
ცეკვა „რიორიტას“ მელოდიის ფონზე...
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

მანანა თევზაძე
ცეკვა „რიორიტას“ მელოდიის ფონზე...
ზურაბ კანდელაკს, შემიძლია ვთქვა, უხსოვარი დროიდან ვიცნობ... რადიოს დრამატულ გადაცემათა რედაქციაში, იმ დროს დავიწყე რედაქტორად მუშაობა, როდესაც ბატონი სულიკო გაწერელია იყო უფროსი რედაქტორი. იქვე იყვნენ რედაქტორები ლამარა კიკილაშვილი და შოვინა ქაცარავა, რეჟისორები თამაზ მესხი და ბადრი მიქაშავიძე. მუსიკალური რედაქტორები ლია წკეპლაძე, შემდეგ ლალი იმნაიშვილი და უფრო შემდეგ - ლალი სეთურიძე. ზურიკო დრამატულ გადაცემათა რედაქციის რადიოთეატრის მთავარი რეჟისორი იყო.
XX საუკუნის 70-80 წლები ქართული რადიოთეატრის ოქროს ხანაა, როდესაც არაჩვეულებრივი ქართველი მსახიობების მონაწილეობით შესანიშნავი რადიოდადგმები შეიქმნა. ყოველ დღე, შუადღის 3 საათზე, ეთერით გადაიცემოდა ქართული თუ ევროპული, კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურის მიხედვით ინსცენირებული რადიოდადგმების ჩანაწერები და მერწმუნეთ, უამრავი რადიომსმენელი ელოდა მათ.
საქართველოს რადიოში თეატრალური ხელოვნების ამ ჟანრის ჩამოყალიბება ბევრად უფრო ადრეულია. მისი ისტორიის შესწავლა კი ძალიან საინტერესო და საშური საქმე, სანამ ჯერ კიდევ არსებობს „ოქროს ფონდში“ დაცული ჩანაწერები და რაც მთავარია, არის ზურაბ კანდელაკი, რომელიც უამრავი ღირებული ფაქტის მომსწრეა და რაც მთავარია, რადიოთეატრის შემოქმედების უშუალო მონაწილე.
ზურაბმა, 1967 წელს დაიწყო რადიოში რეჟისორად მუშაობა. 1973 წლიდან უკვე მთავარი რეჟისორია. წლების განმავლობაში სხვადასხვა თეატრებსა და ტელევიზიაში დგამდა სპექტაკლებს. იგი რეჟისორია ცნობილი ტელესპექტაკლებისა: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“, „გამარჯობა, ჩვენო მამებო“, „დავიწყებული ამბავი“, „ენერგიული ადამიანები“...
500-ზე მეტი რადიოსპექტაკლი აქვს დადგმული თბილისში, ასევე ბუდაპეშტში, ტალინში, ვარშავაში, მოსკოვში, მინსკში.
1990 წელს, მისმა რადიოპიესამ ,,ბევრი რამ ხდება, ჰორაციო...” პირველ საკავშირო რადიოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა.
1994 წელს მისმა რადიოპიესამ ,,რეპეტიცია”, რადიოდადგმების საერთაშორისო ფესტივალზე ,,გრან-პრი” დაიმსახურა. იმავე წელს, ეს პიესა სლოვენიაში დაიდგა, ხოლო 1995 წელს - გერმანიაში (WDR). იმავე წელს, გერმანიაში, ქ. ბონის ენისა და ლიტერატურის სახლში მოეწყო ,,ბევრი რამ ხდება, ჰორაციო...”-ს განხილვა. ცნობილ გერმანელ მწერლებთან და რადიოს მოღვაწეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბონის უნივერსიტეტში, რადიოთეატრის პრობლემების შესახებ გამართულ დისკუსიაში.
1996 წელს, ,,რეპეტიცია” და ,,კურდღლები” სლოვაკეთში დაიდგა, 2002 წელს - ,,დაუმთავრებელი პიესა” - იუგოსლავიაში. 1997 წელს, „რეპეტიცია”, ,,დოიჩლანდ რადიომ” გააცნო თავის მსმენელებს. 1998 წელს, ,,გამარჯობა, სენიორ პირანდელო”, ,,PRIX EUROPA”- ს საუკეთესო რადიოპიესების ათეულში შევიდა და იმავე წელს ისლანდიაში განხორციელდა.
2002 წელს ,,PRIX EUROPA”-ს საუკეთესო რადიოპიესების ათეულში მოხვდა ,,მელოდრამის ჩვეულებრივი ხიბლიც”, 2003 წელს კი, ეს რადიოპიესა მან თვითონ დადგა პოლონეთში.
2005 წელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი რადიოსპექტაკლი ,,კიდევ ერთხელ სიყვარულზე, ანუ ჩაო, ჩაო”, აღინიშნა ,,PRIX EUROPA”- ს, ჟიურის სპეციალური პრიზით.
2021 წლის ნოემბერში, სწორედ ზურაბ კანდელაკის ძალისხმევით, მსახიობმა თენგიზ არჩვაძემ უილიამ შექსპირის 66-ე სონეტი ჩაწერა, რომელიც საქართველოს რადიოთეატრის სახელით 2022 წელს ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო რადიოდრამის ფესტივალზე გაიგზავნა. რადიოდადგმამ „გვჭირდება თუ არა შექსპირი?“ მსმენელის სიმპათიის პირველი პრიზი დაიმსახურა.
რადიოსპექტაკლმა „ნიშნად სიყვარულისა“ კი, 2024 წელს, დიდ ბრიტანეთში, მსმენელთა მოწონების პრიზი მოიპოვა. ასე რომ, „რეპეტიციის“ მიერ გახსნილი გზა ევროპისაკენ, სასახელო აღმოჩნდა ზურაბ კანდელაკის შემოქმედებისა და ქართული რადიოთეატრისათვის.
ზურაბ კანდელაკს გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული ,,უფალო, გამიყვანე დერეფნის ბოლოს”, რომანები: „უძრავი ქარი“ და ,,მშვიდობა მსოფლიოს!", რომელშიც სტუდენტობიდან დღემდე დაწერილი მისი ლექსებია შესული.
ასეთი მრავალმხრივია ზურაბ კანდელაკი, მაგრამ დღეს ორიოდე სიტყვის თქმა მინდა თეატრალურ რეჟისორ - ზურაბ კანდელაკსა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში მის მიერ დადგმულ სპექტაკლზე „მოსასმენი თამაში მაყურებლისათვის“. უნდა აღვნიშნო, რომ პიესა, რომელიც კვლავ ზურაბს ეკუთვნის, მისი მწერლური ნიჭის კიდევ ერთი დასტურია და სოხუმის დრამატულ თეატრში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „SITFY საქართველოს“ ფარგლებში საუკეთესო დრამატურგიისათვის გადაეცა პრიზი.
კარგა ხნის შემდეგ პირველად მოვხვდი თეატრში, როგორც მაყურებელი, თანაც ჩემი ამხანაგების, ახლო ადამიანების, არაჩვეულებრივი არტისტების - ლილი ხურითისა და გივი ჩუგუაშვილის სპექტაკლზე.
გივი, რომელთანაც სტუდენტობის უმშვენიერესი წლები მაკავშირებს, ლილი კი, შემდგომი წლების შენაძენია, რომელსაც თეატრალურ საზოგადოებაში, ბატონი დოდო ალექსიძის კაბინეტში შევხვდი. იგი მაშინ ფეხს იდგამდა სამსახიობო ცხოვრებაში და ცხინვალის თეატრის სულ ახალგაზრდა მსახიობი, სხაპასხუპით უამბობდა ბატონ დოდოს იქაურ ამბებს.
ამ ადამიანების შემოქმედებით ბიოგრაფიას ჩემი თვალსაწიერით ასე თუ ისე, კარგად ვიცნობ, სრულიად მჯერა მათი ნიჭიერების და მე, როგორც ძალიან სუბიექტური ადამიანი, ვენდობი მათ კეთილშობილებას.
პიესა - „მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“, აფხაზეთიდან დევნილ მსახიობებზეა, რომლებიც რომელიღაც თოქშოუს ქასთინგზე მოხვედრილან და როლების გამეორებისას, ფრაგმენტულად იხსენებენ განვლილ ცხოვრებას, განცდილ ტკივილებსა და ჩაფერფლილ ოცნებებს. მათი საუბარი ისეთია, არაერთხელ რომ გაჟღერებულა ნებისმიერი თეატრის სამსახიობო ფოიესა თუ საგრიმიოროში. ცხოვრება, რომელმაც გვერდით ჩაიარა და მოსაგონებლად ნახევრად ცარიელი ფურცლები დატოვა.
ეს სპექტაკლი რამდენჯერმე ითამაშეს სოხუმის თეატრის სცენაზე. უფრო ადრე პიესის კითხვა - წარდგინება, მწერალთა სახლში შედგა.
თეატრის დარბაზში შევლისთანავე ჩემს მეგობრებს მივესალმე, რომლებიც ასევე კარგა ხანია არ მენახა და სულ მალე სინათლეც ჩაქრა. დაისადგურა იმ იდუმალმა მოლოდინმა, სპექტაკლის წინ რომ ისადგურებს ხოლმე.
სცენა, სიგრძეზე ჩამოშვებული ცისფერი ფარდებით - შირმებითაა შემოზღუდული და მართლაც მოგაგონებთ რადიოსტუდიას, მით უფრო რომ ავანსცენაზე ორი მიკროფონი დგას. სცენის მორთულობა ძუნწია, ერთ მხარეს, მაღალ შტატივ-სადგამზე მდგარი პატეფონი, შავი, მრგვალი მაგიდა, ორი სკამით და იქვე პიუპიტრი; მეორე მხარეს კი - ცისფერ ნაჭერგადაფარებული ოთხკუთა მაგიდა...
აქეთ გივი, იქეთ - ლილი...
რეჟისორის წინასიტყვაობაც გაისმა და სცენაზე გამოჩნდნენ... გივი და ლილი - გიორგი და სალომე!
გამახსენდა, რომ რამდენი ხანია გივის ფეხი არ დაუდგამს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, თუმცა ათეული წლებია ამ თეატრის გამორჩეული მსახიობია და არა ერთი და ორი როლი კარგად შეუსრულებია თემურ ჩხეიძესთან.
იწყება სპექტაკლი, ისმის პირველი ფრაზები, რომელთაც გიორგი წარმოსთქვამს:
- ზოგიერთი სიზმარი მოგონებას გავს, ზოგიერთი მოგონება კი, სიზმარივითაა... სად მთავრდება სიზმარი და სად იწყება მოგონება... იქნებ სიზმარი დავიწყებული წარსულია?... სიზმარი თუ დავიწყებული მოგონება...
და ისმის გივის სასიამოვნო ბარიტონი, სითბოთი წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას, ცალკეულ ბგერებს, მსახიობი თითქოს ეალერსება...
და წაიმღერებს კიდეც... წარსულის სასიყვარულო ლანდები იღვიძებენ და იღვრებიან გიორგის ფრანგულ სიმღერაში.
კოსტუმიც ისეთი სიმპატიური აცვია: შავი შარვალი და მაისური, თეთრი ტილოს პიჯაკი, მოყავისფრო კაშნე და ტილოს შავი ქუდი.
ზოგიერთი მოგონება მართლაც სიზმარს ჰგავს, სად იწყება ერთი და ან მეორე?
ასე მგონია, ეს ზურიკოს მოგონებებად ქცეული სიზმრებია, მისი ცხოვრება სიზმრებში, ბავშვობის დროინდელი ეჟვნებიანი ეტლით... ცხოვრება,სადაც პატეფონი გაქრა... როგორც უსარგებლო ნივთი...
რადგან მისი თქმით, სოხუმში ყოველ ზაფხულს ჩადიოდა და ეს სპექტაკლიც იმ ადამიანებისთვისაა გათვლილი, ვინც სოხუმში ცხოვრობდა, ვისთვისაც სოხუმი ზღაპარი და ნოსტალგიაა...
ლილი, თავისი ვარცხნილობით, მუნჯი კინოს მსახიობ ვარსკვლავ ქალს მაგონებს. ხან ფართოფარფლიან ქუდს ირგებს თავზე, ხან გამჭვირვალე, გრძელფოჩიან ბლონდს.
ხოლო მისი კოსტუმი, 20-იანი წლების მოდელებისგვარად, ფენებად ჩამოშვებული კაბის ნაცრისფერი და პირისფერი სართულები, წინ გულისპირზე შეკრული ბაფთა და გრძელი მძივი, ხაზს უსვამს მსახიობის ნაზი, ფარფატა სხეულის მოქნილობას...
ისმის სიმღერა და ლილიც მღერის, ლილის ხმა მიჰყვება „ტრავიატას“ მუსიკალურ ნოტებს.
ლილის ფრთხილი, ფაქიზი მოძრაობები... ყურთან მიტანილი ნიჟარა... ნიჟარა ხომ საოცარ ხმას გამოსცემს? ევკალიპტების კორომის, თოლიების, ვებერთელა მედუზების... მანდარინების ბაღის ხმებს...
... მე შენ მიყვებოდი, მე მჯეროდა შენი სიყვარულის...
ისეთი ლამაზია ლილი ამ თავისი, ვიოლეტასეული თუ მარგარიტასეული განცდებით...
ერთმანეთს ენაცვლება არჩვეულებრივი მელოდიები და... და კვლავ გული მწყდება, რომ ლილის ნიჭიერება სათანადოდ ვერ არის გამოყენებული კინოეკრანზე.
ეს არის დუეტი ორი შესანიშნავი მსახიობის, რომლებიც შესანიშნავად ფლობენ სამეტყველო აპარატს, ხმას, სხეულს. მათი განცდათა გულწრფელობა გადამდებია, თუმცა სიტყვების თამაში, ზოგჯერ გულისმომკვლელი. აბა, როგორია მოსასმენია მსახიობი ქალისათვის ფრაზა: - შენი ვიოლეტა არავის სჭირდება!
მათი ცქერისას არაჩვეულებრივი ფილმი მახსენდება „ჯინჯერი და ფრედი“, იქაც ხომ ორი ასაკოვანი მოცეკვავე ხვდება ერთმანეთს საცეკვაო სცენაზე.
რადიოთეატრის ჟანრი მსახიობს საკუთარ თავში ჩაღრმავების საშუალებას აძლევს, როდესაც მას შეუძლია იყოს ესა თუ ის გმირი და პიროვნული განცდა, აზრი, დამოკიდებულება ამ გმირისადმი, ყველას გასაგონად გადმოსცეს. ეს ბრეხტისეული მეთოდი, რადიოთეატრისათვის სწორედ რომ ზედგამოჭრილია. მსმენელის მრავალრიცხოვნობა, ხელს აძლევს ამ ჟანრისათვის დაწერილ დრამატურგიულ მასალას იყოს უშუალო და პირდაპირი აზროვნების სიმახვილით, თავისი მოწოდებით. რადიო პროპაგანდის შესანიშნავი საშუალებაა და ამ სპექტაკლის შემთხვევაში, ზურაბ კანდელაკი, როგორც ძალიან გამოცდილი, დახვეწილი რადიორეჟისორი, საკუთარ განცდათა და დამოკიდებულებათა, მოგონებათა და აჩრდილთა სამყაროს ამზეურებს. მის იმპრესიონისტულ პროზა-დრამატრურგიას ერთი მოგონებიდან მეორეში გადავყავართ და განწყობილებათა ცვალებადობით სავსე, აქცენტისათვის, უცხო და ამავე დროს ძალიან ნაცნობ და საყვარელ ავტორთა ნაწარმოებებიდან გვთავზობს რეპლიკებს. თემა, თემას ენაცვლება, ჩნდებიან ახალი, შიდა დინების პერსონაჟები, საკუთარი ისტორიებით, რომელთა რეალობაც ნაცნობი და ამაღელვებელია თეატრალური საზოგადოებისათვის. ჩვენ თვალწინ, ან იქნებ უფრო სწორი იქნებოდა, ჩვენ ყურს მიღმა ცოცხლდებიან ისინი - გემის კაპიტანი და მსახიობი ქალი... ჰორიზონტზე - თეთრი გემი, რომელსაც ელის ლამაზი ქალი, გაქვავებული ქალი და მასზე შეყვარებული მსახიობი მამაკაცი... მაგრამ იქნებ ყველაფერი მირაჟია და ყველა მოგონება დასიზმრებული, თუ თავად მათ მიერ შეთხზული ისტორია?
რეჟისორის მიერ შეთხზულ სამყაროში ცხოვრობენ გივისა და ლილის გმირები - გიორგი და სალომე, რათა მაყურებელს - მსმენელსა და მხედველს, უამბონ ზოგადად და კონკრეტულადაც, მსახიობთა ცხოვრებისეულ ტკივილებზე, აუხდენელ ოცნებებზე.
ამ თეატრალურ პერსონაჟთა კარუსელში დროდადრო გაიელვებს თემა - დავბრუნდებით? მხოლოდ სად? ზღვის ხმაურში თუ მთების ძახილში? განსხვავებული ხედვების მრავაფეროვანი სამყარო, რომელიც არასდროს სრულდება, რადგან იქ, მათ სახლში სხვები ცხოვრობენ...
ლიტერატურისა და არტისტიზმის ჭიდილში, ხანდახან არტისტული ურთიერთობა იბნევა, იკარგება და მაშინ კი დრამატურგიაა გამარჯვებული. მაინც მაკლდება მოქმედება, რახან თეატრია და სცენაზე ხდება ამბავი, თუნდაც ცეკვა - „რიორიტას“ მელოდიის თანხლებით... ლილის ცეკვა მაინც...
მუსიკალური გადასვლა და კვლავ ძლიერდება სოხუმის მონატრებული განცდა,
ამდენი წელი გავიდა, მთელი ცხოვრება, ჰო, ცხოვრება გავიდა და დარჩა მოგონებები... იქნებ მხოლოდ სიმღერა, რომ იყო ჩიტი ბეღურა და იყო სიყვარული ან თუნდაც, ნეტავ, სიკვდილის შემდეგ თუ ვნახავთ სიზმრებს?
ჰო, ეს სრულიად სხვა ჟანრია რადიოთეატრის, სადაც მთავარი სიტყვაა და სიტყვით მოტანლი აზრი და ემოცია, განწყობილება, სახეები...
სპექტაკლის დასაწყისშივე, გაფრთხილებასავით გაჟღერებული დიქტორის ხმა გვეუბნება, რომ „არაფერი იქნება გასაოცარი, რომ ავტორისეული სრული თავისუფლება არ არის შეზღუდული დროით და სივრცით, მას შეუძლია გამოიყენოს ყველა ლიტერატურული ხერხი, იქნება ეს ცნობიერების ნაკადი თუ მასალის ორგანიზების ასოციაციური მეთოდი... რომ, თუ ჩვენ მივყვებით ასოციაციების ჯაჭვს, შესაძლებელია, ამან გააცოცხლოს წარსულის სურათები... ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზე იქნება დამოკიდებული... შემოქმედებით ფანტაზიაზე“.
აი აქ, ვაწყდებით სტილისტურ სიახლეს, რომელიც დამდგმელმა რეჟისორმა შემოგვთავაზა - სცენაზე მოწყობილ რადიოსტუდიაში გათამაშებულ ჩაწერას...
ზურაბ კანდელაკი: - „ევროპაში ძალიან პოპულარულია რადიოპიესის თამაში მაყურებლის თვალწინ. ეს ფორმატი პირველად უნგრეთში ვნახე, სადაც სპექტაკლს ვდგამდი. იქ ერთ-ერთ ბარში იდგა მიკროფონები და მსახიობებმა პიესა მაყურებლის თვალწინ წაიკითხეს. დასრულების შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებასა და მსახიობებს შორის დიალოგი გაიმართა. როგორც აღმოჩნდა, მაყურებელს სურს იმ მსახიობების ნახვა, ვისი ხმაც რადიოთი ესმით და აქცენტი ყოველთვის პოპულარულ მსახიობებზე კეთდება. სამი წარმოდგენის შემდეგ, უკვე სპექტაკლის ჩაწერა ხდებოდა და დამონტაჟებულ ჩანაწერს რადიოეთერში უშვებდნენ.
ასეთივე თამაშს დავესწარი გერმანიაში, სადაც მსახიობები მაყურებლის წინაშე დიდ საკონცერტო დარბაზში წარდგნენ. ჩანაწერი იმავე დღეს, პარალელურ რეჟიმში კეთდებოდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ეს იდეა ძალიან მომწონდა და მის განხორციელებაზე სულ ვფიქრობდი. ახლა კი პროექტის განხორციელება თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით შევძელით, ხოლო სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე ჩვენს შეთავაზებას, სპექტაკლი სოხუმის თეატრში წარმოგვედგინა, დიდი აღფრთოვანებით შეხვდა და გვერდში დაგვიდგა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი“.
მისთვის, ვისაც რადიოდადგმის ჩაწერის პროცესთან შეხება ჰქონია, სპექტაკლში ბევრი რამ ნაცნობია, მაგრამ ამავე დროს განსხვავებულიც, რადგან მსახიობები მიკროფონს არ არიან მიჯაჭვულნი, სცენაზე თავისუფლად მოძრაობენ და მათი ემოციები მხოლოდ ხმით კი არ გადმოიცემა, არამედ სცენური მოქმედებით, სცენური ურთიერთობით, გამომეტყველებით და რაც მთავარია, უშუალო სცენური საუბრით. თუმცა რადიოს ფენომენი სწორედ იმითაა საინტერესო და მომხიბვლელი, რომ ყველა ამ სამსახიობო ხერხს ხმა აერთიანებს და უმნიშვნელო ნიუანსებით გრძნობთ იმ ქმედებებს, რასაც ჩვეულებრივ, სცენაზე ვხედავთ.
სპექტაკლში, შინაარსობრივად და ბიოგრაფიულად თითქოს ახალი არაფერია, ორი მსახიობის შეხვედრა და წარსულის სურათების გაცოცხლება. მსგავსი ლიტერატურული ხერხი დიდი ხნის აპრობირებულია, არტისტული მონოლოგის მოსმენა, ყოველთვის საინტერესო და ამაღელვებელია მაყურებლისათვის, უცხო სამყაროსთან მიახლოების მსურველთათვის, მით უფრო, როდესაც სცენის ოსტატებთან გვიწევს შეხვედრა.
სტილისტური სიახლე, რასაც „ჰორშპილი“ გვთავაზობს, რადიო და თეატრალური სცენური ხერხების ერთმანეთთან ჰარმონიული შერწყმაა, გამომდინარე მსახიობების არტისტული მონაცემებიდან და რეჟისორის ფანტაზიისგან, ანუ თეატრი ყველგან თეატრია თავისი ხერხებითა და საერთო გადაწყვეტით.
მთელ წარმოდგენას რეფრენად გასდევს - ერთ დროს მე შენ მიყვარდი...
ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ცოცხლები ვართ, რომ ხელოვნება უკვდავია...
ბოლოს ერთი კი მაინც ცეკვავს „რიორიტას“ მელოდიის ფონზე, მაგრამ მე მაინც უფრო მეტად მსურდა ცეკვა ჩქარი, ვნებიანი, მთელი ღამე რომ ცეკვავდნენ, ისეთი...