
ცნობილი რეჟისორის ცოლის ნაკლებად ცნობილი ისტორიები...
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ნერონ აბულაძე
ცნობილი რეჟისორის ცოლის ნაკლებად ცნობილი ისტორიები...
ქართულ თეატრალურ სივრცეს კიდევ ერთი ახალი და დღემდე უპრეცედენტო თეატრალური კერა დაემატა სახელწოდებით - ,,თოჯინების სახლი“. თანამედროვე ევროპულ თეატრში მრავლად მოიძებნება წარმოდგენები, სადაც მოქმედი პერსონაჟების ნაწილი თოჯინების გარდა სხვადასხვა საგნის სახით არიან წარმოდგენილნი. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ინოვაციური და დღემდე უპრეცედენტო ფაქტი, რაც ახალი თეატრის დაფუძნებას გულისხმობს. თეატრმა პირველი საპრემიერო ჩვენება უკვე გამართა, რომელიც ცნობილი ქართველი მსახიობის თამარ წულუკიძის ტრაგიკულ ისტორიას ასახავდა. ,,საგნების თეატრი“ დღემდე არსებული თეატრალური ფორმებისგან რადიკალურად განსხვავებულ პროდუქციას სთავაზობს მაყურებელს. ცნობილი კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგიის პერსონაჟები წარმოდგენილნი იქნებიან კონკრეტული თოჯინებისა და საგნების სახით. სხვადასხვა დეტალის, საგნის, ნივთის მხატვრული დამუშავებით მიღწეული იქნა სრულიად განსხვავებული ეფექტი, რაც ახალი მხატვრული ტენდენციების დანერგვის საუკეთესო წინაპირობა აღმოჩნდა.
თეატრი სადადგმოდ მიმართავს ისეთ დრამატურგიას, სადაც არსებული პრობლემატური საკითხები აქტუალურია იქნება და გამოირჩევა მაღალი მხატვრული ხარისხით, რომელიც იდეურ-თემატური თვალსაზრისით პირდაპირ ეხმიანება ჩვენს თანამედროვეობას, რაც ინტერესს მოკლებული არ არის. რეჟისორის ცოლი - ასე ქცია სპექტაკლს, რომელიც ,,თოჯინების სახლის“ დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ საბაშვილი თამარ წულუკიძის ცხოვრებისა და შემოქმედებითი ბიოგრაფიის ამსახველ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით განახორციელა. ნიკოლოზ საბაშვილი იმ ყაიდის შემოქმედთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ისწრაფვის ნებისმიერი სტერეოტიპები, ტრადიციული შეხედულებები და წარმოდგენები ამა თუ იმ საგანზე, მოვლენაზე, ფენომენზე, ბოლოს და ბოლოს პიროვნებებზე შეცვალოს და სანაცვლო შესთავაზოს საზოგადოებას, მისეული ხედვით ტრანსფორმირებული და მისეული ნააზრევის ნაყოფი. ეს ერთგვარი რეფორმაციული მიდგომაა საკუთარი პროფესიისადმი და სრულიად ახალი ჰორიზონტის წარმოჩენა თვალსაწიერში. პირველ და მნიშვნელოვან სტერეოტიპთა ნგრევა იყო ის, რომ ბოლო წლებში რეჟისორმა შეცვალა მაყურებლის წარმოდგენა თოჯინურ თეატრზე, როგორც ასეთზე. თითოეული ჩანაფიქრი, ჩანაფიქრთა განხორციელება, თუნდაც ეს სავსებით საბავშვო მასალა იყოს, მათ მიცემული აქვს მასშტაბი და გაქანების ჰორიზონტი. მისი სპექტაკლები ყოველთვის გამოირჩევა მოულოდნელობის ეფექტებით, გამომსახველობის ორიგინალური გადაწყვეტით, მხატვრული აზროვნების ორიგინალური ფორმებით. იღებს ლიტერატურულ პირველწყაროს, თუ სრულიად ორიგინალურ სიუჟეტებს, ნიკოლოზ საბაშვილის ,,პროდუქტი“ გათვლილია მაყურებელთა ფართო სპექტრზე, გემოვნებისა და მისწრაფებების მიუხედავად. ტრადიციული შეხედულებები და წარმოდგენები სათეატრო მასალის მიმართ (და ალბათ კარგა ხანი დარჩება) იყო ის, რომ სპექტაკლების მთავარი გმირად არ უნდა გახდეს ცხოვრებაში მეორე ხარისხოვანი როლების შემსრულებელი. თითქმის წარმოუდგენელია დადგა სპექტაკლი და ამ სპექტაკლისგან წარმატებას მოელოდე, სადაც მთავარი ღერძი არა სანდრო ახმეტელი, არამედ მისი ცოლი - თამარ წულუკიძეა. გაცილებით იოლი იქნებოდა მთავარი ღერძი გავლებულიყო ქართული თეატრის ერთ-ერთ ტრაგიკულ ფიგურაზე, მაგრამ დადგმის ადრენალინიც იმაშია, რომ დახრილი კუთხის რაკურსიდან დანახული სანდრო გაცილებით უფრო მიმზიდველია, თანაც ისე, რომ რეჟისორის დახვრეტით არ მთავრდება ყველაფერი, პირიქით ისეა მოქსოვილი სიუჟეტური ქარგა, რომ დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე უწყვეტი თხრობის ლეგატოა შენარჩუნებული. გათვლა უტყუარია, შედეგი -შესაბამისი.
მთელი სპექტაკლი იქმნება ანსამბლურობის პრინციპით, მთელს ამ მექანიზმს პარტიტურას ერთი ადამიანი ქმნის და ალაგებს ყველაფერს თავ-თავის ადგილას. განათება, მუსიკა, ტექსტი, ლიტერატურული პირველწყარო და მისგან შექმნილი თეატრალიზებული ფაბულა, სიუჟეტები, სცენები, მხატვრობა, საშემსრულებლო მხარე - ყველაფერი ზუსტი არითმეტიკული პრინციპითაა გათვლილ-გაანგარიშებული. ცხადია, რომ რეჟისორის მიზანი იყო მაქსიმალურად გამოევლინა თოჯინების შესაძლებლობა. სიურრეალისტური პასაჟების დართვით იგი არ ერიდება ყველაზე მძიმე სცენებს, როგორიცაა მაგალითად სანდრო ახმეტელის დახვრეტისა და ბავშვის დაღუპვის სცენები. თუ პირველ შემთხვევაში ეპიზოდი რეალისტურადაა გადაწყვეტილი, მეორე შემთხვევაში ის გაჯერებულია მისტიკითა და ალეგორიით. თოჯინები ასახიერებენ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ პერიოდსა და მხარეებს - 37 წლების რეპრესიებსა და ციხეებში პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და ეს არაა მთავარი, რეჟისორის მთავარი სათქმელი ისაა, რომ გულაგშიც კი ადამიანს შეუძლია შეინარჩუნოს ადამიანობა, სძლიოს საკუთარ თავსა და საკუთარ უბედურებას: გადასახლებაში მყოფი თამარ წულუკიძე ბავშვების სიყვარულითა და საკუთარი შვილის სახელ-დიდებისათვის ქმნის თოჯინების თეატრს და ადგილობრივ მცხოვრებთა ბავშვებს ეგრეთ წოდებული ,,პეტრუშკებით“ თოჯინურ წარმოდგენებს უმართავს. ამით გადარჩა ადამიანებისგან გაწირული მსახიობი. შეიძლებოდა მისი ცხოვრებაც სხვაგვარად წარმართულიყო, ის საბედისწერო საქორწინო შეყრა რომ არა... ეს სცენებიც ალეგორიულ ტონალობებშია გადაწყვეტილი. სპექტაკლში ხშირად მეორდება ჭადრაკის დაფაზე გათამაშებული ეპიზოდები - პირველი მსოფლიო ომის ბატალური სცენები, სასიყვარულო სამკუთხედთა ჭიდილი, მარჯანიშვილ-ახმეტელის დაპირისპირება... ეს დეტალები სპექტაკლის ერთგვარ შარმად იქცა ცხოვრებასთან არათანაბარზომიერი ჭიდილის გამოსახატავად. თუმც კი გამოკვეთილად არის ფორმულა წინ წამოწევისა თვით სათაურში - რეჟისორის ცოლი, ანუ თამარ წულუკიძის მიმართ ინტერესი ნაკლებად იქნებოდა, იგი სანდრო ახმეტელის ცოლი რომ არ ყოფილიყო, ეს ბუნებრივია, თუმცა თამარმა როგორც ცხოვრებაში, ისე სპექტაკლში რეჟისორის ცოლის კომპლექსებისგან მაინც გათავისუფლდა და სრულფასოვან დამოუკიდებელ პიროვნებად წარმოსდგა საზოგადოების წინაშე. იქნებ ცხოვრებისთვის უმჯობესი ყოფილიყო დარჩენილიყო იგი ახმეტელის ჩრდილქვეშ და არ დატრიალებულიყო მის თავს ჯოჯოხეთის ბორბალი, მაგრამ ბედმა ასე განსაზღვრა - გავიმეორებ სპექტაკლიდან მონაკვეთს, როცა ლავრენტი ბერია ხვდება თამარს ალბათ გულაგის რომელიღაც ბანაკში თოჯინების თეატრის გასტროლების დროს: ,,შევცდი - ეუბნება ბერია, სანდროს ნაცვლად შენ უნდა დამეხვრიტე და ამით მას უკეთ გავანადგურებდი“. ეს სპექტაკლი არის არაადამიანობაზე ადამიანობის გამარჯვების აპოთეოზი. საკმარისია, გამონახო საკუთარ თავში ძალა, რათა ყველაფერი ერთად მოხდეს, ჩრდილიდან გამოსვლაც და გამოსვლა ღირსეულად, თავის გადარჩენა შემოქმედებითი ძალებით. მთელს ამ დრამატულ სიტუაციას ავსებს და აგვირგვინებს მუსიკალური გაფორმება - (სპექტაკლისათვის შეიქმნა ორიგინალური მუსიკა და მხატვრული გაფორმება - ავტორი ნიკოლოზ საბაშვილი) - მუსიკალურ, სულში ჩამწვდომი მელოდიებით, განათების ეფექტები, სახელდობრ მხატვრობა...
და მთავარი შარმი ამ სპექტაკლისა: მთელს წარმოდგენას როგორც კონფერანსიე უძღვება ნკა წულუკიძის თოჯინა საკუთარივე ხმით. ამას საგანგებო დატვირთვაცა აქვს და შოუს ფორმატითაც გამართლებული ნაბიჯია. სიმბოლურობას გვაროვნული ფაქტორი განაპირობებს, თავისი ტონალობის მთელი სიმძაფრით რომ გვიყვება თამარ წულუკიძის ავ-ბედით ისტორიას, ხოლო შოუს ელემენტები თავად ამ ფორმის მოფიქრებაა..
ძნელია აღწერო ის ემოციები, რაც გეუფლება ახმეტელის და მარჯანიშვილის თოჯინების ხილვისას. თითქოსდა ცოცხლდებიან თოჯინებად ეს ორი ბუმბერაზი ადამიანი თავიანთი ბედით და ტრაგედიით. მართლაც დიდი სითამამეა საჭირო, ასეთი სენსიტიური საკითხები რომ გამოიტანო სპექტაკლად და მით უფრო თოჯინებად. რომ არა წინასწარი გათვლა და ყველაფრის წინდაწინ განსაზღვრა თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, სცენების საგანგებოდ შერჩევა და მთავარი აქცენტების სწორად დასმა, ძნელი იქნებოდა წარმატების მიღწევა. თეატრის შემოქმედებით ჯგუფი ორიენტირებულია მიგვანიშნოს ჰუმანიზმისა და მაღალზნეობრივი კატეგორიების აუცილებლობაზე. ჟანრობრივად რთული, დრამატურგიული სტრუქტურა შემსრულებელთაგან გამომსახველობითი ხერხების მრავალფეროვნებასა და ღრმა პროფესიული აზროვნების უნარს მოითხოვს. წარმოდგენის განხორციელება მოითხოვს მხატვრობის მაღალ ხარისხსა და კრეატიულობის მაღალ უნარს, ასევე ის მსახიობების შესაძლებლობას აძლევს სამსახიობო შესრულების რამდენიმე ხერხი გამოიყენონ, საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინონ და გამოავლინონ. რაღაც მომენტში შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ უკანა პლანზე გადადის სამსახიობო ოსტატობის ინდივიდუალური გამოვლენა, მაგრამ თოჯინურ სპექტაკლში და განსაკუთრებით თანამედროვე თოჯინების შემთხვევაში, როცა ერთ თოჯინაზე საშუალოდ ორი-სამი მსახიობი მუშაობს, ხოლო რთული მექანიზმებიანი თოჯინების შემთხვევაში უფრო მეტიც, ინდივიდუალიზმის გამოვლენის არანაირ შანსს არ ტოვებს, მხოლოდ ცივი გონებით გათვლილ თითოეულ მონახაზს მოაქვს წარმატება. მიუხედავად ასეთი მხატვრული ჩანაფიქრისა, სამსახიობო შემადგენლობის - (გიორგი ღონღაძე, ვახტანგ ქორიძე, ანა დოლიძე, ანა ბეჟაშვილი, ნელი ვარშალომიძე, დავით ბერიძე) სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დასასრულს სრულად წარმოჩნდა როგორც ერთიანი ანსამბლი, ისე თითოეული მათგანის პროფესიული შესაძლებლობები.
ეს არის ,,თოჯინების სახლი“, გარემო, რომელსაც გადაჰყავხარ სრულ ნოსტალგიაში, მაღალმხატვრული გემოვნებით შერჩეული და დაპროექტებული ინტერიერით, ექსტერიერიც ნეომოდერნით არის გამართული. გარემო - წყნარი, შუაგულ ქალაქში, მაგრამ ურბანული ხმაურისგან აბსოლუტურად დაცლილი - ყოფილი კინოსტუდიის გალავანში. გარემოც შესაფერისია - ინტიმური, მიმზიდველი, საკუთარ თავში ჩაღრმავების საშუალებას და სურვილს რომ მოგცემს. პირველი, რაც იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, არის თავდაყირა აჭედილი (ანუ ჭერზე აკრული) ოცნების ქალაქი, ნაცნობი ადგილები, ან სასურველი და მიმზიდველი ადგილები, ისეთებიც, როგორებიც ბუნებაში არაა და მხოლოდ ფანტაზიაში არსებობენ. ეს ერთგვარი ინოვაციური უცნაურობაა თოჯინების სახლის მესვეურისგან სტუმრებისათვის შემოთავაზებული. სიმყუდროვე და ინტიმური გარემო საკუთარი თავის გახსნის უტყუარ საშუალებას იძლევა, ამაში გვეხმარება ანტიკვარული ნივთები, რომლებიც თემატურად არიან განლაგებულნი ფოიე-ბარში და აზრობრივ მნიშვნელობას სძენს ყველა დეტალს, გვერდი-გვერდ დადებულს.
და ბოლოს - ,,თოჯინების სახლის“ დამფუძნებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის უმთავრეს იდეას თანამედროვე, კრეატიული და ინოვაციური თეატრალური სივრცის შექმნა წარმოადგენდა, რომელმაც სრულიად ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი. შემოქმედებითმა გუნდმა ძირითადად მიზნად დაისახა ,,თოჯინების სახლში“ განხორციელებული წარმოდგენები სრულად მოიცავდეს სასკოლო, მოზარდი თაობისა და უფროსი მაყურებლის ინტერესებს, მათ ესთეტიკურ მოთხოვნილებებს, რაც სრულ შესაბამისობაში იქნება თანამედროვეობის მოთხოვნებთან.