: „[...] ყველაზე ზედაპირული შეჯამებით რომ ავხსნათ, გადმოსცემს ქალის სიკვდილის ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ამბავს, ისე რომ ერთი რეალობაა, მეორე - ფანტაზია“. ამგვარად, რეჟისორი უარს ამბობს მოვლენების სწორხაზოვან თხრობაზე და მაყურებლისთვის ბუნდოვანი ხდება, სად გადის ზღვარი რეალობასა და წარმოსახვას შორის.
გიორგი უსტიაშვილის სცენოგრაფიის მთავარი მიგნება სწორედ სივრცის უცვლელობაშია. ინტერიერი სპექტაკლის განმავლობაში პრაქტიკულად არ იცვლება, თუმცა ყოველი ახალი ეპიზოდი მას განსხვავებულ ელფერს სძენს. სცენა ერთდროულად ყოველდღიურ გარემოდ, კრიმინალური მოქმედების ადგილად და სუზის წარმოსახვის პროექციად გარდაიქმნება. რეჟისორი ამ ტრანსფორმაციას კინემატოგრაფისთვის დამახასიათებელი მონტაჟური პრინციპით აგებს: პერსონაჟთა მოულოდნელი გამოჩენა-გაქრობა, ეპიზოდების სწრაფი მონაცვლეობა და მაცივრის სიურრეალისტური ფუნქცია რეალობასა და წარმოსახვას ერთმანეთში ქაოსურად რევს. ამავე პრინციპს ემსახურება ფანჯარაზე დაშვებული ჟალუზი, რომლის მეშვეობითაც პერსონაჟის სცენაზე გამოჩენამდე მაყურებელი ჯერ მის ჩრდილს ხედავს. ამ ფორმით უფრო მეტი დაძაბულობა შემოდის მოქმედებაში.
რეჟისორი ანიკო ეზიაშვილის პერსონაჟის (სუზის) განვითარების ხაზს თავიდანვე გვიჩვენებს. ერთ-ერთ სცენაში მას კოვზი უვარდება იატაკზე და ქმარს დახმარებას სთხოვს. სემი უარს ეუბნება: „დაიმახსოვრე, შენი სუსტი მხარე შენს ძლიერ მხარედ უნდა აქციო“. ეს ფრაზა ერთგვარი მინიშნებაა - სუზის სწორედ სიბნელეში უწევს მკვლელთან დაპირისპირება და მისი სისუსტე საბოლოოდ მის უპირატესობად იქცევა. სემის წასვლის შემდეგ სუზი სახლში მარტო რჩება და მოქმედება კრიმინალური დრამის მიმართულებით ვითარდება. დამწვარი ქაღალდის სუნით შეშინებული სუზი სახანძროში რეკავს. ამ დროს სახლში მაიკ ტალმანი (კოკო როინიშვილი) ჩნდება, რომელიც თავს სემის ძველ ნაცნობად ასაღებს. აქედან იწყება ტყუილების მთელი კასკადი. სუზის სახლში ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებიან უცნობი ადამიანები და თითოეულ მათგანს საკუთარი გამოგონილი ისტორია აქვს. თანდათან ირკვევა, რომ მათი გამოჩენა საერთო კრიმინალური გეგმის ნაწილია. რეჟისორი ამ ეპიზოდებს სწრაფი მონაცვლეობით აგებს: ერთი პერსონაჟის გასვლას თითქმის მაშინვე მეორის გამოჩენა მოსდევს, იცვლება მათი ვინაობა და მონათხრობი, ხოლო რეალური და გამოგონილი ინფორმაცია ერთმანეთში ირევა. ამ გზით მაყურებელიც სუზის მდგომარეობაში აღმოჩნდება - რთული ხდება იმის გარკვევა, ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ ტყუილს.
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი სიმღერის „Pretty Little Baby“ ფონზე ვითარდება. ჩაბნელებული სცენის სიღრმიდან, სინათლისა და საპნის ბუშტების ფონზე, თეთრი პენუარით შემოსილი ლიზა გამოდის. ნინო ნოზაძის მოძრაობა ელეგანტური, ქალური და ამავე დროს დრამატულია. ცეკვის სიმსუბუქეს თანდათან დაძაბულობა ცვლის , რასაც კიდევ უფრო მომნუსხველს ხდის ცვალებადი განათების, მუსიკისა და სივრცეში მოძრავი ბოლის ბუშტების სინქრონი. ამ თითქმის არარეალურ გარემოში ლიზას თეთრ სამოსზე გადმოღვრილი სისხლი სიუჟეტს კიდევ უფრო ამძაფრებს.
წარმოსახვითი ეპიზოდის დასრულების შემდეგ მოქმედება კვლავ რეალურ სივრცეს უბრუნდება. თანდათან ეჭვს იწვევს მაიკ ტალმანის ქცევაც. იგი სხვადასხვა ხერხით ცდილობს სუზისგან თოჯინის ადგილსამყოფელი გაიგოს და ამისთვის მის უსინათლობას იყენებს. ერთ-ერთ ეპიზოდში მაიკი ფანჯარას საგანს ესვრის და ხელოვნურად ქმნის ხმაურს, რათა სუზის ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. მოგვიანებით კი, როდესაც სუზი სთხოვს, სემს დაურეკოს, მაიკი ტელეფონს არც კი იღებს ისე იწყებს მოჩვენებით საუბარს. ორივე შემთხვევაში ის სუზისთვის ცრუ რეალობას სწორედ ხმის საშუალებით ქმნის. ამ დროს მაყურებელი ხედავს იმას, რასაც სუზი ვერ ხედავს. სწორედ აქ იყენებს რეჟისორი კინემატოგრაფიული სასპენსის პრინციპს: მაყურებელმა უკვე იცის, რომ მაიკი იტყუება, სუზისთვის კი ეს ჯერ კიდევ უცნობია. ამგვარად, დაძაბულობა იმ ინფორმაციული უპირატესობითაც იქმნება, რომელიც მაყურებელს პერსონაჟთან აქვს.
ამავე დროს, სუზი თანდათან უფრო დაკვირვებული ხდება და მის გარშემო არსებული ინფორმაციის დამახსოვრების საკუთარ გზებს პოულობს. მაიკის მიერ ნაკარნახევ ტელეფონის ნომერს იგი შაქრის ნატეხების საშუალებით ინიშნავს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი პერსონაჟის განვითარებას გვიჩვენებს - სუზი გარემოს საკუთარ შესაძლებლობებს არგებს და მოვლენებში დამოუკიდებლად გარკვევას იწყებს. თუმცა მიღებული ინფორმაცია მის ეჭვებსაც აძლიერებს. კვლავ იხსნება მაცივარი და რეალური მოქმედება სუზის წარმოსახვით იცვლება: იქიდან 70-იანი წლების კლუბურ სტილში გამოწყობილი ლიზა გამოდის და სემთან ცეკვას იწყებს. სუზის ეჭვი ქმრისა და უცნობი ქალის შესაძლო ურთიერთობის შესახებ ამჯერად პირდაპირ სცენურ სურათად გარდაიქმნება.
წარმოსახვითი სცენა მალევე იცვლება და სუზის ეჭვები ოჯახური ცხოვრების სურათში ცოცხლდება: სემი გაზეთს კითხულობს, ლიზა კი სამზარეულოში ფუსფუსებს და ნამცხვარს ამზადებს. ყოფითი, თითქმის იდილიური გარემო სუზის შინაგან შიშს აჩვენებს - მის წარმოსახვაში უცნობი ქალი თანდათან მის ადგილს იკავებს. ეპიზოდის ბოლოს ლიზა ნამცხვრით ხელში მაცივარში შედის, მას სემიც მიჰყვება და სუზი კვლავ რეალობას უბრუნდება. ამ სცენაში იკვეთება მაცივრის სიურრეალისტური ფუნქციაც: ნივთი რეალური მოქმედებიდან წარმოსახვით სამყაროში გადასასვლელ საგნად იქცევა.
მუსიკის, სიბნელის, ბოლისა და განათების ფონზე მაცივრიდან პატარძლის თეთრ კაბაში გამოწყობილი ლიზა ჩნდება. ამ სცენაში მისი ვიზუალი სპექტაკლის დასაწყისში ნანახ თოჯინას მოგვაგონებს. ეს კავშირი კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, როდესაც ლიზას მაგიდაზე აწვენენ და სხეულზე შემოხვეულ ნაჭრებს აცლიან. სცენური მოქმედება სპექტაკლის დასაწყისში თოჯინის კერვის ეპიზოდს იმეორებს, ოღონდ ამჯერად თოჯინის ადგილს ლიზა იკავებს. რეჟისორი თოჯინას პერიოდულად სხვადასხვა ეპიზოდში იყენებს. ის ამ ფორმით სპექტაკლის ცალკეულ სცენებს ერთმანეთთან აკავშირებს.
სპექტაკლის ფინალი სუზისა და ჰარი როუტის (ირაკლი ჩხიკვაძე) დაპირისპირებაზეა აგებული. „Pretty Little Baby“-ის ეპიზოდის მსგავსად, აქაც შთამბეჭდავ სანახაობას მუსიკის, განათების, მოძრაობისა და სამსახიობო შესრულების ერთობლიობა ქმნის. დაპირისპირებას ფონად „I Got You Babe“ გასდევს, რომლის მსუბუქი, სასიყვარულო ჟღერადობა სცენას კიდევ უფრო ამძაფრებს. რეჟისორი ამ შეუსაბამობას შეგნებულად იყენებს და მიზანსცენას გროტესკულ ფორმას აძლევს. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ირაკლი ჩხიკვაძის შესრულება. ჰარი როუტი შემზარავი მაშინ ხდება, როდესაც ძალადობას ერთგვარ თამაშად აქცევს. მსახიობის განწყობის მოულოდნელი ცვალებადობა პერსონაჟის არაპროგნოზირებადობას გამოკვეთს - მაყურებელმა არ იცის, რა შეიძლება იყოს მისი შემდეგი ნაბიჯი.
ანიკო ეზიაშვილი სუზის უსინათლობას მკვეთრი პლასტიკით, ხელების აქტიური მოძრაობითა და გამძაფრებული ემოციური რეაქციებით გამოხატავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ პერსონაჟმა მხედველობა მხოლოდ ერთი წლის წინ დაკარგა, სივრცეში მისი ჯერ კიდევ ფრთხილი მოძრაობა გასაგებია, თუმცა ზოგიერთ ეპიზოდში ეს პლასტიკა ზედმეტად ხაზგასმული და მანერული ხდება. ფინალურ სცენაში სუზის ხშირი და ძლიერი ყვირილი შემაწუხებელია. შედეგად, მსახიობის მიერ არჩეული გამომსახველობითი ხერხები ზედმეტად ინტენსიურია და პერსონაჟის განცდების ბუნებრივ განვითარებას უშლის ხელს. ამავე დროს, საინტერესოა სუზის სმენითი შესაძლებლობები. იგი ცალკეულ ხმებსა და მათ შორის ფეხსაცმლის ხმასაც საკმაოდ ზუსტად ამოიცნობს, მაშინ როდესაც მისი ფიზიკური ქცევა ჯერ კიდევ გარემოსთან არასრულ ადაპტაციაზე მიგვანიშნებს. ეს განსხვავებაც ქმნის გარკვეულ შეუსაბამობას.
„სემ, მე მაცივარი გამოვრთე“ - მაცივარი, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში სუზის წარმოსახვით სამყაროს უკავშირდებოდა, საბოლოოდ ითიშება.
ანუკი ხიდეშელის ნამუშევარი ტრილერის, ფსიქოლოგიური და კრიმინალური დრამის საინტერესო სინთეზს გვთავაზობს. რეჟისორი ფრედერიკ ნოთის პიესას მხოლოდ კრიმინალური ინტრიგის განვითარებაზე არ აგებს - მისთვის მნიშვნელოვანი ხდება ისიც, თუ როგორ აღიქვამს მაყურებელი სცენაზე მიმდინარე მოვლენებს. რეალობისა და წარმოსახვის მონაცვლეობა, კინემატოგრაფიული ხერხები, სცენოგრაფია, განათება და მუსიკა ერთიან მხატვრულ სისტემას ქმნის, რომელშიც მაყურებელს მუდმივად უწევს ნანახის სისწორეში დაეჭვება. სწორედ ეს გაურკვევლობა ქმნის დაძაბულობას და სპექტაკლს თანამედროვე ქართულ სცენაზე გამორჩეულ ჟანრობრივ ნამუშევრად აქცევს.