top of page

ბერსერკების მოყოლილი ამბები  

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს

მაია კიკნაძე      

ბერსერკების მოყოლილი ამბები  

რეჟისორ გიორგი ჯამბურიას სპექტაკლი, „ბერსერკები II-მზიანი მხარე“   /პროდუსერები: მარიამ პაიჭაძე, ლიზი ტყეშელაშვილი  /,  საპრემიერო ჩვენების შემდეგ, მაშინვე გახმაურდა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში  მოექცა. თეატრალურ წრეებსა თუ კერძო საუბრებში სპექტაკლ-პერფორმანსის  შესახებ არაერთი  დადებითი მოსაზრება მომისმენია, თუმცა ზოგჯერ გადაჭარბებულიც.  

ქალაქის თეატრში მისული მაყურებელი, რომელსაც თეატრში შინაური/მყუდრო/ გარემო და თბილი მასპინძელი ხვდება, კიდევ ერთხელ დიდი ინტერესით მიადევნებს თვალყურს სცენაზე განვითარებულ მოვლენებს.  საინტერესო კი სცენაზე მართლაც ბევრია  სპექტაკლის ფორმიდან დაწყებული,  მსახიობთა შესრულების ჩათვლით. 

სპექტაკლის დაწყების პირველივე წუთებიდან, თვალშისაცემია მაყურებლის ემოციური განწყობა სცენაზე ასახული მოვლენების მიმართ. მაყურებელი  ყველაფერზე ახდენს ადექვატურ რეაქციას, გამოხატავს მხარდაჭერას თამაშის „ამ წესების“ მიმართ,  რასაც  მსახიობებიც გრძნობენ.

მაყურებლისა  და მსახიობთა კონტაქტი,  მათი სიახლოვე, პირველ რიგში საიმპროვიზაციო ხერხებისა და ინტერაქციის საშუალებით მიიღწევა. მისი სწორად გამოყენება მსახიობთა მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. აქ ჩანს მათი ნიჭიერებაც, ზომიერების გრძნობა, გემოვნება და ა შ. მსახიობები მოძრაობენ სცენაზეც და მაყურებელთა დარბაზშიც / ეს ნაწილი ყველაზე მეტად მოსწონს მაყურებელს/დარბიან , ყვირიან ზოგჯერ ქაოტურ სიტუაციასაც ქმნიან. ისინი ამჩნევენ დარბაზში მყოფ  ნაცნობ სტუმარს   /ამ დღეს  სპექტაკლს ესწრებოდა მიხეილ თუმანიშვილის თეატრის რეჟისორი, „მეფე ლირის“ დამდგმელი  ზურაბ გეწაძე მეუღლესთან ერთად, რაც არ გამოჰპარვია მონაწილე მსახიობებს/.

მოქმედება მთელ სცენაზეა გაშლილი, ნაწილი მაგიდაზე ვითარდება, რომელიც მუდამ მოძრაობაშია. მხატვარმა/თამარა მაღლაფერიძე/  გარემოს შესაქმნელად შავი ფერი გამოიყენა /მსახიობთა ჩაცმულობაც და რეკვიზიტიც შავი ფერისაა/, რომელსაც ხანდახან   კედელზე დახატული   მზე „ანათებს.“  სცენა საესტრადო მოედანსაც მოგვაგონებს, ან სარეპეტიციო  ადგილს, სადაც მსახიობები  „ეტუდებს“ ქმნიან. მუსიკოსები /ზურაბ ბაბუნაშვილი, სანდრო თედიაშვილი/, ერთ კუთხეში, სცენის მარცხენა მხარეს განლაგებულან და მუდმივად ერთვებიან   სპექტაკლში /მუსიკის ხმა ანტრაქტშიც ისმის/. მუსიკა, რომელსაც უსიამოვნო ხმაური /ძირითადად დრამის თეფშებს/  შემოაქვს სპექტაკლში, რიტმის განსაზღვრაში განსაკუთრებულ  მონაწილეობას იღებს.

 მსახიობები კი სხვადასხვა ადგილას არიან მოკალათებულნი,  /მათ შორის ფანჯრის რაფაზეც/ , ხან  თავისუფლად მიდი-მოდიან.  სპექტაკლი  ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ვითარდება. პირველი ეპიზოდი გოგონათა გუნდის გამოსვლით იწყება.  მათი პირველი გამოჩენა და საუბარი განსაზღვრავს სპექტაკლის ხასიათს, მის სტილისტიკას. ისინი გუნდურად ლაპარაკობენ, კითხვებს სვამენ და პასუხსაც ერთდროულად იღებენ... 

 შინაარსის თვალსაზრისით, სპექტაკლში არ არის ერთი ძირითადი სიუჟეტური ხაზი, თუმცა თითოეულ ეპიზოდს თავისი შინაარსი აქვს, დასრულებული მოქმედებითა და მოქმედი გმირებით, რომლებიც თავიანთი ცხოვრების შესახებ  მძიმე ისტორიებს ჰყვებიან. ზოგიერთ შემთხვევაში კი ამ სცენებს  თან სდევს მისი განხორციელებაც. საბოლოოდ აქ ბევრი თემა იყრის თავს (მხატვარი ნიკას ამბავი, პატარა ბავშვის ავადამყოფობა, აჭარელი შეყვარებულების ეპიზოდი, ხელოვნების მიმდინარე ამბების მიმოხილვა, რაც ძალზე საინტერესოდ ისმინება. ზოგიერთი სცენა კი დაუსრულებლად გრძელდება და მოსაწყენიც ხდება/მაგ მეორე მოქმედებაში ფარდის ქვეშ მყოფი მაყურებელი,  არაფერს როცა  „ისმენს“ მოსაბეზრებელია/. აქვეა  წარმოდგენილი ქეთი ნიჟარაძის წიგნის „მზიანი მხარის“ რეკლამა-პრეზენტაცია, რომლის პროზის მიხედვითაც დღევანდელი სპექტაკლია შექმნილი).

წარმოდგენა  უამრავი ეპიზოდისგან შედგება, თითოეული მსახიობს თავისი მონოლოგი აქვს. მსახიობები ერთმანეთს ელოდებიან და შემდეგ თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან.  მსახიობები, მთელი გრძნობით გადმოგვცემენ ცხოვრებაში განცდილ ტრაგედიებს, სასიყვარულო თავგადასავლებს.  მათ შორის მინდა რამდენიმე  გამოვარჩიო. მსახიობ სოფიკო გვიმრაძის  შესრულებული მონოლოგი დადებით შეფასებას იმსახურებს. მსახიობი აქ, ნამდვილად ახერხეს მაყურებლის მონუსხვას და მისი მოყოლილი ამბის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვას.  

მსახიობ ბექა ხაჩიძეს, სპექტაკლში  გარკვეული კოლორიტი და სილაღე შემოაქვს, რაზეც მაყურებელიც ახდენს რეგირებას.  თუ წარმოდგენის დასაწყისში, ხაჩიძის „მასწავლებელი ქალი,“ ცოტა ხელოვნური მეჩვენა, შემდეგ ეპიზოდებში/სპექტაკლის ბოლომდე/მსახიობი ახერხებს ბუნებრივად თამაშს  და პერსონაჟის სახასიათო სახეში კომიკური/ზოგან დრამატული/ ელემენტების შეტანას. სწორედ მასთან არის ძირითადად/და არ ყოველთვის, ირაკლი ჩხიკვაძესთან ერთად/ინტერაქციული ეპიზოდები დაკავშირებული. საინტერესოდ არის წარმოდგენილი მათე ხიდეშელის სახე, მისი მოთხრობილი ამბავი,   ევროპასა და  ეგზოტიკურ კუბაზე გამგზავრება,  რომელსაც მსახიობი დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით ყვება,  შექების ღირსია.  

სპექტაკლ-პერფორმანსის  სტრუქტურა ისეა აწყობილი, რომ ყველა მსახიობს  საშუალება ეძლევა საკუთარი შესაძლებლობების, საუკეთესო მხარეებისა და  მისი ინდივიდუალური თვისებების გამოვლინების.  აქ არ არსებობენ მთავარი და მეორე- ხარისხოვანი როლების შემსრულებლები, აქ ყველა პროტაგონისტია,  გააჩნია ვისი ჯერია.  მსახიობები / მარიამ გაბუნია, სოფიკო გვიმრაძე, გვანცა ენუქიძე, ნინი იაშვილი, ეთო ალექსიშვილი, მათე ხიდეშელი, ირაკლი ჩხიკვაძე, თემო რეხვიაშვილი, ბექა ხაჩიძე/ დაახლოებით ოთხი საათის მანძილზე ცდილობენ სპექტაკლის  ტემპო-რიტმის შენარჩუნებას. ისინი ახერხებენ სხვადასხვა ჟანრში გამოსვლას. დრამატულს ენაცვლება ლირიკული გადახვევები,  პათეტიკური გამოსვლები, კომიკური და დრამატული ელემენტების აღრევა. სპექტაკლში ჩნდება დიდი ხნის მივიწყებული სუფლიორიც, რომელსაც რეჟისორის თანაშემწე  შალვა დევდარიანი ასრულებს.  ერთი სიტყვით,  მსახიობთა შესრულება ცალსახად მაღალ შეფასებას იმსახურებს, თუმცა  ჩემის აზრით,  ყველა როლი ერთნაირი ოსტატობით  არ არის წარმოდგენილი.

სპექტაკლში, კარგად ჩანს შემოქმედებითი ჯგუფის დამოკიდებულება საკუთარი ნამუშევრის მიმართ, საკუთარი თავის კრიტიკა, დაცინცვა,  ნაკლის მხილება- ეს ირონია განსაკუთრებულ ხიბლს სძენს სპექტაკლს /ბექა ხაჩიძის გმირი ერთგან ამბობს- რამხელა სპექტაკლიაო  თუ რაღაც ამდაგვარი, ამას ტაშს როგორ უკრავთო და ა.შ/, მსახიობი მაყურებლებს ახსენებს რომ თეატრში იმყოფებიან, სიგარეტის მოწევისთვის ერთგან ბოდიშსაც კი იხდის - „რა ვქნა ეგრეა დადგმულიო“ და რეჟისორს აბრალებს და ა. შ.

სპექტაკლში ყურადღებას იქცევს მსახიობთა მეტყველება, რიტმიზირებული, გამომწვევი, რაც თავისებურ ფონეტიკურ ჟღერადობას ქმნის. პირველივე გასროლილი ფრაზა, სპექტაკლის დასაწყისში თუ უხეშად/ხელოვნურად/გეჩვენება, სპექტაკლის მსვლელობის დროს მისი ორგანული ნაწილი ხდება.

რეჟისორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სპექტაკლში მიღწეულია ანსამბლი, სადაც არ იკარგება  მსახიობთა შრომა, მისი უნარი, საშემსრულებლო ოსტატობა, საინტერესოდ არის მოფიქრებული სპექტაკლის სტილისტიკა,  ფორმა, რომელიც უხვად არის ფანტაზიით გაჯერებული.  

bottom of page