
ბზარი, როგორც ჭრილობა
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

19.05.2026
ანა მირიანაშვილი
ბზარი, როგორც ჭრილობა
ალექს ჩიღვინაძის დრამატურგიას ქართველი მაყურებელი უკვე კარგად იცნობს, მისი პიესები არაერთხელ დადგმულა როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონის თეატრებშიც: „უხერხემლო“ - ილიაუნის თეატრი, ბათუმის, ზუგდიდის და თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრები, „ოლიმპიური თამაშები“ - სამეფო უბნის თეატრი, „თქვენთანაც აბრახუნებენ?“ - თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი და ა.შ. დადგმების რაოდენობით „უხერხემლოს“ კონკურენციას უწევს ამავე ავტორის სოციალურ-ფსიქოლოგიური დრამა „მარინა რევია“, რომელიც სხვადასხვა დროს სამეფო უბნის და ფოთის თეატრებში, ასევე მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებულ თეატრში დაიდგა. პიესა თემურ ჩხეიძის სახელოსნოში დაიწერა და 2020 წელს პრემია „საბაც“ მიიღო წლის საუკეთესო დრამატურგიული ნამუშევრისათვის.
პიესა მოგვითხრობს ქალზე, რომელიც 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფლებას უბრუნდება და ცდილობს, დაკარგული დრო როგორმე აანაზღაუროს — ისევ დაიბრუნოს დედის ადგილი შვილების ცხოვრებაში. თუმცა მას სრულიად შეცვლილი რეალობა ხვდება: შვილები უკვე ზრდასრულები არიან, საკუთარი ცხოვრება აქვთ, ვაჟს უკვე ოჯახიც შეუქმნია, დედა კი თითქმის დავიწყებული, სადღაც წარსულში ჩაკარგული ფიგურაა. მარინა რევიას შინ დაბრუნება არ იქცევა ნანატრ შეხვედრად — პირიქით, ის ხელახლა აღვიძებს და ამძაფრებს წარსულის ტკივილებს. ამ ოჯახის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებთ არა სიახლოვე, არამედ გაუცხოება, უხერხულობა და დუმილი წარსულზე. დედის სურვილი — აღადგინოს ძველი ურთიერთობები — ეჯახება რეალობას, სადაც ის უკვე უცხოა თავისი შვილებისთვის.
პიესის სიუჟეტი ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ვითარდება: ეტაპობრივად იწყება ერთმანეთის ხელახლა გაცნობის, მიღებისა და თანაცხოვრების რთული, ძალიან მტკივნეული პროცესი. წარსულის ტრავმები და უთქმელი საიდუმლოებები ხელს უშლის პერსონაჟებს შორის ნდობის აღდგენას და ისინი არჩევანის წინაშე დგებიან — შეძლებენ თუ არა ერთმანეთის მიღებას ახალ რეალობაში.
რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა თავისუფალ თეატრში ახალი, თავისებური „მარინა რევია“ შესთავაზა მაყურებელს. მხატვარი თეო კუხიანიძე ნატურალისტური სიზუსტით ქმნის გარემოს, სადაც სიღარიბე არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ თითქმის ფიზიკურად შესაგრძნობი მოცემულობაა. სცენაზე წარმოდგენილ ოთახში დამტვრეული ავეჯია, ძველი, ღარიბული ნივთები და ჭურჭელი, მაყურებელი ლამის სიღატაკის სუნსაც კი გრძნობს. აქა-იქ ამომტვრეული სახურავიდან წვიმა ჩამოდის, ტუალეტის კარის ნაცვლად ფარდები კიდია... მაყურებელთა დარბაზში შესვლისთანავე სცენაზე ვხედავთ ნატას (ლიზა რუხაძე). ის ცდილობს დაალაგოს ბინა, რომლის მოწესრიგებაც პრინციპში შეუძლებელია.
დეკორაციის ცენტრალური ელემენტი, დიდი ბზარი კედელზე, რომელიც სულ თვალში გხვდება, სპექტაკლის მთავარ მეტაფორად იქცევა: ეს არის ოჯახის შიდა გახლეჩის, მოუშუშებელი ტკივილისა და გაუცხოების სიმბოლო; ბზარი, როგორც ჭრილობა, რომელიც პირს არ კრავს, სულ მტკივანია; ბზარი, რომელიც პირველ რიგში, ოჯახის წევრების ურთიერთობებშია გაჩენილი. ეს სახლი ინგრევა და ჯერ ვერ დანგრეულა, ინგრევა ალბათ უკვე მრავალი წელია - იმ დღის შემდეგ, რაც მთავარი ბზარი გაჩნდა ოჯახში. ეს მეტაფორა განსაკუთრებით მკაფიოდ იკითხება მაია ხორნაულის პერსონაჟის — მარინა რევიას — მოქმედებებში. სპექტაკლის დასაწყისში, ბზარში ჩაჩრილი თეთრი ნაჭრის ამოღება თითქოს ჭრილობის განზრახ გახსნას, გაშიშვლებას ჰგავს, ხოლო ფინალში, როცა მარინა იმავე ნაპრალში საოჯახო ფოტოალბომს ტოვებს, ეს ჟესტი საბოლოო დამშვიდობებად აღიქმება — წარსულის სამუდამოდ დამარხვად, რათა პერსონაჟებს ახალი ცხოვრების შანსი გაუჩნდეთ.
შვილები თავიდან ვერც კი გამოხატავენ ემოციას მრავალი წლის უნახავი დედის მიმართ, გაუცხოებულები არიან, თითქოს მტკივნეულია ყოველი ფიზიკური შეხება, ვერც კი ეხებიან ერთმანეთს - სიმბოლურია, რომ პირველი ჩახუტება მარინამ არა საკუთარი შვილებისგან, არამედ მისთვის სრულიად უცხო ადამიანისგან, ნატასგან დაიმსახურა.
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის სათაურია „მარინა რევია“ და მისი მთავარი გმირი მაია ხორნაულის პერსონაჟია, ვფიქრობ, ამ სპექტაკლის ცენტრალური პერსონაჟი მთელი ეს ოჯახია: მარინა, მისი შვილები, რძალი და სულ რამდენიმე თვის შვილიშვილი, რომელიც თავისი „ტექსტით“ - ტირილით თუ ძილით - „მოქმედებს“ ამ სპექტაკლში. ეს არის კოლექტიური ტრაგედია, სადაც თითოეული პერსონაჟი საერთო ტკივილს ატარებს. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსახიობთა ანსამბლური მუშაობა, რომელიც სპექტაკლის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს.
მაია ხორნაული ქმნის ძლიერი, შინაგანად გაუტეხელი ქალის სახეს. მისი მარინა რევია თავშეკავებული და თითქოს ძალიან მტკიცე ხასიათის ადამიანია, თუმცა მსახიობი ზუსტად ავლენს პერსონაჟის ფარულ ბუნებასაც — ციხეში გატარებული წლების კვალი მის მოძრაობაში, ხმაში, მზერაში, უეცარ შიშში იკითხება.
და-ძმის (სალომე ესაძე და გუგა ქაცარავა) ურთიერთობა სპექტაკლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ემოციურ ღერძს წარმოადგენს. მსახიობები ძალიან ორგანულად გვაჩვენებენ, რომ მძიმე გარემოში, მშობლების გარეშე გაზრდილებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, მათი სიახლოვე თითქმის ინსტინქტურია და საერთო ტკივილსა და გადატანილ ტრავმებზეა დაფუძნებული. უდედოდ გატარებული წლების განმავლობაში ერთმანეთისთვის ერთგვარ თავშესაფრებად, სამყაროსთან გამკლავების საყრდენებად იქცნენ. პერსონაჟებს შორის ეს შინაგანი სიახლოვე ორგანულად იკითხება, თუმცა ზოგიერთ ეპიზოდში მათ შორისაც შეიმჩნევა რაღაც ზღვარი, რომელსაც არ გადადიან, უთქმელობა, უხერხულობა, სიტყვებს მიღმა არსებული კონფლიქტი. ეს ყველაფერი განსაკუთრებით იგრძნობა, როცა შვილები ვერ ხვდებიან როგორ ელაპარაკონ წლების განმავლობაში უნახავ დედას, საჭირო სიტყვებს ვერ პოულობენ, ვერ ეძახიან დედას... (მხოლოდ ფინალურ სცენაში, თითქოს უნებურად ჩნდება მიმართვა „დედა“) ასეთი ემოციურად დამუხტული ეპიზოდები სცენაზე მუდმივ დაძაბულობას ქმნის, იმდენად, რომ მაყურებელს თითქოს უხერხულობის განცდასაც უჩენს. სპექტაკლში რამდენიმე ძლიერი, ემოციური სცენაა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ მონაკვეთში წარმოდგენის შინაგანი ტემპი ვარდება.
ლიზა რუხაძის ნატა ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და მრავალშრიანი პერსონაჟია. ერთი შეხედვით, ცუდი დედაა, გაბეზრებულია ყოველდღიური ვალდებულებებით, ბავშვის მოვლით, უსაქმური და უმუშევარი ქმრით. სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, კომპრომისი, თანაგრძნობა - ნატას და შოთას ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ასეთი ცნებები არ არსებობს. მსახიობი ახერხებს, რომ მძიმე, ემოციურად უკიდურესად დაჭიმულ ეპიზოდებში მცირე იუმორით შექმნას მომენტი, როცა დაძაბულ მაყურებელს შეუძლია ცოტა ამოისუნთქოს და გაიცინოს კიდეც. ვფიქრობ, ამგვარი კონტრასტის შექმნა მუსიკალური გაფორმებითაც (გიორგი ჯიქია) შეიძლებოდა. წარმოდგენაში ჟღერს მანანა მენაბდის კომპოზიცია „სტვენს ბულბული“, რომელიც გარკვეულ ატმოსფეროს და ემოციურ ფონს ქმნის, თუმცა ზოგიერთ ეპიზოდში მუსიკას უფრო მეტი სიმბოლური დატვირთვისა და დრამატურგიულ სიღრმის შემოტანა შეეძლო.
სპექტაკლში არის რამდენიმე საინტერესო მეტაფორული ხაზი — მაგალითად, მოჭრილი ჭადრების ეპიზოდი. მარინა რევიას ფანჯრების წინ ორი ჭადრის ხე იდგა, თუმცა შინ დაბრუნებულ ყოფილ პატიმარს ეს ჭადრები მოჭრილი ხვდება. ერთ-ერთი საკვანძო სცენის შემდეგ, მარინას ხის კუნძები შინ შემოაქვს, შვილების ნაცვლად მათ ეფერება, შემდეგ კი შოთა მათ პირდაპირ ფანჯრიდან მოისვრის. თუმცა ეს თემა სრულად არ იშლება და გარკვეულწილად ნაკლებად იკითხება.
წარმოდგენის ფინალში დასანგრევად განწირული სახლი ბოლოს და ბოლოს ინგრევა, მარინა რევიას ოჯახი ბინას ერთად ტოვებს. ავანსცენაზე მარინას მიერ გავლებული „უსაფრთხოების ზოლი“ ქმნის ბარიერს მაყურებელსა და პერსონაჟებს შორის — სივრცეს, რომლის იქითაც ჩვენ ვეღარ შევდივართ. თითქოს მაია ხორნაულის პერსონაჟი მაყურებელს ეუბნება, რომ ეს ზღვარია, რომლის იქითაც გადაბიჯება არ შეიძლება. ამის მეტს მის ოჯახზე ჩვენ ვერაფერს გავიგებთ, ვერ შევიხედავთ მათ ახალ სახლში. ძველი კი დაინგრევა, განადგურდება, მაგრამ განა ახალ სახლში, ახალ გარემოში ძველი ტკივილი დავიწყებას მიეცემა? ამ ოჯახის წევრები ერთმანეთის პატიებას, წარსულის უკან დატოვებას შეძლებენ? ამ კითხვებზე მაყურებელმა თვითონ უნდა იპოვოს პასუხი.