top of page

ბედნიერების, სიმართლის ძიების, ბედის, არჩევანისა და უბრალოდ, ცხოვრების შესახებ

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

IMG_7385.JPG

ბედნიერების, სიმართლის ძიების, ბედის, არჩევანისა და უბრალოდ, ცხოვრების შესახებ

ლელა ოჩიაური

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა,  2020-2021 წლების სეზონის (ალბათ ყველასთვის ყველაზე მძიმე პერიოდი) მიწურულსა და რამდენიმეთვიანი ჩაკეტილობის შემდეგ (ამას დამატებული, შენობასთან, უფრო ზუსტად, უბინაობასთან დაკავშირებული პირადი პრობლემების მიუხედავად) ორი ახალი სპექტაკლი - „ახლა კი ფარდა“ და „ზაფხულის ბზიკები ნოემბერშიც გვკბენენ“ (სეზონის სხვა პრემიერებზე ამჯერად არ შევჩერდები) წარმოადგინა და ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე ორჯერ გახსნა წარმოსახვითი ფარდა. ორივე, განსხვავებულ სტილისტიკაში, ფორმასა და ჟანრობრივ-თემატური ხერხებით გადაწყვეტილი დადგმა ადგილობრივი მაყურებლისა და ფესტივალის სტუმრების შეფასებით, წარმატებული და მიმზიდველი აღმოჩნდა.

ორივეს რეჟისორი ახალგაზრდაა და ორივე ქალია. ორივეს დამახასიათებელი ინდივიდუალური რეჟისორული ხელწერა და ინდივიდუალური ხედვა აქვს. ორივე აქტიურად და მონდომებით მუშაობს და ორივეს ნამუშევრებზე მოთხოვნილებაა. არც ერთი ისწრაფვის, აუცილებლად თბილისში დადგმებისკენ, ორივე ძირითადად რეგიონებში მოქმედებს და მათი პროდუქცია არავისას და არაფერს არაფრით ჩამოუვარდება.  სხვა მხრივ, ეს ახალგაზრდა რეჟისორები ერთმანეთს არაფრით გვანან.

ერთი - ელენე მაცხონაშვილია. ძირითადად, თოჯინურ სპექტაკლებს დგამს (თოჯინურ თუ დრამატულ თეატრებში, ბავშვებისა და დიდებისთვის). პროფესიონალი და გამოცდილი მეთოჯინეა, საქმის ოსტატი და  ამიტომ იწვევენ ხშირად სამხატვრო ხელმძღვანელები, რეპერტუარის გასამდიდრებლად. ეს მიწვევები ყოველთვის ამართლებს. სხვათა შორის, „დურუჯის“ გამარჯვებულიცაა და სხვადასხვა პრემიის ნომინანტიცა და ლაურეატიც.

მეორეს - ნინო მაღლაკელიძის - საქმიანობის  სფერო  დრამატული თეატრია, თუმცა,  ქუთაისის თოჯინების თეატრშიც ჰქონდა დებიუტი, 2021 წელს, სპექტაკლით, „მახიჯი იხვის ჭუჭული“. საერთოდ, კარიერაც საქართველოში ახალი დაწყებული აქვს. ფოთის ფესტივალზე „წლის აღმოჩენად“ დასახელდა. თუმცა, ცოტა ადრე „აღმოაჩინეს“, როდესაც 2020 წელს, თეატრის მოღვაწთა კავშირმა ყოველწლიურ შეჯამება-კონკურსზე, გრან პრით დააჯილდოვა, ასევე ქუთაისის, ოღონდ, დრამატულ თეატრში დადგმული სადებიუტო სპექტაკლისთვის, „ქარი ვერხვებში შრიალებს“.

ელენე მაცხონაშვილის  „ახლა კი ფარდა!“ დიდ რეჟისორ, პედაგოგ, თეორეტიკოს, თეატრის რეფორმატორ მიხეილ თუმანიშვილის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. მისი, ამავე სახელწოდების, ცნობილი ავტობიოგრაფიული წიგნი/სახელმძღვანელოსა და სხვა ნაშრომების საფუძველზეა აგებული და მისი ცხოვრების, თეატრში მუშაობის, თეატრზე ფიქრებისა და შემოქმედებითი პროცესების შეფასების ამბავს ჰყვება, ვახო ქორიძის თოჯინებისა (რეჟისორია თანაშემწე - მაია მებონია) და დრამატული თეატრის მსახიობების (და არა „ტრადიციული“ მეთოჯინეების) - თამარ ჭუბაბრიას,  ანი ანდღულაძის, შოთა სასანიას, ირაკლი კვერღელიძის,  ალიკა ცეკვაშვილისა და ნიკა კვარაცხელიას მონაწილეობით. (სხვათა შორის, ფოთის თეატრის მსახიობები უკვე დაოსტატებული მეთოჯინეები არიან, რეპერტუარში არსებული, სხვადასხვა თოჯინური სპექტაკლის წყალობით, რაც ფოთში თოჯინური თეატრის არარსებობის საკომპენსაციოა, ფოთელი და მიმდებარე დაბებისა და სოფლის მცხოვრები პატარებისთვის).   

რაც სპექტაკლს განსაკუთრებულ მიმზიდველობასა და ღირებულებას მატებს, ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ, თეატრისა და კინოს გამორჩეულ მსახიობ რამაზ იოსელიანის მონაწილეობაა. უფრო ზუსტად, მისი ხმის „მონაწილეობა“, რომლითაც მიხეილ თუმანიშვილის პერსონაჟი და ამბავი ცოცხლდება. მიხეილ თუმანიშვილის მონათხრობი მისი მოწაფის „გახმოვანებით“. თუმცა გახმოვანება აქ არასწორი სიტყვაა. ეს უფრო როლის  თამაშია, მსახიობის ორგანული ხმით, გმირის ხასიათის, ემოციების, დამოკიდებულებების შექმნით. ეს ხმა, მშვიდი, გაწონასწორებული, თბილი ინტონაციებით, ზუსტი ნიუანსების გამოყენებით, მეტყველების თავისებურებებით, ზუსტ შეგრძნებებზე დაყრდნობილი, ცოცხლად და ორგანულად ისმის. ერთი მხრივ, მსახიობის ოსტატობა (რაშიც ეჭვი არავის ეპარება და სხვა შედეგსაც გამორიცხავს) და მეორე მხრივ, მიხეილ თუმანიშვილის პიროვნებისა და შემოქმედების, ხასიათისა და პროფესიის, ცხოვრების, სამყაროსადმი დამოკიდებულებების საფუძვლიანი ცოდნა (როგორც მაესტროს სტუდენტისა და შემდეგ მისი მსახიობის გამოცდილება და პროფესიული სიახლოვე) ეხმარება რამაზ იოსელიანს, თოჯინასთან ერთად და სცენის მიღმიდან, უხილავი სივრციდან შექმნას პერსონაჟის მოცულობითი, მრავალფეროვანი და ცოცხალი სახე. თოჯინა ადამიანად აქციოს და თან, არ დაკარგოს ის მაგია, რომელსაც რეჟისორი ქმნის, თოჯინების, რეკვიზიტის, დეკორაციის, თემისა და სათქმელის მხატვრული განზოგადებითა და რეალური განზომილებებისა და მასშტაბების ანარეკლებით, „ილუზიონისტური“ შეცვლა/ჩანაცვლებით.

თოჯინები და მათი წამყვანი მსახიობები რეალურ და პირობით გარემოში არიან თეჯირს მიღმა და მის უშუალო სიახლოვეს, ნახევრრკალზე განლაგებულ დეკორაციასა და ნივთების (თეთრი ქსოვილები, ფარდა, სკამები, საველე ჩანთა, სანათი, პატარა სცენა და სხვა მსგავსი ობიექტი-ნიშანი-სიმბოლოები) გარემოცვაში.  შავი და თეთრი გარემო, განათების  სპეციფიკური წყაროები, ძუნწად და ზუსტ ტონალობაში გამოყენებული მუსიკა (სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმებაც ელენე მაცხონაშვილისაა და მისივეა ინსცენირებაც) ინტიმურ და იდუმალ ატმოსფეროს  ქმნიან და კინოხერხებით გადაწყვეტის ჩანაფიქრზე მიგვანიშნებენ.

სრულიად სხვა ჟანრში, ფორმაშია მოქცეული და განსხვავებულ ამოცანებზეა აწყობილი ნინო მაღლაკელიძის „ზაფხულის ბზიკები ნოემბერშიც გვკბენენ“, ივან ვირიპაევის პოპულარული პიესის მიხედვით, ფოთის თეატრის სამ წამყვან მსახიობ - ნინო გოშაძის, გენა შონიასა და გია სურმავას მონაწილეობით.

 

სცენაზე იატაკსა და მის ცენტრში შემაღლებაზე ფერადი ხალიჩებია დაფენილი, დგას საკიდი, მუყაოს დიდი ყუთი (სცენოგრაფია ნინო მაღლაკელიძისაა), რომლიდანაც დროდადრო ძალიან გრძელსადენიანი ტელეფონი ამოაქვთ (რომლის კაბელსაც სხვადასხვა დანიშნულებითაც იყენებენ და რომელშიც თვითონვე იხლართებიან); ყველაფერს ფუნქციური დატვირთვა აქვს და ქმნის პირობითობისა და გაუცხოების ატმოსფეროს, რომლითაც მთელი სპექტაკლია გაჯერებული.

 

ივან ვირიპაევის ამ პიესას აბსურდის დრამას მიაკუთვნებენ და მართლაც შეიძლება ამ თეატრალურ მიმართულებაზე ფიქრი, ბევრი მახასიათებელი ნიშნის გათვალისწინებით, ფორმისა და აქცენტების თანამედროვე ცვლილების ფარგლებში. ითვლება, რომ ის რთული დასადგმელია, რაც, პირველ რიგში, თვით ავტორის მხრიდან პასუხგაუცემელი კითხვებით, ჟანრის „განუსაზღვრელობით“, ამბის „კოდირებითა“ და საიდუმლოს ამოუხსნელობით, თავსატეხითაა გამოწვეული.

სპექტაკლის სახელწოდებაც „ზაფხულის ბზიკები ნოემბერშიც გვკბენენ“ - რომელსაც პერსონაჟები - დონალდი, რობერტი და სარა - ფინალისკენ რამდენჯერმე იმეორებენ, სხვადასხვა ინტონაციითა და ამოცანით,  და თითქოს თავს უყრიან, აჯამებენ იმას, რაც ხდება, ასევე  თავსატეხია. არც მისი შინაარსის გაშიფვრაა ადვილი, თუ საერთოდ შესაძლებელია. როგორც იმის გარკვევა, რა მოხდა, ვინ სად იყო და არ იყო, რა იწვევს გადაწყვეტილებების მიღებას ცხოვრებაში, არის თუ არა სიმართლე სიმართლე და სიმართლე ტყული, რა აკავშირებთ და აშორებთ ადამიანებს, რისკენ ისწრაფვიან და რა მიზნები აქვთ მათ; საერთოდ, რა არის სიმართლე და რა აძლევს ადამიანს ძალას, იცხოვროს, მაშინ, როდესაც „სამი დღეა გადაუღებლად წვიმს“ და სასოწარკვეთა ან უიმედობა ერევა.

სპექტაკლში სხვა პერსონაჟებიც არიან, რომლებიც არ ჩანან და შეიძლება, არც არსებობენ, მთავარი გმირების გამოგონილი, წარმოსახული ან სადღაც სხვა სივრცეში არსებულ/არარსებული „დამხმარე“ და მნიშვნელოვანი ობიექტები არიან - მარკუსი, მარტა და გერტრუდა.

ნინო მაღლაკელიძე მსახიობებთან (რომლებიც ზუსტად გრძნობენ თამაშის ხერხებსა და გმირების ხასიათებს, ურთიერთობებისა და ატმოსფეროს თავისებურებებს, ერთგვარ უწონადობასა და უნიადაგობას, მოცემულობის პირობითობას და ექსპრესიულ, უტრირებულ მანერაში მუშაობენ) ერთად ინარჩუნებს და არსად გადადის ხაზს, რომელიც ძირითად საყრდენად აქვს არჩეული და ბევრი და ყველა ნიუნსით აბსურდულობის რეალობისა და ფასადურობის სიღრმის მიღმა იხედება. 

ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლი თანამედროვე  რწმენასა და ურწმუნოებაზე, აკვიატებებზე, სიცრუეზე და სიცრუის ან სიმართლის ილუზიაზეა, რომელიც ადამიანებს, ერთი ოჯახის წევრებს შორისაა გაბმული და ამ გორგალს თავი და ბოლო არ უჩანს. როგორც პერსონაჟები  ებმევიან და იბნევიან საკუთარივე სიცრუეში, საკუთარ გამონაგონში, ასევე იბნევა მაყურებელიც და ბოლოს ნებდება.

მთავარი კი ისაა, რომ მაყურებელს დონალდს, რობერტსა და სარასთან ერთად, იმის ძიებაში, თუ სად იყო მარკუსი, უფრო ის აღელვებს და აინტერესებს  - რატომ არის ქვეყანა ასე საშინლად ბოროტი, რატომ გამოგზავნა ღმერთმა თავისი შვილი, რომ გაგვეწირა? რომ ქვეყანა ბინძური სანაგვეა და არც არანაირი ღმერთი არ არსებობს, რადგან ყველგან სიბინძურე და სიცრუეა - ოჯახში, სულში, ირგვლივ სულ სიბინძურეა და გვაქვს თუ არა ღმერთის გარეშე გადარჩენის იმედი?.. ამ ვითარებაში და ამ საკითხებზე დაფიქრების პირობებში, მართლა აღარ აქვს მნიშვნელობა, სად იყო მარკუსი, და საერთოდ, იყო თუ არა სადმე.

ფინალში სცენაზე კიდევ ერთი და მთავარი ობიექტი ჩნდება, თუჯის ემალირებული აბაზანა, რომელშიც გმირები ტანსაცმლიანად ეშვებიან და მხიარულები, შხაპს იღებენ, წყალს ასხამენ ერთმანეთს, ლაღად, ბედნიერად იცინიანთავისუფლდებიან, თითქოს ცდილობენ, ამ რიტუალური განბანვით, ყველა ტვირთისა და ჭუჭყის ჩამოცილებას, რიგდებიან თუ ზავდებიან.  

P.S. ფოთის ვალერიან გუნიას პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა  ზაფხულში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის მასპინძლობისა და მასში აქტიური მონაწილეობის გარდა,  სამეგრელო-ზემო სვანეთის 20 სოფელში იმოგზაურა და  ბავშვებს თოჯინური სპექტაკლები უჩვენა. ოქტომბერში, თეატრის სარეპერტუარო „ფიროსმანი“, ელენე მაცხონაშვილის რეჟისორობით, პეკინის თოჯინური სპექტაკლების ფესტივალზეა მიწვეული. თეატრის რეპერტუარში კიდევ რამდენიმე ძველი და ახალი სპექტაკლია. რამდენიმე ახლა იდგმება და რამდენიმეზე მუშაობა მალე დაიწყება. იმედია, შენობის პრობლემის მოგვარებაც დაიწყება და თეატრის ხანგრძლივი უბინაობაც (რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს სრულფასოვან შემოქმედებით ცხოვრებასა და ჩანაფიქრების სრულად რეალიზებას) მალე დასრულდება.  

bottom of page