top of page

ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

Wierna wataha - Fot. Karol Budrewicz (8)

ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

გიორგი ყაჯრიშვილი

 

სულ ახლახანს დამთავრდა კიდევ ერთი თეატრალური მოვლენა - ბათუმის საერთაშორის თეატრალური ფესტივალი, რომელიც წლის მთელ რიგ ფესტივალებს შორის ბოლო აღმოჩნდა. მის დაარსებას დიდი მნიშვნელობა აქვს აჭარის კულტურისათვის ზოგადად საქართველოსა და თეატრალური საზოგადოებისთვის განსაკუთრებით. თუმცა ფესტივალის მხოლოდ დაარსება არაა საკმარისი, თუ იგი იქაურ და ჩამოსულ მაყურებელს ვერ შესთავაზებს რაღაც განსაკუთრებულს, ახალს და ისეთს, რასაც მხოლოდ ამ ფესტივალზე იხილავთ. მისი დევიზი „გაიგე და დაინახე მეტი“ ზოგადია და არსებითი, მაგრამ ფესტივალის მიმართულებას მეტი კონკრეტიზაცია არ აწყენდა. მან უნდა დაიკავოს  ნიშა, რომელიც მას გამორჩეულს და განსაკუთრებულს გახდის. ამით უფრო ადვილი გახდება მისი რეპერტუარის შერჩევა და  თემატურობაც უფრო მიმზიდველს გახდის მაყურებლისთვის. გასაგებია, რომ პირველი ფესტივალისთვის ამის მოთხოვნა ნაადრევია, მაგრამ სამხატვრო ხელმძღვანელობა და ექსპერტთა საბჭო თუ გაითვალისწინებს ამ რჩევას არ იქნება ურიგო. 

ამ საბჭოს წევრები საკმაოდ ცნობილი სპეციალისტები არიან : კრიტიკოსები რომან დოლჟანსკი - სხვადასხვა ფესტივალების არტ-დირექტორი, იბსენის პრემიის წევრი, თეატრ „ნაციის“ სამხატვრო ხელნძღვანელის მოადგილე და კურატორი, დარიუშ კოსინსკი, ლუჩიან ბალეანუ,  ქ. ლეგნიცას ელენე მონდრეჟევსკას სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პოლონეთის თეატრალური კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, რეჟისორი იაცეკ გლომბი, პანევეჟის მილტინისის სახელობის თეატრის მსახიობი ასტა კაზლაუსკიენე და  ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი,  რეჟისორი ანდრო ენუქიძე. სწორედ მათი მეშვეობით მოხდა ამ კოლექტივების მოწვევა, რომლებმაც  ასე დაამშვენეს წლევანდელი პროგრამა: თუნდაც „ბერლინერ ანსამბლის“ ჩამოსვლა რად ღირდა, ბრეჰტის ცნობილი თეატრის კოლექტივის, რომელიც თუ არ ვცდები 47  წლის წინ იყო  საქართველოში.

პირველი ფესტივალი ორი მომართულებით აღინიშნა: საერთაშორისო - უცხოელი კოლექტივების და ქართული - ბათუმის თეატრებში განხორციელებული სპექტაკლებითა და პერფორმანსებით.

ძალიან სიმბოლურია და ალბათ ამაზე იზრუნა საორგანიზაციო ჯგუფმა, რომ ფესტივალი გაიხნა ევრიპიდეს ტრაგედიით „მედეა“, ქალაქში, რომელსაც თეატრის სიახლოვეს  მედეა ძეგლი  ამშვენებს (გაჩნდა მოსაზრება, რომ ხომ არ იქნება უპრიანი, რომ ეს ტრადიციად იქცეს და ყველა მომდევნო ფესტივალი გაიხსნას სპექტაკლით კოლხ მედეაზე სხვადასხვა კოლექტივების შესრულებით).

„ბერლინერ ანსამბლი“, როგორც უკვე აღვნიშნე წლებია საქართველოში არ ჩამოსულა 1971 წლის შემდეგ, როდესაც მათ რუსთაველის თეატრის სცენაზე წარმოადგინეს ბერტოლ ბრეჰტის „სამგროშიანი ოპერა“ და უილიამ შექსპირის „კორიოლანოსი“.

ბათუმში ჩამოტანილი ევრიპიდეს „მედეა“ (რეჟისორი მიხაილ ტალჰაიმერი) ძველი ბერძნული თეატრის ტრადიციების შესაბამისადაა განხორციელებული - მინიმალური, შავ-თეთრი დეკორაცია (სცენოგრაფი ოლაფ ატმანი და კოსტუმების ავტორი ნელე ბალკჰაუზენი), მინიმალური ქმედება, მხოლოდ ტექსტი, დეკლამაცია, მაგრამ უდიდესი ემოცია, რომელიც გახდა ამ სპექტაკლის შესრულების ხერხი. მოვლენათა ჯაჭვი ზუსტად მიჰყვება ევრიპიდისეულ ტექსტს - დასაწყისში ძიძის მონოლოგი,  რომელიც მოუწოდებს მედეას  არ ჩაიდინოს საშინელი დანაშაული იასონის „დასჯით“ დამთავრებული. სცენაზე მხოლოდ შვიდი  პერსონაჟია: მედეა (კონსტანს ბეკერი), იასონი (მარკ ოლივერ შულცე), ძიძა (სტეფანია რეინსპერგერი), კრეონი (მარტინ რენჩი), ეგეოსი (ოლივერ კრაუშერი), მოამბე (გერიტ ჯანსენი) და კორინთელი ქალების ქორო (ბეტინა ჰოპე). დასაწყისში ქოროს შემოსვლა და მისი ნაბიჯები ზარბაზნის გასროლის მსგავს ხმად აღიქვება - ესეც ერთგვარი ბრეჰტისეული ხერხია, თავისებური „ზონგი“, მაყურებლთა შეშფოთებასა და ყურადღების მოკრეფას რომ იწვევს.

მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენაზე ბატონობს მედეა - შეურაცყოფილი მეუღლე, მიტოვებული მეგობარი,  მოღალატე ქმრის შვილების დედა, ადამიანი სამშობლოსა და ახლობლების გარეშე, განდევნილი იმ ქვეყნიდანაც, რომელსაც ემსახურა, რომელსაც შესწირა სიცოცხლე და ახალგაზრდობა.

ლომის ღრიალს ჰგავს მედეას პირველი „მონოლოგი“ - არანაირი სიტყვები, მხოლოდ ღრმა ემოციური გოდება და ვაება, უზომო სევდა შინაგან ტრაგედიას რომ გამოხატავს და ეს გრძელდება დიდხანს, ძალიან, ძალიან დიდხანს, იქამდე ვიდრე ძალა ჰყოფნის და ვიდრე  გონებამიხდილი  ძირს არ დაეცემა.

სცენის ბოლოს შავი კედელია და მასზე აკრულ მედეას ტანჯვა უსაზღვრო  - იგი ლაბადას გაიხდის, თეთრი  პერანგის ამარა უმალვე მიიღო გადაწყვეტილება - ქვეყნიდან განდევნის სანაცვლოდ არც შვილებს დაუტოვებს იასონს და არც მომავალ ბედნიერებას აღირსება: - „იასონს უხმეთ“ ბრძანებს მედეა, რომ თავისი გადაწყვეტილება შეატყობინოს და გამოჩენისთანავე მის დასასჯელად ის შავი კედელი დაიძვრება, რომელზედაც შვილების სისხლი მოსვრილი მედეაა აკრული -  ავანსცენაზე მდგომ იასონს მიუხლოვდება და იწყება მათი უმძიმესი დიალოგი. მსახიობთა ეს პაექრობა აპოთეოზს აღწევს, რაც უფრო შეუნდობელი ხდება მედეა, მით უფრო განწირულია იასონი. სისხლში მოსვრილი მედეა ზემოდან დაჰყურებს იასონს, რომელიც შვილის სიკვდილით გაოგნებული მის ფეხქვეშაა განრთხმული.

ლეგნიცის ელენე მონჟევსკას სახელობის თეატრი, რომლის დირექტორი და რეჟისორი იაცეკ გლობია, მიუხედავად იმის, რომ განთავსებულია XIX საუკუნის თეატრალურ სივრცეში, ადრინდელ ოპერის თეატრში უმეტესად წილად  მაინც უპირატესობას ანიჭეს არა თეატრალურ სცენას, არამედ რაიმე სხვა სივრცეს, სადაც იდგმება წარმოდგენები ამ მეტად საინტერესო და თვითმყოფადი რეჟისორის მიერ. ბათუმშიც მათ მიერ ჩამოტანილი სპექტაკლები მიუხედავად იმისა, რომ დიდ სცენაზე გათამაშდა მაინც უმეტესად მცირე მაყურებელზე გათვლილი და მოქმედებაც უშუალოდ დამსწრეთა წინაშე მომდინარეობს - ის განსაკუთრებული გარემო, რომლესაც ერთ შემთხვევაში -„ეშმაკნი“ (ფ. დოსტოევსკის „Бесы“ მიხედვითაა დადგმული და მიუხედავად იმის, რომ საერთოდ დამკვიდრებულია „ეშმაკნის“ სახელით, ჩემი აზრით ალბათ „დემონები“ - ინგლისურადაც ხომ "The Demons"-ია,  უფრო  სწორად ახასიათებს  ნაწარმოების პერსონაჟებს), სცენოგრაფი მალგოტაჟა ბულანგა და მეორე შემთხვევაში - „ერთგული ხროვა“ სცენოგრაფი პიოტრ ტეტლაკი  ქმნიან, სწორედ ასეთი ფორმის წარმოდგენებზეა  მორგებული.

 რეჟისორის მიერ განხორციელებული ვერსია ჩემი აზრით უმეტესად ალბერ კამიუს „ეშმაკნის“ თეატრალიზებურ ვერსიას მიჰყვება, ვიდრე ფ. დოსტოევსკის პირველწყაროს, ისევე როგორც ამას აკეთებს პოლონელი კინორეჟისორი ანჟეი ვაიდა თავის ფილმში.  მოქმედება ჯოჯოხეთისეულ სარდაფში ხდება, რკინის უზარმაზარი კარებითა და ლიფტით, რომელსაც ზემოთ ცაში ავყევართ. ერთგვარი დანტესეული სამყარო დემონებითა და რუსეთის პროვინციული სოფლის მაცხოვრებლებით: ვარვარა სტავროგინას  დიდ მონოლოგი ექსპზიციური ნაწილია, თუმცა ალბათ შესაძლებელი იყო ამ ტექსტის შემცირება, რადგან იგი აგდებს სპექტაკლის ტემპს და ბოლოსკენ იგი მოსაწყენიც კი ხდება -  პიოტორ ვერხოვენსკი და ნიკოლაი სტავროგინი ჩამოსვლა ერთ-ერთი არსებითი მომენტია - ორი რევოლუციურად განწყობილი მემბოხე და ტერორისტული სულისკვეთებით აღსავსე ახალგაზრდა ჩვენს წინაში გამოიცვლის ტანისამოსს და ახალებურად იმოსებიან, ერთგვარ „დემონების“ სხეულსა და სამოსში გაეხვევიან და იწყებენ  რევოლუციის მომზადებას, რომლიც წარუმატებელი აღმოჩნდება - ამ სამზადისს მხოლოდ შატოვი შეეწირება.  რუსეთში რევოლუციის სუნი ტრიალებს, მაგრამ მის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. სცენის ორმოში ჩაბუდებული კირილოვიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა სპექტაკლში. სწორედ მისი დახმარებით ხდება შეთქმულთა მიერ  დასახული ამოცანების აღმსრულება. მიხედავად დიდი მცდელობისა პიოტორ ვერხოვენსკი შატოვის მკვლელობის გარდა ვერავითარ შედეგს ვერ აღწევას და გარბის (რეჟისორი აქ მახვილგონიერად იყენებს ლიფს, რომელიც სცენის მარჯვენა კუთხეშია განლაგებული).  ლიფტის კაბინის ასვლის და ჩამოსვლის ხრჭიალი  ერთგვარი კამერტონია იმ დაძაბული ჯოჯოხეთური მდგომარეობის, რაც რუსეთის პროვინციაში სუფევს. მაცხოვრებელზე ზეგავლენის მოხდენა, მათით მანიპულირება და ამ ყველაფრის წინა პლანზე წამოწევა სპექტაკლის რეჟისორული ჩანაფიქრია და საკმაოდ ეფექტური. შატოვისა და მისი ხეიბარი ცოლი მარიას, ვარვარასა და მისი შვილის ნიკოლიას, პროვინციაში დაბრუნებული მარიას და ნიკოლაი სტავროგინის სცენები, პიოტორ ვერხოვენსკის და ნიკოლაი სტავროგინის დუეტებმა სცენაზე ფეოდორ დოსტოევსკის პერსონაჟთა ხასიათებია წარმოაჩინეს და ამ უდიდესი ავტორის სამყაროში შეგვიყვანეს.

ამავე კოლექტივის მეორე ნამუშევარი პაველ ვოლაკის და კატარინა დვორაკის „ერთგული ხროვა“ პრინციპში განხილული სპექტაკლის თემას ეხმიანება - ისევ ადამიანთა მონიპულირება, მანკიერი ტრადიციის თავზე მოხვევა და მათზე ფიზიკური თუ ფსიქიკური ზემოქმედება. პიოტრ ტეტლაკის სცენოგრაფია ძალიან მეტყველია. აქაც მცირე სცენა და მაყურებლის სიახლოვე: გალიაში გამომწყვდეული მთავარი პერსონაჟი იოანაა (მსახიობი ადიანნა იენდროჟეკი) - მსხვერპლი იმ ერთგული ხროვისა, რომელზედაც ბატონობს დედამისი (მსახიობი კატარინა დვორაკი - პიესის ერთ-ერთი ავტორი). კატარინა დვორაკის  დედა ტრადიციების და რიტუალების მიმდევარია. იგი მაგიურ გავლენას ახდენს საკუთარ ქმარზე (გჟეგოჟ ვოიდონი), რომელიც მართალია მის დასთან  საბინასთან (მაგდა დრაბი/ევა გალუშინსკა) ღალატობს, მაგრამ მაინც მისი მორჩილი რჩება, თუმცა თავის უფროს ქალიშვილს იოანას თანაუგრძნობს და  რამოდენიმეჯერ სიკვდილსაც კი გადაარჩენს. ვერც მამის ზრუნვა, ვერც საკუთარი ძალისხმევა ვერ იხსნის იოანას დასჯისგან და მსხვერპლშეწირვისგან. სპექტაკლში უხვადაა სცენური მეტეფორები,  სიმბოლოები და რიტუალური ელემენტები, რკინის გალია, რომელსაც დროდადრო აწყობენ სოფლის მცხოვრებლები; მღვდელი (პაველ პალცატი), იარეკი (ალბერ პიშკი), იოანას დები (ალექსანდრა ლისტვანი, მალგოჟატა პატრინი) და ბიძები (რაფალ ცელეხი, ბოგდან გჟეჩაკი, მატეუშ კრშიკი), რომელშიაც   მსხვერპლშეწირვის ცერემონიისთვის იოანას დაატყვევებენ. ასევე სიმბოლური მთხრობელის (პაველ ვოლაკი) სახე, რომელიც თავდაპირველად ვიდეოინსტალაციის მეშვეობით შემოდის ჩვენს წინაშე და იმავე ხერხით სტოვებს სათამაშო არეალს და სოფელს. იგი ყველაფრის მოწმე და შემფასებელია, გამკიცხავიც და მხარდამჭერიც - ეული, ნაგავში და ჭუჭყში ამოსვრილი, მაგრამ ნათელი და მომავლის იმედი.

ფესტივალის ერთ-ერთი განსაკუთრებული მოვლენა გახდა  პერფორმანსი „ჩემი დიდებული ნამუშევარი“, რომელსაც მისი ესპანელი რეჟისორი და შემსრულებელი დევიდ ესპინოზა - უტოპიას უწოდებს,  ძალზე კრეატიული და ორიგინალური შოუ. მასში  გამოყენებული იყო სინათლის ეფექტები, მინიატერული ფიგურები და აქსესუარები, რომელთა დანახვა და აღქმა მხოლოდ ჭოგრიტის ეშვეობით თუ შეიძლებოდა. ჩვენს წინ გათამაშდა ჩვენი სამყაროს მთელი ისტორია და განვითარება: ადამიანის წარმოშობიდან მის აპოკალიფსურ დასასრულამდე: სიკვდილი, სექსი, საბავშვო მოედნები და მასზე მოთამაშე ბავშვები მშობლებთან ერთად, სხვადასხვა კონტინენტის ფლორა და ფაუნა, რელიგიური მომდინარეობები და მათი დაპირისპირებები, სპორტული პაექრობები და ნადირობა.

ბოლო წლები ნიკოლაი გოგოლის წლებად თუ არა „რევიზორის“, „შინელისა“ და „შეშლილის წერილების“ წლებად უნდა ჩაითვალოს. ამ ავტორისადმი ყურადღება შეიძლება კანონზომიერიც იყო. მისი პროზა ისევე როგორც ა. ჩეხოვის, სავსეა დრამატიზმით, ადამინთა ტრაგედიითა  და კონფლიქტებით. რაც შეეხება „შინელს“ - მისი ინტერპრეტაცია უკვე რამოდენიმე თეატრში განხორციელდა და საკმაო წარმატებით: ა. ვარსიმაშვილის ა. გრიბოედოვის რუსულ სახელმწიფო პროფესიულ თეატრში, ნ. საბაშვილის თოჯინების სახელმწიფო პროფესიულ თეატრში, კ. როინიშვილის კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიულ თეატრში. მაგრამ აი, თურქი რეჟისორი რომ „შეინელს“ ჩამოიტანდა ბათუმის ფესტივალზე ნამდვილად გამიკვირდა. კადრი ოზჯანის ადაპტირებული ტექსტი საკმაოდ განსხვავდება ნიკოლაი გოგლის მოთხრობის ტექსტიდან. რეჟისორმა და ავტორ-შემსრულებელმა სხვა ამოცანა დაისახეს: აქ საქმე გვაქვს გაორების - იდენტური დისოციალური აშლილობის საკითხთან - ადამიანი მისთვის უცხო გარემოში იღვიძებს და ვერ ხვდება როგორ მოხვდა აქ ან  ვინაა ის მიცვალებული, რომლის სხეულიც  მის გვერდით ასვენია. ემოციური და ღრმა ფსიქოლოგიური განცდებისა და საკუთარ თავში დიდი ძიების შემდეგ იგი ხვდება რომ ეს მიცვალებული თვითონაა - აკაკი აკაკევიჩ ბაშმაჩკინი. მსახიობის მიერ ასეთი ორიგინალური ადაპტაცია მისასალმებელი და ძალზე საყურადღებო: მთელი სპექტაკლის განმავლობაში იგი ცდილობს დაგვარწმუნოს ამ ტრანსფორმაციის არსში სცენური თუ მსახიობური ხერხებით: უცნაური ფორმის რკინის კიბით, რომელიც ხან საწოლია და ხან თავშესაფარი, თუნუქის კასრი - ტრიბუნ ა ურატორული ხელოვნების დემონსტრირებისთვის, მუსიკალური ფონი თუ სცენოგრაფია: ძონძებით მოცული სივრცე და ფარდები, რომელზედაც დროდადრო თოვლის ფანტელები აისახება, თუმცა აი მსახიობურ შესრულებას ცოტა დამაჯერებლობა ეკლდა, განსაკუთრებით კი სპექტაკლის დასაწყისში. შესაძლოა ფესტივალში მონაწილეობის ნერვიულობა, ან უცხოენოვანმა გარემომ იმოქმედა მასზე. მოგვიანებთ კი, წარმოდგენის შუა ნაწილში, როცა კადრ ოზჯანი „თამაშს“ ამთავრებს იგი ბუნებრივი და დამაჯერებელი ხდება და უკვე აღარ გაწუხებს მისი მძაფრი ემოციური კივილი და თვალების ბრიალი.

იტალიელების მიერ წარმოდგენილი დანტე ალეგიერის „ღვთაებრივი კომედია“ ჟანრობრივად უფრო საცირკო სანახაობაა, რომელიც თეატრის სცენაზე მიმდინარეობს განათების, მუსიკის (ზოგჯერ კლასიკის მაგ. ი. ს. ბახი) და ავტორისეული ციტატების თანხლებით. ეს პერფორმანსი თორმეტი ნოველისგან, ოთხ-ოთხი მათანი მიძღვნილი ჯოჯოხეთის, სალხინებელის და სამოთხისადმი შესრულებული აკრობატ-მოცეკვავეთა მიერ. ყველაფერ ამას  გენიალურ ქმნილების ტექსტთან დიდი კავშირი მაინცდამაინც არა  აქვს,  თუმცა ასეთი ინტერპრეტაცია „ჯოჯოხეთიდან სამოთხემდე“ მაინც პასუხობს ძირითად ამოცანას - დანტეს  წრიული შრეების გავლას, გამწმენდასა და სამოთხეში ამაღლებას. ფილიგრანული ტექტიკითა და ოსტატობით შესრულებული ეს სანახაობა შესანიშნავი დასასრული იყო ბათუმის საერთაშორის თეატრალური ფესტივალისათვის, რაც მაყურებელთა აღტაცებული ტაში ფონზე მიმდინატეობდა და „ბრავოს“ შეძახილებით დასრულდა.

 

ქართული თეატრის პროგრამა, რომელსაც „შოუ-ქეისის“ ფორმა ჰქონდა მოიცავდა დრამატულ, თოჯინურ, საოპერო სპექტაკლსა და პერფორმანსებს: ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „მოაგული“ სვანურ სიყვარულის  ლეგენდაზე შექნილი მარიონეტული დრამაა (რეჟისორი გიორგი ჩხაიძე) მსახიობთა მერი დიასამიძის, მინდია ჩოხარაძის, ვანო მაღლაკელიძის, სოფიო ცინცაძის, ირინა ღლონტის, მარიკა ბულიაშვილის, თედო ტუღუშის, თამარ მახარაძის შესრულებით. ურთულესი სპექტაკლი მარიონეტების და ჩრდილების თეატრის ფორმით წარმოდგენილი. რეჟისორი ვიდეოკამერის, ცოცხალი სურათებისა  და ჩრდილების დახმარებით  პერსონაჟთა ხასიათსა და მათი ბუნების ხატავს. სვანურ მელოდიაზე შექმნილი წარმოდგენა (მუსიკალური გაფორმება: მიხეილ მდინარაძე, დავით მალაზონია, ჭაბუკა ამირანაშვილი - ჯგუფი „ირაო “ და „ბარაკა“ მიხეილ ჯავახიშვილი, სოფო გელოვანი, გივი აბაშიძე) უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესოა ფესტივალის ქართულ პროგრამაში.

ამავე რეჟისორის მიერ ექსპერიმენტულ სცენაზე გათამაშებული უილიამ შექსპირი „მაკბეტი“ ერთგვარი პერფორმანსია, სადაც რეჟისორი სრულ პიესას კი არ გვთავაზობს, არამედ მხოლოდ ერთ სიუჟეტურ ხაზს მიჰყვება: აქ სამ ალქაჯს შორის ერთი თვით ლედი მაკბეტია (ნატალია გალოგრე), ასე ვთქვათ ძრავა ყველაფრისა რაც მის ქვეყანაში უნდა მოხდეს - ქალი, რომლის ავხორცობაც დიდწილად გახდა იმ ტრაგედიის საფუძველი, რაც დანკანის სახელმწიფოში განვითარდა.

განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას სტოვებს სპექტაკლის სცენოგრაფია - უდიდესი ობობას ქსელი, თაღივით რომ დაჰყურებს სასცენო მოედანს, რომელშიც ებმებიან და მასში იღუპებიან  მეფე დანკანი და თვით მაკბეტიც (გიორგი არველაძე).

პატარა ცირკის არენის მსგავს სცენაზე გათამაშებული ტრაგედია მოკლეცაა და ტრაგიკულის შესრულებული უდაოდ ნიჭიერი ახალგაზრდობის მიერ.

აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ბოლო დროს თეატრალურ კულტურაში სულ მძლავრად ადგილს იკავებს ეწ. ეჟი გროტოვსკის თეატრალური ხერხი ან ფორმა, როდესაც მაყურებელი და მსახიობები უშუალო, ახლო კონტაქტში არიან ერთმანეთთან და მანძილი მათ შორის მინიმუმამდეა დაყვანილი. ზოგი რეჟისორი ამისთვის სცენას იყენებს და მაყურებელთა სკამებიც სცენაზე განლაგებული, ზოგ მათგანს  კი პირიქით - მსახიობები ჩამოყავს მაყურებელთა დარბაზში. ასეთი მაგალითები უამრავია: იგივე „მაკბეტი“, რაზეც ახლა ვსაუბრობდით, „სინდრომი, ანუ ვის უგალობ ვისა“ (რეჟისორი ანდრო ენუქიძე - აქვე გამახსენდა - ეს რეჟისორი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც რუსთველის თეატრში მის  მიერ განხორციელებული დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერებაში“ მაყურებელი სცენაზე აიყვანა), „კონვერტი“ და „იდეალური უცნობები“ გორის თეატრში, „დეკალოგი“ სამეფო უბნის თეატრში“, „შინელი“ მარჯანიშვილის თეატრში და თეატრი ლიბრა (თურქეთი) ფესტივალის პროგრამაში, „ედიტ პიაფი“ გ. სიხარულიძის, „ქალის სხეული როგორც ბრძოლის ველი“ ახმეტელის თეატრში  და ბევრი სხვა.

ფესტივალის ქართული პროგრამის განხილვას აღარ  შევუდგები, ვინაიდან „ედიტ პიაფზე“ უკვე მქონდა საკმაოდ დიდი რეცენზია, ხოლო ის ორი სპექტაკლი, რომელზედაც ზემოთ გამოვთქვი ჩემი მოსაზრება ახალი იყო ჩემთვის, რომლებიც აქამდე არ მქონდა ნანახი.

 

აქვე მინდა  დიდი მადლობა ვუთხრა ფესტივალის ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს ასეთი შესანიშნავი მასპინძლობისთვის.

bottom of page