top of page

ჩვენი უგმირო სამყარო!..

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

67f07943-b535-4718-8ef0-dc5d18463ed3.jpeg

03.03.2026

თამარ ქუთათელაძე

ჩვენი უგმირო სამყარო!..

 

მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის მიერ დადგმული ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ხმაურიანი პრემიერა აღმოჩნდა (პიესის ადაპტაციის ავტორი - მანანა ანთაძე, ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე, მხატვარი - გიორგი უსტიაშვილი, კომპოზიტორი - კონსტანტინე ეჯიბაშვილი). ახალგაზრდა რეჟისორი გასული საუკუნის 30-იანი წლების დიდი ქართველი რეჟისორის, ქართული თეატრის რეფორმატორის სანდრო ახმეტელის საგვირგვინო სპექტაკლს შეეხმიანა. ცნობისმოყვარეობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბუნებრივია გაჩნდა ერთგვარი შედარების სურვილიც.  მაგრამ ე.წ. შეჯიბრი არ შედგა. სანდრო ახმეტელის სპექტაკლი დარჩა მისი დროის დიდ მეტაფორად, „გმირული თეატრის“ ავტორის მრწამსის გამომსახველად, სადაც სახელოვანი რეჟისორი იმედით გასცქეროდა მომავალს. მას სწამდა რომ ძველი რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილი ახალგაზრდა, განათლებული თაობა, შეძლებდა რეფორმაციულ ცვლილებებს. შექმნიდა სამართლიან, დემოკრატიულ, კლასიკურ ღირებულებებზე დაფუძნებულ სამყაროს, მაგრამ ასე არ მოხდა. განვითარებულმა მოვლენებმა, უკიდეგანო სისასტიკემ, ცინიზმმა, უსამართლობამ, საზოგადოებისა თუ ინტელიგენციის მიმართ მრავალგზის გამოვლენილმა გულგრილობამ, ყველა დაამუნჯა, სრულიად გადააგვარა.

საბა ასლამაზიშვილის „ყაჩაღები“ ძალზე ლაკონური, ერთ მოქმედებიანი სანახაობით, თითქოს დიალოგს წარმართავს წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან. სცენაზეა გაპარტახებული, გაველურებული, თითქოსდა გადამწვარი, ძაძებში გახვეული სამყარო. აქ აღარსადაა სამეფო კარის დიდებულების ამსახველი არანაირი დეტალი თუ მინიშნება. სცენოგრაფიის შავ ფერსა და ნახევრად სიბნელეში გახვეული სცენა, დასაწყისში სრულიად ცარიელია, მოგვიანებით კი მხოლოდ რკინის უსახური, შავი კონსტრუქცია თუ კიბის ჩონჩხი „ამშვენებს“ ფიცარნაგს. ს. ახმეტელის ფეიერვერკული მასობრივი სცენების ნაცვლად, სცენაზეა დამბაჩების ოსტატური ტრიალი, გულგასახეთქი სიმძლავრისა და სიხშირის სროლები. ტყავის ლაბადებში გახვეული, ყავისფერხალათიანი ახალგაზრდა ყაჩაღები კი, მუსოლინის „ყავისფერხალათიანთა“ ასოციაციებს იწვევს. სამსახიობო ინდივიდუალობით აღბეჭდილი ეს თავზეხელაღებული მკვლელები, არაფრით ჰგვანან უკეთესი მომავლის ავტორებს (კარლ მოორი - პაატა ინაური; შპილბერგი - ბაჩო ჩაჩიბაია; რაცმანი - ჯაბა კილაძე; გრიმი - ირაკლი ჩხიკვაძე; როლერი - როლანდ ოქროპირიძე; შვარცი - ნოდარ ძოწენიძე).

     

სპექტაკლის დასაწყისში, სინათლის დიდ ჭავლში გახვეულ შაკო მირიანაშვილის თეთრხალათიან, სახეგაფითრებულ ახალგაზრდა კაცს, სქელტანიანი წიგნი უჭირავს ხელში. უზარმაზარ, გულისწამსვლელ პაუზაში, ის დიდხანს და დაჟინებით უმზერს ერთდროულად წიგნსა და უზენაესს, რომელმაც სამუდამოდ დატოვა ისიც და ეს ცოდვით გაძეძგილი ცისქვეშეთიც. მსახიობის ამ პირველმა გამოჩენამ, თავად შილერის ასოციაციაც დაბადა, რომელსაც ისევე როგორც მსახიობის სცენურ გმირს, ყელში გაჩხერილი ბურთივით ახრჩობდა ის უსამართლობა და სისასტიკე, რაც სამყაროში დუღდა და გადმოდიოდა. შაკო მირიანაშვილი არ თამაშობს ერთგვაროვან, ტრივიალურ ბოროტმოქმედს. მისი ფრანცი თანაგრძნობასაც იმსახურებს. მსახიობი დამაჯერებელია, მართალი, შთამბეჭდავი, ახერხებს მისი სცენური გმირის სულის ტკივილს მაყურებელიც აზიაროს. ეს დისტროფიული სიგამხდრის, თითქოსდა კულისებში მოსროლილი არსება, თავგანწირვით ეძებს პასუხს მის მრავალწლიან ტანჯვაზე. რატომ აღმოჩნდა მარტოსული, ყველა ღირსებისაგან განძარცვული, მეორეხარისხოვანი, უჩინარი არსება. მისი ფრანცი არ ჰგავს ძალაუფლებისთვის მებრძოლს. მისთვის ხელისუფლება იარაღია, რომლითაც შეძლებს შური იძიოს ყველასა და ყველაფერზე, მთელ სამყაროზე, მოხვეტოს და ისტორიის სანაგვეზე გადაისროლოს ყველა „ღირებულება“, მოასუფთავოს გარემო ოდესღაც შესაძლო უკეთესი ყოფის, საზოგადოებისთვის, ან საბოლოოდ დაასამაროს მისი არსებობა. ამ ფრანცის გამოჩენა მუდმივ შიშს იწვევს გარემომცველთა შორის. არნახული სარკაზმით აღჭურვილი, არასდროს მალავს თავის ზრახვებს, თავის უკმაყოფილებასა და სიძულვილს მახინჯი რეალობისადმი, მის მიმართ მრავალგზის გამოვლენილი გულგრილობის, გაუცხოებული ურთიერთობებისადმი. თვითგადარჩენისთვის მებრძოლი, შვილთან შეჭიდებული მამა (მოხუცი მოორი - ვალერი კორშია), უცოდველი კრავის თვალებით შეჰყურებს მის მოსახრჩობად ოფლადგაღვრილ, არცთუ საყვარელ ნაბოლარას. მათი შერკინება არ ჰგავს მამა-შვილის ურთიერთობას. ეს ბრძოლა - მიზეზ-შედეგობრივი კავშირებითაა გამყარებული, ბუნებრივია მრავალგვარი შეცდომებითაა აღსავსე „უცოდველი“ მოხუცის მიერ მართული სამეფოც.

       

სპექტაკლის პირველ ნაწილში ანუკა გრიგოლიას ამალია ნაზი, ჰაეროვანი, პლასტიკური, სახეგაბრწყინებული შეყვარებულია, ნიავივით რომ დაქრის სცენაზე. მსახიობი სატრფოსთან შეხვედრის, სასურველ ადამიანთან დაწყვილების, ხვალინდელი უზრუნველი, ჰარმონიული ურთიერთობების მოლოდინში მყოფ თეთრ მტრედს წააგავს. თუმცა, ილუზიის ტყვეობაში მყოფ, თეთრკაბიან, შინაგანი ზეიმით თითქმის ჰაერში მფრინავ „პატარძალს“, სასურველი ბედნიერების განცდა, ელვისებურად ენგრევა. შაკო მირიანაშვილის ფრანც მოორთან ურთიერთობა მიწაზე ანარცხებს, თვალნათლივ უჩვენებს მკაცრ რეალობას. გალიაში გამომწყვდეულ ჩიტივით კედელთან მიმწყვდეულ ქალთან, ფრანცი მარცხს განიცდის. ამ აპოკალიფსურ, ყალყზე შემდგარ სამყაროში, არა მხოლოდ სიყვარულის, ერთჯერადი კავშირის განწყობაც არ დარჩა. გაოცებული თვალებით შეჰყურებს ამალია ფრანცს და მისგან ლოგიკურ, გონივრულ რჩევას ღებულობს, - „მონასტერში წადი ამალია!“. აქ მხოლოდ ყოვლისდამამხობელი ომი, ტოტალური ნგრევაა მოსალოდნელი, მხოლოდ  მონასტერია  ერთადერთი გზა გადარჩენისთვის.

      

სპექტაკლის მეორე ნაწილში, თითქოს მრავალმა წელმა განვლო, შავკაბიანი ანუკა გრიგოლიას ამალია, უეცრად დაბერდა. მძიმე, მოზომილი ნაბიჯებით, სევდიანი, ფიქრიანი მზერით, ჩამქრალი თვალებით, ის საბოლოოდ დაშორდა სასურველი ბედნიერების მოლოდინს. მასში იმედი მოკვდა. მსახიობი მკვეთრ ფერებში, ოსტატურად თამაშობს ამ ფერიცვალებას. მისი შეხვედრა კარლთან, სიზმარს ჰგავს. სჯერა და არც სჯერა მისი გამოცხადება, თუმცა ეს შეხვედრა უკვე აზრს კარგავს. სამყარო შავია, უიმედო, უღირსებო, განწირული.  აქ ყველა უბედურია.

           

შაკო მირიანაშვილი სრული ენერგიის ხარჯვით წარმართავს როლს. სცენაზე ქმნის თამამი, გონიერი, მთელ სამყაროზე გაბრაზებული, სიცოცხლისაგან განხიბლული, უიმედო,  წამებულის სახეს.  საკუთარი როლისა თუ მისიის აღსრულების შემდეგ, თვითსიძულვილით გამოუტანს თავს განაჩენს. უმოქმედო არსებად გადაქცეული, პროზაულად, სრულიად დაუნანებლად, ფეხსაცმლის თასმით,  ძაღლივით მოიხრჩობს თავს. მან კარგად იცის რა იქნება შემდეგ, რით დასრულდება მის მიერ გათამაშებული  „მასკარადი“, რა სიურპრიზები ელის ე.წ. მოორთა სამეფოს, კარლს, უკომპრომისო  ამალიას.

         

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შთამბეჭდავია კომპოზიტორ კონსტანტინე ეჯიბაშვილის მიერ შექმნილი სპექტაკლის მუსიკალური პარტიტურა. მასში გერმანული სისატიკეც ისმის, ლირიზმიც და სულისგამყინავი, მოკავდინებელი სევდაც. ულამაზესია წარმოდგენის ფინალი, სადაც სასიკვდილო ტყვიას დიდხანს ესვრიან ერთმანეთს შეყვარებული „ყოფილნი“. სიკვდილი მხოლოდ აგვიანებს და საბოლოოდ ცელავს ყველაზე ინფანტილურ არსებას, რომელმაც დაიჯერა ჯოჯოხეთში ბედნიერებისა და ჰარმონიის რეალიზება. უკანასკნელად ჩაკონებულ წყვილს, გვიანი შემოდგომის გამხმარი ფოთლებივით შეაყრის ქარი ძველ წერილებს, შესაძლოა ფრანცის წერილებსაც, რომელმაც დაასამარა მოხუცი მოორის შესაძლო მემკვიდრის რომანტიკული სიყვარული, ხოლო მასთან ერთად, მიგვანიშნა თავად უზენაესის მიერ მოხვეტილი, მთელი წარმავალი საზოგადოების ფინალიც.

 

         

პაატა ინაურის მიერ განსახიერებული კარლ მოორი, სხვათა ბედ-იღბლის თამაშ-თამაშ განმკარგავი, თავადაც მარტივად გაიწირება. ძველი რეჟიმის აკვანში აღზრდილი და რჩეული, ტოტალიტარული ქვეყნების სისხლიანი ბელადის თვისებების მქონე და ტრავმირებული, დაუჯერებელია გახდეს ახალი, სამართლიანი ქვეყნის მმართველი თუ დამფუძნებელი. სიყვარული მისთვის იქცა ბარიერად, შეესრულებინა მის მიერ მორიგ პრიორიტეტად დასახული ახალი ეპოქის ლიდერის როლი. თუმცა, პერფორმანსებით გატაცებულ, არცთუ დიდად გაწონასწორებულ, წინააღმდეგობრივი ხასიათის არისტოკრატს, რომელმაც ენთუზიაზმით აიტაცა გამხდარიყო სამართლიანობისთვის მებრძოლ ყაჩაღთა ბელადი, არ აღმოაჩნდა შესაბამისი რესურსი.

       

სანდრო ახმეტელისა და აკაკი ხორავას მიერ შექმნილი მყარი ნებისყოფის, დიდი ავტორიტეტის, მძლავრი მაგნეტიზმის, ლიდერის გამოკვეთილი თვისებების მქონე, მიზანდასახული სტრატეგის, სასურველი ახალი ეპოქის დამფუძნებელი გმირის შემდეგ, პაატა ინაურის კარლი, ჩვენი უგმირო ეპოქის ადექვატურ სახედ იქცა. ამიტომაც გახდა ამალიასაგან ხელნაკრავი, ხოცვა-ჟლეტის ექსტაზით გატაცებულ ხუთეულშიც მარტივად გაჩნდა ლიდერის უსწრაფესად ჩანაცვლების სურვილი...

       

საბა ასლამაზიშვილის „ყაჩაღები“ პიესის თავისუფალ გააზრებად თუ ფანტაზიად წარმოგვიდგა, შექსპირისეული „ჰამლეტის“ საკვანძო ფრაზების რეფრენითა თუ ფრანც მოორის სახეში განზავებული რიჩარდ გლოსტერის ხასიათის რემინისცენციით. სავარაუდოდ სპექტაკლი ჩვენს მშფოთვარე ყოფაზეა, დღევანდელ დღეზე, ყველა პოზიტივისგან განძარცვულ სამყაროზე, ირგვლივ აშლილ ტოტალურ ქაოსსა და აგრესიაზე.  წარმოდგენის ავტორთა რწმენით (ს. ასლამაზიშვილი, მ. ანთაძე), ისე როგორც არასდროს, დროთა კავშირი  დარღვეულია, მეფე შიშველია, ეპოქა უგმირო. არავინ იცის როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ან იქნება კი?..

bottom of page