top of page

ცხოვრება ნელ - ნელა გვცვლის!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

7A07CBA8-F0DB-4402-8728-E974876AA7D7.png

ლელა წიფურია

ცხოვრება ნელ - ნელა გვცვლის!

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ავტორები თავიანთ ბიოგრაფიულ დეტალებს ხშირად ამა თუ იმ პერსონაჟის შექმნისას იყენებენ, მიაწერენ მათ განურჩევლად სქესისა და ასაკისა. იდეალური შედეგიც სწორედ მაშინ დგება, როდესაც ავტორი პერსონაჟის  „ტყავში ძვრება“. ამ გარემოების კლასიკურ მაგალითად გუსტავ ფლობერის პასუხი გამოდგება კითხვაზე, თუ როგორ შეძლო ასე კარგად გაეგო ქალის ფსიქოლოგია, როცა განაცხადა, რომ  „მადამ ბოვარის“ წერისას მე თავად გახლდით ემა ბოვარიო. ამგვარი განცდა გამიჩნდა პირველი ნობელიანტი დრამატურგის, იუჯინ ო’ნილის პიესასთან, „გრძელი დღის შემოღამება“ დაკავშირებით, რომლის პრემიერაც ახლახან შედგა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე. იუჯინ ო’ნილმა ეს პიესა 1941 წელს დაწერა, როცა ევროპაში ფაშიზმი მძვინვარებდა და ოპტიმიზმი ძნელად თუ ვინმეს მოეპოვებოდა. თავად ო’ნილი სიცოცხლეში პიესის პუბლიკაციის წინააღმდეგი იყო და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1953 წელს დაიდგა ის სცენაზე. ხოლო 1956 წელს, გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა დრამატურგს პულიტცერების პრემია. ურთულესი ოჯახური დრამა, რომელიც პიესაშია აღწერილი, პერსონაჟების ამბივალენტური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, როცა ყველას თანაბარ წილად უყვარს და სძულს ერთმანეთი მათ ყოფას სრულიად გაუსაძლისს ხდის. და რაც ყველაზე მთავარია- საკუთარ უბედურებაში ყველა ერთმანეთს ადანაშაულებს და ეს იწვევს სწორედ მათი ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვას.

„გრძელი დღის შემოღამება“ ავტობიოგრაფიული პიესაა. ო’ნილის მამა მსახიობი იყო. შესაბამისად მისმა ბავშვობამ სასტუმროს ნიმრებში, მატარებლებსა და კულისებში განვლო.„გრძელი დღის შემოღამების “  ოჯახის უფროსი, ჯეიმს ტაირონი (პაატა ბარათაშვილი) სწორედ იმგვარი ცხოვრებით ცხოვრობს, როგორითაც დრამატურგის მამა ცხოვრობდა.  შესაბამისად ჯეიმს ტაირონის  შვილები ისე იზრდებოდნენ, როგორც ოუჯინ ო’ნილის ბავშვობამ განვლო. დრამატურგის მამა ალკოჰოლიზმს ებრძოდა, დედა კი ნარკომანიას. ტაირონების წყვილიც ასეთ დამოკიდებულებებს ებრძვის. თავად იუჯინ ო’ნილიც იტანჯებოდა ალკოჰოლიზმითა და დეპრესიით, ასე რომ ჯეიმს ტაირონი  ო’ნილის ბიოგრაფიის ელემენტებს მრავლად მოიცავს.  რამდენიმე წელი  დრამატურგი მეზღვაურად მუშაობდა. ორი წელი ტუბერკულიოზს მკურნალობდა სანატორიუმში. ეს ყველაფერი უმცროსი ვაჟის, ედმუნდ ტაირონის ( ლუკა ჩიბუხაია) ბიოგრაფიის ნაწილია.  ჯეიმი ტაირონი( ბექა ჯუმუტია) სახელი მამის,  ჯეიმს ტაირონის მსგავსია. ბიოგრაფიაც თითქმის ისეთივე- არშემდგარი მსახიობი, კიდევ უარესი, ვიდრე მამამისია და ისიც ლოთი, თანაც აგრესიული. და ყველაზე მთავარი- მერი ტაირონი  (ნინელი ჭანკვეტაძე)- დედა -ნარკომანი, ასევე ტრაგიკული, შვილმკვდარი და ავადმყოფი, რომელიც მორფს ტკივილების დასაყუჩებლად იღებს არასწორი მკურნალობის გამო, რასაც მთელი ოჯახი მამის სიძუნწეს  აბრალებს- კარგი ექიმისთვის ფული ვერ გაიმეტა და ახლა ტუბერკულიოზიან უმცროს შვილსაც უფასო სანატორიუმში გამწესებას უპირებს. ასეთი ოჯახის ერთი დღის ცხოვრება ბოთლებით სავსე სრულიად უღიმღამო ინტერიერში მხატვარი (ავთო მოდებაძე) ... ამ გარემოზე ნინელი ჭანკვეტაძის მერი ტაირონს ვრცელი ტექსტი აქვს-მისი ცხოვრება  ასევე ერთფეროვანი და უფერულია...

 

„გრძელი დღის შემოღამება “  კინომსახიობთა თეატრში უკრაინული წარმომავლობის ამერიკაში მცხოვრებმა რეჟისორმა და პედაგოგმა დიმიტრი ტროიანოვსკიმ დადგა. მის რეჟისურაში მთავარი მსახიობებთან მუშაობა და მათთან ერთად დამაჯერებელი და საინტერესო სახეების შექმნაა სცენაზე. ამ მიზნის შედეგი აშკარაა- ყველა როლი დეტალურად არის დამუშავებული და კინომსახიობთა თეატრის აქტიორთა  და რეჟისორის პროფესიონალიზმის წყალობით სცენაზე ნამდვილად იქმნება ძალიან დამაჯერებელი პერსონაჟები. რაც ნამდვილად არის დიმიტრი ტროიანოვსკის რეჟისურაში- ეს გამომსახველობითი საშუალებების სიმწირეა. წარმოდგენაში  არ არის სანახაობრიობა. შესაძლოა ეს არ მიიჩნია დამდგმელმა უმთავრესად, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნის თეატრი უცილობლად უნდა მოიცავდეს ამ სპექტრსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოდგენა მხოლოდ აქტიორული ოსტატობის დემონსტრირების ასპარეზია და კიდევ სცენაზე სიტყვის დაბადების- ეს კი ნამდვილად ღირსშენაშნავია ამ სპეტაკლში.

კინომსახიობთა თეატრის სცენაზე ორი თაობა დგას: პირველი, თეატრის დამაარსებლების თაობა და ახალგაზრდები, რომლებიც უფროსი თაობის შვილებს განახორციელებენ.  თაობათა შორის დიდია ასაკობრივი სხვაობა, მაგრამ სამსახიობო სკოლა ერთია- რეალისტური პიესის ასევე სრულიად რეალისტური წარმოსახვა. თითოეულ მათგანს ზუსტად აქვს მოტანილი პერსონაჟის ბიოგრაფია, რომელიც მათ ზუსტი სარეჟისორო ამოცანების სამსახიობო ოსტატობასთან შერწყმით გადაიქცევა ოუჯინ ო’ნილის ავტობიოგრაფიული პიესის გმირების სცენიურ სიცოცხლედ.

ედმუნდ ტაირონი( ლუკა ჩიბუხაია) მუდმივად ცდილობს საკუთარი უმძიმესი დაავადების ფონზე ღირსების შენარჩუნებას. ახალგაზრდა მსახიობის გამომსახველობითი საშუალებები ასევე თავშეკავების და ანალიზის ზღვარზე გადის. მამასთან დიალოგი ლუკა ჩიბუხაიას საუკეთესო ეპიზოდია. ერთი მხრივ სიკვდილის შიშით დამფრთხალი და მეორე მხრივ მამის სიძუნწით გულგატეხილი იგი თითქოს აღარც ეძებს გამოსავალს...

ჯეიმი ტაირონი ( ბექა ჯუმუტია) მაყურებელში ერთ ასოციაციას იწვევს- კაენის ნაირსახეობა. და მაინც, ენერგიული და აგრესიული ჯეიმი, რომელიც სმასა და ქალებში კლავს დროს, გარკვეულ სიმპათიებს მაინც იმსახურებს. ძმისგან ესოდენ განსხვავებული, უცილობლად გვაჯერებს სწორედ იმ ამბივალენტურ დამოკიდებულებაში რომელიც მას ედმუნდის მიმართ გააჩნია. ბექა ჯუმუტიას პერსონაჟი მართლა მზად არის დაიცვას ავადმყოფი ძმის სიცოცხლე და მისი უფლებები, თუმცა თავად აფრთხილებს, რომ ზურგში დანის ჩასაცემადაც მზად არის. ამგვარი წინააღმდეგობრივი პერსონაჟი საუკეთესოდ არის შექმნილი სცენაზე.

თუ კი ვინმე იწვევს თანაგრძნობას, ეს ყველაფერში დამნაშავე ჯეიმს ტაირონია (პაატა ბარათაშვილი). და მართლაც, დამნაშავე შვილის გარდაცვალებაში, დამნაშავე იმაში, რომ ცოლს კარგ ექიმთან არ უმკურნალა რამაც მისი განარკომანება გამოიწვია, დამნაშავე იმაშიც, რომ ტუბერკულიოზიანი შვილის უფასო სანატორიუმში დაწვენა უნდა... ყველაფერში დამნაშავე, რომელიც ნელ-ნელა შეცვალა ცხოვრებამ და უკიდურესად ძუნწ ადამიანად აქცია. და მაინც, ჯეიმს ტაირონი, რომელსაც მუდმივად ასამართლებს ოჯახის ყველა წევრი, თანაგრძნობის ობიექტად არის წარმოდგენილი  პაატა ბარათაშვილის შესრულებით. ის ერთი მხრივ თავადაც არის მსხვერპლი და ამითაც  იმსახურებს თანაგრძნობას. მეორე მხრივ მისი მუდმივად ფულის დაზოგვის მცდელობა და თავის მართლების რეჟიმი მისივე შექმნილ არშემდგარ ოჯახში მაყურებელში უარყოფით ემოციებსაც აღძრავს. თუმცა მსახიობის შესრულებაში თითქოს მუდმივი მცდელობაა ააცდინოს საკუთარი პერსონაჟი სიძულვილის ნაკადს, რომელიც მისი ოჯახის წევრებისგან პერიოდულად მისკენ მიემართება. ვფიქრობ, ჯეიმს ტაირონი საუკეთესო როლია პაატა ბარათაშვილის ბიოგრაფიაში.

ამ სპექტაკლზე უკვე არაერთი რეცენზია დაიწერა. და როდესაც ნინელი ჭანკვეტაძის  შესახებ წერენ კრიტიკოსები, ყოველთვის ყველაფერი აღმატებით ხარისხში იწერება და ანალიზდება- სრულიად დამსახურებულად. ნინელი ჭანკვეტაძე უფაქიზესი დეტალებით გადმოგვცემს  მერი ტაირონის ტრაგედიას- იგი აღარასოდეს შეიძლება იყოს ბედნიერი შვილის გარდაცვალების შემდეგ, არასწორი მკურნალობის გამო ტკივილებს მორფით იყუჩებს. ყველაზე რთული ისიცაა, რომ მერი სრულად აანალიზებს თავის მდგომარეობას და ოჯახის ყველა წევრს ცალ-ცალკე უტყდება ამაში.  ნინელი ჭანკვეტაძის გმირი ემოციურობის მწვერვალზე იმყოფება.  კედლებს აწყდება, როცა წარმოიდგენს, რომ მეორე შვილსაც საფრთხე ემუქრება. მისი ცხოვრება განუხორციელებელი ოცნებებისგან შედგება, რომელსაც შინაგანად სრულიად დაცლილი და განადგურებული ქალი ვერაფრით შველის. სპექტაკლის ბოლოს ნინელი ჭანკვეტაძე საქორწინო თვსაბურავს გამოიტანს სცენაზე, მასში გაეხვევა  და  თითქოს ჯოკონდას თუ კაბირიას ღიმილი გადაურბენს ფინალში სახეზე, როცა ამგვარი ყოფის მიზეზს ასახელებს- ჯეიმს ტაირონი შემიყვარდაო  ...

კინომსახიობთა თეატრის საპრემიერო ჩვენება, ოუჯინ ო’ნილის „გრძელი დღის შემოღამება“, დიდი ამერიკელი დრამატურგის პიესის პირველი განხორციელებაა ამ სცენაზე. ცხოვრებისგან ნელ-ნელა  შეცვლილი, დაღლილ -განადგურებული პერსონაჟები, მათი სიძულვილის და სიყვარულის ზღვარზე წარმოსახული ურთიერთობები, წარმოდგენაში შექმნილი შესანიშნავი აქტიორული სახეები... ამ გალერეის შექმნით სპექტაკლი  მიხეილ თუმანიშვილის სამსახიობო სკოლის საუკეთესო ტრადიციების გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ.

bottom of page