
არსებობს ღირებულებები, რომლებიც სიცოცხლეზე მეტია
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

25.08.2026
მაკა (მარინე) ვასაძე
არსებობს ღირებულებები, რომლებიც სიცოცხლეზე მეტია
(ჩვენი კლასი რუსთავის თეატრში)
უახლეს ქართულ თეატრში რეჟისორ იოსებ (სოსო) ნემსაძის ფენომენი, ალბათ, ლევან წულაძისას შემიძლია შევადარო. სოსო ნემსაძე და ლევან წულაძე მიღწეულით არასდროს კმაყოფილდებიან, შემოქმედებითი/რეჟისორული თვალსაზრისით მუდმივ ძიებაში მყოფნი, ახალ სათეატრო სივრცეებს ქმნიან. მცირე განსხვავებაა მხოლოდ, ლევან წულაძე როგორც სახელმწიფო თეატრებში აარსებდა ახალ სივრცეებს, ასევე, დამოუკიდებელ, კერძო თეატრებს აყალიბებდა და აყალიბებს: (თეატრალური სარდაფი რუსთაველზე, ილიაუნის ბაზაზე გადატანილი თეატრალური სარდაფი, სხვადასხვა სადადგმო სივრცეების ათვისება/შექმნა მარჯანიშვილის თეატრში, ახლა თეატრი სახელოსნო 42). სოსო ნემსაძე რეგიონების თეატრების ხელმძღვანელობისას, იქნებოდა ეს გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრი, თუ, ახლა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური რუსთავის თეატრი, ახალ სივრცეებს მათში „ეძებს“ და თანამედროვე, ავანგარდულ „სათამაშო მოედნებს“ ქმნის. კიდევ ერთ რამეშია მსგავსება, ორივე რეჟისორი, დაუღალავად მუშაობს ახალგაზრდებთან, როგორც მსახიობებთან, ასევე, მხატვრებთან, კომპოზიტორებთან რეჟისორებთან. რაც მთავარია, ახალგაზრდა შემოქმედებს აძლევენ საშუალებას მუშაობის, ძიების მათ დაქვემდებარებულ თეატრებში.
ერთ დროს, შემოქმედებითი თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რუსთავის თეატრი, თანამედროვე პერიოდში ყველაზე უინტერესო და „ჩამყაყებული“, სოსო ნემსაძემ რუდუნებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, გორის თეატრის მსგავსად, შეიძლება ითქვას „გააცოცხლა“, საინტერესო და აქტიური, აქტუალური გახადა. გარდა იმისა, რომ თავად დგამს კლასიკურ თუ თანამედროვე დრამებს, ადგმევინებს ახალგაზრდა რეჟისორებს, ახალკურსდამთავრებული მსახიობებით ცდილობს გაახალგაზრდაოს დასი. ამასთან ერთად, ქმნის საინტერესო, ექსპერიმენტულ სათამაშო სივრცეებს. პირველად, ანზორ ქუთათელაძის სახელობის ცისფერი დარბაზი გააკეთა და რონალდ ჰარვუდის „კვარტეტით“ გახსნა. მერე საკუთარი ხელებით, მსახიობებთან ერთად, სარდაფი გაასუფთავა და საკმაოდ მძიმე, საბჭოთა რეპრესიების პერიოდის ციხის გაუსაძლის, არაადამიანურ ამბებზე, ენჯე გიზატოვას „მიმძიმს ამაზე საუბარი“ განახორციელა. ახლა, სხვენში, გიორგი (გოგი) ქავთარაძის სახელობის მესამე სათამაშო მოედანი, ექსპერიმენტული სცენა შემატა თეატრს, დანარჩენებისგან განსხვავებული „ფორმატის“. აქვე ბარია გაკეთებული, სადაც მაყურებელს საშუალება ექნება შესვენების დროს, ან, წარმოდგენის დასრულების შემდეგ შემოქმედებით კოლექტივს შეხვდეს და მათ თავიანთი მოსაზრებები, ან, კითხვები ერთმანეთს გაუზიარონ.
მესამე სივრცის გახსნა ერთობ ექსტრავაგანტური გახლდათ, შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ტადეუშ სლობოდზნიაკის პიესისთვის „ჩვენი კლასი“ - შეუფერებელი. ვფიქრობ, რეჟისორმა ეს სპეციალურად გააკეთა და ვეცდები ავხსნა რატომ.
უახლეს ქართულ თეატრში ევროპელი თანამედროვე დრამატურგების პიესების ერთ-ერთი პირველი დამდგმელი-შემომტანი, უნიჭიერესი რეჟისორი და პედაგოგი, თემურ ჩხეიძე იყო. ტადეუშ სლობოდზიანეკის „ჩვენი კლასი“, ბატონი თემურის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სადიპლომო ნამუშევარი გახლდათ, სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე. თავად მაესტრო თემურ ჩხეიძე, საპრემიერო ჩვენებისთვის მომზადებულ რადიო გადაცემაში ამბობდა, რომ სპეციალურად აირჩია ტექნიკური (სტრუქტურული) თვალსაზრისით რთული დრამა, აინტერესებდა როგორ გაართმევენ თავს ახალბედა მსახიობები.[1] ეს იყო თითქმის 9 წლის წინ - 2017-ში და მიუხედავად, მასში ასახული ამბის სიმძიმისა, სპექტაკლი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მაყურებელი დღესაც ჰყავს და დღესაც სამეფო უბნის თეატრის რეპერტუარშია. მაშინ, რეჟისორმა თავის ერთგულ მეგობარს და თანაშემოქმედს, ბატონ თამაზ გოდერძიშვილს სთხოვა პიესის თარგმნა.[2] და, სწორედ, მისი ძალიან კარგი თარგმანით იმუშავა დადგმაზე.
ტადეუშ სლობოდზიანეკი (Tadeusz Słobodzianek) პოსტკომუნისტური პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო დრამატურგად ითვლება. მეორე მსოფლიო ომის დროს ციმბირში გადასახლებული ოჯახის შთამომავალია, რომელიც პოლონეთში ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდა და პოლონეთი-ბელორუსიის სასაზღვრო პატარა ქალაქში დასახლდა. სლობოდზნიაკმა დაამთავრა კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტის (Jagiellonian University in Cracow) თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. სანამ პიესების წერას დაიწყებდა იყო სათეატრო კრიტიკოსი, რეჟისორი, მუშაობდა სხვადასხვა თეატრში. მისი დებიუტი, როგორც დრამატურგის 1980 წელს შედგა პიესით „მათხოვრის და ვირის ისტორია“ (Historia o żebraku i osiołku). იგი არა ერთი დრამატურგიული ნაწარმოების ავტორია, ზოგ მათგანს საერთაშორისო პრემიები და ჯილდოები აქვს მიღებული.
პიესების მასალად სხვადასხვა წყაროს მიმართავს. სლობოდზიანეკის დრამატურგია შინაარსობრივად, ფორმით თუ სტრუქტურით შთაგონებულია ბაროკოს თეატრით, პოლონური რომანტიზმით, მე-20 საუკუნის ტრაგიკული ისტორიით, ასევე პოლონეთ-ბელორუსის სასაზღვრო ტერიტორიის მითოლოგიით. 2003 წელს ტადეუშ სლობოდზიანეკმა ვარშავაში დააარსა Laboratorium Dramatu [დრამის ლაბორატორია], ლონდონის სამეფო თეატრის (Royal Court Theatre) პოლონური ეკვივალენტი - თეატრ-სტუდიისა და დრამის სემინარების კომბინაცია, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში იმართება.
სლობოდზიანეკის შემოქმედებაში რწმენას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. თუმცა, იგი კრიტიკულად უდგება ყოველგვარ დოგმას, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის ინსტიტუტს. პიესებში დრამატურგი იკვლევს და ეძებს პასუხებს ადამიანის ბუნების, ღმერთისა და ცოდვის, სიკეთისა და ბოროტების შესახებ, სად გადის გამყოფი ხაზი მის მიერ წამოჭრილ ფუნდამენტურ კითხვებზე. წერს ესქატოლოგიურ სიცარიელეზე, რომელშიც კაცობრიობა ჰოლოკოსტისა და გულაგის საშინელების შემდეგ აღმოჩნდა. მეტაფიზიკის გარდა, სლობოდზიანეკს ასევე აინტერესებს მე-20 საუკუნის ისტორია, განსაკუთრებით კომუნიზმის ფენომენი, როგორც ქრისტიანობის ანტითეზა. როგორც მკვლევრები მიიჩნევენ, სლობოდზიანეკის წერის ძალა, დრამატურგის მიერ გამოყენებული თეატრალური ფორმების მრავალფეროვნებაშია.[3]
სლობოდზიანეკის შემოქმედების მწვერვალად 2008 წელს შექმნილი „ჩვენ კლასია“ მიჩნეული.[4] 2010 წელს, ევროპულმა თეატრალურმა კონვენციამ 2009-2010 წლებში დაწერილ საუკეთესო ევროპულ პიესათა რიცხვს მიაკუთვნა. პირველი პოლონური დრამატურგიული ნაწარმოებია, რომელმაც პრესტიჟული პრემია ნიკე (Nike) დაიმსახურა.[5] პიესაში მოქმედება ვითარდება პოლონეთის პატარა ქალაქში, ძირითადად მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, 1925 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულების ჩათვლით, ფინალში 70-80-იანებში მიმდინარეობს, ძირითადი ნაწილი კი მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას. პიესა ეფუძნება, ქალაქ ჯედვაბნში მომხდარ რეალურ, ტრაგიკულ ამბავს, რომელიც ისტორიაში ცნობილია, როგორც „ჯედვაბნეს პოგრომი“ (Jedwabne pogrom).
„ჩვენი კლასის“ ფაბულის უმთავრესი მოვლენა ებრაელთა სასტიკი დარბევაა, რომლის შედეგადაც 300 პოლონელი ებრაელი სასტიკად ამოხოცეს. ზოგი ძაღლივით დაკლეს, უმეტესობა საბძელში გამოკეტეს (ქალები, ბავშვები, მოხუცები!) და დაწვეს. ეს არაადამიანური ქმედება ჩაიდინეს არა გერმანელმა ნაცისტებმა, არამედ პოლონელებმა. ამბავს პოლონელი და ებრაელი თანაკლასელი/პერსონაჟები ჰყვებიან. მხიარული, „უღრუბლოა“ მათი ბავშვობა, მოზარდობა. მათთვის არ არსებობს რასობრივი თუ სარწმუნოებრივი სხვაობა, ისინი მეგობრები არიან, მათ უყვართ ერთმანეთი, ებრაელი ყმაწვილებისთვის პოლონეთი სამშობლოა. ისინი გაიზარდნენ და მათი ხალისიანი ცხოვრება მთავრდება. იწყება მეორე მსოფლიო ომი, პოლონეთში, შესაბამისად მათ პატარა ქალაქში ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი ნაცისტური არმია შეიჭრება. ნაციონალური შუღლი, ანტისემიტიზმი მძაფრდება, რომელშიც ყოფილი უახლოესი მეგობრები აღმოჩნდებიან ჩათრეულნი. გაუპატიურებები, მკვლელობები და წამება, გადაიზრდება მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში. ქალაქში მცხოვრებ თითქმის ყველა ებრაელს კლავენ. გადარჩება რამდენიმე მათგანი. ძალადობა ომის დასრულების შემდეგაც გრძელდება. იწყება წარსულის გადააზრება, მაგრამ ეს ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა. ყველა საკუთარი პრიზმიდან აფასებს წარსულს.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ რომანტიკული დრამის არქეტიპების გამოყენება, ერთგვარ პოლემიკას ქმნის ტადეუშ კანტორის „მკვდარ კლასთან“, სლობოდზნიაეკი ამ ხერხით გვიყვება მოჩვენებებზე, რომლებიც ვერ წყნარდებიან და ვერც სიმშვიდეს პოვებენ.[6]
სლობოდზიანეკის „ჩვენი კლასი“ უამრავ ენაზე ითარგმნა, მათ შორის ქართული თარგმანის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი, როგორც ზემოთ აღვნიშნე თემურ ჩხეიძისთვის თამაზ გოდერძიშვილმა გააკეთა.
სოსო ნემსაძემ, ვფიქრობ, ალბათ, გამიზნულად, სხვა, კონკრეტულად კი ჯემალ ჭელიძის თარგმანი აირჩია დადგმის განსახორციელებლად. ადაპტაციის ავტორი თავად რეჟისორია (ერთი შენიშვნა მაქვს, პოლონურად დრამატურგის სახელი ჟღერს, როგორც ტადეუშ, სპექტაკლის აფიშაზე მთარგმნელის ვინაობა არაა მითითებული, რაც, ვფიქრობ, არასწორია. მთარგმნელმაც და სოსო ნემსაძემაც დრამატურგს რატომღაც უწოდეს - თადიუს). დრამატურგიული ტექსტის სასცენო ტექსტსად გარდაქმნისას დამდგმელმა ზოგი რამ ამოიღო, ზოგი მცირედად გადააკეთა, მაგრამ მოვლენათა რიგი პრინციპში სლობოდზიანეკის პიესის მიხედვით ააგო.
სტრუქტურულად სლაბოდზიანეკმა პიესა პერსონაჟების მიერ ამბის ქმედით თხრობა/გადმოცემაზე ააგო. დრამა 14 გაკვეთილად/მოვლენად არის დაყოფილი. ძირითადი კონფლიქტი, სწორედ 14 ეპიზოდის თანამიმდევრობისას იკვეთება. კულმინაცია დორას გაუპატიურების, ჩვილი ბავშვით საბძელში გამოკეტვის და სხვა ებრაელ მოსახლეობასთან ერთად ამობუგვის ეპიზოდია. რეჟისორმა სპექტაკლში დრამატურგიული სტრუქტურა შეინარჩუნა, მაგრამ პიესისგან განსხვავებით 2 მოქმედებად დაყო, რაც, ვფიქრობ, არასწორია. ეპიკური თხრობის სტილში შექმნილი დრამა დიდი მოცულობის არაა და დრამატურგმა გამიზნულად არ დაყო მოქმედებებად. გასაგებია, რომ რიტმი რომლითაც სოსო ნემსაძემ ააგო სპექტაკლი, მსახიობებისთვის ფიზიკურადაც და ემოციურადაც მძიმეა. მსახიობებისთვის რეჟისორის მიერ მიცემული ამოცანა რთული განსახორციელებელია შესვენების გარეშე, მაგრამ, ალბათ, შესაძლებელი. ამ შემთხვევას ესადაგება სტრინდბერგის გამონათქვამი ახალი დრამის და კამერული თეატრის შესახებ. პერიფრაზს გავაკეთებ: ახალი დრამები და დადგმები არ უნდა იყოს დაყოფილი მოქმედებებად, მაყურებელს არ უნდა მისცე საშუალება გამოვიდეს იმ ფსიქო/ემოციური მდგომარეობიდან, რომელსაც ნანახით განიცდის.
დრამაც და სპექტაკლიც მხიარულად იწყება. რუსთავის თეატრის სხვენში ასულ მაყურებელს პროჟექტორებით და ნეონებით განათებულ აივანზე, თანამედროვე მუსიკის ფონზე უწევს მოცდა, სანამ გოგი ქავთარაძის სახელობის დარბაზში შევა. დარბაზში შესული საკუთარი ადგილების ძებნისას მარჯვენა მხარეს მოწყობილ ბარს შეამჩნევ. პრემიერზე თეატრის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა გვამცნო, რომ ამგვარი ტიპის ექსპერიმენტული სათამაშო მოედანი სპეციალურად გააკეთეს მაყურებლის თეატრში მოსაზიდად. შემდეგ ჩაბნელებაა, ამონათება და ე. წ. სცენაზე საბჭოთა პერიოდის ხის სასკოლო ტიპის მერხები დგას, რომლებსაც ახალგაზრდა მსახიობები უსხედან და მხიარულად მღერიან. პირობითად იმ ეპოქის სკოლებში არსებული სასწავლო კლასის ასოციაცია იქმნება (სცენოგრაფი გიორგი უსტიაშვილი). თითოეული მსახიობი, როგორც საბჭოთა პერიოდში სასწავლო წლის დაწყებისას ხდებოდა ხოლმე, ფეხზე წამოდგომით, ხალისიანი განწყობით, მოკლე დახასიათებით გვაცნობს განსასახიერებელ პერსონაჟს. რეჟისორის ჩანაფიქრით, დაჩი ცაავას იაკუბ კაცი, ორგანიზატორული ნიჭითა დაჯილდოებული პერსონაჟი, რომელსაც მომავალში მასწავლებლობა სურს, ირგებს მასწავლებლის როლს, თანაკლასელ მეგობრებს მოუწოდებს სიჩუმისკენ და საკუთარი თავის წარდგინებისკენ. პიესაშიც და სპექტაკლშიც მოკლე, სხარტი დახასიათებით თავიდანვე ვიგებთ თითოეული მათგანის სახელს, ვინაობას, წარმომავლობას - ვისი შვილია, მამა რა პროფესიისა და რომელ სოციალურ წრეს განეკუთვნება, რაზე ოცნებობს, მომავალში ვინ უნდა რომ გამოვიდეს. ახალგაზრდა მსახიობები ოსტატურად უსადაგებენ ერთმანეთს ვერბალურ თხრობას ქმედებასთან.
როგორც აღვნიშნე, სტრუქტურულად სლობოდზიანსკის დრამა ქმედითი თხრობაა, დიალოგებით გაჯერებული. პიესის დასაწყისში ყველა მოქმედი პირის ჩამონათვალში დაბადების და გარდაცვალების თარიღებია მითითებული. აქედან გამომდინარე, დრამაშიც და სპექტაკლშიც პერსონაჟები - გარდაცვლილთა სულები, მოჩვენებები არიან.
სოსო ნემსაძემ, პიესიდან გამომდინარე სპექტაკლში მხოლოდ ახალგაზრდა მსახიობები დააკავა, ზოგი დასის წევრი, ზოგიც მოწვეული. დორა - ბარბარე ჩალაძე/მარიამ მღებრიშვილი, ზოხა-ნათია მელაძე/ანა შარვაძე, რახელკა-მარიანა - ანკა დიდმანიძე, იაკობ კაცი - დაჩი ცაავა, რისეკი - ნიკოლოზ გვაზავა, მენახემი - გიორგი კაკალაშვილი, ზიგმუნტი - ნიკა ჩხაიძე/ნიკო ფიფია, ჰენეკი - ვატო სანიკიძე, ვლადეკი - ნიკოლოზ გაგნიძე, აბრაამი - გიორგი ტოჩილაშვილი. აქვე აღვნიშნავ, დადგმა არა მარტო ფორმით, სარეჟისორო კონცეფცია/ინტერპრეტაციით, სცენოგრაფიით, განათებით, მუსიკალური გაფორმებითაა (კომპოზიტორი გიორგი მაისურაძე), საინტერესო, არამედ უპირველეს ყოვლისა გამოირჩევა სამსახიობო ნამუშევრით. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ხვდები, რამხელა შრომა აქვთ გაწეული რეჟისორსა და მსახიობებს. სოსო ნემსაძის მიერ მიცემული ამოცანის თანახმად თითოეული მათგანი, პიესასა და დადგმაში არსებული ათივე პერსონაჟის, ინდივიდუალურად გამორჩეულ სახეს ქმნის. ეს ეხება როგორც პერსონაჟის გრძნობათა ბუნებას, ფსიქო-ემოციურ ტიპს, ასევე ვიზუალურ გამოსახვას: პლასტიკას, ჟესტიკულაციას, მიმიკას. აუცილებლად აღსანიშნია თამარ მალაზონიას და ანა დალაქიშვილის მიერ შექმნილი კოსტიუმები, რომლებიც სხვადასხვა დეტალებით, მე-20 თუ 21-ე საუკუნის სამოსის მიმანიშნებელია. ვფიქრობ, რეჟისორმა და მხატვარმა კოსტიუმებში სხვადასხვა ეპოქაზე მინიშნება ორი მიზეზით გააკეთეს. პირველი: დრამატურგიულ ნაწარმოებში ამბავი, დროის თვალსაზრისით, თითქმის 70 წელს მოიცავს; მეორე: ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ სცენაზე განვითარებული ამბის მონაწილე თუ მოწმე ადამიანი/პერსონაჟები ყოველ დროსა და ეპოქაში შეიძლება არსებობდნენ.
სოსო ნემსაძე მიჰყვება დრამატურგის ხაზს და შემოქმედებით დასთან ერთად, წამოსწევს პრობლემებს და სვამს კითხვებს - რა გარემოებამ თუ ვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი სისატიკე; როგორ შეიძლბა, ერთ დროს მოსიყვარულე მეგობრები, ერთმანეთის მოსისხლე მტრებად იქცნენ, რატომ ბოროტდება ადამიანი; რატომ არის ადამიანი სიმხეცით ცხოველზე უარესი არსება; რა მოქვს შურისძიებას და გამართლებულია თუ არა შურისძიება.
სლობოდზიანეკის პიესა არ არის ტრაგედია, ტრაგედიები კორნელის და რასინის მერე აღარც შექმნილა. ეს არის თანამედროვე დრამის ხერხებით დაწერილი დრამატურგიული ნაწარმოები, სადაც სლობოდზოიანეკმა სხვადასხვა მიმდინარეობის თუ ჟანრის ფორმები სტრუქტურულად გააერთიანა. ანტიკური, აღორძინების, რომანტიკულის, ახალი დრამის, ეპიკურის, აბსურდის და სხვ. ვფიქრობ, პიესაშიც და სპექტაკლშიც მთავარი ადამიანის რაობის, ადამიანის არსებობის ეგზისტენციალური პრობლემაა წინ წამოწეული. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ადამიანის გაუსაძლისი მარტოსულობის პრობლემა.
რეჟისორი და სცენოგრაფი შეზღუდული შესაძლებლობის სასცენო სივრცეში, მინიმალური დეკორაციის გამოყენებით, პირობითად ქმნიან მოქმედების სხვადასხვა ადგილს. იქნება, ეს საკლასო ოთახი, პატარა ქალაქის მოედანი, დორას ბინა, საბძელი თუ სხვა. გახსნილი თამაშის ხერხი, რომელსაც რეჟისორი და შემოქმედებითი დასი იყენებს, მაყურებელს საშუალებას აძლევს მიიღოს პირობითი მინიშნებები. რა თქმა უნდა, პირობითობა ეხება მსახიობთა თამაშსაც. რეალურად მაყურებლის თვალწინ არც იაკუბ კაცს კლავენ საზარლად ზიგმუნტი, რისეკი, ვლადეკი და ზენეკი, არც დორას აუპატიურებენ რისეკი, ზიგმუნტი და ზენეკი, არც სბძელში 300-მდე ებრაელს ამობუგავენ ... მაგრამ, პირობითი თამაშის ხერხი, რომელსაც თავიდანვე გვთავაზობს რეჟისორი, ჰარმონიულად ერწყმის მსახიობთა გარდასახვას და მათ უნარს, მთლიანად მოიცვან მაყურებლის ყურადღება და მაყურებელზე ფსიქო/ემოციური ზეგავლენა მოახდინონ, განაცდევინონ და დააფიქრონ. და, რაც, მთავარია გაუჩინონ სურვილი გაანალიზონ პიესასა და სპექტაკლში წამოჭრილი პრობლემები და ეძიონ იმ კითხვებზე პასუხები, რაც მათ სპექტაკლის მსვლელობისას უჩნდებათ.
ბარი, რომელიც ახალ სასცენო სივრცეში შეიქმნა, რეჟისორმა სპექტაკლის ნაწილად აქცია. სპექტაკლის მსვლელობისას, აბრაამი, რომელიც მშობლებმა ამ საშინელი ამბების დაწყებამდე, სკოლის დამთავრების შემდეგ, აშშ-ში გაგზავნეს ახალი ცხოვრების დასაწყებად, პოლონეთის იმ პატარა ქალაქს თავის მშობლიურ ქალაქად მიიჩნევს და მუდმივად ენატრება - ქალაქიც მისი მაცხოვრებლებიც, ნათესავებიც და ალბათ, პირველ რიგში, თანაკლასელები. აბრაამი პერმანენტულად აგზავნის წერილებს კლასელებთან, უყვება თავისი ახალი ცხოვრების შესახებ და აინტერესებს თანაკლასელთა ამბები. ბარის დახლი ამონათდება ხოლმე, ერთ მხარეს ახალგაზრდა ლამაზი ქალი ზის და კოქტეილს მიირთმევს, დახლს მიღმა კი აბრაამი ჩნდება და თავადვე გვამცნობს წერილების შინაარს.
ვფიქრობ, სოსო ნემსაძის მიერ ადაპტირებულ/ინტერპრეტირებული „ჩვენი კლასი“ ადამიანთა რაობისა და ყოფიერების შესახებ გადმოცემული საზარელი ამბავია, რომელიც საუკუნეების წინ კი არა, სულ ახლახან XX საუკუნეში ვითარდებოდა და სამწუხაროდ, შესაძლოა სხვა ფორმით და სხვა შინაარსით XXI საუკუნეში გრძელდება.
რაც შეეხება რეჟისორის მიერ ჩაფიქრებულ წარმოდგენის დაწყებამდე გამართულ ერთგვარ კოქტეილ-ფართს, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ და ვფიქრობ, რომ რეჟისორმა გამიზნულად გააკეთა. და, აი, რატომ.
თითოეულ ადამიანს ხელოვნების ნაწარმოების ინდივიდუალური აღქმა აქვს. პირადად მე, „ჩვენი კლასის“ ნახვის შემდეგ, ჩემდა უნებურად, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის საზარელი დღეები გამახსენდა: 9 აპრილი; ე. წ. „თბილისის ომი“, რომლის დროსაც ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი, ძალადობრივი გზით ჩამოვაგდეთ და ქვეყნიდან გაქცევა ვაიძულეთ, ამაში ყველა დამნაშავეები ვართ და დღემდე ვიმკით მის შედეგებს; გამახსენდა, აფხაზეთის ომი, სადაც ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებმა (გარე მტრების დახმარებით) ერთმანეთი ამოვჟლიტეთ; გამახსენდა მხედრიონის ერთი ნაწილის თარეში სამეგრელოში; გამახსენდა სააკაშვილის მმართველობის ხანის სისასტიკეები: ოფიციალურად გაფორმებული მკვლელობები, 26 მაისის და 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციების საზარელი დარბევები; და, ოცნების მმართველობის პერიოდში: ე. წ. გავრილოვის ღამე; 2 წლის წინ არაადამიანური დარბევები ისევ მშვიდობიანი მანიფესტაციების! ევროპული მომავლის უარყოფა (რაზედაც არა მხოლოდ ჩვენ, ჩვენი სულმნათი წინაპრები ოცნებობდნენ) და კვლავ რუსეთის იმპერიისკენ მიბრუნება, რომელიც ისტორიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, უნდათ თუ არა, მაინც დაინგრევა, დაიშლება მარტივ მამრავლებად! ...
და, ამ ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული მოვლენების დროს, იყვნენ და არიან ადამიანები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც საერთოდ არ აწუხებთ, არ ანაღვლებთ, არ აინტერესებთ არაფერი. უფრო მეტიც მხიარულად ერთობიან, ამორალურად ცხოვრობენ, ამორალურად აზროვნებენ! ...
და, ბოლოს, სლობოდზიანეკის „ჩვენ კლასში“, ისევე როგორც დადგმაში, ყოფილ მეგობრებს თუ თანამოქალაქეებს შორის არაადამიანური მოპყრობის ხელშემწყობი ვითარებები თუ გარემოებები არსებობს. ქვეყნის დაპყრობა, საბჭოთა არმიის, შემდეგ ნაცისტური გერმანიის, მერე ისევ საბჭოთა არმიის მიერ (პოლონეთის უფრო ადრინდელ ისტორიას თავი რომ დავანებოთ). დამეთანხმებით ჩვენი ქვეყნის ისტორიასთან მსგავსება დიდია - მეფის რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება და გუბერნიებად მიერთება, 3 წლიანი დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ არ მოგვიპოვებია, ისევ რუსეთის შემოჭრა და საქართველოს დაპყრობა, ამჯერად წითელი არმიითა და გამყიდველი თანამოქალაქეების ხელშეწყობით.
სოსო ნემსაძის დადგმაში, სხვასთან ერთად, ეს სათქმელიც დავინახე: არასდროს, არც ერთ ვითარებაში, ადამიანმა არ უნდა დაკარგოს ადამიანობა! ყოველთვის უნდა გქონდეს შენარჩუნებული საღად აზროვნებისა და შეფასების უნარი (ამიტომ მისცა ღმერთმა ადამიანს და არა ცხოველს, ფრინველს ან სხვა არსებას, აზროვნების უნარი), და, რაც მთავარია, არსებობს ღირებულებები, რომლებიც სიცოცხლეზე მეტია!
ფოტო: გელა ბედინეიშვილი
[1] https://1tv.ge/audio/chveni-klasi-samefo-ubnis-teatrshi/#:~:text=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%9D%20%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98%20%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%20%E1%83%A9%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1,%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%20%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1.
[2] თამაზ გოდერძიშვილის - ინსცენირებები, თარგმანები, გადმოქართულებული პიესების სამტომეული, საქართველოს თეატრის და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრმა“ 2020 წელს დაბეჭდა. სამტომეულის გამოცემის იდეა უნივერსიტეტის პროფესოსრს, რეჟისორ გიორგი (გოგი) მარგველაშვილს ეკუთვნის.
[3] https://www.adit.art.pl/en/authors/slobodzianek-tadeusz
[4] იქვე.
[5]https://culture.pl/en/work/our-class-tadeusz-slobodzianek
[6] https://culture.pl/en/work/our-class-tadeusz-slobodzianek