
„დაჩაგრ ული მჩაგვრელი“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
„დაჩაგრული მჩაგვრელი“
„მტერი“ - სპექტაკლი, რომელზეც ყოველგვარი მოლოდინის გარეშე წავედი. არ ვიცოდი, რა დამხვდებოდა: უბრალოდ თოჯინური წარმოდგენა თუ ისეთი ემოციური გამოცდილება, რომელიც მაყურებელში დიდხანს რჩება.
სპექტაკლის დაწყებიდან პირველივე წუთებში ცხადი გახდა, რომ ეს იყო ბევრად მეტი, ვიდრე ბავშვებისთვის, მარტივი ენით მოთხრობილი ამბავი.
პრემიერა 25 მაისს გაიმართა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრში. ავტორი და რეჟისორი - ნიკოლოზ საბაშვილი.
როგორც თავად რეჟისორმა თქვა, სპექტაკლისთვის სპეციალურად ტექსტი არ დაწერილა - შემოქმედებითი გუნდი მუშაობდა მხოლოდ იდეის მთავარ ფაბულაზე დაყრდნობით.
თემა, რომელსაც „მტერი“ ეხმიანება, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სურვილი გახდე საზოგადოების ნაწილი, თუმცა პასუხად იღებ გარიყვას და სიცივეს.
სპექტაკლის პერსონაჟი - პატარა, გულწრფელი და ცნობისმოყვარე ბიჭა, რომელიც ცდილობს, იპოვოს ადგილი იქ, სადაც მეგობრული გარემოა და სადაც მიღებული იქნება, თუმცა ეჯახება ჩაგვრასა და დაცინვას.
ხშირად ადამიანებმა არ ვიცით, ვინ რას ატარებს შინაგან სამყაროში: შესაძლოა, ჩვენი ერთი დაუფიქრებელი სიტყვა ვინმესთვის ჭრილობა იყოს, რომელსაც ვერავინ ვერ დაინახავს, მაგრამ მოუშუშებელია და ტრავმადაც რჩება.
თავისთავად, ასეთ ემოციურ ნარატივში ბევრი მაყურებელი აუცილებლად ამოიცნობს საკუთარ ბავშვობას ან თუნდაც ახლანდელ ყოველდღიურობას.
სპექტაკლი სათქმელს არა მხოლოდ ტექსტით, არამედ ვიზუალური და არავერბალური ენის საშუალებით გვაწვდის. შესაძლოა, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი და მთელი შემოქმედებითი გუნდი მიზანმიმართულად მიმართავს ამ გზას. სწორედ ამ გზით იქმნება ემოციური ინტენსივობა, რომელიც ხშირად სიტყვასაც კი აჭარბებს.
ეს მეთოდი, ერთდროულად არის რეჟისორული გათვლა - გადაწყვეტა და ამავდროულად მსახიობების შესაძლებლობების ჭკვიანური გამოყენება.
მართალია, არავერბალური ხერხების საშუალებით მოთხრობილი ამბავი, ერთ მხრივ, ამარტივებს მათ ამოცანას, მაგრამ ამავდროულად, მაყურებლისთვის უფრო ემოციურად აღსაქმელია - მეტიც, ხშირად სიჩუმე ყველაზე გასაგებად ამბობს სათქმელს. თანაც პატარა სცენაზე საკმაოდ ბევრი მსახიობი დგას.
თბილისის თოჯინების თეატრის მსახიობები:
მარიკა ძაგნიძე, ნინო პაპიაშვილი, თათია ბაქრაძე, რამონა მიქელაძე, ნათია ხმიადაშვილი, დავით ბერიძე, ოთარ ფადარაშვილი.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები:
ნუცა აბაშიძე, ნანა ახვლედიანი, მარიამ ბერუაშვილი, თეთე ბერძენიშვილი, ლუკა ბურდიაშვილი, ლიზი ბურჭულაძე, მარიამ გაბაძე, რეჟდენ ლაღაძე, ლევან მიქაბერიძე, თორნიკე მიქაძე, ნიკი ტაბაშიძე, ლუკა ფესვიანიძე, სანდრო ფოლოდაშვილი, ნინო ჯალაღანია.
ისინი ერთიანობით ქმნიან იმ ატმოსფეროს, რაც სცენაზე გვხვდება. შეგნებულად არ გამოვარჩევ მათგან კონკრეტულს, რადგან ყველას თავისი ადგილი აქვს საერთო შედეგში. თანაც, უმეტესი მათგანი სტუდენტია. სცენაზე ვუყურებთ მომავალ პროფესიონალებს, რომლებიც გზაზე არიან. ეს ბუნებრივია - ყველა ვიზრდებით, ვსწავლობთ და ვვითარდებით, სცენაზეც და სცენის მიღმაც.
სპექტაკლი გათვლილია 8 წლის ზემოთ მოზარდებისთვის. ერთ მხრივ, ვფიქრობ, რომ სპექტაკლი ასეთი პატარებისთვის მეტად მძიმე იქნება, რადგან ზრდასრული მაყურებლისთვისაც საკმაოდ ემოციურია, თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის ასაკი, როცა ბავშვები დამოუკიდებლად იწყებენ სოციალური სივრცის აღქმას და ცდილობენ ურთიერთობების აწყობას თანატოლებთან, სკოლაში, ქუჩაში, ან ზოგადად იმ გარემოში, სადაც ყოველდღე ხვდებიან. ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვი იწყებს გარკვეულ ნორმებზე ორიენტირებას.
ამ კონტექსტში სპექტაკლი „მტერი“ კიდევ უფრო ღირებული ხდება. ის არ აწვდის მაყურებელს რებუსებს ან განაჩენს, არამედ ქმნის სივრცეს, რომელშიც მოზარდი მაყურებელი ხედავს სიტუაციას გვერდიდან - თითქოს სარკეში იყურება. სპექტაკლი აშკარად მიუთითებს, რომ გმირი, რომელიც გარიყვის ობიექტი ხდება, შეიძლება ატარებდეს გაუცნობიერებელ ტკივილს, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგალითად: როგორი ოჯახიდანაა, რას ატარებს გულით, რა გამოცდილება აქვს. სპექტაკლი, არა მარტო ემოციურ თანაგრძნობას იწვევს, არამედ მნახველს სწავლის საშუალებასაც აძლევს: ხანდახან ერთი დაცინვით ნათქვამი სიტყვაც კი შეიძლება გახდეს დიდი ტრავმის დასაწყისი. სპექტაკლს ერთი ბიჭის მაგალითით მივყავართ განცდამდე, რომ დაცინვის უკან ხშირად ჩვენს გაუგებრობას, დაუკვირვებლობას ან შიშს ვმალავთ. ხშირად, ბულინგის ან ძალადობის ინიციატორები და ავტორები, თავადაც არიან ძალადობის მსხვერპლნი - უბრალოდ სხვა სივრცეში.
სპექტაკლში „მტერი” მხოლოდ ერთი გმირია თოჯინებით გათამაშებული, რაც სიმბოლურად შეიძლება განიმარტოს როგორც პერსონაჟი, რომელიც დაკარგულია და მართავენ სხვები. იქნება ეს საზოგადოება, იდეოლოგია, მშობლები, შიში თუ სისტემა - პერსონაჟი თითქოს საკუთარი ნების გარეშე, მხოლოდ გარე ზემოქმედებით მოქმედებს.
ვფიქრობ, სპექტაკლი თავისი ფორმითა და შინაარსით მაყურებელს არა მხოლოდ ესთეტიკურ წარმოდგენას სთავაზობს, არამედ ფიქრისა და კითხვების დასმის საჭიროებასაც უჩენს. თემა, რომელზეც სპექტაკლი გვიყვება, აქტუალური იყო, არის და, სამწუხაროდ, კვლავ იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები ჯერ კიდევ პროფესიული გზის დასაწყისში არიან, მათი ერთიანი მუშაობა სცენაზე ქმნის ორგანულობას, რაც ამ შემოქმედებით პროცესს სამომავლო განვითარებისთვის მყარ საფუძველს აძლევს.
ამიტომ, თუ ვინმე ამ წერილს კითხულობს, თანაც ბოლომდე, იმ ფიქრით, წავიდეს თუ არა სპექტაკლზე - მე ნამდვილად და თამამად ვურჩევ.