
„ც ხოვრება მშვენიერი რამაა“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანა ბენიძე
„ცხოვრება მშვენიერი რამაა“
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებისა და სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის წარმატებული კოლაბორაციის შედეგია - ,,მთვარის ამოსვლის სამეფო,'' რომლის პრემიერაც, 2025 წლის 8 დეკემბერს, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში შედგა. 14 დეკემბერს კი, შემოქმედებით ჯგუფს თეატრის სამშობლომ - ათენმა უმასპინძლა. Theatro Nous - Creative space-ის სცენაზე გამართულმა წარმოდგენამ ქართველი ემიგრანტებისა თუ ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება და დადებითი შეფასება დაიმსახურა.
უეს ანდერსონის უკვდავი კინოსურათის სცენური ინტერპრეტაცია ეკუთვნის ანა სანაიას, რომლის სადადგმო კონცეფციაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ თეატრი არა მხოლოდ ხელოვნების ესთეტიკური ფორმა, არამედ სოციალური ცვლილებების მძლავრი კატალიზატორია.
დადგმაში მონაწილეობენ პროფესიონალი მსახიობები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები. მათი შემოქმედებითი ტანდემი ცალსახა დასტურია იმისა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს მხოლოდ შეზღუდული გარემო, რომელიც ერთიანი ძალისხმევით უნდა გარდავქმნათ და განვავითაროთ.
ანა სანაიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებთან მუშაობის. მისი მიზანია ისეთი სოციალურ-კულტურული სივრცის შექმნა, რომელიც თანასწორობას, სრულფასოვან ინტეგრაციასა და რეალიზებას უზრუნველყოფს. ,,ბავშვები არიან ჩვენი მომავალი და მათთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ!''
ინსცენირების სიუჟეტი 1960-იანი წლების ინგლისში ვითარდება. მთავარი მოქმედი გმირები ორი მაძიებელი სული - გაქცეული სკაუტი, სემ შაკუსკი და სუზი ბიშოპი არიან. დამიანე ნავაძე და ანიტა ჯიქურიშვილი თანმიმდევრულად, ემოციური სიზუსტით ქმნიან პერსონაჟთა მხატვრულ სახეს. მათი სახალისო ელემენტებით გაჯერებული, მძაფრი ვნებათაღელვით აღსავსე თავგადასავალი, გულწრფელი სიყვარულისა და უპირობო ერთგულების მაგალითია.
შეყვარებული წყვილის გამბედაობა გარდამტეხი აღმოჩნდა ბანაკ ,,აივენგოს'' წევრებისთვის. სკაუტთა რაზმმა ერთსულოვანი თავდადება გამოიჩინა, რითიც მეგობრობის, ერთობის ძალასა და მნიშვნელობას ესმება ხაზი. მათი ქმედება შეიძლება, შეფასდეს მუშკეტერთა მთავარი დევიზით: ,,ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის!'' სკაუტთა როლს არაჩვეულებრივად ასრულებებენ: გიორგი რევაზიშვილი, ირაკლი თავაძე, გიორგი რუხაძე, ნიკოლოზ ბიძინაშვილი და გიორგი პოლოლიკაშვილი, რომლებიც იშვიათი გულწრფელობით ხიბლავენ მაყურებელს.
აღსანიშნავია, ანასტასია ბაგაურის სადებიუტო შესრულებაც. მან ძალზე ორგანულად მოირგო სუზის დის, მარგოს როლი და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. აქვე გეტყვით, რომ სცენის მტვერმა ანასტასიაც მოაჯადოვა და მსახიობობის სურვილი აღძრა მასში. ,,სცენაზე დგომა ძალიან სასიამოვნოა და ეს დიდ ბედნიერებას მანიჭებს.''
სპექტაკლში ნათლად ჩანს, თუ რაოდენ განსხვავებულ რეალობას ქმნიან უფროსები. მათი სამყარო სიყვარულისგან დაცლილი, უსახური, მოჩვენებითი, უსიცოცხლო და ერთფეროვანია. სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებენ, რომ სწორედ მათი ქმედებების შედეგია ეს ყოველივე.
ზაზა სალიას მიერ განსახიერებული მისტერ ბილინქსლი, მერკანტილური ბუნებით გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ავლენს ცხოვრების მიმართ - ,,მე არ ვარ ასეთი, ცხოვრებაა ნამდვილი, ნამდვილი, ნამდვილი განავალი!’’ მიუხედავად იმისა, რომ იგი სემის მამობილია, თავს არიდებს დაკისრებულ მოვალეობას და ბედის ანაბარა ტოვებს ობოლ ბიჭს. მისი ინტერესის საგანი მხოლოდ ფული და პირადი კომფორტია, რაც ძვირიანი ჯინისა და ბურბონის სმით გამოიხატება. მსახიობი ასევე გვევლინება საეკლესიო პირის როლში, რომელიც გვერდითა მხრიდან აკვირდება და აფასებს ყოველივეს.
სემის მიმართ მსგავსი გულგრილობით გამოირჩევა ანა სანაიას გმირი, სოციალური სამსახური, რომელიც, ერთი მხრივ, სისტემის სახეს წარმოადგენს, თუმცა, მეორე მხრივ, იმავე სისტემის მსხვერპლია. არ ახალია, რომ ბიუროკრატიული მანქანა მუდმივად ცდილობს ადამიანის დამორჩილებასა და ემპათიის უნარის ჩაკვლას.
კაპიტანი შარპი ჩაგრული ბედის მქონე ადამიანია, რომელიც თხუთმეტი წელია მოლოდინის ფაზაშია. მისი ცხოვრებისეული საზრისი ლინდას მიმართ არსებული სიყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა გოგუაძის მიერ შექმნილი პერსონაჟი შინაგან მარტოობას, ტკივილსა და სევდას დაატარებს, ემოციურად არ დისტანცირებს გარესამყაროსგან და არ კარგავს თანაგრძნობის განცდის უნარს, რაც მის მიერ, სემისთვის შოკური თერაპიის არიდების მცდელობით გამოიხატება. ამასთანავე, იგი აცნობიერებს როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ პასუხისმგებლობასა და მორალურ ვალდებულებებს მომავალი თაობის წინაშე.
,,დავიჯერე, რომ შეიძლება ბედნიერი ვიყო. მაგრამ ჩემს შვილებს არავინ ჰყავთ, არავინ! მხოლოდ მე.’’ - ამ სიტყვებში ყველაზე ნათლად იკვეთება ლინდას ფსიქოემოციური მდგომარეობა, ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობათა ჭიდილი. უსიყვარულო ქორწინებაში მყოფი პერსონაჟი, რომელსაც ლილე ფილფანი ასახიერებს, გარკვეულად სოციალური როლის ტყვეა, რადგან დედობრივი მოვალეობის გამო უარს ამბობს პირად ბედნიერებაზე და კვლავ უღიმღამო ყოფის ნაწილად რჩება.
ლილე ფილფანს პარტნიორობას უწევს ვალერი კორშია. მისი პერსონაჟი პერსპექტიული მამაკაცი და იდეალური ქმრის პროტოტიპია. მიუხედავად იმისა, რომ ვორდმა მისთვის მწარე სიმართლე იცის, არ ნებდება - ცოლისთვის სტაბილური მომავლის შეთავაზებით ცდილობს ღირსების დაცვას, ოჯახური კრიზისის დაძლევასა და ქორწინების შენარჩუნებას.
რაც შეეხება სკაუტთა ბანაკის მეთაურ ვორდს, პიროვნულ ტრანსფორმაციას გადის და მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენს. იგი გვახსენებს, რომ ,,ცხოვრება მშვენიერი რამაა,'' რაც ყველაზე რთულ მომენტებშიც შეგვიძლია, შევიგრძნოთ და დავინახოთ. აღსანიშნავია, რომ პერსონაჟი ბავშვებისგან სწავლობს სამყაროს ნათელ ფერებში დანახვას და აცნობიერებს, რომ შინაგანი მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პირად არჩევანზეა დამოკიდებული. ვორდის როლს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი, ზურა ავსაჯანიშვილი ასრულებს.
სპექტაკლში მონაწილე თითოეული მსახიობი მაღალი საშემსრულებლო ტექნიკით და რაც ყველაზე მნიშნელოვანია, პროფესიული ეთიკითა და ადამიანური ღირებულებებით გამოირჩევა რაც დადგმის მთავარ ღირსებას წარმოადგენს.
ამბის ნარატორული ხაზი კომპოზიტორ თამარ ფუტკარაძე-ლაშხის საავტორო შემოქმედებაა. მაყურებელი მთელი სპექტაკლის განმავლობაში ისმენს ცოცხალ მუსიკალურ შესრულებას, რაც ქმნის შესაბამის ატმოსფეროს, მეტ ემოციურ სიღრმეს სძენს წარმოდგენას და ზუსტ აქცენტებს სვამს. უნდა ითქვას, რომ თამარ ფუტკარაძე-ლაშხი ჩვეული ამპლუის გარდა, ეპიზოდურ როლშიც გვევლინება, რომელსაც ძალზე ბუნებრივად ირგებს.
დადგმის სცენოგრაფიისა და კოსტიუმების ავტორია მხატვარი ნინო სურგულაძე. დეკორაცია მინიმალისტურია, შემოდგომის ყვითელი ფოთლები სენტიმენტალურ, ნოსტალგიურ განწყობას ბადებს. კოსტიუმები კი, საინტერესო კონტრასტულ ბალანსს ქმნის პერსონაჟთა ემოციურ მდგომარეობასთან. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სემისა და სუზის გამორჩეული, შავ-თეთრი სამოსი, რომელიც ,,ინისა’’ და ,,იანის’’ იდეას გამოხატავს, მათი სულიერი ერთობის სიმბოლოა.
დაბოლოს, სპექტაკლის დასაწყისში, ნარატორი ქარიშხლის მოახლოებას გვატყობინებს. სტიქიური მოვლენა მოქმედ გმირთა შინაგანი სამყაროს პროექციაა. ბუნებრივი მოვლენა მათი შიდა, სულიერი მდგომარეობის გარეგანი ანარეკლია. ქარიშხალი პერსონაჟებისთვის გარდამტეხი ცვლილებების მომტანია, რაც ფინალურ აქტში, საერთო, გულწრფელი ჩახუტებით გვირგვინდება.