top of page

ჭიათურა - რაზე ლაპარაკობს თეატრი?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

335608019_679941233820978_7502533018989568709_n.jpg

ტატო ჩანგელია

ჭიათურა - რაზე ლაპარაკობს თეატრი?

 

რაზე ლაპარაკობს თეატრი, როგორია მისი გამოხატვის საშუალება, და ყველაზე მნიშვნელოვანი - ვის ემსახურება. ალექსანდრ ბრენერი ერთ არცთუ ისე ძველ ლექსში იკითხავს „ვისთვის მუშაობთ, თქვენ მუშაკნო კულტურის?“ ვფიქრობ ეს ის საკვანძო კითხვაა, რომელსაც ხელოვანი, საკუთრივ კი თეატრის რეჟისორი უნდა ეკითხებოდეს საკუთარ თავს, ყოველი ახალი ნაწარმოების დადგმისას, ყოველი ფეხის ნაბიჯის გადადმისას. ნაცვლად რელატიური, სპექტაკულარული ხელოვნების შექმნისა, რომელიც ვიწრო წრეების ესთეტიკურ კმარობაზეა ორიენტირებული, ის უნდა ემსახურებოდეს სახალხო ინტერესებს, განსაკუთრებით კი იმ წერტილში, სადაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა.

 

***

ჭიათურაში მაშინ თოვდა, თოვდა ისე, როგორც არასდროს. ადგილობრივების თქმის, რაღაც ასეთი 70-იან წლებში იყო. აკაკი წერეთლის სახელობის თეატრი, რომელიც თავისი არქიტექტურული მონაცემებით მსოფლიოს თეატრებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია, მთელი თავისი დიდებულებით იდგა გათეთრებული კლდის წიაღში. მაღაროები, როგორია ეხლა მათი მდგომარეობა - ვსვამ კითხვას მსახიობებთან, თეატრის დირექტორთან, სამხატრო ხელმძღვანელთან. პასუხი არ არის, თითქოს მაღარო საერთოდაც არ იყოს ამ ქალაქში. საერთოდაც არ იყოს ამ ქალაქის გული მაღარო. შემდეგ იყო სიგარეტის მოწევა გაყინულ მისაღებში, თეატრის დარაჯთან. მლადენ დოლარისა არ იყოს, ერთგვარი მწეველების კომუნიზმი დაიბადა ჩვენს შორის, ვსაუბრობდით მაღაროზე.

-მაისამდე არ მუშაობს - მეუბნება მაღალი, ჭაღარაში გადაწყობილი დარაჯი. -თუმცა ხელფასების გარკვეულ პროცენტს უხდიან, - შემდეგ ქალაქის მთავარ სევდას გადმოსცემს - ადრე აქ ყველაფერი კარგად იყო, მაღარო ქუხდა, ხალხს ცხოვრება გვიხაროდა, ეხლა ყველაფერი უკუღმაა, ხალხი მირბის, ადრე თუ ამით (მარგანეცი) ვცხოვრობდით, ეხლა ამისთვის ვკვდებით.

ასეა ეს: ჭიათურა თავისი ბუნებრივი წიაღით უნდა იყოს ყველაზე მდიდარი ქართული ქალაქი, მაგრამ აქ სახალხო რესურსი გაბატონებული ეკონომიკური კლასის ხელშია, ვინც ღობავს, ითვისებს და აუარესებს ჩვენს ყოველდღიურობას.

ეს პოლიტიკა ყველაზე უფრო კარგად, გამჭვირვალედ და სასტიკად სწორედ ჩვენს ინდუსტრიულ ქალაქებში ჩანს. ჭიათურა, კაზრეთი, ტყიბული...

 

***

ჩვენ ვსვამთ, სპექტაკლი უკვე დასრულებულია, ვსვამთ დირექტორის კაბინეტში, კონიაკს. გარეთ თოვს კვლავინდებურად. შეზარხოშებული თეატრმცოდნეები იხსნებიან, კბილებს შორის დატოვებულ ეკლერის ნარჩენებს რეპრეზენტირებენ ბავშვური სიცილით. ვიმარტოხელებ თეატრის სამხატრო ხელმძღვანელს: მაღაროები? მთვრალი სენტიმენტალიზმით ველაპარაკები გაშავებულ მდინარე ყვირილაზე.

-იცი, მაღარო, მაღარო, მაღარო... ხალხს რაღაც სხვა სჭირდება. მე მაქვს გეგმა... - ამბობს სამხატრო ხელმძღვანელი.

შემდეგ კიდე ვსაუბრობთ.

შემდეგ ჩაფიქრებული სახე: -არა, ხო, მაღარო ქალაქის გულია, ამ ქალაქში მართლა ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს.

შემდეგ სამხატრო ხელმძღვანელი გადის და აღარ ბრუნდება.

-ჭიათურაში იყო პირველი ჩოგბურთის კორტი -ამბობს თეატრის დირექტორი. - ჩვენ კომპანია „ჯორჯიან მარგანეცის“ ფინანსური მხარდაჭერით ვამზადებთ სპექტაკლს ამ ყველაფერზე.

-ვინ დგამს? ვინ წერს ტექსტს?

-წერს ვალერი ოთხოზორია, დგამს საბა ასლამაზიშვილი - არის პასუხი.

-ქართული თეატრის „ახალი ტალღა“.

ქი, ქი, ქი, ქი

ხა, ხა, ხა, ხა...

 

***

თოვლიან ჭიათურას გიორგი კლაინის სპექტაკლის „ზვავი“ სანახავად ვესტუმრეთ, რაც ამ სპექტაკლში სანახავი იყო, უკვე ხანში შესული, ლეგენდარული ქართველი მსახიობი როდენ ჩაჩანიძე, რომელმაც თავისი არტისტიზმითა და მაღალი პროფესიონალიზმით, არც ამ კონცეპტუალურად მორღვეულ სპექტაკლში დაიკარგა თავი. ამბავი იმისა იყო, თუ როგორი ცუდია ტრადიციები, საკუთრივ კი ქორწინებამდე სექსუალური კავშირის, როგორ აჩერებს წინსვლას, თუმცა ეს ტრადიცია არც ფართო სურათით იყო დანახული, და არც ის საწარმოო თუ საზოგადორბივი ურთიერთობები იყო წარმოდგენილი, რამაც განსაზღვრა და ჩამოაყალიბა ეს ტრადიცია. კლასიკური: ან, ან - თეორიით იხელმძღვანელა რეჟისორმა და გვითხრა, რომ სიყვარული და სიმართლე შეაკავებს ყველანაირ ზვავსო.

არსებობს ავთენტური და არაავთენტური პიესები, მაგალითად, ამ პიესას შეიძლება გარკვეული სოციალური როლი ეთამაშა მარნეულის რაიონში, სადაც ასეთუ ისე აქტუალურია მოცემული საკითხი, თუმცა ჭიათურის რა გითხრათ... აქ, ხომ დიდი ხანია ზვავია ჩამოწოლილი, ჯორჯიან მანგანეცის სახით, რომელიც ერთი ხელით აფინანსებს „ახალი ტალღის“ ქართველი თეატრალების მუშაობას, მეორე ხელით კი ძარცვავს და ანადგურებს ქალაქს...

ჭიათურის თეატრის ნახევრად ცარიელ დარბაზში, თეატრმცოდნეებისთვის, მერიის თანამშრომლებისთვის და სხა მისთანებისთვის აჩვენებდნენ სპექტაკლს, აქ არსად იყო ადგილობრივი მოსახლეობა, აქ არიყვნენ მაღაროელები, მათი ოჯახის წევრები.

ეს იყო არაავთენტური წარმოდგენა.

 

***

რეგიონის თეატრებისადმი მზერა სამწუხაროდ არასერიოზულია, თეატრალური უნივერსიტეტის კულისებში არსებობს ასეთი ბრიყვული გადანაწილება: მსახიობები დედაქალაქისთვის და რეგიონისთვის. ამ უკანასკნელს ცხადია ნაკლებად „ხარისხიანი“, ნაკლებად „ნიჭიერი“ ახალგაზრდები ითვისებენ. ჭიათურის თეატრში პირველად პრემია „დურუჯის“ ფარგლებში მოვხვდი, თათა თავდიშვილის ქორეოგრაფიული პერფორმანსის წარდგენა იყო, ეს განცდაც პირველად მაშინ გამიჩნდა, როგორც ერთი სახალხო გამოთქმა ამბობს: სად ერეკლე და სად მარლენ დიტრიხიო?! როგორც ამ პერფორმანსისა მივხვდი, იმ პერიოდის მომხდარს: ღამის კლუბის დარბევას და შემდეგ აქციებს რეპრეზენტირებდა.

ეს არაფერ შუაში იყო ქალაქთან.

ეს იყო არაავთენტური, როგორც გიორგი კლაინის სპექტაკლი.

 

***

არსებობს ასეთი ტერმინი: მსხვერპლშეწირვის ზონები.

ასეთია ჭიათურა. თუ კი გსურთ ნახოთ ტრანზიციის შედეგები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში გაბატონებული ახალი პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგისა, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ჭიათურას. - პირვანდელი დაგროვება ნიღბის გარეშე, ფასადებს მიღმა.

 

***

მაისში ჭიათურის მაღარომ მუშაობა აღადგინა. ივსნისში გაიფიცა. ისინი 14 მოთხოვნით წარდგნენ. ერთ-ერთი იყო ჭიათურის ეკოლოგიური გადარჩენა.

სად იყო, სად დგას და სად დადგება მომავალში თეატრი, როცა ქალაქს კაპიტალის დაუოკებელი, თვითმზარდ ბრუნვაზე ორიენტირებული, სოლიფსისტური თვითგანაყოფიერების მონსტრი აზის, რომელიც შეუქცევადად აგრძელებს საკუთარ გზას და არ აინტერესებს ადამიანები და გარემო, კულტურა და განვითარება, მისი ერთადერთი საზრუნავი მზარდი მოგებაა.

იმ დროს, როცა თეატრი ცენტრალურიდან მზერას პერიფერიულისკენ მიმართავს, დამნაშავეა და დგას ექსპულატატორის სამსახურში.

ასეა ეს.

bottom of page