top of page

ბურკაში შეფუთული მედეას ცხოვრება

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

278477418_293583469624349_4273947343996173579_n.jpeg

გიორგი ყაჯრიშვილი

ბურკაში შეფუთული მედეას ცხოვრება

 

მედეას მითი და თვით მედეა, ხშირად ხდება არა მხოლოდ დრამატურგების, არამედ მითის მკვლევრების და ინტერპრეტატორების, ფილოსოფოსების, ფსიქოლოგთა ინტერესის საგანი. განსაკუთრებულ ამოუცნობ ფენომენად რჩება მის მიერ საკუთარი შვილების დახოცვის ფაქტი, რომელიც რიგ მკვლევრებში ეჭვს იწვევს და ცდილობენ ახსნათ იმით, რომ შვილები სხვებმა დაუხოცეს. სრული სიმართლის დადგენა რასაკვირველია ვერ ხერხდება და ყველა მხოლოდ მითსა და ევრიპიდისეულ ვარიანტს ეყრდნობა. ანტიკური ტრაგედია იყო პირველი, რომელმაც მედეას ცხოვრების ეს ეტაპი ასახა და ნიშანდობლივია, რომ პიესა ძიძის იმ სამწუხარო შეტყობინებით იწყება, რაც მედეას ტრაგედიის დასაწყისია. სხვადასხვა დროს მითის დრამატულ ნაწარმოებად ქცევის მრავალი ვერსია არსებობს: აკაკი წერეთლის, ჟან ანუი, ჰაინერ მოულერის, ლაშა ბუღაძის, ნინო ხარატიშვილის, ლევან სანიკიძის, ჯანრი კაშიას, პაატა ციკოლიას.  რეჟისორები ხშირად მიმართავენ ამ ტექსტებს. ჰაინერ მიულერის და ლაშა ბუღაძის პიესები კოლხეთში დაბრუნებულ მედეას ეხება, რომელიც იასონზე შურის საძიებლადაა ჩამოსული და პირველ მათგანთან სასამართლოს მსგავსი პროცესიც კი მიმდინარეობს, სადაც მედეა ბრალს სდებს იასონს ყოველივე იმაში, რაც მას თავს დაატყდა (ეს პიესა პირველად საქართველოში მიხეილ მარმარინოსმა დადგა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში) და ანატოლი ვასილიევის დადგმა კი ფესტივალის „საჩუქარი“  პროგრამაში ვიხილეთ. ლაშა ბუღაძის „ანტიმედეა“, რომლის რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი იყო, ახალი დრამის ფესტივალისთვის მომზადდა და ერთ-ერთი წარმოდგენა ფოთში, ზღვისპირას, რეგიონული თეატრების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. აქაც უკან დაბრუნებული მედეა ბრალმდებელია, მაგრამ სიმართლეს ვერ აღწევს და ისევ უწევს სამშობლოს დატოვება. ამ სპექტაკლმა პრემია „დურუჯი“ დაიმსახურა საუკეთესო რეჟისურაში.

პაატა ციკოლიას „მედეა s01e06“ მისივე რეჟისორობით ასევე „ფოთის ფესტივალზე“ შედგა და სულ ახლახან რეჟისორმა სამეფო უბნის თეატრში აღადგინა, სადაც ამ მითის სულ სხვა გარემოებებს უსვამს ხაზს შემოქმედებითი ჯგუფი. მედეას ტრაგედიის არა მხოლოდ წინაპირობებსა და მასში იაზონის და სხვათა მონაწილეობას, არამედ თვით მედეას უკუღმართ ბედ-იღბალს. ეს პიესა „საბას“ პრემია დაჯილდოვდა.

აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე „ბერლინერ ანსამბლეს“ ევრიპიდეს „მედეა“ (რეჟისორი მიხაილ ტალჰაიმერი), სადაც მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენაზე ბატონობს მედეა (კონსტანს ბეკერი), შეურაცხყოფილი მეუღლე, მიტოვებული მეგობარი, მოღალატე ქმრის შვილების დედა, ადამიანი სამშობლოსა და ახლობლების გარეშე, განდევნილი იმ ქვეყნიდანაც, რომელსაც ემსახურა, რომელსაც შესწირა სიცოცხლე და ახალგაზრდობა.

და ბოლოს, სტატიის მთავარი თემა -  ანდრეას ფლურაკისის „მედეას ბურკას“ შესახებ, რომელიც წარმოდგენისთვის თითქოსდა უცნაურ ადგილას - დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეში გაიმართა. მისი რეჟისორი იოანე (ვანო) ხუციშვილია, რომელსაც ეს პროექი დიდი ხანია ჩაფიქრებული ჰქონდა. ესაა ექსპოზიცია- პერფორმანსი, მონოსპექტაკლი შესრულებული „დეჟა ვიუ“ სტილში.

 

პერფორმანსის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ და ვუსმენთ მედეას - ენდი ძიძავას, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობს, მის მიერ მოთხრობილ ამბავს მედეას ცხოვრებაზე, მის განცდებზე, მის ტკივილსა და იმ შეცდომების აღიარებაზე, რომელიც მან ჯერ კოლხეთში, შემდეგ კი საბერძნეთში დაუშვა. მარტოა მედეა, ისევ ისე როგორც ყოველთვის იყო, სამშობლოდან გადახვეწილი. აქ და არა მხოლოდ აქ, ნიშანდობლივია ერთი მომენტი. არცერთ ნაწარმოებში, არც ერთ ავტორს არ აინტერესებს მედეას ცხოვრების ის მომენტი, როცა იგი ბედნიერად (იყო კი?) გრძნობდა თავს, ახლად დაქორწინებული იასონის სახლში. მისი ქალიშვილები იმ ასაკის არიან, რომ ასეთი მომენტები მის ცხოვრებაში სულ მცირე წარსულში უნდა დამდგარიყო. დღევანდელ პერფორმანსში კი მედეას ტესტებში და მის საქციელში იკვეთება ამ „ხარვეზთა“ შევსების მცდელობები. პიესის ავტორმა, რეჟისორმა და რაც მთავარია შემსრულებელმა, ასე ვთქვათ მაყურებლის სამსჯავროზე გამოიტანეს არა მხოლოდ ყველასთვის ნაცნობი დეტალები, არამედ დასაბუთებულად წარმოაჩინეს როგორ უყალიბდებოდა მედეას ხასიათი, საიდან შეიძინა მან გრძნეულისა და მკურნალის, ან როგორც მას უწოდებდნენ საბერძნეთში „ჯადოქრის“ თვისებები. მტრულად განწყობილ საზოგადოებაში, სადაც ქალი იძულებულია პირისახე დამალოს, სადაც ქალის როლი საერთოდ იგნორირებული. მისი მსგავსება მამიდა კირკესთან და ამ უკანასკნელთან საკუთარი ბედის გაზიარება იყო მთავარი რამაც მედეა ასეთად აქცია. ავტორისა და რეჟისორის მიერ შემოთავაზებული ასეთი ინტერპრეტაცია ახალია და ამ ხაზს წარმოდგენის განმავლობაში ხშირად უბრუნდება მედეა - ენდი ძიძავა. საგამოფენო დარბაზში შესვლისთანავე პირველ დარბაზში თვალში მოგხვდებათ დიდი შავი გორაკის უსაზღვრო სივრცე, ხოლო მეორე - მთავარში ასევე შავი, ზღვის სანაპირო - ადგილი სადაც მედეა ბრუნდება. ზღვის ტალღებიდან გამოდის მედეა და სპექტაკლის ბოლოს ისევ ამ შავ ტალღებში გაუჩინარდება. ხრიოკია ზღვის სანაპირო, გარშემო მხოლოდ მასზე სიარულის ფეხის ხმა თუ არღვევს სიჩუმეს და მედეას მონოლოგი, რომელიც დარბაზში შესვლისთანავე ისმის. კედელზე ორი ვიდეონსტალაციით და ოსტატურად შენიღბული კამერით პროეცირდება ხან მაყურებელთა დარბაზი, ხან მედეას სხეული, ხან ზღვის უძრავი სანაპირო, ხან სადილის მზადება, ხან შავი აზელილი ქვიშა, როგორც ამას კირკე აკეთებდა ჯადოსნურ წამალშერეული. შავი ქვიშა, შავი მიწა მედეას შავი ცხოვრების სიმბოლო. დარბაზის მარცხნივ შავი სვეტის მიღმა კედელზე დანები, მედეას „ინსტრუმენტები“ ჰკიდია, იქვე ქვიშაა, ყავის მოსახარშად და იასონის ბევრი თეთრი პერანგი სამკლავურებზე ჩამოკიდებული. მონოლოგი შორიდან ისმის, მედეა თანდათანობით გვიახლოვდება, პერიოდულად დარბაზშიც შემოდის: ზოგს ყურში უჩურჩულებს, ზოგიც სათამაშო ასპარეზზე აჰყავს, აქტიურად რთავს მაყურებელს წარმოდგენაში: „იასონის გამო ჩამოვედი“ - გვამცნობს და ჰყვება ამბავს, რომელიც მხოლოდ თვითონ იცის და ახსოვს - როგორ დაადგა თვალი იასონს, როგორ შეიტყუა საძინებელში, როგორ ისწავლა საკუთარი მამის აიეტისგან მკვლელობები და სიკვდილით დასჯა. ჯერ ცხოველებზე ვარჯიშით, მერე საკუთარი ძმა როგორ ჩამოიცილა გზიდან - „თვალიც არ დამიხამხამებია“ - ამბობს იგი.

მედეას თეთრი პერანგის ზემოდან შავები აცვია და თავის შავად აქვს დაბურული. სწორად მოიქცა, როცა საკუთარ სახეს არავის აჩვენებდა, იასონის მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, რაც უდავოდ დაეხმარა გაქცევაში - მისი პირისახე ხომ არავის ჰქონდა ნანახი. მხოლოდ ერთხელ იხსნის პირბადეს მედეა - საკუთარი ქალიშვილების წინაშე, მათი სიკვდილის წინ, რათა მათ მოეფეროს და გამოემშვიდობოს, სურს რომ მისი სახე დაიმახსოვრონ.

 

ნატურალისტური თეატრის სტილშია ჩაფიქრებული და განხორციელებული ამბავი, რომელსაც მედეა ჰყვება თუ როგორ დაუკლა ოთხ ერთმანეთზე მახინჯ ქალ სტუმრებს ბატკანი, როგორ მოამზადა მისგან ქვაბში კერძი და როგორ ამოიყვანა იქიდან ცოცხალი ბატკანი. სტუმრების გაოცებას საზღვარი არა აქვს. ეს ისაა რაც მან მამიდა კირკესგან ისწავლა, ისევე როგორს საკუთარი ვარდისფერი კაბის მოწამლა, რასაც იასონის საცოლე და მერე მისი მამა შეეწირება. მედეა - ენდი ძიძავა გოჭის სხეულს გამოიტანს (ახალ იგი ნამდვილად კირკეა, ღორებად რომ აქცია ოდისევსის მებრძოლები), იასონის პერანგ გადააფარებს და სამზარეულოს ჩაქუჩით ჩეხავს, სუნელებსაც მოაყრის, შემდეგ იასონს გადასცემს: „თუ ნაწილებს სწორად ააწყობ, ბიძაშენი გამოვა“ - ამაყად ამბობს მედეა.

ყველაფერი კარგად ახსოვს, ჩუმად ჩურჩულებს, ხანაც ხმამაღლა მოსთქვამს ღრიალში გარდამავალი ხმით ყვირის. გვიყვება იასონის ცუდ სიზმრებს. ბავშვობაში დაბრუნება სურს, მაგრამ მხოლოდ იმ ცოდნით რაც ახლა იცის, მაშინ როცა არჩევანის შესაძლებლობა ეძლევა, მამიდა ახსენდება, როგორ ადინა მან სისხლი ოდისევს, მამიდა რომელმაც მარტოობაში დალია სული, რაც მედეას წინ ელოდება. „არ მინდა შვილების დახოცვა!“ - „გვაფრინე!“ „გავაფრინე“ ყვირის მედეა.

მეორე ოთახში გადის და ჯერ ერთი შვილის ცხედარი შემოაქვს ურიკით, შემდეგ მეორის: „ურჩხული ვარ“... კვლავ გასაქცევად ემზადება, ურიკაში შეგროვილი ნაწილებიდან ბურკას „იკერავს“, მისით შეიმოსება - „არ ვიცნობ ამ ქალს“ - აღმოხდება და ზღვაში ჩაიმალება. დარბაზში ბავშვების მხიარული სიცილი ისმის.

 

მედეას როლის ცნობილ შემსრულებლებს: ვერიკო ანჯაფარიძეს, ზინა კვერენჩხილაძეს და თანამედროვე შემსრულებლებს ლილი ხურითს, ეკატერინე დემეტრაძეს ენდი ძიძავა შეემატა - უაღრესად თავისებური, ღრმად ემოციური და ურთულესი როლით.

bottom of page