top of page

ბერსერკების მზიანი მხარე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

431866640_1637093980368397_1425046316982322616_n.jpg

თამთა ქაჯაია

ბერსერკების მზიანი მხარე

თეატრის არსი არის მსახიობი,

მისი მოქმედებები და ყველაფერი,

რასაც იგი აღწევს“

ეჟი გროტოვსკი

 

ისეთი თეატრი მიყვარს  და  მაინტერესებს, სადაც ყველაფერი პირველად ხდება/გამოიცდება... ბევრი ვიფიქრე როგორი უნდა ყოფილიყო რეცენზია სპექტაკლზე,  რომლის ფორმასაც მისი უფორმობა წარმოადგენს. შესაბამისად, ეს რეცენზია არ იქნება ჩვეულებრივი.  ეს არის სპექტაკლი, რომელსაც არ აქვს დასაწყისი და დასასრული, დღემდე  არ მინელდება ემოცია, და  ჩემი გონება ამ წარმოდგენით არის მოცული. ეს წერილი არ  არის ის, სადაც განხილულია სპექტაკლის მიზანსცენები, პიესის ანალიზი - ერთი უბრალო და მარტივი მიზეზის გამო, ის არ არსებობს.  გიორგი ჯამბურიას სპექტაკლი „ბერსერკები II: მზიანი მხარე“ (ქეთი ნიჟარაძის პროზის მიხედვით), არის რეჟისორის, მსახიობების და მთლიანად შემოქმედებითი გუნდის წარმატებული პროექტი განხორციელებული ქალაქის თეატრში.

თავადაც არ ვიცი როგორ გავაგრძელო, რადგან ამ წარმოდგენამ, როგორც კრიტიკოსი უჩვეულო გამოწვევის წინაშე დამაყენა - მომცა თავისუფლება. სწორედ ამიტომაც, მომწონს და მაინტერესებს თეატრი, სადაც ყველაფერი პირველად გამოიცდება/განიცდება.

წარმოიდგინეთ, ნახევრად განათებული დარბაზი, ერთი მართკუთხედი ფორმის, გრძელი მაგიდა, და მეტი არაფერი. მხოლოდ იმპროვიზაცია, სამსახიობო (უნიკალური) შესაძლებლობები, რეჟისურა და პერიოდულად, მონოტონური, პათეტიკური, ირონიული ტექსტები, რეფრენები, ინტერაქცია... საკმარისია თუ არა ყოველივე აღნიშნული იმისთვის, რომ ოთხი საათის განმავლობაში მაყურებელი არ მოადუნო არცერთი წუთი და მუდმივად სპექტაკლის თანამონაწილედ აგრძნობინო თავი? თუ რეჟისორების უმრავლესობას ამ გამოწვევის წინაშე დავაყენებთ, ვფიქრობ, მათგან სულ რამდენიმე შეძლებს თავის გართმევას,  მაგრამ ახლა ვსაუბრობ ინტელექტუალ, ნიჭიერ რეჟისორზე, გიორგი ჯამბურიაზე, რომლისთვისაც ზემოთ აღნიშნული მოცემულობა  საინტერესო შესასრულებელი აღმოჩნდა.

გიორგი ჯამბურიასთვის უფულობა, ექსპერიმენტის განუხორციელებლობის მიზეზს არ წარმოადგენს, რადგანაც შემოქმედი ადამიანები მუდმივად კონცენტრირებულები არიან სამუშაოზე, რომლის პროცესშიც საკუთარ ნიჭს და შესაძლებლობებს ეყრდნობიან.

მთელი სპექტაკლის განამვლობაში რეჟისორს განსაკუთრებული კავშირი აქვს შემოქმედებით ჯგუფთან, გიორგის მსახიობებთან ურთიერთობას  თუ დავაკვირდებით დავინახავთ, რომ მათ ნდობასა და „საიდუმლოზე“ აქვთ აგებული ერთმანეთთან კომუნიკაცია - სპექტაკლში მუდმივად ჩანს მათი კონტაქტი -  მსახიობები ხშირად მიმართავენ იმპროვიზაციას. მთელი წარმოდგენის განმავლობაში მაყურებელს შთაბეჭდილება გვექმნება, რომ ისინი რაღაც საიდუმლოს მალავენ. რეჟისორი მსახიობებს სცენის კუთხეში პერიოდულად ესაუბრება - კულისები არ არსებობს, თითქოს ყველაფერი ხილულია, თითქოს მათ არაფერი აქვთ დასამალი მაყურებელთან, მაგრამ დაკვირვებული თვალისთვის რაღაც მაინც რჩება უთქმელი. ჩემთვის ისინი თეატრის მოციქულები არიან, რომელთაც თავიანთი მისია და პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული. ფინალურ სცენაში კი საიდუმლო სერობის ნახატს აცოცხლებენ, როგორც ეს ლეონარდო და ვინჩის ფრესკაზეა გამოსახული.

მსახიობები: მათე ხიდეშელი, სოფიკო გვიმრაძე, გვანცა ენუქიძე, მარიამ გაბუნია, ეთო ალექსაშვილი, თემო რეხვიაშვილი, ბექა ხაჩიზე, ნინი იაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე „მზიანი მხარის“ მზიანი ნაწილები არიან. მეტყველების დროს აქცენტებს ბგერებზე აკეთებენ და მკვეთრად, ხაზგასმით წარმოთქვამენ. ისინი სათქმელის დროს ლოგიკურ აქცენტებს რიტმულად გადმოსცემენ. სრულიად გააზრებული აქვთ ტექსტის და მეტყველების თავისებურება. რიტმში ცხადია არ ვგულისხმობ მონოტონურ მახვილიან და უმახვილო, გრძელი და მოკლე ხმოვნების წარმოთქმის თავისებურებათა ერთობლიობას. რიტმში ვგულისხმობ პულსაციას, უეცარ ცვლილებებს. მსახიობების მიერ წარმოთქმული უზარმაზარი წინადადებები  ტალღასავით მოედინება. შთამბეჭდავია ბექა ხაჩიძე, რომელიც მდედრობითი სქესის წარმომადგენლად გვევლინება. შთამბეჭდავია კაცების მონოლოგები და ქალების ერთ ხმად, სინქრონში მოყოლილი ტექსტები, გვანცა ენუქიძის და მათე ხიდეშელის აჭარული დუეტი და მათი სრულიად გარდასახვა. შთამბეჭდავია ირაკლი ჩხიკვაძის მონოლოგი, ბექა ხაჩიძის ასევე გარდასახული პერსონაჟი ფინალში. შთამბეჭდავია მუსიკაც, რომელსაც ზურაბ ბაბუნაშვილი და სანდრო თედიაშვილი ქმნიან. გიორგი ჯამბურიამ შეძლო და მსახიობებს და სამუშაო მასალას შორის კონფრონტაცია მოაწყო, რამაც განაპირობა მსახიობებში უამრავი ასოციცაციების აღძვრა.

თეატრისთვის უნიკალურია როდესაც ფარსი, იხლართება აქტუალურ თემებთან. მსახიობები ამ დროს ქმნიან ენერგეტიკულ ველს რაც პირდაპირ ზემოქმედებს მაყურებელზე დადებითად ან უარყოფითად. იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ თეატრი ფუნქციურად მრავალწახნაგოვანია მივხვდებით, რომ ერთი წარმოდგენა ვერასდროს წარმოაჩენს მის ყველა შესაძლო ფუნქციას.  თუმცა ორი წარმოდგენა საკმარისია იმისთვის, რომ დაახლოებით მიხვდე რეჟისორისა და მსახიობების შესაძლებელობებს. (გიორგი ჯამბურიამ  „ბერსერკები I” ორი წლის წინ, „ჰარაკის“ თეატრში დადგა).

ბერსერკები -  შუა საუკუნეების სკანდინავიურ ქვეყნებში დაუმორჩილებელი  ბანდის წევრებად წოდებული მეომრები. საგები აღწერს როგორ ქმნიდნენ ისინი საბრძოლო ჯგუფებს, როგორ ექვემდებარებოდნენ  ბრძოლაში სიგიჟის შეტევებს, თანამედროვეობაში კი მათი აღმნიშვნელი სიტყვა უკონტროლობის სინონიმად იქცა რაც, სრულიად ლოგიკურია რადგან ისინი ვიკინგების ხანაში გამოყენებული ბრძოლის კონკრეტულ ფორმას აღნიშნავენ - „შეშლილი მეომრები“.

პ.ს აღნიშნული სპექტაკლის შესახებ თუ გაინტერესებთ, უფრო ვრცელი და დეტალური აღწერა გაეცანით მითითებულ ლინკს, რომლის სტატიის ავტორი ლაშა ჩხარტიშვილი გახლავთ.

https://www.theatrelife.ge/berikebitu

bottom of page