
ბუდაპეშ ტის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2026

03.07.2026
ნუცა კობაიძე
ბუდაპეშტის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2026
2023 წელს პირველად მოვხვდი ბუდაპეშტის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე - „MITEM“. სწორედ იმ წელს, როდესაც ფესტივალი 10 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავდა. მაშინ ჩემთვის ეს მოგზაურობა, არა მხოლოდ ახალი პროფესიული გამოცდილება, არამედ თანამედროვე ევროპული თეატრის მრავალფეროვან ესთეტიკასთან უშუალო შეხებაც იყო. 2023 წლის ფესტივალის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ THEATRELIFE.GE-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში - „ბუდაპეშტის თეატრალური ფესტივალი“ /
წლევანდელი (2026) ფესტივალი 10 აპრილიდან 11 მაისამდე გაგრძელდა. პროგრამა ტრადიციულად მრავალფეროვანი და მასშტაბური იყო: სხვადასხვა ქვეყნის თეატრები, ჟანრობრივად განსხვავებული წარმოდგენები, ექსპერიმენტული ფორმები და კლასიკური ტექსტების თანამედროვე ინტერპრეტაციები. ჩემი ვიზიტი ბუდაპეშტში 5 დღე გაგრძელდა - (22-26 აპრილის ჩათვლით) მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი ფესტივალის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილ არაერთ სპექტაკლს და შევხვედროდი სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასს.
სტატია აღნიშნულ ხუთდღიან საფესტივალო პერიოდს დაეთმობა, თუმცა მოკლედ ვისაუბრებ დამატებით ორ წარმოდგენაზე MITEM-ის პროგრამიდან, რომელთა ნახვის შესაძლებლობა საქართველოში მქონდა (ჯამში 7 სპექტაკლს მიმოვიხილავ).
პროგრამას ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, ჩემს ნანახ სპექტაკლებს შორის პირველი „სტალკერია“ (საქართველო, თბილისი). ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლები უკვე წლებია MITEM-ის პროგრამის ნაწილია. იგი აქტიურად თანამშრომლობს ბუდაპეშტის ნაციონალურ თეატრთან. რეჟისორმა „სტალკერი“ ანდრეი ტარკოვსკის საკულტო ფილმის მოტივებზე დადგა, რომელიც, თავის მხრივ, ძმები სტრუგაცკების რომანს „გზისპირა პიკნიკს“ ეფუძნება. დადგმის ერთ-ერთი ძლიერი მხარე სცენოგრაფიული გადაწყვეტაა (მხატვარი - თეო კუხიანიძე), რომელიც პოსტაპოკალიფსურ გარემოს ქმნის. განსაკუთრებით შთამბეჭდავია დიდი შავი ცელოფანი, რომელიც სუნთქვის იმიტაციით ცოცხალი ორგანიზმის განცდას ტოვებს. ტარკოვსკის ფილმის მასშტაბისა და მისი უნიკალური კინემატოგრაფიული ენის გათვალისწინებით, თავიდან რთული წარმოსადგენი იყო, როგორი ფორმით შეიძლებოდა „სტალკერის“ თეატრალურ სივრცეში გადატანა ისე, რომ დადგმას საკუთარი მხატვრული ღირებულება ჰქონოდა. მაგრამ ავთანდილ ვარსიმაშვილმა თავის შემოქმედებით გუნდთან ერთად შემოგვთავაზა ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია, სადაც შენარჩუნებულია პირველწყაროს ატმოსფეროც. უფრო ვრცლად კი ჩემი რეცენზია - „სტალკერი - ის ნეტარია“ - შეგიძლიათ იხილოთ საიტზე THEATRELIFE.GE / აქ.
შემდეგი წარმოდგენა MITEM-ის პროგრამის მიხედვით არის „რიჩარდ III”, რომელიც 2025 წელს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ვნახე. შესაბამისად ორი სიტყვით ამ წარმოდგენასაც შევეხები. რეჟისორი იტაი ტაირანი „რიჩარდ III“-ს არ დგამს როგორც ისტორიულ დრამას. ის პირდაპირ აკავშირებს შექსპირის ტექსტს თანამედროვე ისრაელის რეალობასთან და ამბობს, რომ რიჩარდი მისთვის არ არის უბრალოდ მონსტრი, ის ტრავმირებული გარემოდან წარმოშობილი ფიგურაა, რომელიც მანიპულაციის, ცდუნებისა და ძალადობის მეშვეობით ძალაუფლების საკუთარ სისტემას აყალიბებს. აღსანიშნავია, რომ რიჩარდის როლს ქალი მსახიობი (ევგენია დოდინა) ასრულებს, რითაც რეჟისორი შეგნებულად არღვევს მაყურებლის ტრადიციულ / სტერეოტიპულ აღქმას პერსონაჟის მიმართ. ამ გადაწყვეტით რეჟისორი მაყურებელს აჩვენებს რიჩარდს, როგორც ძალაუფლების უნივერსალურ მოდელს, რომელსაც სქესი არ გააჩნია. ეს სპექტაკლი ისრაელის პოლიტიკური კრიზისისა და სასამართლო რეფორმების პროტესტების ფონზე შეიქმნა, შესაბამისად რიჩარდში თანამედროვე ავტორიტარული ლიდერების ანარეკლია და დადგმაც აღარ აღიქმება, როგორც ამბავი შორეული წარსულიდან.
ახლა კი უშუალოდ ბუდაპეშტში ნანახ წარმოდგენებზე გადავალ. პირველი სპექტაკლი, რომელსაც ადგილზე დავესწარი იყო დიანა დობრევას „Oedipous And The Prophets” („ოიდიპოსი და წინასწარმეტყველები“). უცხო არაა, რომ ანტიკური დრამატურგიის თანამედროვე ინტერპრეტაციები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თეატრის მოყვარულებში. მით უფრო მაშინ, როდესაც ფესტივალის ოფიციალური პროგრამის გარეკანზეც სწორედ ამ წარმოდგენის ფოტო არის გამოტანილი, რაც თავიდანვე მის განსაკუთრებულობაზე მიანიშნებს. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მაყურებლის მოლოდინიც იზრდება. საინტერესოა თავად სათაურიც „ოიდიპოსი და წინასწარმეტყველები“. დიანა დობრევა სათაურიდანვე გვანიშნებს, რომ მისი ინტერესის არეალი ფართოა, რაც ცოდნის, წინასწარგანჭვრეტის და გარდაუვალი ბედისწერის შესახებ საინტერესო მსჯელობად იქცევა. დადგმაში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ვიზუალური და მუსიკალურ-ქორეოგრაფიული მხარე. სცენოგრაფია არ არის უბრალო დეკორაცია, ჩვენ ვხედავთ სიმბოლოებით სავსე სივრცეს, სადაც ვიზუალური ნიშნები ტრაგედიის ატმოსფეროს ქმნის. სპექტაკლის დასაწყისში სუფრაზე დალაგებული თეფშების ხმაურიანი მსხვრევა გარდაუვალი კატასტროფის მაუწყებელია. ასევე შთამბეჭდავია ცეკვის ეპიზოდები, რომლებიც ბალკანური ხალხური რიტუალების ელემენტებით სრულდება და წარმოდგენას საკრალურ ხასიათს სძენს. ქორეოგრაფიული გადაწყვეტები დრამატულ მოქმედებას რიტუალურ ენერგიას მატებს. შთამბეჭდავია კოსტიუმების მხატვრობაც - სცენაზე ვხედავთ სხვადასხვა ცივილიზაციის, სამხედრო, სასულიერო და თანამედროვე სამოსის ელემენტების ერთგვარ სინთეზს, რაც კონკრეტული ისტორიული ეპოქის ფარგლებს შლის და სპექტაკლს უნივერსალურ მასშტაბს სძენს. სწორედ ამ ვიზუალური, მუსიკალური და ქორეოგრაფიული კომპონენტების ერთიანობით დიანა დობრევა ქმნის შთამბეჭდავ სცენურ კომპოზიციებს და წარმოდგენას რიტუალურ სანახაობად გარდაქმნის.
საინტერესოა, რომ „ოიდიპოსი და წინასწარმეტყველები“ გარკვეულწილად ეხმიანება მანამდე განხილულ „რიჩარდ III“-ს. ორივე დადგმა კლასიკური ტექსტების თანამედროვე წაკითხვას გვთავაზობს თუმცა განსხვავებული კონცეფციით/აქცენტებით. თუ „რიჩარდ III“-ში ტრაგედია ინდივიდის ძალაუფლებისკენ უკონტროლო სწრაფვასა და პოლიტიკური ნების დესტრუქციულ გამოვლინებებს უკავშირდება, „ოიდიპოსი და წინასწარმეტყველები“ ყურადღებას კოლექტიურ ცნობიერებაზე ამახვილებს და აჩვენებს, როგორ შეიძლება საზოგადოება თავად იქცეს იმ ტრაგიკული პროცესების თანამონაწილედ, რომლის თავიდან აცილებაც შეეძლო.
MITEM-ის პროგრამა მხოლოდ ზრდასრულ მაყურებელზე ორიენტირებული წარმოდგენებით არ შემოიფარგლა და თანამედროვე საბავშვო თეატრსაც დაუთმო ასპარეზი. ანდრეი ბოკას სპექტაკლი „Play with Me!“ („ითამაშე ჩემთან ერთად!“) მიუხედავად იმისა, რომ 4-12 წლის მაყურებლისთვის არის შექმნილი, მისი თემატიკა გაცილებით ფართო აუდიტორიას მოიცავს. სპექტაკლის მთავარი მეტაფორა თოჯინის ფორმით ბავშვის წარმოდგენაა. თოჯინა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ საბავშვო თეატრის ტრადიციული გამომსახველობითი ხერხი აღარ არის. დედის გარეშე დარჩენილი და მამის ყურადღებას მოკლებულ ბავშვს ერთადერთი სურვილი აქვს - ეთამაშონ. ამ მარტივ სიტყვაში რეჟისორი თანამედროვე ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას უსვამს ხაზს - ბავშვს მატერიალურ კეთილდღეობაზე მეტად მშობლის დრო, ყურადღება და ემოციური კავშირი სჭირდება. სპექტაკლი ზღაპრული სიყვარულის ისტორიით იწყება. გოგოსა და ბიჭის ურთიერთობა თამაშის ფორმით ვითარდება. სცენაზე გაგორებული ვაშლები ადამისა და ევას ბიბლიურ მითს გვახსენებს, სიყვარულისა და ახალი ცხოვრების დასაწყისს რეჟისორი ამ ხერხით აჩვენებს პატარებს - თამაშიდან იბადება ოჯახი. სცენაზე ეშვება ნაჭრებში გახვეული ჩვილი, ის თითქოს „წერომ მოიყვანა“. თუმცა იდილია მალევე ირღვევა, დედის ზეცისკენ მიმართული შუქი მისი გარდაცვალების მეტაფორაა. მამა და შვილი რჩებიან მარტო. იცვლება მოქმედება, სცენაზე დიდი თეთრი ყუთი ჩნდება, გრანდიოზული საჩუქარი, რომლის ასაშენებლად მამა პარტერიდან იხმობს ხელოსნებს. ცირკის და ფიზიკური თეატრის ელემენტების გამოყენებით ხელოსნის პერსონაჟებად გადაქცეული მსახიობები სცენურ მოქმედებას აცოცხლებენ და დარბაზში მყოფ ბავშვებთან კონტაქტს ამყარებენ. მსახიობები ამ ამოცანას განსაკუთრებული სიზუსტით ასრულებენ. მათი თამაში სპონტანურიცაა და ტექნიკურად გამართულიც. ფინალში აშენებული სახლი, რომელიც სიმბოლურად ცისკენ მიიწევს, ერთმანეთთან აკავშირებს მამა-შვილს და დაკარგულ დედას. ამ სცენით სპექტაკლი ყველაზე მკაფიოდ აჩვენებს, რომ ოჯახი მხოლოდ ფიზიკური სივრცე არ არის, და რომ ის სიყვარულით, ზრუნვითა და ერთად გატარებული დროით იქმნება. ჩემთვის აღმოჩენა იყო უნგრელი პატარა მაყურებელი, რომელიც წარმოდგენას ხმაურის გარეშე და თან ძალიან დიდი ემოციით უყურებდა.
24 აპრილს ფესტივალის პროგრამამ სრულიად სხვა მასშტაბი შეიძინა. ალექსანდრ პოპოვსკის სპექტაკლს „Candide, or Radical Optimism“ („კანდიდი ანუ რადიკალური ოპტიმიზმი“) მაყურებელი ფილოსოფიური, სოციალური და პოლიტიკური ალეგორიების სივრცეში გადაჰყავს. ვოლტერის ტექსტზე დაფუძნებული ეს დადგმა ახლებურად იაზრებს კლასიკურ ლიტერატურას და მთელ სპექტაკლს პოლიტიკური და კულტურული სიმბოლოების ფანტასმაგორიად აქცევს. ალექსანდრ პოპოვსკის ინტერესი მხოლოდ ფილოსოფიური რომანის გასცენურებით არ შემოიფარგლება. დადგმის მეთოდი ეფუძნება სხვადასხვა თეატრალური გამომსახველობითი ფორმის სინთეზს. რეჟისორისთვის დრამატული ტექსტი არ წარმოადგენს ერთადერთ საყრდენს, მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მუსიკა და ქორეოგრაფიული პლასტიკა. წარმოდგენა მუდმივად იცვლის რიტმს/ტემპს და ფილოსოფიური დიალოგებიც მოულოდნელად მუსიკალურ ან ირონიულ ეპიზოდებში გადადის. რეჟისორი სპექტაკლს თეატრალურ კოლაჟებად აგებს - მბრუნავი სცენა ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი ეპიზოდები სწრაფი მონტაჟის პრინციპით ენაცვლება ერთმანეთს და ქმნის სამყაროს, სადაც რეალობა და სიზმარი ერთმანეთში ირევა. ყოველი სცენის ტრიალი ახალ რეალობას წარმოშობს, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება საზოგადოებრივი ტუალეტი, რელიგიური ინტერიერი, საოჯახო სივრცე, კაბარე თუ ფანტასმაგორიული მოგზაურობა. ატმოსფეროს შექმნაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს 1970-იანი წლების ესთეტიკა. ეპოქისთვის დამახასიათებელი კოსტიუმები, ვარცხნილობები, როკ-ჯგუფის ცოცხალი მუსიკა. ეს ყველაფერი პოპოვსკისთვის თეატრალური კოდია, რომლის მეშვეობითაც ვოლტერის ტექსტი თანამედროვე კულტურულ კონტექსტში გადმოაქვს. წარმოდგენაში მუსიკალური სცენები, გროტესკი და ირონია ერთიან მხატვრულ სისტემას ქმნის, სადაც ყველა მათგანი საერთო რეჟისორულ კონცეფციას ემსახურება. პოპოვსკი შეგნებულად აერთიანებს რელიგიურ, პოლიტიკურ და მასობრივი კულტურის სიმბოლოებს. ძალადობა, რელიგია და სანახაობა ერთიან თეატრალურ აქტად გარდაიქმნება. ანალოგიურად მუშაობს პოპკულტურის მუსიკალური ციტატებიც - კუნიგუნდას მიერ შესრულებული უიტნი ჰიუსტონის „I Will Always Love You“ და „Sweet Dreams“. ფანტასმაგორიული სამყაროს შექმნაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სცენოგრაფიას. არც ერთი სურათი არ მეორდება. კაბრიოლეტით მოგზაურობა, ღრუბლების პროექცია, ნავით ცურვა, შაურმის შამფურს დამსგავსებული მბრუნავი დისკო თუ სცენის ორმოდან ამოსული ქოთნის ყვავილი წარმოდგენას ვიზუალური მეტაფორების სისტემად გარდაქმნის.
ვიქტორ რიჟაკოვი თავის სპექტაკლში „Queen Of My Heart” (“ჩემი გულის დედოფალი“) ყურადღებას ამახვილებს ადამიანის ცხოვრების ბოლო ეტაპზე, როდესაც აწმყო წარსულით იწყებს არსებობას. სწორედ ამ კონცეფციას მოარგო მხატვარმა სცენოგრაფია - თეთრი, გაცრეცილი, თითქმის უფერული ინტერიერი, სადაც დრო გაყინულია. ამ სივრცეში წარსული და აწმყო ერთმანეთში ირევა. შეყვარებული წყვილი თამაშით შემოურბენს ოთახს და სწორედ ამ წრიულ მოძრაობაში მაყურებლის თვალწინ მთელი ცხოვრება იშლება: შეყვარებულობა, ქორწინება, შვილების გაჩენა. რეალობა და წარმოსახვა შეუმჩნევლად ენაცვლება ერთმანეთს. მოხუცი წყვილის ყოველდღიურობა თანდათან წარსულს უთმობს ადგილს. სცენაზე ცოცხლდება ოჯახური იდილია, ცოლი სარეცხს ფენს, ქმარი წიგნს კითხულობს, ხოლო რამდენიმე წამში მაყურებელი კვლავ აწმყოში ბრუნდება, სადაც მძიმე ავადმყოფობა/დემენცია და მარტოობაა. ერთ-ერთი ემოციური ეპიზოდია, როცა მოხუცი ქალი დამხმარე ქალს სთხოვს, მისი ახალგაზრდობის როლი ითამაშოს, რომ ქმარმა სიცოცხლის ბოლო წუთები ბედნიერების ილუზიაში გაატაროს. ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური და მძიმე იყო ეპიზოდი, სადაც მოხუცი მამა ემიგრაციაში მყოფ შვილს ელოდება. მეუღლე, რომელიც აცნობიერებს ქმრის მძიმე მდგომარეობას, იძულებულია შეუქმნას ილუზია, თითქოს შვილი კვლავ ინტერესდება მათი ცხოვრებით. სპექტაკლის დრამატურგიული კულმინაციაა წარმოსახვითი სატელეფონო საუბარი, როცა მამა ემიგრაციაში მყოფ შვილს ესაუბრება. რეჟისორი აქ ხაზგასმით გვაჩვენებს, როგორ შეიძლება წარმოსახვამ ჩაანაცვლოს რეალობა, რომელიც ადამიანის ფსიქიკის თავდაცვით მექანიზმად იქცევა. „დატოვებული მშობლები“ და „უდარდელი შვილები“ - სპექტაკლის შემდეგ დრამატურგთან ნიკოლა მაკოლიფთან (Nichola McAuliffe ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, დრამატურგი და სცენარისტია) შეხვედრისას სწორედ ეს კითხვა დავსვი: არის თუ არა დამნაშავე შვილი, რომელმაც მშობლებისგან შორს საკუთარი ცხოვრების მოწყობა გადაწყვიტა? წარმოდგენის დასრულების შემდეგ მაყურებელი ბუნებრივია თანაუგრძნობს მოხუც წყვილს, რომელიც მარტოობის, ავადმყოფობისა და მოლოდინის ტკივილს ატარებს. თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო იმ ადამიანის პოზიციის გაგებაა, რომელიც სახლიდან წასვლის გადაწყვეტილებას იღებს. ამიტომ ამ ისტორიას უფრო ფართო სოციალური კონტექსტიც აქვს, რომელიც სცენაზე მხოლოდ ირიბად იკითხება. სწორედ ამან დამაფიქრა ყველაზე მეტად. შეიძლება ეს იყოს სპექტაკლის მთავარი ხიბლიც. მაყურებელს ერთი თემის გარშემო სხვადასხვა პრობლემაზე დაფიქრების საშუალებას აძლევს - რას ნიშნავს სიყვარული, მოლოდინი, პასუხისმგებლობა, ოჯახი, შვილები...
ნანახი პროგრამის დასკვნითი წარმოდგენა ნიკოლა ზავიშიჩის (სერბეთის ეროვნული თეატრი) სპექტაკლი „The Imaginary Invalid“ („წარმოსახვითი ავადმყოფი“) იყო. რეჟისორმა რთული თეატრალური კონსტრუქცია შემოგვთავაზა, რომელიც მაყურებლის მხრიდან ინტელექტუალურ ჩართულობას მოითხოვდა. საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სადაც წარმოდგენებს სხვადასხვა კულტურისა და ენის მქონე მაყურებელი ადევნებს თვალს, მსგავსი ტიპის ტექსტზე ორიენტირებული დადგმები დიდ კონცენტრაციას მოითხოვს. ასეთ დროს, როდესაც მაყურებლის ნაწილი სპექტაკლს სუბტიტრების საშუალებით ეცნობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიტყვასა და სცენურ მოქმედებას შორის ბალანსის დაცვა, რომ საზოგადოებამ უყუროს რეჟისორისა და მსახიობების ნამუშევარს და არა მონიტორს. რა თქმა უნდა, შემეძლო სპექტაკლის შესახებ გამოქვეყნებული რეცენზიები და პუბლიკაციები მომეძიებინა და მათზე დაყრდნობით უფრო ვრცელი ანალიზიც შემეთავაზებინა, თუმცა მიმაჩნია, რომ თეატრის კრიტიკოსის შეფასება პირველ რიგში იმ ემოციასა და აღქმას უნდა ეყრდნობოდეს, რომელსაც თავად წარმოდგენა უტოვებს და არა იმ ინტერპრეტაციებს, რომლებიც მას შემდეგ იქმნება.
MITEM 2026 კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მხოლოდ სპექტაკლების ჩვენების სივრცე აღარ არის. იგი სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური კულტურების, ესთეტიკური ხედვებისა და პროფესიული გამოცდილების შეხვედრის ადგილად იქცა. ხუთი დღის განმავლობაში ნანახმა წარმოდგენებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ კლასიკური ტექსტების სიცოცხლისუნარიანობა სწორედ თანამედროვე რეჟისორულ ინტერპრეტაციებზეა დამოკიდებული. ანტიკური ტრაგედიიდან შექსპირამდე, ვოლტერიდან მოლიერამდე, საბავშვო თეატრიდან ფსიქოლოგიურ დრამამდე - თითოეული წარმოდგენა განსხვავებული თეატრალური ენით ცდილობდა თანამედროვე ადამიანის, საზოგადოების და სამყაროს შესახებ საუბარს.
ჩემთვის, როგორც არაერთ ფესტივალზე ნამუშევარი კრიტიკოსისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საფესტივალო გარემო. MITEM-ის გუნდის პროფესიონალიზმი, სტუმრების მიმართ გულწრფელი დამოკიდებულება და ყველა დეტალზე ზრუნვა ქმნის ატმოსფეროს, სადაც თავს არა მხოლოდ მაყურებლად, არამედ საერთაშორისო თეატრალური ოჯახის წევრად გაგრძნობინებს. სწორედ ასეთი გარემო აძლევს ფესტივალს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ბატონი ატილა (Attila Vidnyánszky - ფესტივალის ხელმძღვანელი) თავის თანამშრომლებთან ერთად ახერხებს იმას, რომ MITEM-ზე დაბრუნება ყოველთვის მოგინდეს.