top of page

ბოლოს როდის იყავით თეატრში?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

რისთვის დაარსდა ქალაქთან ერთად თეატრი_!

თამთა ქაჯაია

ბოლოს როდის იყავით თეატრში?

 

26 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა - „ქალაქის გული“, რომლის რეჟისორი გიორგი სიხარულიძე გახლავთ. ეს პიესა ნინია სადღობელაშვილმა კონკრეტულად ჭიათურის თეატრისთვის დაწერა, რომელიც ადგილობრივი მაყურებლის ქალაქის გულში/თეატრში დაბრუნებას ემსახურება. დრამატურგმა მსგავსი კოლაბორაციით მესხიშვილისა და დმანისის თეატრთანაც ითანამშრომლა. როგორც ჩანს, ქალაქში, ფაქტობრივად, ერთადერთმა მთავარმა, კულტურულმა დაწესებულებამ თეატრმა,  დაკარგა მაყურებელი, ხალხმა დაივიწყდა წარსული/მნიშვნელობა. რეჟისორი, დრამატურგთან ერთად, ისტორიული, მნიშვნელოვანი ფაქტების გახსენებას ცდილობს, ზოგადად წარსულის გაღმერთება და მითოლოგიზება ქართველებზე უკეთ ხომ სხვას არ შეუძლია. დროში გაურკვევლობა და სოციალური დაბნეულობა კი დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალს“ მახსენებს.

 სიუჟეტი დაბადებისდღის გარშემო ვითარდება - დასაწყისში ჩანს ძველი ჩანაწერები, (შავ-თეთრი) კადრები, სადაც ქალაქის და თეატრის მნიშვნელობაზეა საუბარი. ერთი მხრივ გასაგებია, რომ დაბადების დღეზე პროექცია არ იქნებოდა ჩართული და რეჟისორმა ეს ხერხი დარბაზში მყოფი მაყურებლისკენ მიმართა (ისტორიის ხაზგასასმელად). მაგრამ, მეორე მხრივ, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ჩანაწერის გაშვება, რომელიც სიტუაციურად და სიუჟეტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი, მოსაწყენი და არაფრის მომცემია.

პიესის სიუჟეტი ერთი ოჯახის გარშემო ვითარდება, ამირანის (გია კენჭოშვილის) 50 წლის იუბილეს ლიკა - (მაია მანჯავიძე) მსახიობ/ანიმატორის (გიორგი ჩაჩანიძე) მოყვანით სიურპრიზს უწყობს მეუღლეს. თუმცა, მანამდე, ასევე გაუგებარი მიზეზის გამო, გვესმის ეკლესიის ზარების ხმა და დაბადების დღის ტორტის ნაცვლად, სააღდგომო წითელ კვერცხებს ვხედავთ სცენაზე. შეუსაბამოა რელიგიური მოტივებისკენ იუბილეს წაყვანა, რადგან ამის არანაირი გამართლება და ახსნა სპექტაკლში არ ჩანს. სცენაზე, დეკორაციას მხოლოდ ერთი მაგიდა წარმოადგენს (მხატვარი - თეო კუხიანიძე), თითოეული სტუმარი თუ მასპინძელი თეთრებშია გამოწყობილი. მათ შორის „ჯენ ზის“ თაობის წარმომადგენლად ნია ლაბაძე (მარიამ გაბაძე) და ლუკა (კოტე კახნიაშვილი) წარმოგვიდგებიან, მათი ყურადღება მხოლოდ ტელეფონისკენ არის მიმართული. პერიოდულად ვხედავთ ორი თაობის შეხედულებებისა და ფასეულობების დაპირისპირებას. აქვე ირკვევა, რომ მშობლებმა და შვილებმა ერთდროულად დაივიწყეს მთავარი - თეატრი. არალეს დასმულ კითხვაზე - „ბოლოს როდის იყავით თეატრში?“ ერთნაირ გაურკვეველ მდგომარეობაში ვარდება ყველა. ერთ-ერთ სცენაში თამადა (ბონდო ჩაჩანიძე) ამბობს: „დღეს სხვანაირი ფილმებია მოდაში, რა გასაკვირია, ნანახი რომ არ ქონდეს!“.

სანამ უშუალოდ სპექტაკლის განხილვას გავაგრძელებ, ვიტყვი, რომ თანამედროვეობასთან ერთად, რაღაც სიახლე/ინოვაცია, ფორმა, მუდმივად უნდა შესთავაზოს თეატრმა მაყურებელს. მხოლოდ „საბუდარელი ჭაბუკის“ და რევაზ ლაღიძის სიმღერების გახსენებით პრობლემა ვერ გადაიჭრება. რეჟისორმა მაყურებელი სცენაზე დასვა, მანძილი მსახიობსა და მაყურებელს შორის მინიმუმამდე დაიყვანა, რითაც სრული მზაობა შექმნა ორმხრივი კომუნიკაციის დასამყარებლად და დარბაზის ჩართულობისთვის.

თანამედროვეობასთან ერთად თეატრის გამომსახველობითი ფორმები და ხერხები მუდმივად იცვლება. თეატრი ცოცხალი კომუნიკაციაა მაყურებელსა და მსახიობს შორის. პანდემიის პერიოდში, როდესაც შეიქმნა გამოუვალი მდგომარეობა, თეატრმა გაარღვია სივრცეები, შენობიდან გარეთ გავიდა და ალტერნატიული ადგილების ათვისება დაიწყო, გოლფის მოედანი, ნაგავსაყრელი, საფეხბურთო მოედანი, სასაფლაოები და ა.შ. როდესაც თეატრში მაყურებელი ვეღარ დადიოდა, თეატრი თავად „გავიდა“ მაყურებელთან. ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს ვნახავთ, რომ ქართული თეატრი უმეტესად ყოველთვის მიმდევარი იყო ტრადიციების. მუდმივად არსებობდა სიახლის შიში, ახლა კი ვხედავთ რომ აღნიშნულმა სათეატრო პროცესშიც იჩინა თავი. თეატრის სცენიდან მაყურებლისთვის მოწოდება პირდაპირი და პლაკატურია  - „იარე თეატრში“ , „ნახე სპექტაკლი“ ვფიქრობ, არაფრის მომცემია.

სიახლე - ეს ჭირდება მაყურებელს, რომ იაროს თეატრში, რომელიც გულისხმობს ექსპერიმენტებს, აქტუალურე თემებს, პერფომანსებს, ინტერაქციას და უამრავს სხვადასხვა ფორმას თუ ხერხს.

bottom of page