
„ჭამე, დალიე, იცეკვე“ - ცხოვრება საქართველოში ....
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
.jpeg)
22.07.2026
ლელა არაბიძე
„ჭამე, დალიე, იცეკვე“ - ცხოვრება საქართველოში ....
„გუშინდელნი დღეს“ თავისუფალ თეატრში
1917 წელს ქართველმა დრამატურგმა, შალვა დადიანმა დაწერა პიესა, რომელიც აგერ უკვე ერთი საუკუნეა აქტუალობას არ კარგავს, ერთი საუკუნეა უპირობოდ თანამედროვე და მძაფრია ტექსტი, რომელიც გულს გიკლავს, ჩაგაფიქრებს და გთრგუნავს, ასე იბადება შეგრძნება- ყოვლისმომცველი და რთული, ამ შეგრძნებებს რასაკვირველია აორმაგებს მისი აღმატებულება თეატრი, სადაც ნათლად ჩანს სინამდვილე, ტრაგედია და განცდა.
თავისუფალ თეატრში რეჟისორმა თინათინ კორძაძემ სპექტაკლი „გუშინდელნი დღეს“ (ტექსტის ადაპტაციის ავტორი თავად რეჟისორია) პედაგოგ შალვა გაწერელიას ხსოვნას მიუძღვნა, თავად შალვა გაწერელიას ეკუთვნის ამ ნაწარმოების ერთ ერთი ყველაზე ცნობილი დადგმა ქართული თეატრის სცენაზე, კონკრეტულად კი, თეატრალურ ინსტიტუტში (2000 წელი)
წარმოდგენის ყველა პერსონაჟი სულიერ სიცარიელეშია, ან კი როგორ შეიძლება ამაღლებულ გრძნობებზე საუბარი იქ, სადაც საზოგადოება მანკიერების შემზარავ თვისებას მოუცავს, ისინი მზად არიან ფეხქვეშ გაეგონ ყველას, „დიდკაცებს“ ვისაც მათი აზრით შეუძლიათ მოცემულობის შეცვლა, თუმცა მოცემულობის შეცვლა საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებისკენ კი არ არის მიმართული, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ამ „დიდკაცების“ თავგასულობისკენ და ეს ამ პატარა სოფლის მცხოვრებლებმა ძალიან კარგად იციან, თუმცა ცვლილებებისთვის ძალა არ ჰყოფნის არც მამასახლის მალხაზს, არც მის პრანჭია ცოლს- კეკელას, არც ახალგაზრდა თაობას, მათ შვილებს-აგრაფინასა და ადიკოს, არც თავად კოწიას- არც მამასახლისის მოწინააღმდეგე ჯიბო კვანტრიშვილს და არც სხვებს. „მოქმედება სწარმოებს ჩვენში, 1905 წლის შემდეგ 1910 წლამდე“ წერს შალვა დადიანი რემარკის სახით პიესის დასაწყისში, თინათინ კორძაძის სპექტაკლში მოქმედება თანამედროვე დროში ხდება, თუმცა სოფლის თავის აივანზე შეკრებილი მოსახლეობა აქაც ისევ ვიღაცის მოლოდინშია, ვიღაც ლიდერის, მშველელის, გადამრჩენელის, მზადაა ყველაში გადამრჩენელი დაინახოს და რეალური ცვლილებებისთვის არც ძალა ჰყოფნის, არც სურვილი, არც ენერგია - რა საჭიროა საერთოდაც რამის კეთება, როცა შეიძლება მოვიდეს ვინმე, ვინც გადაგვარჩენს?..
თამუნა ნიკოლაძემ გამორჩეული და დასამახსოვრებელი სახე შექმნა- ის ცრემლიანი სინამდვილით წარმოგვიდგენს პრანჭია მამასახლისის ცოლს, მზრუნველ დედას, კარგ დიასახლისს, გამოსასვლელი კაბით, ლამაზი ვარცხნილობითა და მიხვრა-მოხვრით, (სცენოგრაფიის ავტორი და კოსტიუმების მხატვარი თეო კუხიანიძეა- განსაკუთრებით გამოვარჩევდი ამ დადგმაში სახასიათო კოსტიუმებს, ისინი კარგად გამოხატავენ გმირების შინაგან მდგომარეობას) იმ დიდი სევდით, რაც ამ სოფელში მცხოვრებ ყველა ადამიანს თავს დასტრიალებს, უიღბლობითა და სპეციალური სტუმრის მოლოდინით, აქაოდა იქნებ რამე გვეშველოსო - კეკელაც ვერ ხვდება თავის მხრივ, რომ ეს საშველი იქვეა, მაგრამ სხვაგან ეძებენ, ამიტომ მოცემულობა არ იცვლება და სპექტაკლის ფინალშიც პერსონაჟებს შორის სწორედ ისეთი სულიერი სიცარიელეა, როგორც წარმოდგენის დასაწყისში..
„გუშინდელნი დღეს“ ასე დაარქვა სპექტაკლს რეჟისორმა და წარმოგვიდგინა საზოგადოება, რომელნიც დღეს სწორედ ისეთები არიან, როგორებიც გუშინ იყვნენ, რა შეიცვალა საუკუნესა და ცოტა მეტი ხნის შემდეგ? მაშინ თუ მაზრის უფროსის სტუმრობას ელოდა მთელი სოფელი გულდასმითა და ნეტარებით, ახლა ის არათუ მაზრის უფროსი, არამედ თანამედროვე პოლიტიკოსი ან დიპლომატია- მას მისტერ ედუარდი ჰქვია, ჯაბა კილაძე წარმოგვიდგენს უემოციო, ცუდი ინგლისურით მოსაუბრე, ტრაფარეტულ და პრაგმატულ ადამიანს- მისთვის სულერთია სად მოვიდა, რა უნდა ამ სოფელში, რატომ შესცქერის ეს უიმედო ხალხი იმედით მას, რატომ მოდის ყველა ცალ ცალკე და ესაუბრება საკუთარ პრობლემაზე, რატომ ასმენენ ერთმანეთს ეს ხალხი მასთან, ვინ არის საერთოდ ეს ხალხი? მამასახლისი მალხაზი, რომელიც სოფლის მაცხოვრებლების ელემენტარულ პრობლემებს ვერ აგვარებს, გაღატაკებული თავადი კოწია, სულელი ფოფოდია, რომანტიკოსი და სევდიანი ფაცია, რეალისტი აგრაფინა, საზღვარგარეთ განათლება მიღებული და სამშობლოში დაბრუნებული დაბნეული ადიკო... მათი შემხედვარე უცხოელი სტუმარი კი, რომელსაც ქართველები იმედის თვალით და ძრწოლით უყურებენ, სულაც არ ფიქრობს ქართველების გაბედნიერებაზე, ეს რასაკვირველია ყველა დეტალში იკვეთება- დაწყებული მისტერ ედუარდის გამოჩენის პირველივე წუთიდან, როდესაც იგი მისალმების ნიშნად ხელს უქნევს საზოგადოებას, საშინელი სიყალბე და ფარისევლობა ჩანს ამ პირველივე ჟესტიდან - ჯაბა კილაძის პერსონაჟი და მისი თანმხლები ქალი - კნეინა ჩიტუნია გვაგონებენ მსოფლიოს თანამედროვე პოლიტიკოსებს, რომლებიც, უშფოთველად გვიქნევენ ხელს და მოგვიწოდებენ სიმშვიდისკენ, ეს კადრი ტელევიზიისა და სოციალური ქსელის საშუალებით არაერთხელ გვინახავს და გაგვღიმებია, რადგან ეს გაღიმება და ხელის ქნევა რეალურ შედეგს არ დებს, გაუბედურებულ, გაღატაკებულ სოფელში სადაც თავად კოწიას „ჭადი რომ ჭადია, ის არ აქვს სახლში“.
სწორი ტემპორიტმისა და დინამიკის წყალობით კომედია სწრაფად გარდაიქმნება ტრაგედიად, მსახიობთა ანსამბლი არ კარგავს ჟანრის აღქმას, მათ შორის აღსანიშნავია ბირთვი- თამუნა ნიკოლაძე - კეკელა, კახა მიქიაშვილი - თავადი კოწია, ჯაბა კილაძე- მისტერ ედუარდი, ჯიბო კვანტრიშვილი - მამუკა მუმლაძე, აღტაცებული სოფელი მისტერ ედუარდს ეგებება, გაღატაკებული თავადი კოწია სელფს იღებს, სადაც გახარებული ხალხია აღბეჭდილი - ამით დამდგმელი გუნდი ხაზს უსვამს მძიმე რეალობას - როდესაც ყველაფერი ფოტოების გადაღებამდე და შემდეგ მის სოციალურ ქსელში განთავსებამდე მიდის, ამის შემდეგ კი აღარავის აინტერესებს შედეგი როგორი იქნება, ყველაფერი ფარისევლური და ყალბია, საცოდავი ადამიანების ბედი ხომ არავის ანაღვლებს, არც მაშინ - როცა შალვა დადიანის პიესაში მაზრის უფროსი ჩამოდის ერთ ერთ ქართულ სოფელში და არც ახლა,როდესაც მისტერ ედუარდი თანამედროვე ქართულ პროვინციას ეწვია, ის კოწიას ქალიშვილს ეარშიყება: „მე რომ მკითხოთ, ქართველები სულ უცხოელებს უნდა გაჰყვეთ ცოლად, ახლა რა ხართ? მონები ხართ, ერთი ბატონისგან მეორე ბატონის ხელში გადადიოდით, ვიცი თქვენი ისტორია, ვიცი“ იქედნურად ესაუბრება ფაციას, რა არის მისთვის ეს ქვეყანა? ქვეყანა, სადაც ჭამენ, სვამენ და ცეკვავენ, უბედურება ისაა, რომ მისტერ ედუარდი ამას არც მალავს, ეს ნათელია, ხალხი კი ისეა დაბრმავებული, ამას ვერ ხედავს, თვალზე ბინდი აქვთ გადაკრული, ამ ყოყლოჭინა, ვერაგ ადამიანში გადამრჩენელს ეძებენ, ქვეყანას ანდობენ და არ ფიქრობენ სადამდე მივა ეს ყოველივე, დაღუპვა ხომ გარდაუვალია?
ერთადერთი აგრაფინა ამოთქვამს დედასთან დროდადრო საზარელი რეალობის მაუწყებელ სიტყვებს: “ყველანი წავიდნენ, ციხე ბურჯი ისე მიტოვებულია, ეკლესია გუმბათდამტვრეულია, სასწავლებელი - კარგამოკეტილი, ბაღი - გავერანებული, ბოგირი - ჩაცვენილი,გზებიც ისევ გაფუჭებულია“ ტირის აგრაფინა - სალომე ჭულუხაძე წარმოგვიდგენს ახალგაზრდა ქალს, რეალისტსა და სევდიანს, რომელიც ფაქტებს პირდაპირ უყურებს და რეალობას მძაფრად აღიქვამს, ამიტომ დასდევს მას მუდმივად სულიერი სიცარიელის შეგრძნება, ამიტომ რჩება სიცარიელე მაშინაც, როდესაც მისტერ ედუარდი ხელს სტაცებს ღატაკი თავადი კოწიას ქალიშვილს - ფაციას და ცოლად წაიყვანს, ეს ჟესტიც სწორედ ისეთი არაფრის მომცველი და ყოველგვარი რეალობისა და ემოციისგან დაცლილია, როგორც ადამიანები ახალდაქორწინებული წყვილის ირგვლივ, რა ბედნიერება უნდა შვას ამ სინთეზმა? ალბათ მხოლოდ ის, რომ უდღეურ სიღატაკესა და უჭადობას გადაურჩა ფაცია და ამიერიდან საჭმელზე ფიქრი აღარ მოუწევს, თორემ ბუნებრივია, ამ ფარისევლურ ქეიფსა, დროსტარებასა, ჭამასა და სმაში სიყვარული არ დაბადებულა და არც რომელიმე რეალური გრძნობა, მოვიდა მისტერ უცხოელი, დაგვცინა, იმედი მოგვცა და იქვე საშინელი უიმედობა დათესა, არაფერი არ შეცვალა, არც ცვლილების მოლოდინი დატოვა, გამოეთხოვა სოფლის თავის ეზოში შეკრებილ დაუცველ ხალხს და ხელის ქნევით დაგვემშვიდობა. საზოგადოება, კი იმის მაგივრად ამაზე აღშფოთდეს, მისტერ ედუარდს გულში იხუტებს და მადლობას სწირავს ფაციას ცოლად მოყვანისთვის, მადლობას სწირავს კაცს, რომელიც ღიად და ხმამაღლა გვილახავს თავმოყვარეობას ადა ღირსებას და ღიმილით ჰყვება რა არის მისთვის ჩვენი ქვეყანა - „ჭამე, დალიე, იცეკვე“ აი ცხოვრება საქართველოში.
ნორმალურ, შემდგარ ქვეყანასა და საზოგადოებაში საზღვარგარეთ განათლება მიღებული და მშობლების - კეკელასა და მამასახლისის - სახლში დაბრუნებული ადიკო ფაციას ახალგაზრდული გულწრფელობით შეიყვარებდა, დაიბადებოდა გრძნობები და სიცოცხლის ახალ გზას ექნებოდა დასაბამი, მაგრამ ადიკოს ცვლილებებისთვის ძალა არ ყოფნის, ამიტომ იმარჯვებს ის - ვისაც ხალხი თავისი უუნარობით ძალაუფლებას აძლევს, აძლევდა მაშინაც, 1910 წელს, როცა „მოქმედება სწარმოებს ჩვენში“ და აძლევს ახლაც - თანამედროვე ყოფაში - როცა ღატაკი თავადი კოწია მოწადინებული ცდილობს სელფის გადაღებას - სპექტაკლის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ წრეზე ვივლით მანამ, სანამ ლიდერებს დაველოდებით, ისინი კი უმოწყალოდ შეაფასებენ ჩვენი ცხოვრების კონცეფციას: „ჭამე, დალიე, იცეკვე“ „ჭამე, დალიე, იცეკვე“ ...........