top of page

ცეცხლოვანი სპექტაკლი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

201258511_4255457967838664_3329795081385368823_n.jpg

ელენე შალუტაშვილი

ცეცხლოვანი სპექტაკლი

გიორგი სიხარულიძის სპექტაკლთან - ,,სისხლიანი ქორწილი’’ დაკავშირებით არაერთმა ადამიანმა აღნიშნა, რომ მასში ესპანური ტემპერამენტი იგრძნობოდა. რეჟისორმა ესპანელი პოეტისა და დრამატურგის ფედერიკო გარსია ლორკას სიმბოლისტური პიესა გაამარტივა, შეკვეცა და მეტად რეალისტური გახადა. მეთოდს, რომლითაც გიორგი სიხარულიძემ იმუშავა ევროპაში ,,რედუქციონიზმს’’ უწოდებენ. იგი გულისხმობს ნაწარმოების ,,ძვლამდე“ ჩასვლას, სიმძიმის ცენტრის მოძებნას, ზედმეტი ტექსტის გაცხრილვას და მის ჩანაცვლებას ზუსტი ტემპორიტმით, ენერგეტიკით, მსახიობთა შინაგანი დინამიკითა და გამომსახველობითი საშუალებებით. სავსებით არაა გასაკვირი, რომ ფედერიკო გარსია ლორკას პიესის სიმძიმის ცენტრი ის შთამაგონებელი ემოციური ქარცეცხლია, რომელსაც მის სამშობლოში ,,დუენდეს’’ უწოდებენ.

წმინდა წყლის ,,დუენდეს’’ გამოვლინებად ესპანელები იმპროვიზაციას მიიჩნევენ, განსაკუთრებით ზეპირ პოეზიას, მუსიკასა და ცეკვას. მიუხედავად ყოველი გათვლილი დეტალისა, რეჟისორი მსახიობებს იმპროვიზაციისთვის უდიდეს სივრცეს უტოვებს. სპექტაკლში მრავლადაა ცოცხალი მუსიკა (ვოკალი - მაია მიქაბერიძე, მუსიკალური გამფორმებელი - ანი მურღულია) და ცეკვა (ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე, სასცენო მოძრაობა - შოთა გეგიაძე). შესაბამისად, სპექტაკლი ყოველ ახალ წარმოდგენაზე ახალი კუთხით წარმოჩინდება, იმპროვიზაცია მას დროსა და სივრცესთან შეზრდილს ხდის. მიუხედავად მისი მუდმივი მეტამორფოზისა, იგი ყოველ ჯერზე ცეცხლოვანია, ვინაიდან მასში ყოველ განცდასა თუ ქმედებას, სწორედ ,,დუენდე“ შობს. თავად სცენაზე დომინირებს ფორთოხლის ფერი (მხატვარი - თეო კუხიანიძე), განათების დახმარებით იგი ცეცხლის ეფექტს ახდენს.

თეატრმცოდნე ბორის ზინგერმანი ფედერიკო გარსია ლორკას პერსონაჟებზე წერს: ,,ლორკასთან სიკვდილი არ მიდის უმოქმედო და დაცემულ გმირებთან, რომლებიც მის მოსვლას ელოდებიან ისე, როგორც ეს არის ბეკეტისა თუ მეტერლინკის პიესებში, არამედ თავად გმირები თავზეხელაღებით მიექანებიან საკუთარი აღსასრულისკენ. ისინი ისე უახლოვდებიან სიკვდილს, როგორც ხარი და ტორეადორი ერთმანეთს - ორივე თავს სიტუაციის მმართველად აღიქვამს. სიკვდილის საშიშროება გარსია ლორკას დრამატულ პერსონაჟებს ანადგურებს, თუმცა ამასთანავე თავისკენ ეძახის, აუბედურებს, მაგრამ მაგნიტივით იზიდავს.’’
 

ატმოსფეროს შექმნა ვფიქრობ, რეჟისორის უმთავრესი და ყველაზე რთული ამოცანაა. ჩემი აზრით, გიორგი სიხარულიძემ უპირველეს ყოვლისა, ლორკასთვის  ესოდენ დამახასიათებელ - მუდმივი განგაშის მდგომარეობაზე გააკეთა აქცენტი. მისი გადაწყვეტა, რომლის მიხედვითაც სასიძოს დედა ჰყვება ამბავს,  გარდაუვალი ტრაგედიის განცდას ამძაფრებს. ეს მაყურებელს წინასწარ ამცნობს ფინალურ მოვლენას, მაგრამ ლორკას პერსონაჟების მსგავსად სისხლიანი ამბავი დამსწრე საზოგადოებასაც მაგნიტივით იზიდავს. დაძაბულ ვითარებაში სცენაზე ადამიანის სახით სტიქიური მოვლენა გვევლინება. შემოდის ლეონარდო (კონსტანტინე ფოცხვერაშვილი),  ერთადერთი პერსონაჟი, რომლის სახელიც პიესაშია მითითებული. თავად სახელი ლეონარდო ცხოველთა მეფესავით ძლიერს ნიშნავს. ლეონარდოს გამოჩენა სცენაზე სიყვარულისა და სიძულვილის ქარიშხალს ბადებს. 

ლორკას პიესები ჟანრულად მრავალფეროვანი და სტრუქტურულად რთულია. მისი სცენური ანალოგის მოძებნა საკმაოდ რთულია. სამ მოქმედებიანი პიესა ოთხმოცდაათ წუთში მოექცა, ტექსტის უმნიშვნელოვანესი შრეები კი არ დაკარგულა. სცენები ძალზედ სწრაფად იცვლება, ასე მოქნილად სრულიად განსხვავებული ატმოსფეროების შექმნა გამომსახველობითი საშუალებების თანხლებით ხდება. ეს მოვლენა ამ შემთხვევაში სავსებით არ ამარტივებს ამოცანას. მცირედი შეცდომის, არასწორი აქცენტის დასმის შემთხვევაში სცენა განწირულია ჩავარდნისთვის. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეთა გუნდური მუშაობაა. დედისა (ანა ბერელაშვილი / ნანუკი მაკრახიძე) და შვილის (გიორგი გიორგიძე) თბილი საუბრიდან გადასვლა ლეონარდოსა და მისი ცოლის (ელისაბედ რუხაძე, ქეთევან მუმლაძე) დაძაბულ დიალოგზე ხდება. შემდეგი გამოქვაბულის სცენაა, სადაც სარძლოს მამასა (დავით ჩოგოვაძე) და მოახლეს (ანანო ლომიძე) შორის თვისობრივად სხვა მოვლენაზე - სარძლოს (ნუცა აბაშიძე / ანა ბანძელაძე) ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იწყება საუბარი და ა.შ. ახალბედა მსახიობების თავდადებული მუშაობა არამხოლოდ კარგი პედაგოგიკის, არამედ პირველ რიგში მათში არსებული უდიდესი ენთუზიაზმისა და თეატრის მიმართ სიყვარულის შედეგია.

პირადად მე სპექტაკლი სამჯერ ვნახე. პირველად ნახვისას (ნანუკი მაკრახიძის, ქეთევან მუმლაძისა და ნუცა აბაშიძის შესრულებით) მსახიობები ჯერ კიდე გაუბედავად იდგნენ სცენაზე. თითქოს ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ასრულებდნენ რეჟისორის დავალებას და ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ. მეორედ ნახვისას (ანა ბერელაშვილის, ელისაბედ რუხაძისა და ნუცა აბაშიძის შესრულებით) სპექტაკლში ანა ბერელაშვილის სახით უპირობო ლიდერი გამოჩნდა, ჩნდებოდა განცდა, რომ ამ ლიდერის გადაფარვას არც ერთი პარტნიორი აღარ ცდილობდა. მესამედ (ანა ბერელაშვილის, ელისაბედ რუხაძისა და ნუცა აბაშიძის შესრულებით) სპექტაკლმა ერთიანი მაჯისცემა შეიძინა. ვფიქრობ, ,,სპექტაკლი შედგა“  ამ მოვლენისთვის ზედმეტად მოკრძალებული შეფასებაა. ახალბედა მსახიობებმა ზუსტად შეასრულეს რეჟისორის მიერ მიცემული ამოცანა და მიაგნეს ავტორის პერსონაჟების გრძნობათა ბუნებას. სცენაზე „ცეცხლი დაინთო“. იგრძნობოდა ფედერიკო გარსია ლორკას მახასიათებელი უდიდესი პარადოქსი, რომელიც სიკვდილში მარადიული წრებრუნვის დანახვას გულისხმობს.

 სპექტაკლი ნათელი მაგალითია იმისა, რომ თეატრი არის სივრცე სადაც დაშვებულია ტექსტში არსებული სიტყვების შეცვლა, ისევე როგორც გრძელი მონოლოგებისა თუ დიალოგების სრულიად ამოღება. ნაწარმოებზე ფაქიზმა მუშაობამ კი შეიძლება სცენაზე  მისი ხასიათი, მთავარი სათქმელი და მხატვრული სახეები მაყურებლისთვის ისევე ცხადი გახადოს, როგორც ეს ტექსტშია მითითებული.

ვფიქრობ, გიორგი სიხარულიძის ,,სისხლიანი ქორწილი’’ მაღალი მხატვრული ღირებულების სპექტაკლია. შესაბამისად, ვიტოვებ იმედს, რომ სპექტაკლი წარმატებით გააგრძელებს სიცოცხლეს.  

bottom of page