
„ბერს ერკების“ ფენომენი თანამედროვე ქართულ სათეატრო სივრცეში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

11.03.2026
ანასტასია ჩერნეცოვა
„ბერსერკების“ ფენომენი თანამედროვე ქართულ სათეატრო სივრცეში
თუ სოციალურ ქსელებში ან ქუჩაში წააწყდით თეატრალური კომპანია „ჰარაკის“ აფიშას და თქვენი მზერა „ბერსერკებზე“ შეჩერდა, ხოლო სათაური თქვენთვის გაუგებარია, აქვე მოგართმევთ ინფორმაციას, რათა არ იწვალოთ და არც მე დავარღვიო გარკვეული სახის „თეატროლოგიური ტრადიცია“ და სტატია შინაარსით შევავსო.
„ბერსერკერები“ — ძველგერმანულ და ძველსკანდინავიურ მითოლოგიაში მოხსენიებული მეომრები იყვნენ, რომლებიც ბრძოლის წინ განსაკუთრებულ აგრესიულ მდგომარეობაში შედიოდნენ, ხოლო თავად ბრძოლაში სისასტიკით, არაადამიანური ძალით, სწრაფი რეაქციითა და ტკივილისადმი თითქმის სრული უგრძნობელობით გამოირჩეოდნენ.
სიტყვა ბერსერკერი მომდინარეობს ძველისლანდიური სიტყვიდან berserkr, რომელიც შეიძლება ნიშნავდეს როგორც „დათვის ტყავს“, ისე „შეუმოსავს“ (ber — შეიძლება აღნიშნავდეს როგორც „დათვს“, ისე „შიშველს“, ხოლო serkr — „ტანსაცმელს“, „სამოსს“).
არსებობს თეორიებიც, რომელთა მიხედვით ბერსერკების აგრესიულ მდგომარეობას სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერება იწვევდა — მაგალითად, ამანიტას (შხამა სოკოს) ნახარში ან დიდი რაოდენობით ალკოჰოლი. ისინი უზენაეს ღმერთ ოდინს სცემდნენ თაყვანს და სკანდინავიურ მითოლოგიაში ოდინის სამფლობელოში არსებული დიდებულ დარბაზში — ვალჰალაში — მოხვედრას უდიდეს პატივად მიიჩნევდნენ.[1]
საინტერესოა, რა შუაში არიან სკანდინავიელი ბერსერკები თანამედროვე ქართულ სათეატრო სივრცესა და „ჰარაკთან“? როგორია მათი გენეზისი?
ქართველი ბერსერკები საქართველოში, კონკრეტულად, თბილისში და თუ უფრო მეტად დავწვრილმანდებით - მელიქიშვილის გამზირზე, ყოფილი ღვინის ქარხნის მარნის ტერიტორიაზე დაფუძნებულ, სწორედ, თეატრალურ კომპანია „ჰარაკში“ დამკვიდრნენ.
ძველგერმანელ და ძველსკანდინავიელ ბერსერკებს ისინი უკომპრომისობითა და ბრძოლისუნარიანობით გვანან, ასევე, მათ ნარატივში იკითხება, რომ ისინი მაგიურ ელექსირებს იღებენ. თეატროლოგმა და თეატრის კრიტიკოსმა ლაშა ჩხარტიშვილმა თავის რეცენზიაში ბერსერკები ბერიკებს შეადარა, რაც ლოგიკურია, რადგან, ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს იმპროვიზაციულ და ინტერაქტიურ სანახაობასთან, ბერიკებთან - ნიღბებთან, ბერსერკებთან - არაპირდაპირი მნიშვნელობით - სახე ტიპაჟთან.
თეატროლოგმა ანი ცხვედაძემ პარალელი გაავლო ქართველ ბერსერკებსა და იტალიურ კომედია დელ’არტეს შორის. პარალელი, ამ შემთხვევაშიც, საფუძვლიანია, რადგან „ჰარაკის“ თითოეულ ბერსერკს („ბერსერკების“ ციკლის სპექტაკლებში) რამდენიმე, უცვლელი „ნიღაბი“ აქვს. მაგალითად - შკ (შალვა დევდარიანი), რომელიც ყველა სპექტაკლში თავისებურად ინტეგრირდება. ასევე მათ იტალიელი წინაპრებისგან, რამდენიმე ნიღაბიც აქვთ „ნასესხები“ - არლეკინი (მათე ხიდეშელი) და შეყვარებულები (ნატალია გაბისონია, გიორგი წერეთელი). ოღონდ, ამ შემთხვევაში, შეყვარებულები ვამპირებიც არიან.
„ბერსერკების“ პერსონაჟთა პალიტრა საკმაოდ მრავალფეროვანია, რომელიც გვთავაზობს როგორც მიწიერ, ისე არამიწიერ პერსონაჟებს, როგორც მითებიდან ნასაზრდოებ, ისე სრულიად ახალ სახეებს. აქედან გამომდინარე, ქართველი ბერსერკების გენეზისი არაერთგვაროვანია, რაც დამახასიათებელია პოსტდრამატული თეატრისთვის.
ბერსერკები არა მხოლოდ „ჰარაკში“ მართავენ რიტუალურ წარმოდგენებს, არამედ სხვა სივრცეებშიც. მათი საკულტო სპექტაკლი - „ბერსერკები II - მზიანი მხარე“ - ქალაქის თეატრში უჩვენეს; ბერსერკების საყვარელ დრამატურგ - ჰაინერ მიულერის - „ფილოკტეტე“ - ქუთაისში არსებულ თეატრ „ლიანდაგში“. მოკლედ, ისინი მხოლოდ ერთი სივრცით არ შემოიფარგლებიან. ქართულ სათეატრო სივრცეში ბერსერკები პირველად სწორედ მიულერის „მისიით“ გამოჩნდნენ. აღნიშნულმა წარმოდგენამ 2023 წელს პრემია „თავისუფალი“ მოიპოვა წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის.
თანამედროვე ქართული თეატრის ახალი „მებრძოლეები“ ერთსა და იმავე სპექტაკლს ყოველ ჯერზე განსხვავებულად წარმოადგენენ. ცხადია, თეატრი ცოცხალ ხელოვნებას მიეკუთვნება და თითოეული წარმოდგენა, რაღაცით მაინც განსხვავებულია. თუმცა, ბერსერკების შემთხვევაში, ცვლილება შემთხვევითი არაა - გამიზნულ საავტორო სტრატეგიად გვევლინება.
შესაძლოა, სპექტაკლის მეორე ჩვენებაში სრულიად ახალი პერსონაჟიც კი გამოჩნდეს, რაც საგრძნობლად ცვლის წინა წარმოდგენის სახეს. მსგავსი ხერხი ინტრიგას ბადებს მაყურებელში ინტერესს აღძრავს და, რაც მთავარია, დადგმას განსაკუთრებულ სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს.
ვისაც ბერსერკების რამდენიმე წარმოდგენა აქვს ნანახი, მიხვდება, რომ მათი ნიშაა თვითირონია და თვითრეფლექსია. მაგალითად, „კვარტეტში“, შავშამშე (გიორგი ჯამბურია) სანამ „კვარტეტს აათამაშებს“, დარბაზში შესვლისთანავე, მაყურებლის „ნერვებს ეთამაშება“, „ემუქრება“ რომ სპექტაკლი რამდენიმე საათში დაიწყება, რადგან იცის, რომ ზოგიერთი მათგანი წარმოდგენას იმის გამო ესწრება, რომ მისი ხანგრძლივობა, ბერსერკების სხვა, ხანგრძლივ სპექტაკლებთან შედარებით, დაახლოებით, ერთ საათიანია.
ბერსერკების ერთგვარი კომფორტის ზონა მშობლიური „ჰარაკია“, მათი ენით რომ ვთქვათ - „შინ“, რადგან ყველაზე ხშირად, თავიანთ რიტუალებს, სწორედ „შინ“ წარმოადგენენ.
ამასთან, ბერსერკების რიტუალები დიდხანს არ ცოცხლობენ,რადგან, როგორც თავის დროზე, ბობ დილანმა თქვა - „სიკვდილი არაა დასასრული“. კვდება ბერსერკების ერთი სერია და ახლო მომავალში იბადება შემდეგი, შეიძლება ახალი პერსონაჟითაც კი. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ბერსერკები ცოცხალ სერიალებს ქმნიან, ხოლო ყველაზე ცოცხალი, მაჭარივით ახალი იყო ბერსერკების ღია ლაბორატორია „შინ“ - როდესაც მაყურებელი ბერსერკების მომავალი სპექტაკლების შექმნის პროცესს ესწრებოდა.
ლაბორატორიული კვლევის რამდენიმე შედეგი დამოუკიდებელ წარმოდგენაში გადაიზარდა ვგულისხმობ - „არლეკინის ანდერძსა“ და ჰაინერ მიულერის „კვარტეტს“ (ჰაინერ მიულერის პიესის მიხედვით“.
ბერსერკების ყველაზე აქტიური პერსონაჟი მათე ხიდეშელის არლეკინია. იგი ბერსერკების თითქმის ყველა წარმოდგენაში მონაწილეობს, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ რეჟისორმა გიორგი ჯამბურიამ, იგივე შავშამშემ, ცალკე სპექტაკლი, უფრო სწორად კი, რიტუალი დაუთმო მას და მაყურებელს „არლეკინის ანდერძი“ წარუდგინა.
მათე ხიდეშელის სამსახიობო ნიჭი ნამდვილად იმსახურებს ცალკე წარმოდგენას, თანაც საყურადღებოა, რომ იგი არაპროფესიონალი მსახიობია, მაგრამ თავისი პროფესიონალური შესრულებით ღირსეულად დაიმსახურა პრემია „თავისუფალის“ პრიზი, საუკეთესო მსახიობისთვის. მსახიობი, მთელი წარმოდგენის განმავლობაში, ელვის სისწრაფით იცვლის „ნიღბებს“, რაც შემსრულებლის მრავალმხრივობაზე მიუთითებს.
საბოლოო ჯამში, „ბერსერკების თეატრი“ ცოცხალ პროცესად გვევლინება, როდესაც სპექტაკლი არასდროსაა დასრულებული ფორმა. ის მუდმივად გარდაიქმნება, იბადება და კვდება, რათა შემდეგ ახალი სახით კვლავ დაბრუნდეს.
სწორედ ამ უწყვეტი გარდაქმნის პრინციპით, ბერსერკები თანამედროვე ქართულ თეატრში ერთ-ერთ ყველაზე სიცოცხლისუნარიან და შედეგიან ექსპერიმენტულ ფენომენად გვევლინებიან.
[1] https://proshloe.com/berserki-mif-propaganda-krasivaya-legenda.html?fbclid=IwY2xjawQX7xhleHRuA2FlbQIxMABicmlkETEzdUJDWjlqdGpDRERlaFRnc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHhyPrrCyQrTLRvHRpQGnG7BQy1Ob-kBjAcoKvK0-D6GINcZpNJ15Ti_PVAoq_aem_iSuGutH1tzaQQ_9sjEfBOg