EDITORIAL BOARD
თეა წულუკიანმა საზოგადოებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები, ახალგაზრდები და სამინისტროს მიერ კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები ესწრებოდნენ.
კულტურაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა და კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, კულტურასა და შემოქმედებით პროცესებში საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტეგრაცია, ხელოვანთა მხარდაჭერა და სოციალური დაცვა, შემოქმედებითი საქმიანობის და ინდუსტრიების გაძლიერება, სახელოვნებო განათლების განვითარება და ხელმისაწვდომობა, ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. კულტურის როლისა და მნიშვნელობის გაზრდა სახელმწიფოს მდგრად განვითარებაში - ეს არის ის სტრატეგიული მიზნები, რაზეც თეა წულუკიანმა ისაუბრა.
მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის მიმართულებით 2030 წლისთვის შესწავლილი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 75%-ის მდგომარეობა, ძეგლების 100% აღირიცხება ელექტრონულ პლატფორმებზე, კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდება 500-მდე ძეგლზე. შესწავლილი იქნება საზღვარგარეთ გამოვლენილი ქართული ძეგლების 55%.
შემუშავდება სამუზეუმო საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მართვის ერთიანი პოლიტიკა. აღდგენილი იქნება და იმუშავებს საქართველოს ყველაზე დიდი მუზეუმი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რისთვისაც 70 მლნ ლარამდე დაიხარჯება.
სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ამ მიმართულებით უზრუნველყოფილი იქნება კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა და ინკლუზიურობა: საზოგადოების ყველა ჯგუფის, განსაკუთრებით კი, სოციალურად ნაკლებად დაცული ჯგუფების (შშმ პირები, ეთნიკური უმცირესობები, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, იძულებით გადაადგილებული პირები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა, ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები, მსჯავრდებულები და სხვ.) ჩართულობის მხარდაჭერა და ხელოვანთა ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მობილობა - ყოველწლიურად განხორციელდება 8 პროგრამა, რომლებზეც 20 მლნ. ლარამდე დაიხარჯება ყოველწლიურად. შეიქმნება ხელოვანთა სოციალური დაცვის მექანიზმები.
თეა წულუკიანის თქმით, სამინისტრო აპირებს სახელოვნებო განათლების განვითარებას, რისთვისაც უზრუნველყოფილი იქნება სახელოვნებო განათლების ფორმალიზება, ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა. დედაქალაქსა და რეგიონებში იმუშავებენ სახელოვნებო განათლების დაწესებულებები. ხელშეწყობილი იქნება არაფორმალური განათლების ინსტიტუციები: სახელოვნებო წრეები, სტუდიები, სკოლები და სხვ. განხორციელდება უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმა, განახლდება უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. რეფორმის შედეგად 168%-ით, 28 მლნ-მდე გაიზრდება უმაღლესი სახელოვნებო განათლების დაფინანსება.
აღდგება კულტურის სფეროს 30-მდე გამქრალი პროფესია და უზრუნველყოფილი იქნება მოთხოვნადი პროფესიების განვითარებისა და ახალგაზრდების დასაქმებისთვის შესაბამისი უწყვეტი განათლების სისტემა. კულტურის სფეროში ხელშეწყობილი იქნება სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა - 5-მდე პროგრამა ყოველწლიურად (1.5 მლნ ლარი).
კულტურის სამინისტროს მიერ სალიტერატურო და საგამომცემლო საქმიანობის, თანამედროვე დრამატურგიის და თეატრალური ხელოვნების განვითარების, ქართული პროფესიული მუსიკალური განვითარების, სახვითი და თანამედროვე ხელოვნების, ქართული ფოლკლორისა და ეროვნული კინოინდუსტრიის განვითარებისათვის ყოველწლიურად 80 მილიონამდე დაიხარჯება.
მოხდება სამართლებრივი გარემოს სრულყოფა - შემუშავდება „კულტურის კოდექსი“, რომელიც იქნება კულტურის სფეროს ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე. კოდექსი გააერთიანებს კულტურის სფეროს ყველა დარგსა და მიმართულებას და დაარეგულირებს კულტურის სფეროში სახელმწიფოს, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობებს, მათ შორის, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობათა ძირითად პრინციპებსა და თავისებურებებს.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში გაიზრდება სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობა და კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკონომიკური პოტენციალი. კერძოდ, სექტორის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში გაიზრდება 2.8 %-დან - 3.5%-მდე, ხოლო სექტორში დასაქმებულთა წილი საერთო დასაქმებაში გაიზრდება 5.2%-დან - 5.8%-მდე. კულტურული ტურიზმის წილი კი გაიზრდება 7.3%დან - 8%-მდე. რეგიონებში განვითარდება შემოქმედებითი ინდუსტრიები და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ურბანულ განვითარებაში.
კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 200 მლნ. ლარამდე დაიხარჯება; შეიქმნება და განვითარდება შემოქმედებითი საქმიანობის ხელშემწყობი ფიზიკური და ციფრული სივრცეები, რომელიც მორგებული იქნება სხვადასხვა პირთა სპეციალურ საჭიროებებზე; განახლდება შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აღჭურვილობა.
სამოქმედო გეგმაში სპორტის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადასადგმელი ნაბიჯებიდან მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სასპორტო განათლების სისტემის შექმნაზე, რომელიც სპორტის თითოეული სახეობისათვის მოამზადებს კვალიფიციურ კადრებს. უმაღლესი და პროფესიული სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები (სპორტის უნივერსიტეტი და კოლეჯი) აღიჭურვება თანამედროვე სასწავლო, საწვრთნელი და სამეცნიერო ინფრასტრუქტურით. საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს მრავალპროფილური სპორტული აკადემია, სპორტის ძირითად სახეობებში (ჭიდაობა, ძიუდო, მძლეოსნობა, ძალოსნობა, კალათბურთი, ცურვა, ფეხბურთი, რაგბი და სხვა) სრულყოფილი წვრთნისა და ვარჯიშის შესაძლებლობებით.
საქართველოში შეიქმნება სულ მცირე 3 სპეციალიზირებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება, რომლებიც უზრუნველყოფენ სპორტსმენების ტრავმის შემდგომ სწრაფ და სრულყოფილ რეაბილიტაციას. სამედიცინო ცენტრების ბაზაზე, იმუშავებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ისეთი ლაბორატორიები, სადაც შესაძლებელი იქნება ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის (Genetic influence on athletic performance) კუნთის ქსოვილის შესწავლისა და სხვა ტიპის სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, რაც საუკეთესო საშუალებაა სპორტსმენისათვის წარმატებული კარიერის დასაგეგმად.
დიდი ყურადღება დაეთმობა სკოლამდელ, სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებას. შემუშავდება და განხორციელდება მასობრივი სპორტის სამდონიანი (სკოლამდელი, სასკოლო და საუნივერსიტეტო) პოლიტიკა. განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება პარასპორტის განვითარება და შშმ პირების სპორტულ აქტივობებში ჩართვა.
სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით შემცირდება აზარტულ თამაშებზე, ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულთა რაოდენობა, სპორტი შეასრულებს დანაშაულის პრევენციის როლს და ახალგაზრდებში შემცირდება კრიმინალის მაჩვენებელი.
შეიქმნება და წარმატებით განხორციელდება ახალგაზრდობის განვითარების პოლიტიკა. ახალგაზრდული სტრატეგია ითვალისწინებს ახალგაზრდობის, როგორც ქვეყნისათვის ყველაზე დიდი განახლებადი რესურსის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს აღმშენებლობას. ქვეყანაში გამართულად იმუშავებს არაფორმალური განათლების სისტემა. დაინერგება ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების სისტემა, რომლის ყოველწლიური ბიუჯეტი 5 მლნ ლარი იქნება.
ახალგაზრდული ბანაკები, რომლებიც წელიწადში 15 000 მონაწილეს უმასპინძლებს, დასვენებისა და გართობის გარდა, არაფორმალური განათლებისა და სახელმწიფოსათვის სტრატეგიულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ფუნქციას ასრულებს.