top of page

ბლეზი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

658982744_1418936336940064_3780468141923767945_n.jpg

06.05.2026

სალომე გულიაშვილი

ბლეზი

 

რა არის თეატრის დანიშნულება? ამ კითხვაზე პასუხი საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. არისტოტელესთვის, თეატრის მთავარ დანიშნულებას კათარზისი წარმოადგენდა, რისი მეშვეობითაც მაყურებელის სულიერი განწმენდა ხდებოდა. შუა საუკუნეებში, რელიგიური გავლენის გაძლიერების შემდეგ თეატრალურმა წარმოდგენებმა ქუჩებში გადაინაცვლეს და უფრო მეტად მორალისტური ფუნქცია შეიძინეს. რენესანსის პერიოდში თეატრი ცხოვრების სარკის ფუნქციას ითავსებს. შემდეგ ჩნდება ფსიქოლოგიური დრამა და ადამიანის შინაგანი სამყაროს უფრო ღრმა კვლევა იწყება. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბრეხტის ეპიკური თეატრი მწვავე სოციალური კრიტიკით იპყრობს ყურადღებას. მუდმივად მიმდინარეობდა გარკვეულის სახის ცვლილებები, ჩნდებოდა ახალ-ახალი ჟანრები თუ მიმდინარეობები. ამჯერად ჩემი  ყურადღების ობიექტია 1950-იანი წლების ფრანგული კომედია, კლოდ მანიეს პიესა „ბლეზი“. მასში სიუჟეტი ძირითადად აგებულია აბსურდულ, გადაჭარბებულ სიტუაციებზე. დიალოგები სწრაფია, ტექტები კი გაჟღენთილია ირონიით, მოკლე ეფექტური რეპლიკებითა და სიტყვების თამაშით. აქ გვხვდება სოციალური სატირა, რაც ზოგადად კომედიის ჟანრის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. კომედია ხომ ყველაზე კარგი მაგალითია იმისა როგორ უნდა იცინოს ადამიანმა საკუთარი თუ საზოგადოების ნაკლოვანებებზე, თან ისე რომ ერთი წუთითაც არ იგრძნოს თავი შეურაცხყოფილად. ამ კომედიისათვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოკვეთილი ტიპაჟური პერსონაჟები, თითქმის კარიკატურამდე დაყვანილიც კი. ერთ პერსონაჟში შეგვიძლია დავინახოთ არა კონკრეტული ადამიანი, არამედ საზოგადოების გარკვეული ჯგუფის კოლექტიური სახე. ასევე ვხვდებით მოვლენათა ჩახლართულ ჯაჭვს, რომელიც თანდათან უფრო რთულდება და საბოლოო ჯამში დიდ გაუგებრობასა და ქაოსში გადაიზრდება. ტემპო-რიტმის შენარჩუნებას ხელს უწყობს პერსონაჟების უეცარი შემოსვლები, რაც სცენებს უფრო მეტ კომიკურობას სძენს.

      

კლოდ მანიეს „ბლეზი“, მიუხედავად მსუბუქი და გასართობი ხასიათისა, მნიშვნელოვან ქვეტექსტებს ატარებს და იმ დროინდელი საზოგადოების მძაფრ კრიტიკას წარმოადგენს. შეუძლია თუ არა ადამიანს თავისი ნამდვილი სახე შეინარჩუნოს და ასე გადარჩეს იმ გარემოში, სადაც ყველაფერი სიყალბეზეა აგებული, სადაც ყველაფერი მატერიალური პრიორიტეტადაა გამოცხადებული, სიყვარული და სულიერი განვითარება კი უკანა პლანზეა   გადაწეული. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რასაც ავტორი იუმორით ფუთავს და ადამიანის მორალურ დაცემას უსვამს ხაზს. კონკრეტული ურთიერთობებისა და ოჯახების მაგალითზე ის ახერხებს მაშინდელი საზოგადოების სურათი დაგვიხატოს. რამდენად აქტუალურია პიესაში აღწერილი თემები დღევანდელ სამყაროში? ვფიქრობ, ისინი აქტუალობას ნამდვილად ინარჩუნებს. სოციალურ ქსელებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიღმა მცხოვრებ საზოგადოებაში სულ უფრო მეტად იჩენს თავს გულწრფელობის არარსებობის პრობლემა, ხდება ურთიერთობების „გაყალბება“, რეალობის შელამაზების ტენდენცია. ასეთ სიტუაციაში საინტერესოა რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს გაყალბებულ გარემოში ცხოვრება? იჩენს თუ არა საბოლოო ჯამში თავს მათი რეალური სახე და მიიყვანს თუ არა ეს ყველაფერი თვითგანადგურებამდე ან ურთიერთობების ნგრევამდე?

       

„ბლეზის“ პრემიერა მიმდინარე წლის 24 მარტს შედგა მოზარდ მაყურებელთა თეატრში. დადგმის რეჟისორები დიმიტრი ხვთისიაშვილი და გიორგი სულთანიშვილი არიან. მათ მოახერხეს პიესისათვის დამახასიათებელი სწრაფი ტემპი და პერსონაჟებს შორის სხარტი კომუნიკაცია შეენარჩუნებინათ, რაც გამოიხატება მსახიობების ტემპო-რიტმში და სცენების უეცარ ცვლაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება რაც ტექსტის ინსცენირებისას განხორციელდა არის პერსონაჟების რაოდენობის ზრდა. 2 პერსონაჟი, მიშელი (ალექსანდრე კვეზერელი) და გასტონი (ნიკა ჭკადუა), რომლებიც პიესაში მხოლოდ დიალოგებში არიან ნახსენები, სპექტაკლში მოქმედ პირებად გვევლინებიან. მაყურებელს ერთი წუთითაც არ უჩნდება განცდა, რომ ეს პერსონაჟები პიესაში არ არსებობენ, რადგან მსახიობები იდეალურად ერწყმიან გარემოს და სიტუაციებს უფრო მეტ კომიკურობას სძენენ. ვფიქრობ პიესა სწორადაა შერჩეული, იმის გათვალისწინებით რომ თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტების სადიპლომო სპექტაკლს წარმოადგენს და მსახიობებს საშუალებას აძლევს თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ. ჯგუფმა მოახერხა კომედიის ჟანრის კარგად მორგება და დასამახსოვრებელი პერსონაჟების შექმნა.

     

ანა კალატოზიშვილის მიერ წარმოდგენილი სცენოგრაფია გამოირჩევა დეკორაციების სიუხვით. კედლები დაფარულია აბსტრაქტული ფერწერული ნამუშევრით, რომელიც შემდგომ მარის (ნანა მეტრეველი) ნახატშიც პოულობს ასახვას. სპექტაკლის დაწყებიდანვე მაყურებლის ყურადღებას იპყრობს მუდმივად მოძრავი კარი, რომელიც არაერთ კომიკურ სიტუაციას ქმნის და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოქმედების ტემპის შენარჩუნებას. პერსონაჟები მას ხან სახლის შიგნით, ოთახებს შორის გადასაადგილებლად იყენებენ, ხანაც გარედან შემოსულ სტუმრებს ამავე კარის საშუალებით ხვდებიან და შინ ეპატიჟებიან. ვფიქრობ ამით იმის ხაზგასმა ხდება თუ როგორ ზემოქმედებს გარემო და გარეთ მიმდინარე მოვლენები ოჯახებსა და სახლის კედლებს შორის მიმდინარე პროცესებზე. ნამცხვრის ფორმის სავარძლები მიუთითებს ჰედონისტურ საზოგადოებაზე. აქ სახლის მორთულობაც ესთეტიკურად ლამაზ შეფუთვაზეა ორიენტირებული, როგორც ადამიანთა ცხოვრება. პერსონაჟთა კოსტუმებში იგრძნობა მათი ინდივიდუალური ხასიათი და ცხოვრების წესი.

მუსიკალური კომპოზიციები (მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი) აკომპანიმენტს უწევს მიმდინარე მოვლენებს და სცენების ლაიტმოტივად იქცევა. გარკვეულ ეპიზოდებში მოქმედების წარმმართველად და ტემპო-რიტმის განმსაზღვრელად გვევლინება, ზოგან კი ლირიკულ დატვირთვას იძენს და პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულებების ამსახველია.

         

ნიკა ხრიკულის მიერ შექმნილი ბლეზი ახალგაზრდა მხატვარია, რომელიც ცდილობს ადაპტირდეს რეალობასთან და, საბოლოო ჯამში, თვითონაც ამ დიდი ქაოსის მონაწილე ხდება. მის ქმედებებსა და შესრულების მანერაში იგრძნობა მუდმივი დაძაბულობა. ბლეზს ესაჭიროება იყოს მატერიალური უზრუნველყოფა, რასაც თავისი ნახატების მეშვეობით ვერ ახერხებს, შესაბამისად, მზადაა, წავიდეს მსხვერპლზე და ცხოვრება დაუკავშიროს ისეთ პარტნიორს, რომელსაც არც კი იცნობს. მას კარგად აქვს გააზრებული, რისი გაღება მოუწევს თუ დათანხმდება ყოველგვარი გრძნობებისა და სიყვარულისგან დაცლილ ქორწინებას, თუმცა ისიც მარტივი შესამჩნევია, რომ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ჩნდება კითხვა: რეალურად არ არსებობს მისთვის სხვა გამოსავალი, თუ ახალგაზრდა კაცი არც ცდილობს მის მოძებნას? ამ პასიური ახალგაზრდა კაცისთვის თითქოს კომფორტულია, როდესაც სხვები უწყვეტენ როგორ მოიქცეს, რა თქვას და თავისი მომავალი როგორ წარმართოს. ამიტომაც თანხმდება თავისი საყვარლის, ჟენევიევას (მია მიქელაძე) წინადადებას მატერიალური სარგებლის მიზნით. მსახიობი კარგად ახერხებს ჩვენამდე მოიტანოს პერსონაჟის მუდმივი სტრესული მდგომარეობა, რომელიც ამ მოცემულობითაა განპირობებული. ნიკა ხრიკულის პერსონაჟი შესრულების მანერით სხვა გმირებისაგან განსხვავებით,  მეტად რეალისტური და ნაკლებად გაშარჟებულია. მსახიობის მოძრაობები და მიმიკები ცოცხალი და ენერგიულია,  ახერხებს შერჩეული ტემპო-რიტმის შენარჩუნებას.

 

საინტერესო სახეს ქმნის ნანა მეტრეველი. მისი მარი სოფლიდან ჩამოსული გოგონაა, რომელიც ქალაქში ჩადის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. სხვა პერსონაჟებისაგან განსხვავებით გულწრფელია, თუმცა აკლია ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც მის დამოკიდებულებებსა და სამყაროს აღქმაშიც მკაფიოდ აისახება. მისთვის უცხოა გარემომცველი ყალბი საზოგადოების ფსევდოღირებულებები. პროვინციელი გოგონა ერთგულად იღწვის პატრიარქალური აღზრდის პრინციპების დასაცავად ქალის პატიოსანი სახელისთვის. ამ ყველაფრის მიუხედავად მარი საკმაოდ მებრძოლი ხასიათისაა, მას ეხერხება მოცემულ სიტუაციას კარგად მოერგოს და შეძლოს სარგებლის მიღება. მისი ყურებისას სულაც არ გიჩნდება განცდა რომ გოგონა გულუბრყვილოა, პირიქით დარწმუნებული ხარ რომ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვის. ნანა მეტრეველი წარმატებით გადმოსცემს თავისი პერსონაჟის შინაგან განცდებს და სხვა გმირების მიმართ მის დამოკიდებულებებს.

 

ალექსანდრე შარაბიძე, თამარ ქადაგიძე და ანა თოგოშვილი მკვეთრად გამოხატულ კარიკატურულ სახეებს ქმნიან. ისინი წარმოგვიდგენენ ოჯახს, რომელთა ურთიერთობებიც ტყუილსა და სიყალბეზეა აგებული. ერთმანეთის მიმართ გაციებულნი, გაჭირვებით ეგუებიან ოჯახურ ყოფას და არსებული საზოგადოების „ღირსეული“ წევრები ხდებიან. მათ კომუნიკაციაში კარგად იგრძნობა ერთმანეთისაგან გაქცევის სურვილი. ცოლს არ მოსწონს ქმრის მიდგომები და გადაწყვეტილებები, მაგრამ იძულებით ითმენს მის ახირებებს. ქმარისათვის ნორმაა ღალატი, ტყუილი, საყვარლების ცვლა, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვნად მიაჩნია. ამ გარემოში გაზრდილი შვილი შეუძლებელია ჯანსაღი მენტალიტეტის დარჩეს. მშობლებისგან ბავშვურ მოპყრობას ჩვეული,  ინდივიდად არც განიხილება.

მია მიქელაძე, ლალი ღერკენაშვილი და ხატია მელქაძე/თამარ ჭანუყვაძე ტემპერამენტიანი ქალების სახეებს ხატავენ. ისინიც, როგორც უმრავლესობა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არიან ორიენტირებულნი. მია მიქელაძის ჟენევიევა თავდაპირველად ცივი გონებით მოაზროვნე პერსონაჟად გვესახება, რომელსაც ყოველი დეტალი აქვს გათვლილი, სპექტაკლის ბოლოს კი ისტერიულ ქალად იქცევა, რადგან აცნობიერებს, რომ არავისთვის აღმოჩნდა შეუცვლელი. სამივე მსახიობი მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს მოქმედების მიმდინარეობის პროცესში და შთამბეჭდავად ახერხებენ ერთმანეთისგან  განსხვავებული, სახასიათო პერსონაჟების შექმნას.

როგორც უკვე აღვნიშნე, ალექსანდრე კვეზერელისა და ნიკა ჭკადუას მიერ შექმნილი პერსონაჟები რეჟისორების მიერ იქნა შეთხზული, თუმცა, სწორედ მათ უკავშირდება სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე კომიკური ეპიზოდები. მსახიობები იდეალურად ახერხებენ ჟანრის თავისებურებების გაცნობიერებით შექმნან საინტერესო სახე-ნიღბები, დამახასიათებელი მოძრაობებითა და მკაფიოდ გამოკვეთილი ტიპაჟებით.

ვფიქრობ, რეჟისორებმა შეძლეს ისეთი პიესის შერჩევა, რომელიც მსახიობებს თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენაში დაეხმარებოდათ. თუმცა, ვისურვებდი, რომ რეჟისორული ინტერპრეტაციით, დადგმას მხოლოდ გასართობი ფუნქცია არ შესძენოდა. რა თქმა უნდა, კომედიის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება საკუთარი ნაკლოვანებების დანახვა და მათზე სიცილია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს უფრო მკვეთრი აქცენტებით პრობლემური ასპექტების გამოკვეთას.

bottom of page