top of page

„ბუნკერიდან ამომავალმა სიმყრალემ თაობები გაგუდა”

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

ბუნკერი5.jpg

ანასტასია ჩერნეცოვა

„ბუნკერიდან ამომავალმა სიმყრალემ თაობები გაგუდა”

 „ფარდამ არ უნდა დამალოს მაყურებლისგან სცენა“.[1] აი, სწორედ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ფარდაგახსნილ   სცენაზე  გველოდებიან  არტისტები, რომლებიც მალე გაათამაშებენ  ივა ფეზუაშვილის „ბუნკერს“. სპექტაკლის რეჟისორი კი მიხეილ ჩარკვიანია.  ჩვენ მოვისმენთ, განვიხილავთ, ჩავისუნთქავთ და ვერ ამოვისუნთქავთ იმ თემებს, პრობლემებს, რომლებიც არათუ გვახსენებენ პოსტსაბჭოთა საქართველოს საძირკველში დატანებული  ბუნკერიდან  ამომავალ  სიმყრალის სუნს[2], არამედ  უფრო და უფრო გამძაფრებულად  შემოდიან ჩვენს სასუნთქ გზებში.

მიხეილ ჩარკვიანი არა მარტო სპექტაკლის რეჟისორი, არამედ სცენოგრაფი და ინსცენირების ავტორიცაა. საერთოდ, რეჟისორის შემოქმედებას რომ დავუკვირდეთ (განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდის),  შევამჩნევთ, რომ  იგი შთაგონებულია  გერმანული თეატრის სხვადასხვა სტილითა და მიმართულებით, ბრეხტის,  პისკატორისა და სხვა ხელოვანთა შემოქმედებით, რაც თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ იგი „ღია სივრცის“, დეცენტრალიზებული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია,  ასევე, 2022 წელს დადგა დოკუმენტური სპექტაკლი „გამოსვლა“. შორს რომ არ წავიდეთ, ვახსენოთ ისიც, რომ „ბუნკერი“ აგებულია  ბრეხტისეული „ეპიკური თეატრის“ მოდელზე.  სწორედ სპექტაკლის მხატვრობაშიც კი იკითხება ბრეხტის სიტყვები -  „ასევეა თეატრალური მხატვარიც, რომელიც დიდ თავისუფლებას იძენს, როცა სასცენო მოედნის აგებისას, მის მიზანს მეტად აღარ წარმოადგენს რაიმე გარკვეული ოთახის ანდა ადგილმდებარეობის ილუზიის შექმნა. იქ მინიშნებაც საკმარისია,  მაგრამ უნდა გადმოიცეს ისტორიულად და საზოგადოებრივად უფრო საინტერესო  ფაქტი, ვიდრე მას რეალური ვითარება მოგვცემდა“.[3]

მიხეილ ჩარკვიანი არ ქმნის რაიმე გარკვეული ოთახის ანდა ადგილმდებარეობის ილუზიას. იგი წარმოადგენს შავ, პირქუშ, ქართველებისთვის  ჩვეულ  სამგლოვიარო გარემოს. თანაც, სპექტაკლში მოქმედება ხომ 9 აპრილის ტრაგედიის  ხსენების დღესაა, და საერთოდ, ქვეყანა 24/7-ზე თუ არა, წელიწადში რამდენჯერმე გლოვობს  ამა თუ იმ ტრაგიკულ მოვლენას. შავი ქართული საზოგადოების ფერია, შესაბამისად გასაკვირი არაა, თუ რატომ შემოსა კოსტიუმების მხატვარმა ანანო მოსიძემ მსახიობები შავებში.  მხატვარმა „ერთფეროვნების“ მიუხედავად, მაინც გამოკვეთა თითოეული პერსონაჟის სტილი, ხასიათი , მაგალითად, ზემას (ანასტასია ჭანტურაია) სიმკაცრე, ლაზარეს (გივიკო ბარათაშვილი) ახალგაზრდული სულისკვეთება, მილას  (ბუბა გოგორიშვილი ) სილამაზე და სიკაშკაშე - „და კი, მილა ზუსტად ეგეთია , საოცრად კაშკაშა და სექსუალური“.[4]  

თანაც, 9 აპრილს ხომ მილას დაბადების დღე  და ამ დღეს მაინც სურს თავი იგრძნოს ქალად  - „...რა მილას ბრალია, რომ ცხრა აპრილს დაიბადა, რომ ცხრა აპრილს მოაწერეს ხელი...“[5]კონტრასტს ქმნიან ალისფერი მიხაკები, რომლებსაც ისევ და ისევ 9 აპრილთან, გლოვასთან მივყავართ.   

სპექტაკლის პირველ მოქმედებაში , სცენის შუა ნაწილში  მბრუნავი ბუტაფორიული წრეა, რომელსაც ასოციაციურად მივყავართ ივა ფეზუაშვილის რომანში ნახსენებ  ბუტაფორიულ დემოკრატიულ წრესთან [6].  მანკიერი, დაუსრულებელი წრე, რომელსაც ვერა და ვერ გავცდით.  წრეზე   „დესნა დვა“ და  ოთხი  ველოტრენაჟორია. შეგვიძლია აღვიქვათ  გენასა  (დავით ბეშიტაიშვილი) და მამუკას (გიგა დათიაშვილი) ყოფის კონტრასტულობად.  ეს დაახლოებით ბუნკერის სიმყრალისა და „იმპულსის“ არომატის კონტრასტივითაა.

სპექტაკლში ბუნკერიც, „დრაკონის მყრალი ხახის“  მინიატურაც კი ფიგურირებს,რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენ  ირგვლივ  სამყარო ყარს.

მხატვრობის მნიშვნელოვან კომპონენტს ტელევიზორები წარმოადგენს. სპექტაკლის დასაწყისში მხოლოდ ორია, პირველი მოქმედების ბოლოს კი  „ფსკერიდან“ დაახლოებით ათი ტელეეკრანი ამოდის. ეკრანებზე ჩვენი უახლესი ისტორიის  სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენაა ასახული.  ამდენი  ტელეეკრანის  ფსკერიდან მოულოდნელად ამოსვლა  თითქოს ქართულ სატელევიზიო სივრცეში გამოჩენილი უამრავი არხის, ინფორმაციული ომის შთაბეჭდილებას ტოვებს.

რეჟისორმა ინსცენირებისას  რამდენიმე სცენა რიტმულად ააგო - მაგალითად, ჩვენების დაწერისა  და საბედისწერო ღამის გახსენების სცენები, რათა უფრო მძაფრად, ფხიზლად აღიქვას მაყურებელმა. სიუჟეტში გარკვეული სცენები შეცვლილია - მაგალითად, მილასა და ლაზარეს შეხვედრა, „დესნა დვას“  „ბედი“, მაგრამ რომანის მთავარი სათქმელი უცვლელია.

მიხეილ ჩარკვიანი დიდ როლს ანიჭებს   ხმებს - იქნება ეს ველოსიპედის ზარის, ბეჭდის დარტყმისა თუ რუპორიდან ამოსული ხმაური. ხმები  ერთგვარ  ტემპო-რიტმს ქმნიან, სცენიდან სცენაზე გადასვლის ფუნქციას  ასრულებენ, პერსონაჟების,სიტუაციის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას  ხატავენ.

ფსიქო-ემოციურ მდგომარეობის შექმნაზე მნიშვნელოვნად ზრუნავს პიანისტი თამარ ჟვანია, რომელიც ოლივიე მესიანის ნაწარმოებს ასრულებს და სიმებიანი კვარტეტი - სოფიო აფხაზავა-შარაშენიძე, აფინა პაპანდოპულო, ელენე ჩხარტიშვილი, ნინო ხოჭოლავა . მუსიკის საორკესტრო ვერსიის ავტორი ნიკოლოზ რაჭველია.

სპექტაკლის პირველი მოქმედების ბოლოს, სიმონიანების ოჯახის საბედისწერო ღამის გახსენების სცენაში ისმის ქართული ჰიმნი „დიდება“. ეს ის ჰიმნია, რომელსაც გენა კვნესოდა საბედისწერო ღამეს.  დროთა განმავლობაში „დიდება“ გაქრა და „ჩემი ხატია სამშობლოდ“ შეიცვალა, ლაზარეც აღარაა სამველა, მაგრამ უცვლელია ბუნკერიდან ამომავალი სიმყრალის სუნი.

“... ჩვენების იმ ზოგად ჟესტს, რაც ყოველთვის თან სდევს განსაკუთრებით გამოსაკვეთ მთავარს, ხაზს უსვამენ მაყურებლისადმი  მუსიკალური მიმართვები, რომლებიც სიმღერებით გამოიხატება... “მუსიკა „თანმხლები“ კი არა, მოქმედების კომენტატორი უნდა იყოს... ამგვარად, მუსიკას უამრავი საშუალება გააჩნია, რათა თეატრში სრული დამოუკიდებლობა განამტკიცოს  და თემისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოამჟღავნოს“.[7]

„მოქმედების კომენტატორად“ უფრო სწორად, კი ქართული  საზოგადოების   რუპორად გვევლინება გივიკო ბარათაშვილის წაკითხული რეჩიტატივი. სავსებით ლოგიკურია სოციალურ -პოლიტიკურ პრობლემებზე საუბარი რეჩიტატივის საშუალებით. ლაზარეს  ხომ ის ახალგაზრდაა, რომელსაც 90-იანები აქვს გამოვლილი, ბეტონის კაპიტალიზმს  ყოველ დღე და დღეში რამდენჯერმე   საკუთარ ტყავზე გრძნობს[8], ის ხომ ინსპირირებულია  იმ ქართული ჰიპ-ჰოპით, რომელიც 90-იანების ერთგვარი შედეგია და თავად კითხულობს რეჩიტატივებს პვპ-ზე. გივიკო ბარათაშვილის წაკითხული რეჩიტატივი და შემდგომი მონოლოგები (მათ შორის, ქართულ ეკლესიაზე)  მეამბოხური სულისკვეთებით  გამოირჩევიან. იგი მოგაგონებთ   საპროტესტო აქციაზე გამოსულ  ახალგაზრდას, გაფიცულ კურიერს, რომელშიც დაგროვილია ზიზღი, აგრესია, უსამართლობის განცდა, რადგან - „სიღარიბის დინამიკა ცინიზმის პოეტიკაა“, ძალადობაა ქუჩებში , და საერთოდ - „საარჩევნო ტყუილები, ამოვიდა ყელში...“

ზემოთ უკვე ვახსენე, რომ მიხეილ ჩარკვიანის „ბუნკერი“ აგებულია ბრეხტის „ეპიკური თეატრის“ მოდელზე  და ბუნებრივია, რომ სამსახიობო შესრულება „გაუცხოების ეფექტზე“დგას. მსახიობები ფაბულის კომენტირებასა და მის განსახიერებას მიმართავენ. ყოველივეს თავად ივა ფეზუაშვილის რომანის მხატვრული ენაც  უწყობს ხელს.  სპექტაკლში „ეპიკური თეატრისთვის“ დამახასიათებელი ანტიილუზორულობა ჩანს, თუნდაც იმაში, რომ მსახიობები  პირველ მოქმედებაში გვაფრთხილებენ, რომ ამა თუ იმ საკითხს სპექტაკლის მეორე მოქმედებაში დაუბრუნდებიან.

ზემა იმ  ძლიერ ახალგაზრდა კავკასიელი ქალების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც საკუთარ ტყავზე  განცდილი აქვთ  სექსუალური ძალადობა,  სიღარიბე, მამის უმოქმედობა,  ქსენოფობია და ა.შ. ზემაა ის, ვინც საკუთარ გზას  გაბედულად და დამოუკიდებლად იკვალავს,  სახელმწიფო აპარატში მუშაობით ცდილობს უსამართლობასთან ბრძოლას. ანასტასია ჭანტურაიას სამსახიობო შესრულება სისადავით გამოირჩევა, ტონის ზედმეტი აწევის გარეშეც კი გაგრძნობინებთ ზემას გრძნობებს, მის შინაგან მდგომარეობას. სპექტაკლში ანასტასია ჭანტურაია  ქართველი ქალების ერთგვარი რუპორია, იმ ქალების,  რომლებიც დაუცველნი არიან ყველგან და ყოველთვის - „ მადლობა პარლამენტს და მადლობა ეკლესიას, რომ მსხვერპლი ქალების უმეტესობა დუმს“.[9]

სომეხი ცოლ-ქმარი, ზემასა და ლაზარეს მშობლები - მილა და გენა - ბუბა გოგორიშვილი და  დავით ბეშიტაიშვილი - ის ადამიანები არიან, რომლებიც გამოექცნენ ყარაბაღის ომს, მაგრამ  საქართველოშიც არანაკლებ დრამატულ მოვლენებს შეესწრნენ.  გენა - ცოცხალი ლეშია,  რომელიც ბევრ  იმედგაცრუებულ, უბედურ კავკასიელ კაცს  მოგაგონებთ, იგი - „საბჭოთა ნანგრევების ქვეშ მოყვა...“[10]  მილა კიდევ ბევრ  კავკასიელ  ძლიერ ქალს გაგახსენებთ, რომლებიც მუშაობენ , შრომობენ ,  ფიქრობენ თავიანთ ქმრებზე, შვილებზე  და მხოლოდ შემდეგ - საკუთარ თავებზე. ბუბა გოგორიშვილმა და დავით ბეშიტაიშვილმა  თავიანთ სამსახიობო კარიერაში  მრავალი საინტერესო, ერთმანეთისგან განსხვავებული მხატვრული სახეები შექმნეს. მგონია, რომ მილა და გენა მათ შესრულებულ როლთა ნუსხაში მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებენ.

ზემასთან და მის ოჯახთან კავშირშია კაცი სამინისტროდან - ალექსანდრე ბეგალიშვილი. მსახიობი თავისი საუბრის მანერითა და  ჩაცმულობით ჯაშუშს მოგაგონებთ. ეს გასაკვირიც არაა, იმიტომ რომ კაცი სამინისტროდან ყველა სისტემაშია ნამყოფი. მოკლედ რომ ვთქვათ, „ყვარყვარიზმით“ შეპყრობილი კაცი.

ყველას უბნელი, ობოლი მეზობელი ნუგოა - დევი ბიბილეიშვილი. ნუგო „ბნელი 90-იანების“ უმძიმესი   შედეგია.  სამწუხაროდ, თითქმის  ყველას გვყავს უბანში ნუგოსნაირი, ცხოვრებით გაბოროტებული, მოძალადე მონსტრები. პითაც - გიგი ქარსელაძე -  ქუჩის გარჩევებს მიჩვეული ახალგაზრდა  -„ჰომობაბულიკია“.

მამუკა - გიგა დათიაშვილი -  „სტერილური“, მშვიდი და გაწონასწორებულია, რადგან მას ყველაფერი  აქვს, რაც უნდა და რაც მთავარია -„ოთხმოცდაათიანების თბილისში საერთოდ არ უცხოვრია, თურმე მშობლებმა გერმანიაში გაუშვეს , თურმე მამუკა გადარჩა...“[11]

მსახიობები არა მარტო ერთ, არამედ რამდენიმე, ეპიზოდურ პერსონაჟებსაც ასახიერებენ - „ქუჩის ბიჭებს“ , ზემას და მილას თანამშრომლებს. მსგავსი საშემსრულებლო ხერხიც სწორედ ბრეხტის ანტიმიმეტურ თეატრს ახასიათებს .

ფინალურ სცენაში ნაგავთან ერთად ყველა მსახიობი ფსკერზე ეშვება, როგორც „დრაკონის ხახიდან“ ჩამოსული ნაგავი. დიახ, ფსკერზე ვართ. სისტემა ყარს! მთელი ქვეყანა ყარს!

 

სურათების ავტორი - გიორგი ინდუაშვილი

( სურათები ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის Facebook გვერდიდან )

 

 

 

 

 

 

 

 

[1] ბრეხტი ბ. „პატარა ორგანონი თეატრისთვის“ გვ.7

[2] ფეზუაშვილი ი. „ბუნკერი“ ,თბილისი, „ინტელექტი“,2020 ,გვ. 16

[3] ბრეხტი ბ . „ პატარა ორგანონი თეატრისთვის“ გვ.62

[4]  ფეზუაშვილი ი. „ბუნკერი“ ,თბილისი, „ინტელექტი“,2020 , გვ.119

[5]  ფეზუაშვილი ი. „ბუნკერი“ ,თბილისი, „ინტელექტი“,2020 ,  გვ. 9

[6] ფეზუაშვილი ი. „ბუნკერი“ ,თბილისი, „ინტელექტი“,2020 , გვ.38 

[7]ბრეხტი ბ.  „პატარა ორგანონი თეატრისთვის“ გვ.61-62

[8]    ფეზუაშვილი ი. „ბუნკერი“ ,თბილისი, „ინტელექტი“,2020 ,  გვ.31

[9]     ფეზუაშვილი ი. „ბუნკერი“ ,თბილისი, „ინტელექტი“,2020,  გვ.70

[10]     ფეზუაშვილი ი. „ბუნკერი“ ,თბილისი, „ინტელექტი“,2020, გვ. 10

[11]     ფეზუაშვილი ი. „ბუნკერი“ ,თბილისი, „ინტელექტი“,2020 , გვ.156

bottom of page