top of page

Benvenuti In Paradiso

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

336613825_736421391462643_983179624907961678_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

Benvenuti In Paradiso

 

„ჩვენი თეატრი“ და მისი წარმოდგენა ქეთევან ჩაჩანიძის „პარადიზო“ (რეჟისორი ირაკლი ხოშტარია, მხატვარი, მეთოჯინე თეა ბახტაძე, ხატია მანჯავიძე, ქორეოგრაფი ლაშა რობაქიძე) - ძალიან ორიგინალური, ყველასგან განსხვავებული თოჯინური წარმოდგენაა ძირითადად ტექსტის გარეშე. მსახიობები ილია სონღულაშვილი, ლაშა რობაქიძე, ხატია მანჯავიძე, თეა ბახტაძე და რეალური პერსონაჟები - ელიზბარ ჩხეიძე და სოფიკო ჩხიტუნიძე ნაღვლიან, სიყვარულისა და მეგობრობის, წარსულსა და უსასრულობაში (სამოთხეში) გადასვლის ისტორიას გვიყვებიან, რომელიც მოხუცთა სახლში ხდება. შოთა რუსთველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა (იური ფოფხაძის კლასი) შექმნეს და დაამზადეს ურთულესი ტექნოლოგიის თოჯინები, რომელთა მსგავსი ძნელად მოინახება სადმე. თოჯინების ტარების ეს მეთოდი, როდესაც თითოეულ მათგანს ზურგს „უმშვენებს“ ამავე პერსონაჟის „თითქოს და განვლილი ცხოვრება და უმძიმესი წლები“ ჩემთვის ახალია და დიდ ინტერესს იმსახურებს.

 

ამ თეატრის წარმოდგენა მოძრაობის თეატრში გაიმართა და ერთხელ კიდევ შეგვახსენა რა არის ჭეშმარიტი ხელოვნება. მოხუცთა თავშესაფარში იტალიელი პიპო და ფრანგი მიშელი შეხვდნენ ერთმანეთს: ორივეს ცალკე ოთახი აქვს, მაგრამ მარტოობა რომ არ იგრძნონ საერთო ოთახში ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს. განსხვავებული ეროვნების და ტემპერამენტის მოხუცები ხასიათითაც განსხვავდებიან - პიპო იტალიური ტემპერამენტის მოძრავი და ხალისიანია, უპირატესობას ანიჭებს მუსიკას და ცხოვრების ცოცხალ რიტმს, მიუხედავად ასაკისა, უყვარს სექსი, ჟურნალ „Playboys“ თან ატარებს და ხშირად სტუმრობს ტუალეტის ოთახს და არა მხოლოდ საჭიროებისამებრ. არც „ვიაგრა“ ავიწყდება, რომელიც წინდაში აქვს დამალული.

 

მიშელი მასთან შედარებით უფრო მორიდებულია, უფრო გაწონასწორებული, მაგრამ ამავე დროს მშვენიერო კომპანიონია და ყველაფერში მხარს უბამს თავის მეგობარს: ერთად მღერიან, დომინოსაც თამაშობენ, პოეტია „J’écris poeme pour toi“ ხშირად მიმართავს ბონიტას. მიშელი ჯაზს სცემს პატივს, უყვარს ცეკვა რიტმზე, მიუხედავად გამუდმებული კამათისა მიშელის „oui” და „ si“ შორის, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს იტალიელი, ისინი მაინც მეგობრები არიან.

 

პიპო ბონიტაშია შეყვარებული, დიასახლის ქალზე, რომელიც ზედამხედველიცაა და მომვლელიც. მკაცრად განაგებს ამ დაწესებულებას და ყურადღებით აკვირდება ყველაფერს რაც აქ ხდება. არ იზიარებს პიპოს გულისთქმას, მისი სიმპათია უფრო ახლად მოსული ინგლისელი რობერტის მხარეს იხრება, რაც დიდ ეჭვიანობას იწვევს პიპოში.

 

ამ ორი მოხუცის თითქოს და იდილიას ახლად მოსული, ახალი მაცხოვრებელი არღვევს. რობერტი მათსავე მოხუცია, ჯოხით ხელში, თუმცა სრულიად განსხვავებული: პედანტი, მორიდებული, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სისუფთავეს, ჰიგიენას, საკუთარი ჭურჭლით სარგებლობს და არ ჯდება მაგიდასთან თუ დიდი გულისყურით არ გადაწმენდს და სკამსაც კი. საკმაოდ ნაღვლიანი, ხშირად იხსენებს თავის შეყვარებულის, რომელმაც სავარაუდოდ მიატოვა, (ვიდეო ინსტალაცია დიდ ეკრანზე), მძიმედ განიცდის ამ დანაკარგს და ხშირად თვალები ცრემლებით აქვს სავსე. თანდათან პიპო და მიშელი ცდილობენ კარგი ურთიერთობა დაამყარონ მასთან - ულოცავენ დაბადების დღეს, სიგარეტს სთავაზობენ, პიპო თანახმა თავისი პორნოჟურნალი და წამალიც კი აჩუქოს რობერტოს, ტელეფონზე გამოიძახებენ და ქალს ურიგებენ. ყველაფერი კი საერთო ფერხულით მთავრდება.

 

რასაკვირველია ამ დროსტარებას მიღმა ყველასგან მიტოვებული მოხუცებში მძიმე სევდა და ნაღველი იკითხება. აქ-იქ გაისმის კიდევაც მათი გულისტკივილი, რომ ახლობლები არ ჰყავთ.

 

განსაკუთრებით სევდიანი სპექტაკლის ბოლო ნაწილი - „განწმენდა“ და სამოთხეში გამგზავრება: ბონიტა ახლა ანგელინაა, სამოთხის კარის მცველი, რომელიც სამივე მათგანს „რევიზიას“ უტარებს, იმ ზედმეტ საგნებს ჩამოართმევს,, რითაც „პარადიზოში“ შესვლა იკრძალება. მსახიობები გვიჩვენებენ თუ როგორ განიცდის თითოეული მათგანი საყვარელი ნივთების დაკარგვას, პიპო მზადაა „დიდი“ ფულიც კი გადაიხადოს, რათა შეუნარჩუნოს ის სათამაშო, რითაც ის გამუდმებით ერთობოდა:  წამლის ფლაკონი აბებით, რომლის ჩხაკუნით იმ რიტმს ითვლიდა, რა რიტმითაც ცხოვრობდა ამდენი ხანი.

ნაღვლიანია ამ ამბის ფინალი: პიპო, მიშელი და რობერო სამოთხის კარით ზეცას ამაღლდებიან, მაგრამ სრულიად ბედნიერები და კმაყოფილები.

სკამებზე მხოლოდ მათი სამი ქუდი რჩება.

ფოტო მოძრაობის თეატრის Facebook გვერიდან

bottom of page