top of page

ბეთქილი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

257297505_598576218059196_4677158367209553038_n.jpg

ნუცა კობაიძე

ბეთქილი

„დალი ფრიად ხორციელი, ვნებიანი ქალღმერთია, ხიბლავს გამოჩენილ მონადირეებს, სიყვარულის ქსელში ახვევს და წყალობას არ აკლებს, მაგრამ თუ უღალატა, გასცა და გაამხილა ვინმემ, არ დაინდობს, ზვავს გაატანს ან კლდეზე გადაჩეხავს“.

ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფოლკლორის, ტრადიციებისა თუ ადათ-წესების შენარჩუნება და პოპულარიზაცია. რეჟისორი კახა ბაკურაძე ამ მიზნით იღებს ხალხურ ლეგენდას ბეთქილის ისტორიაზე და ახორციელებს მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრში, ლეო ფილფანის სახელობის თეატრში. მოძრაობის თეატრმა არაერთ გასტროლს უმასპინძლა 2021 წელს, მათ შორის იყო მესტიაც. რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა თბილისელი მაყურებლისთვის, თვალი ადევნოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრებში მიმდინარე პროცესებს.

თუკი ნოს თეატრალური ელემენტებით შექმნილ წარმოდგენაში შერწყმულია ხალხური ცეკვა, სიმღერა და მუსიკა. საინტერესო აღმოჩნდა  სვანური ფოლკლორით გაჟღენთილი, ნახევრად ვერბალური სპექტაკლი, თითქოს ტრადიციული, მაგრამ თან არაორდინალური, უჩვეულო ხერხით დადგმული. თუკი ნოს თეატრის მსახიობთა უმთავრესი აქსესუარი -  მსახიობის სახეზე სხვადასხვა ფერისა და ფორმის ზოლებია. ამ შემთხვევაში რეჟისორი ნადირობის ქალღმერთ დალისთან იყენებს მსგავს გრიმს. წითელი (მარინა იოსელიანის წითლად შეღებილი ტუჩები), თუკი ნოს მიხედვით, პერსონაჟის სამართლიანობას, ფიზიკურ სიძლიერეს, სიმამაცეს გამოხატავს, ხოლო შავი (ამ შემთხვევაში, შავი გაშლილი თმა) - ჯადოქრობას, მისნობას. თითოეულ ფერს შესაბამისი შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. ვნებიანი ქალღმერთი დალი ნიმფას მოგვაგონებს. თეთრი ფერის საღებავი, ზოლებად რომ უსვია სახეზე, სიმბოლოა თავისუფლების, სრულყოფილების, ამავე დროს ფიზიკური აღსასრულისაც, რაც ყველაზე მეტად შეესადაგება მთლიანად თეთრებში  შემოსილ ჩვენს პერსონაჟს.  

ხაზგასასმელია, რომ მთავარი აქცენტი კეთდება ვიზუალურ ეფექტებზე, რაც მიმიკის, გრიმის, პანტომიმისა და სპეციფიკური სტილიზებული ხერხით ხორციელდება (გამოჭრილი ფიგურებით შექმნილი ჩრდილების თეატრი). შინაარსობრივ მხარეს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება, რასაც რეჟისორი მუსიკით, პლასტიკით, ჭიდაობით და ფერხულით გვიყვება.

დეკორაცია ფაქტობრივად ერთადერთი კედელია, რომლის ბრუნვით დინამიკური მონაცვლეობა ხდება მთებისა და სახლ-კარის. აქ მთავარია არტისტი ბიჭუნას (ვასკა ამურველაშვილი) მიერ გამოჭრილი ფიგურების მონაცვლეობით ნაჩვენები ჩრდილები, რაც იმდენად შთამბეჭდავი სანახავია, რომ მაყურებლის მთელი ყურადღება მინიატურულ ჩრდილების თეატრზეა მიპყრობილი.

ველური ცხოველების მფარველი, მზეთუნახავი, მაცდური, ალქაჯი დალი, ნადირის და მთაში ასული მონადირეების გარდაუვალი ბედისწერაა.  სწორედ ის შეიტყუებს ბეთქილს (დავით რატიანი) მიუვალ კლდეებში და სამუდამოდ დაიტოვებს თავისთან. ჩრდილების თეატრის მეშვეობით ჩვენ ვხედავთ მათ ინტიმურ სცენებს, ვხედავთ რქიანი ქალის ფიგურას (დალი მაქციაა - მას შეუძლია გამოეცხადოს ადამიანს ცხოველის სახით), ბეთქილის ბრძოლას ჯიხვებთან და მის გარდასახვას ჯიხვად.

კომპოზიტორ სანდრო ნიკოლაძის მუსიკა ესადაგება ბრეხტის სიტყვებს - „მუსიკა თეატრში, როგორც ამას გვიჩვენებს ხალხური ხელოვნების პრაქტიკა, დაკავშირებული უნდა იყოს საშემსრულებლო ენერგიასთან... რა თქმა უნდა, კომპოზიტორს შეუძლია ბევრი კარგის შექმნა სპექტაკლისათვის, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუკი ის მზად არის ილაპარაკოს ერთ ენაზე ყველა მონაწილესთან, და არ ეცდება დამოუკიდებლად დაატკბოს მაყურებლის სმენა“. მუსიკოსი უკვე შეიყვარა მაყურებელმა თავისი შემოქმედებით: სანდრო ნიკოლაძის მუსიკალური ალეგორია „ინტრო“ (მოძრაობის თეატრი), იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „წყურვილი“ (მესხეთის თეატრი), კახა ბაკურაძის  - „რეჩიტატივი ქალაქში“ (მოძრაობის თეატრი) და ა.შ. სპექტაკლს ეტყობა ის ჰარმონია რაც კახა ბაკურაძესა და კომპოზიტორს შორის არის, ისინი ქმნიან ერთიან, დახვეწილ ნამუშევარს. ერთ რიტმში, ერთ ამოსუნთქვაში სრულდება სპექტაკლი.

XXIს-ში ძალიან მნიშვნელოვანია წარმოდგენა იყოს ლაკონიური და მრავლისმთქმელი. რეჟისორი 50 წუთში  გვიყვება სვანურ ლეგენდას ბეთქილისა და დალის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი ხალხურ თქმულებაზეა აგებული და თითქოს ითხოვს კიდეც სვანურ ცეკვა-სიმღერას („შინა ვორგილი“), ვფიქრობ, მის გარეშე (ხელის თხოვნის სცენა) გაცილებით დახვეწილი იქნებოდა წარმოდგენა. სანადიროდ წასული ბეთქილის მოძრაობა პანტომიმის ელემენტით, სცენის სიმაღლიდან დაშვებული დალი, საცალფეხო ბილიკის გარბენა, ეს რთული ამოცანა მესტიის თეატრის მსახიობებისთვის  თითქოს მარტივად დასაძლევი აღმოჩნდა. რეჟისორმა თანამედროვე ხედვით გააცოცხლა სვანური ლეგენდა, რასაც როგორც ქართველი, ისე უცხოელი მაყურებელი დიდი ინტერესით ნახავს.

bottom of page