ჩემი იმედი არ გქონდეს, მამა!
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
სტუდენტი
ჩემი იმედი არ გქონდეს, მამა!
2021 წლის 28 ნოემბერს გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერა შედგა და კვლავ ეხმიანებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ოჯახური ურთიერთობები, პრობლემები და დამოკიდებულებები ოჯახის წევრებს შორის. ზოგადად უნდა ითქვას, რომ რეგიონულ თეატრებში გორის თეატრი საკმაოდ აქტიური რეპერტუარით გამოირჩევა, და არა მხოლოდ. რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი თავისი სპექტაკლებით საკმაოდ აქტუალურ და მნიშვნელოვან პრობლემებს ეხება, რაც შემდგომ განაპირობებს მაყურებლის ინტერესს.
ფლორიან ზელერის პიესის მიხედვით განხორციელებული სპექტაკლი „მამა“ ტრილოგიის მეორე ნაწილია. პირველი ნაწილი „ვაჟიშვილი“ 2020 წლის აპრილში დაიდგა და მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ამ სპექტაკლის ორი მონაწილე (ქეთი ლუარსაბიშვილი და დაჩი ბაბუნაშვილი) დაჯილდოვდნენ, როგორც წლის საუკეთესო მსახიობები.
ტრილოგიის ორივე ნაწილი საკმაოდ რთული და ემოციური ნამუშევარია. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი მნიშვნელოვან და საკმაოდ თვალსაჩინო ჯაჭვს აბამს სპექტაკლებს შორის. ორივე ნაწილს ერთმანეთთან ძალიან ბევრი საერთო აქვს, დაწყებული რეჟისორული გადაწყვეტებითა და ჩანაფიქრებით, დამთავრებული მაყურებლის განლაგებით და კიდევ ბევრი სხვა რამ, უფრო მარტივიც და რთულიც.
სპექტაკლში ნათლად ჩანს ალცჰაიმერით დაავადებული მამისა და მისი ქალიშვილის ურთიერთობა. რეჟისორმა ერთი ოჯახის მაგალითზე გვაჩვენა საკმაოდ დიდი პრობლემა, რაც განსაკუთრებით ხშირია ახლანდელ საზოგადოებაში, რადგან ძირითადად სხვა ინტერესები დგას პირველ ხაზზე, გარდა ამისა, მშობლებსა და შვილებს შორის გაციებული ურთიერთობა და გაუცხოება საწინდარია იმ საზოგადოდ დიდი პრობლემისა რომლის წინაშეც ვდგავართ, როგორც რეალურ ცხოვრებაში ასევე დავით ჩხარტიშვილის დადგმული სპექტაკლის ან კი ფლორიან ზელერის პიესის კითხვისას. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი,რომ რეჟისორი ძალიან მინიმალისტური ცვლილებით გვთავაზობს სპექტაკლს და ახერხებს ზელერის პიესის მთავარი სათქმელი საკმაოდ ემოციურად მიიტანოს მაყურებლამდე. ამ ყოველივეს ხელს უწყობს ის ფაქტორიც რომ მაყურებელი არა პარტერში,არამედ სცენაზე განთავსებულ სკამებზე სხდება, სამი მხრიდან მოწყობილია პატარა პარტერი (ისევე როგორც ტრილოგიის პირველ ნაწილში) ამგვარი განლაგების საშუალებით მაყურებელი თითქოს მოქმედების უშუალო ნაწილი ხდება, მიუხედავად იმისა,რომ არანაირი ინტერაქცია არ აქვთ მსახიობებს მაყურებელთან. ამგვარი გადაწყვეტით მაყურებლისთვის ყველაფერი გაცილებით თვალსაჩინოა და მარტივად ამჩნევს თითოეულ დეტალს (მიმიკა, ჟესტიკულაცია, ემოციური ცვალებადობა, ინტონაცია და ა.შ). ამრიგად, მგონია, რომ ამ შედეგის მიღწევა შემოქმედებითი ჯგუფის სწორმა ემოციურმა კავშირმა განაპირობა. თუმცა მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ძირითადი სცენები ისეა გადაწყვეტილი, რომ, დამრჩა განცდა, თითქოს მსახიობების თამაში მხოლოდ ერთ მხარესაა მიმართული. მარჯვენა და მარცხენა მხარეს მჯდომი მაყურებელი კი ფაქტობრივად გვერდიდან უყურებს მოქმედებას. ჩემი აზრით, ასეთი განლაგება ბოლომდე გამართლებული და უფრო ეფექტური მაშინ იქნებოდა თუ აბსოლუტურად ყველა დეტალი ისე იქნება გადაწყვეტილი და განაწილებული (რეჟისორის მიერ), რომ ნებისმიერ ადგილას მჯდომ მაყურებელს ჰქონდეს საშუალება სწორად და პირდაპირ აღიქვას თითოეული სცენა (ან სულაც მხოლოდ ერთ მხარეს იყოს მაყურებელი).
პიესაშიც და სპექტაკლშიც პროტაგონისტი ალცჰაიმერით დაავადებული მამაა (გიორგი გოგუაძე). შესაბამისად, ლოგიკურია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი მიმართულია მამის პერსონაჟის ამოსახსნელად. თუნდაც დეკორაცია, რომელიც სცენაზე შესვლისთანავე იპყრობს მაყურებლის ყურადღებას,ჩამოკიდებული სამი უტრირებულად დიდი პიჟამა რაც იდენტურია მამის კოსტიუმისა (მხატვარი-თამარ ჭავჭანიძე). სანამ უშუალოდ, მის სამსახიობო შესრულებაზე ან პერსონაჟის განხილვაზე გადავიდოდე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ გიორგი გოგუაძემ ტრილოგიის პირველი ნაწილისგან („ვაჟიშვილი") აბსოლუტურად განსხვავებული სახე შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე სპექტაკლში მამის როლს ასრულებს. „ვაჟიშვილში" პერსონაჟი სხვა პრობლემის წინაშე დგას, ტრილოგიის მეორე ნაწილში კი განსხვავებული ამოცანების შესრულება უწევს, თუმცა რატომღაც მქონდა მოლოდინი, რომ მსახიობის შესრულებაში ამოვიკითხავდი პერსონაჟებს შორის გარკვეულ მსგავსებას.
საბედნიეროდ, გიორგი გოგუაძემ საინტერესოდ შექმნა მამის პერსონაჟი, რომელიც მაყურებელში ერთდროულად იწვევს ბრაზსა და თანაგრძნობას, მეტიც, უიმედობით მოცული გმირი, მაყურებელში ერთგვარ შიშს აღვივებს. მის ხასიათში ვხვდებით ეგოისტურ გამოვლინებებსაც. მამა,რომელსაც ერთადერთ გზად და ძალად ქალიშვილი მიაჩნია მაქსიმალურად ცდილობს მუდმივად მის ყურადღებას იპყრობდეს და შესაბამისად ერთადერთ ქალიშვილს „ცხოვრებას უმწარებს“, რადგან პიერს (მამას) მარტოობისა და მომავლის ეშინია. პირადად ჩემთვის, მსახიობი გიორგი გოგუაძის შესრულება აბსოლუტურად ბუნებრივია, ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე.
სპექტაკლის დასაწყისში პიერი ფეხსაცმელს წმენდს, ყოველგვარი უტრირების გარეშე, თუმცა ცხადია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. შემდეგ კი ვხედავთ ჯაჭვივით გადაბმულ ფერად ფეხსაცმელებს, რომელიც ერთგვარად გვაჩვენებს გმირის განვლილ ცხოვრებას. რეჟისორისა და მხატვრის ერთობლივ ნამუშევარში ძალიან საინტერესო გადაწყვეტა გვხვდება. სარკისებური დეკორაცია, რომელიც სპექტაკლის კულმინაციურ სცენაში მაყურებლის პირისპირ აღმოჩნდება. ამ სცენით რეჟისორი ერთგვარად სარკეს გვიდგამს და საკუთარ თავს გვაჩვენებს. ვფიქრობ, ამგვარი მეტაფორა საკმაოდ ეფექტური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, რეჟისორი საკმაოდ მასშტაბურ პრობლემას ეხება, სადაც მაყურებელს ღიად უტოვებს კითხვას და თუნდაც, რამდენიმე საათი მაინც აგრძნობინებს თავს პერსონაჟების ადგილას.
უკვე არაერთხელ აღვნიშნე, რომ დავით ჩხარტიშვილი დიდ პასუხისმგებლობას იკისრებს, ნათლად გვაჩვენებს აღნიშნულ პრობლემას, თუმცა არ ხსნის გადაჭრის გზას. მეტიც,რომელ პერსონაჟს ამართლებს რეჟისორი, ფაქტობრივად არ ჩანს. მე რომ მკითხოთ, ეს გზა, თუნდაც მარტივი, საკმაოდ საინტერესოა და გადაჭრით ვერ ვიტყვი რამდენად კარგი, ცუდი ან გამართლებულია, ალბათ ესეც მაყურებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს.
რეჟისორი არა, მაგრამ თითოეული პერსონაჟი თავისი გმირის გამართლებას დიდი ძალისხმევით ცდილობს და მაყურებელი უკიდურესობის წინაშე დგება. ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ანიკო ცეცხლაძე გახლავთ, რომელიც პიერის ქალიშვილის - ანას პერსონაჟს თამაშობს. მისი ოსტატობის ხარჯზე ჩიხში შევყავართ,რადგან მამის პერსონაჟისაგან გულმოგებული მაყურებელი ანას პერსონაჟის მიმართ დადებითად განეწყობა. თუმცა ძალიან მალე მოქმედების განვითარების კვალდაკვალ მაყურებლის დამოკიდებულება იცვლება,რადგან ერთ მხრივ მზრუნველი ქალიშვილი, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს ავადმყოფი მამის მიმართ, ხდება შვილი, რომელიც მხოლოდ მოვალეობის მიზნით უვლის. ყოველივე კი შესაძლოა ზიზღშიც გადაიზარდოს, რაც ამორალურობის მიუხედავად მაინც გამართლებულია, რადგან ანიკო ცეცხლაძის პერსონაჟს ბრძოლა საკუთარ თავთანაც აქვს. ერთ მხრივ, მივიჩნევ, რომ ანიკო ცეცხლაძის პერსონაჟი ძალიან ერთფეროვანია, გამართლება რომელიც შეგვიძლია მოვუძებნოთ არის, რომ ქალიშვილი გადაიღალა ყოველდღიურობით და ბოლომდე დაცლილია ემოციებითა და ენერგიით. ფაქტობრივად ცხოვრებამ და არსებულმა ვითარებამ არჩევანის წინაშე დააყენა. გააგრძელოს მოხუცი, ავადმყოფი მამის მოვლა, რომელსაც ეგოისტურად მისი „გაშვება“ არ სურს თუ მიხედოს საკუთარ, პირად ცხოვრებას.
საკმაოდ ემოციური და,პირადად ჩემთვის გამაღიზიანებელი, სცენაა როდესაც ანა და ანდრე (სოსო მგალობლიშვილი) მამის უტრირებულ კოსტიუმში მოექცევიან, ეს რეჟისორისაგან მეტაფორული გზავნილია, რომ თითქოს ცდილობენ პიერის ტყავში შეძრომას, თუმცა ამ სცენაში მთავარი ისაა,რომ პერსონაჟები მამას საკენკს უყრიან, რაც მისთვის ძალიან დამამცირებელია. ვფიქრობ, ეს კონკრეტული სცენა მაყურებლისთვის საკმაოდ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა და დიდხანსაც გაჰყვება.
სპექტაკლში კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟია, რომელსაც ნათია ტატულაშვილი განასახიერებს.მომვლელი, რომელიც პირველი აღმოჩნდება,ვინც მოახერხებს და დადებითად განაწყობს პიერს. ახალგაზრდა ქალი, გოგო რომელიც თინეიჯერივით გამოიყურება, მუდმივად ორიენტირებულია მამის პერსონაჟის კეთილგანწყობაზე. შეუძლებელია მაყურებელი მის მიმართ არ განეწყოს დადებითად.ვფიქრობ,ნათია ტატულაშვილმა მოახერხა და თავისი სამსახიობო ოსტატობით სპექტაკლს შესძინა დადებითი განწყობა და ლოგიკურია,რომ მაყურებლის მხარდაჭერაც დაიმსახურა.
ორი ანდრე გვხვდება სპექტაკლში, ორივე უცნაური და უხეში პერსონაჟი. ერთ-ერთი ანდრეს (ანას საქმრო) როლს სოსო მგალობლიშვილი ასრულებს. მსახიობი რამდენიმე მხრიდან გვაჩვენებს პერსონაჟის ხასიათს და როგორც უკვე ვახსენე, სოსო მგალობლიშვილიც ცდილობს საკუთარი გმირის გამართლებას. ისიც დილემის წინაშე დგას, თუმცა, დამრჩა განცდა, რომ მისი ზრდილობიანობა, ეთიკურობა და ინტელიგენტობა მხოლოდ იმიჯია და რეალურად ზუსტად ისეთია, როგორიც მამის-პიერის წარმოსახვაში,სხვა ანდრეა (ზაზა ცარულაშვილი).
სპექტაკლის დასასრულს, როდესაც პერსონაჟი იმ მდგომარეობაშია, რისაც ყველაზე მეტად ეშინოდა, ისევ ძალაგამოცლილი უენერგიოდ ებრძვის მარტოობას. მთელი თავისი განვლილი მრავალფეროვანი ცხოვრება თავზე ეყრება, რასაც რეჟისორი კვლავ მეტაფორულად გვაჩვენებს, ფერადი გადაბმული ფეხსაცმელების საშუალებით. და მაინც რჩება კითხვა, ვინ არის დამნაშავე? ან კი მართალი?
გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენიდან დავით ჩხარტიშვილი ძალიან მტკივნეულ და ხშირად თანამედროვე საზოგადოებისათვის ტაბუირებულ თემაზე გვესაუბრება. მე რომ მკითხოთ, ეს არ არის უბრალოდ წარმოდგენა, რადგან მთელი ციკლი, ტრილოგია პრობლემის მნიშვნელობაზე მიგვითითებს და პრობლემის გადაჭრის ძიების საკმაოდ საინტერესო მეთოდს მიმართეს.
რჩება მოლოდინი, როდის და თუ ვიხილავთ ტრილოგიის მესამე ნაწილს.
რედაქციის მინაწერი: დავით ჩხარტიშვილი რეცენზიის გამოქვეყნების პერიოდში აღარ ხელმძღვანელობს გორის თეატრს. იმედს ვიტოვებთ, რეჟისორი ტრილოგიის მესამე ნაწილს სწორედ გორის თეატრის მსახიობებთან ერთად გორის თეატრშივე განახორციელებს, ახლა უკვე მოწვეული რეჟისორის ამპლუაში.