
„ა“-ს დღიურები“

19.11.2026
მანანა თევზაძე
ბათუმის დრამატული თეატრის 148-ე თეატრალური სეზონის რიგით II პრემიერა
„ა“-ს დღიურები“
მონოსპექტაკლი ნიკოლაი გოგოლისა და ლევ ტოლსტოის „შეშლილის წერილები“-ს მოტივებზე
ავტორიზებული თარგმანი, ტექსტის ადაპტაცია, სასიმღერო ლექსები და სცენური ვერსია ვარლამ ნიკოლაძისა (გამოყენებულია რამდენიმე ციტატა გალაქტიონ ტაბიძის და ქართველი ფუტურისტი პოეტების პოეზიიდან)
დამდგმელი რეჟისორი - ვარლამ ნიკოლაძე
კოპოზიტორი - გოგი ჩლაიძე
მხატვარი - ლუკა ბესელია
პლასტიკის რეჟისორი - ზურაბ გუგუშვილი
რეჟისორის თანაშემწე - ნატო ღლონტი
"ა"-ს როლში - ზურაბ შილაკაძე
***
ნიკოლაი გოგოლის „შეშლილის წერილები“ მისი „პეტერბურგული მოთხრობების“ ციკლში შედის და მოგვითხრობს პატარა ადამიანის ტრაგიკომიკურ ისტორიას - თუ რა უბედური იყო სახელმწიფო კანცელარიის დაბალ საფეხურზე მდგომი მუშაკი, რა ხშირად განიცდიდა უსამართლო წნეხს და საბოლოოდ, რა საშინელ დღეში აღმოჩნდა - თანდათან როგორ დაკარგა კავშირი რეალობასთან და ჭკუაზე შეიშალა.
გოგოლის მოთხრობაში აღწერილი სიტუაცია იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა იმ დროინდელი რუსეთის ყოფაში, რომ სხვა დიდმა მწერლებმაც დაუთმეს შემოქმედებითი ენერგია და ასე დაიბადა ამ თემაზე ბელინსკის, ტოლსტოის, დოსტოევსკის, ჩეხოვის არაჩვეულებრივი ნაწარმოებები.
როდესაც ნიკოლაი გოგოლი ამ მოთხრობას წერდა, მე-19 საუუნის რუსეთში რევოლუციურ-დემოკრატიული იდეები იკრებდა ძალას და დასაწყლებული ჩინოვნიკის სახე ზოგადი იდეის - ყოვლისმომცველი ბუნტის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა, თუმცა დროის შემდეგ.
მერე და მერე დამოკიდებულებებმა და გააზრებებმა სახე იცვალეს, გოგოლის გმირი წარმოსდგა, ხან როგორც ნამდვილი ფსიქიატრიული ავადმყოფი, ხან როგორც ავადმყოფობის მისტიფიკაცია, ხან როგორც ფილოსოფოსი და ხან როგორც რომანტიკოსი, მეოცნებე.
სრულიად თანამედროვე გააზრებით კი გოგოლის გმირი უთანასწორობისა და სიღატაკის მსხვერპლი კი არა, არამედ ადამიანის ეგზისტენციური მარტოობის მეტაფორა შეიქნა.
გოგოლის შემოქმედება საინტერესოა თეატრისთვის, კინემატოგრაფისთვის არა მარტო რუსეთში, არამედ მთელ კულტურულ სამყაროში და რა გასაკვირია, რომ ქართული თეატრალური სინამდვილე გულგრილი არ დარჩა მისდამი. მახსენდება, რომ ამ მოთხრობის მიხედვით რამდენიმე სხვადასხვა სპექტაკლი მაქვს ნანახი, ზოგიერთი უკეთესი, ზოგიერთი ნაკლებად, მაგრამ ყოველი მათგანი პატივისცემის გრძნობას იწვევდა იმ დიდი შრომისათვის, რასაც ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები აქსენტი ივანიჩ პოპრიშჩინის სახის გასააზრებლად და თავისებურად გახსნისთვის ითხოვს.
ერთი კია, რაც დრო გადის, გოგოლის გმირები უფრო და უფრო აქტიურად ავსებენ ჩვენს გარემომცველ სივრცეს და არა მხოლოდ თეატრში.
გოგოლის მოთხრობა 20 ფრაგმენტისაგან შედგება. თუკი თავიდან ნამდვილად პოპრიშჩინის დღიურის ჩანაწერებია, დასასრულისკენ, ამ ფორმის პირობითობა ნათელი ხდება: რეალობას მოწყვეტილი და ფსიქიატრიულ კლინიკაში გამომწყვდეული ადამიანი ვეღარ ახერხებს თავისი აზრების ჩაწერას და ჩვენ წინაშე შინაგანი მონოლოგის წყვეტილი ფიქსაციაა მხოლოდ. თავიდან, ყველა ჩანაწერი დათარიღებულია რომელიღაც წლის ოქტომბერ-დეკემბერით, მაგრამ თანდათან სიტყვები თავისებურად იცვლება და დათარიღება აბსურდულ ხასიათს იძენს.
ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე სულ ახლახან შემდგარი მონოსპექტაკლის „ა-ს დღიურების“ პრემიერა, ცნობილ რეჟისორს, ვარლამ ნიკოლაძეს ეკუთვნის და გოგოლის ტექსტის სრულიად სხვაგვარ ხედვას გვთავაზობს. ლალი ნიკოლაძისეული სცენური ვერსია ერთგვარი ნაზავია დრამატული, პოეტური თეატრის, ახალი იპროვიზაციული მუსიკის და თანამედროვე ქორეოგრაფიის.
21-ე საუკუნეში, როდესაც რეჟისორები სულ უფრო გაურბიან წმინდა მონოლოგის ფორმატს და სცენაზე მას ახალ პერსონაჟებს და ცოცხალ მუსიკას უმატებენ, ლალი ნიკოლაძემ სცენაზე ერთი მსახიობი - ზურაბ შილაკაძე დატოვა და მაყურებელიც მას მიანდო.
რა თქმა უნდა, მთელი დადგმა ამ მსახიობის ენერგიასა და პლასტიკას ეყრდნობა. ხოლო თუ ვინმეს დადგმა არ მოეწონება, ამის მიზეზი თავად სიუჟეტი იქნება და არა დადგმა, რადგან სიგიჟის თემა საოცრად მძიმეა აღსაქმელად.
სცენაზე ხელმარცხნივ როდენის „მოაზროვნეს“ ქანდაკება დგას. მარჯვნივ - რკინის საწოლი, მაგიდასთან - სკამი.
უკანა კედელთან - ლამაზი შირმა და იქვე საკიდი.
რკინის კიბესთან აბლაბუდას სიმბოლური ქსელი გაბმულა. მაღალ კალათში თითო-ოროლა ყვავილია.
მთელ სცენაზე მიმობნეულია ქაღალდები: ქანდაკებასთან, საწოლთან, იქვე მდგარ მოლბერტთან... კედლებზეც უცნაურად დაჭმუჭვნილი ქაღალდებია მიკრულ-მიწებებული.
სპექტაკლის სივრცე, ნამსხვრევებად ქცეულ მოგონებათა სამყაროა, როგორც მთავარი გმირის სულიერი ავადმყოფობის და იმ საზოგადოების გულგრილობის სიმბოლო, რომელმაც იგი უარყო. ამ კამერულ გარემოში, გოგოლის ტექსტი ტოტალურ მარტოობასა და გონების მიძინებაზე, კიდევ უფრო მკვეთრად, მძაფრად და ინტიმურად ისმის. ეს მხატვრული სივრცე - ტრაგიკული კონტრასტია რეალურ სამყაროსა და შემოქმედებით წარმოსახვას შორის, ანუ ილუზიის, იმ ყველაფრის ვიზუალური პერსონიფიკაციაა, რასაც ხედავს, რაც ესმის და რასაც გრძნობს გმირი.
სპექტაკლი საშინელი გრგვინვით იწყება. ბავშვის ტირილს საწოლზე მწოლიარე გმირის უეცარი საშინელი შეყვირება და წამოხტომა მოსდევს.
მას თეთრი საცვლები აცვია, თეთრი წინდებით თითქმის დახტის სცენაზე და დროდადრო „მოაზროვნეს“ ესაუბრება, თავისი დღიურის ჩანაწერებს უკითხავს... შესჩივის, რომ სამსახურს არ მოაქვს მისთვის წინსვლა, რომ შეყვარებულია დეპარტამენტის დირექტორის ქალიშვილზე, რომ ესაუბრება დეპარტამენტის დირექტორის ქალიშვილის ფინიას და კითხულობს მის მიერ მეგობარი ფინიასადმი მიწერილ წერილებს... და რომ გაზეთებში უცნაური ამბები იწერება, რომ თურმე ესპანეთის ტახტი ცარიელია...
ამ პატარა სცენის სივრცეში კარგად ისმის მისი ხმა. იგი გოგოლის პოპრიშჩინი კი არა, უცნაურ გარემოში მყოფი ვიღაც ტიპია, რომელიც რაღაც ამბავს გვიამბობს...
სპექტაკლის ავტორებმა ამ ტიპს -ა- უწოდეს!
თუკი შეიძლება იყოს ვინმე N, ხომ შეიძლება ვინმე -ა-ც იყოს?
თუკი გოგოლის მოთხრობაში მთავარი გმირი მხოლოდ ფინალში ხვდება ფსიქიატრიულ კლინიკაში, მსახიობ ზურაბ შილაკაძის გმირი თავიდანვე უკვე იქ არის და მისი იქედან გამოხმობა არავის შეუძლია.
მხოლოდ იყო კი იგი შეშლილი, როცა აქ მოხვდა?
ალბათ არა... უფრო არა, მაგრამ აქ მას ნამდვილად დაეხმარნენ, რომ სრულიად შეშლილიყო.
გოგოლისეული ისტორია სპექტაკლში ახლებურ დინამიზმს იძენს, რომელიც ჩვენი ეპოქის პულსაციას ეხმიანება. უცებ ისეთი თანამედროვე სულისკვეთების ტექსტუალური პასაჟი გაისმის „ცალკალოშიანების“ შესახებ, რომელთაც ყველაფერი გადაინაწილეს და დანარჩენებს მათხოვრებად ამყოფებენ, რომ ძალაუნებურად ფიქრობ, დამდგმელი რეჟისორის სადღეისო დამოკიდებულება იჩენს თავს.
გმირის შინაგანი ცხოვრება, მისი ილუზიები, აღფრთოვანება და შიში, დაბნეულობა და გამოფხიზლება - ეს ყველაფერი სპექტაკლის მრავალშრიანი ქსოვილის სხვადასხვა ფორმაში პოულობს ასახვას: უპირველესად, ეს არის მსახიობის თამაშის ემოციური ხმოვანი ფუნდამენტი, რომელიც პარადოქსულ, ცვალებად, ზოგჯერ კომიკურ, ზოგჯერ შემაშფოთებელ სიმღერა-ზონგში, ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად ჟღერს.
ზურაბ შილაკაძე ამ სპექტაკლში ერთგვარ პოლიგლოტად მომევლინა, რადგან „მოაზროვნესთან“ საუბრისას, საკმაოდ კარგი პრონონსით, ფრანგულად კითხულობს თავის ჩანაწერებს.
მსახიობმა ამთავითვე შესძლო მაყურებლის ყურადღების დაპყრობა, მიუხედავად იმისა, რომ მარტო დგას სცენაზე და მთელი მოქმედების მანძილზე ნიჭიერად გადმოსცემს პერსონაჟის მიერ განცდილ მეტამორფოზას...
სპექტაკლი იუმორითაა და მსახიობური მიგნებებითაა სავსე. ძაღლის წერილის კითხვისას, იატაკზე ხელებს აბრახუნებს, მერე ძაღლადაც გადაიქცევა, ფეხს ასწევს, მოისაქმებს კიდეც... და საამისოდ იყენებს მიმიკას, პლასტიკას, მაყურებლის ფანტაზიას.
გოგონაზე ლაპარაკისას კი, დამტკბარია, ღიმილით სავსე, თუმცა დროდადრო მაინც წამოიყვირებს... მერე მოულოდნელად თურქულად იწყებს ლაპარაკს ნორვეგიელი მეზღვაურების შესახებ.
როგორი ენერგიით, რომაელი პატრიციუსივით შემოისხამს თეთრ ზეწარს, რომელიც მხოლოდ დამამშვიდებელი ხალათია. მერე ამ მოსასხამს „მოაზროვნეს“ წამოასხამს მხრებზე, რადგან - მე კი არა ვარ გიჟი, არამედ სწორედ ისინი არიანო!
მაყურებელს ისღა დარჩენია, ფართოდ გაახილოს თვალები და ყურებიც დაცქვიტოს, რომ იმ გასაოცარ სამყაროში მოექცეს, სადაც მხოლოდ მისთვის მნიშვნელოვანი გამოცანებია ვალები და ყურებიც ამოსახსნელი, სადაც თეატრალური დეკორაცია, განათების ეფექტები და ხმოვანი თანხლება, ყოველი მოძრაობა და რეპლიკა გმირის დაბნეული სულის ამსახველ ატმოსფეროდ იქცევა.
სცენაზე მდგარი კიბე სიმბოლური კარიერული კიბეა, რომელზე ასვლაზეც, რეალურ ცხოვრებაში, ასე ოცნებობს გმირი.
დიახ, იგი ოცნებობს ოქროს უნიტაზზე, მაგიდაზე ასული მღერის და როგორც მეფე წარმოთქვამს სამეფო სიტყვას, სადაც ისმის საჭირბოროტო სიტყვა - რატომ? (აი, აქ კი აზდაკი მახსენდება...) და პასუხიც იქვეა: - იმიტომ რომ ასე მინდა მე!
საბოლოოდ კი, მხოლოდ ფანტაზიის სამყაროში, შეშლის ფასად აღწევს ამას... რადგან ასეთია ცხოვრება, სადაც ადამიანი მხოლოდ უჩინარი პაიკია.
მიუხედავად თავისი დაბალი სოციალური მდგომარეობისა, „ა“ დარწმუნებულია, რომ გენერლის ქალიშვილს მოსწონს და სუნამონაპკურებ ცხვირსახოცს, მის წინაშე საგანგებოდ აგდებს.
ძალიან კარგია სცენა ცხვირსახოცთან, როდესაც მსახიობი ნელნელა გითრევს ამბავში. გოგონას საძინებელში აღმოჩენილი, როგორ ეალერსება ტაბურეტს, რომელზეც გოგონა ფეხს აწყობს და მოულოდნელად საკმაოდ სექსუალური სცენაც თამაშდება.
რეჟისორს მოქმედება თითქმის თანამედროვე რეალობაში გადაჰყავს. აი სად არის დაფარული გოგოლის ძალა, ორასი წლის შემდეგ პრობლემა კვლავ აქტუალურია. განა ისეთივე კითხვის ნიშნები არ დგას ახალგაზრდა ადამიანის წინაშე, რომელსაც არ გააჩნია ფული, კავშირები და ყოველ დღე სხვათა კაშკაშა, ბრწყინვალე ცხოვრებას შესცქერის?
პერიოდული მოულოდნელი ხმოვანი აფეთქებები თავზარდამცემ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე და მაკრთობს.
თემიდან თემაზე გადასვლისას იცვლება მსახიობის დამოკიდებულებები: მისი რომანტიზმი, უეცრად მრისხანე ინტონაციებით იცვლება „მოაზროვნესთან“ გამოლაპარაკებისას.
ანდა როგორია სცენა თეატრში, როცა ქუჩაშია, ანდა სხვა სცენებშიც, პანტომიმური მოძრაობა გაიელვებს. ეს პანტომიმური სვლები და მოძრაობები მახსენებს ზურაბ შილაკაძის ოდინდელ კავშირს პანტომიმის თეატრთან, როდესაც ამირან შალიკაშვილის ხელმძღვანელობით, თავის ჯგუფელებთან ერთად, თითქმის პირველი გზის გამკვლევი იყო.
როგორ იცვლება მისი გამომეტყველება, ხმა, ქცევა ძიძას გახსენებისას, როდესაც ევსება თვალები ღიმილითა და ცრემლით...
მისი მონათხრობი იესოს ამბის დროს აღწევს აპოგეას, როცა აღმოაჩენს, რომ ცისფერი სისხლი აქვს.
და რა კარგი ხმა, სუნთქვა, დიქცია აქვს ზურაბს, თუ გავიხსენებთ, რომ რამდენიმე ათეული წელია სცენაზე არ მდგარა... ხომ შეეძლო სხვა რამ საქმიანობით დაკავებულიყო? მაგრამ არა, ის მსახიობია და ბოლომდე რჩება მსახიობად.
მხოლოდ ესაა, რომ ვფიქრობ, მოვლენებს მაინც აკლიათ გათამაშება და მის მიერ წარმოთქმულ ფილოსოფიურ სენტენციებს მეტი ქმედითი სიმკვეთრე უნდა ჰქონდეთ.
მაგრამ როდესაც სიმღერას იწყებს რეჩიტატივით, სრულიად იცვლება და მისი მრავალპლანიანი შესაძლებლობები იკვეთება.
და კვლავ მისი ყვირილი, - გათენდა?..
იგი ელოდება ესპანელ დეპუტატებს...
ძალიან კარგია სცენა ტაბურეტით თავზე - ინკვიზიტორთან, სადაც ცრემლი, ყვირილი, ღიმილი ერთმანეთს ერთვის და მისი პანტომიმური წარსული კიდევ ერთხელ იჩენს თავს.
მხოლოდ ეს ხშირად განმეორებული კავშირი - „ნუ“ (ბარბარიზმი) მაშფოთებს ძალიან! განა მხოლოდ აქ, ამ სპექტაკლში, სხვანაგან, ბევრგან, ყურში ცუდად მომხვედრია... ყოფით ცხოვრებაში რომ არ ვთქვათ, სცენიდან მაინც განსაკუთრებით არასასიამოვნო მოსასმენია!..
მოლბერტზე მდგარი მუნკის ცნობილი ნახატი - „ყვირილი“, ამ გმირის მხატვრული ნიჭის შესაძლებლობებს გვიმხელს.
„შეშლილის ჩანაწერების“ უნიკალური ფორმა - დღიური ნამდვილი გამოწვევაა მსახიობისათვის. ზურაბ შილაკაძის შესრულებით ეს გმირი მგრძობიარე ადამიანია, რომლის სიგიჟე ერთადერთი საშუალებაა მკაცრი ცხოვრებისეული სისატიკისგან თავდასაცავად. მისი „ა“ სხვადასხვა რეალობაში არსებობს. უცნაური ხმები, სამეფო მანტია და მთვარის გადარჩენის დიდებული მისია მისთვის ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ყოველდღიური სამსახური დეპარტამენტში, გაცვეთილი შინელი და ჩექმა. ამ რეალობების შეჯახება იწვევს მის სულიერ შერყევას და ტრაგიკულ აღსასრულს.
დღიური თანდათან იქცევა გარე სამყაროსგან მისი განცალკევების ქრონიკად. გრძნობს რა საკუთარი მდგომარეობის უსუსურობას, მისი შეურაცხყოფილი პატივმოყვარეობა თანდათან გადაიზრდება განდიდების მანიაში და სწორედ ამ დროს ყალიბდება მის გონებაში ესპანეთის იდეა, თანაც რაღაც პათოლოგიური გააზრებით, რომ სადღაც არსებობს ნამდვილი ესპანელი მეფე, რომელიც რაღაც დრომდე იმალება და სრულიად მოულოდნელად იგი საკუთარ თავს ამ ესპანელ მეფესთან აიგივებს, რაც თავისებური ფორმაა მისი უიმედო და საცოდავი ამბოხისა.
მსახიობის მონოლოგი დატვირთულია ექსპრესიული მოქმედებით და სიტუაციების დრმატული გადაწყვეტით, როდესაც ზღვარი რეალობასა და ილუზიებს შორის იშლება, ხოლო გონების ხმა სულიერ ტანჯვათა ქაოსში იძირება: მის გონებას ეუფლება მთავარი მოვლენა, რომ დედამიწა მთვარეზე დაჯდება, ხოლო შეშლილთა სახლი მისთვის ესპანეთია, ცემა - რაინდად კურთხევა და ბოლოს, ექიმის -ინკვიზიტორის ხელში მოხვედრა.
საინტერესოა, რატომ ესპანეთი?
იმიტომ ხომ არა, რომ მე-18 საუკუნის ბოლოდან ესპანეთი ევროპულ კულტურაში რომანტიკული ქვეყნის იდეალია?
მთელ ინსცენირებას გასდევს ლალი ნიკოლაძისეული განწყობილება, ან თუნდაც სცენა დედასთან შეხვედრისა, ტკივილის განუზომელი განცდა, რომელსაც აძლიერებს გოგი ჩლაიძის არაჩვეულებრივი მელოდია.
ცხენთა ჭენების ფონზე წარმოთქმული გალაქტიონის „ლურჯა ცხენები“...
ვფიქრობ, ეს არის ამბავი გმირის პოეტად ქცევისა.
განა შეშლილის მდგომარეობა არ ჰგავს გენიალური პოეტის მდგომარეობას?
მათში ხომ ყველა აღქმა ერთ ფოკუსშია თავმოყრილი; რომელიღაც აზრის იდუმალი ძალა, მთელი სამყაროდან იზიდავს ამ აზრთან დაკავშირებულ შეგრძნებებს, შემდეგ მათ აცალკევებს და სიმბოლოდ აქცევს.
ამიტომაცაა სპექტაკლში მარადიულობის ვიბრაციად მოხმობილი გალაქტიონის პოეტური ხმოვანება...
და ბოლოს,
როგორი ღრმა, სევდიანი, მგრძნობიარე ამბავია და როგორ შთამბეჭდავად წარმოადგენს სცენაზე მთავარი გმირის ევოლუციას მსახიობი და არც კი იცი, შეგეცოდოს იგი, თუ არა?
ზოგჯერ მეჩვენება, რომ ცხოვრების ბოლოსკენ, ჩვენ ყველანი ცოტა გადავქანდებით ხოლმე და მხოლოდ ამის შინაგანი უარყოფა გვამყოფებს ასე თუ ისე ნორმალურ მდგომარეობაში.
და კიდევ ვიფიქრე, რა რთულია პროფესიონალი მსახიობისთვის სპექტაკლის შემდეგ როლიდან გამოსვლა. მთელი ამ გიჟური ტექსტის დასწავლა, მთელი ამ გრძნობების გადმოცემა და მათში ისე არგაბნევა, რომ თვითონ არ მოხვდე მათ ტყვეობაში...
ან რა მდგომარეობაში იყო თვითონ გოგოლი, როცა ამ ნაწარმოებზე მუშაობდა?
გოგოლი ხომ დიდი საიდუმლოა...
რა რთულია მსახიობის ბედი...
მკრთალი ზღვარი ჰყოფს კომპლექსებითა და შეუმდგარი ოცნებებით დახუნძლულ პატარა ადამიანს შეშლილი სამყაროსგან.
მთელი 70 წუთის მანძილზე მე მთლიანად მოვექეცი მსახიობ ზურაბ შილაკაძის განცდათა ძალაუფლების ქვეშ. ამ ხნის მანძილზე იგი იძულებულს მხდიდა მასთან ერთად მეტირა, მეცინა, გამკვირვებოდა, შემშინებოდა და თანამეგრძნო მისთვის, რადგან მესმოდა მისი.
ეს სულისშემძვრელი სპექტაკლი სავსე სიყვარულით, ვნებით, სინაზითა და თანაგრძნობით, სიგიჟითა და რწმენით, რომელიც შეთხზა შესანიშნავმა ლალი ნიკოლაძემ და შეასრულა არაჩვეულებრივმა ზურაბ შილაკაძემ...
ჰაერში მოფარფატე ქაღალდის თეთრი ფურცლები ამ საშინელ სამყაროში მოწრიალე მთავარი გმირის ტრაგიკულ ისტორიას გვიამბობენ. მისი წრიალი ჰგავს რომელიღაც თეთრი ფრინველის ფარფატს, სავსეს გიჟური ტრფობით, დასაწყნარებელ პერანგში შეფუთულს.
და მაშინ მოდის სიკვდილი, რადგან სიყვარულის გარეშე მისთვის სიცოცხლე არ არსებობს.
და ისმის არაჩვეულებრივი მუსიკა...
კომპოზიტორ გოგი ჩლაიძის მიერ სპექტაკლისთვის შექმნილი შესანიშნავი მუსიკალური ატმოსფეროს წყალობით „ა“-ს ყველა განცდა და სიყვარული არსად ქრება, აქ რჩება, ჩვენს ფიქრებში, გულში, დიდი ხნით.
საბოლოოდ კი მისი გმირი, მოიპოვებს ნანატრ სიმშვიდეს.
მაგრამ გარღვევა მისი ჭეშმარიტი არსებისკენ - სცენა დედასთან, როგორც ერთგვარი ჩანასახი კათარზისის, დროებითია, იგი კვლავ თავის ბოდვას უბრუნდება და მოთხრობა სრულდება უაზრო ცნობით, რომ ალჟირის დეის ცხვირქვეშ დიდი ძირმაგარა აქვს...
მშვენიერი ფინალია, თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ შეშლილია ჩვენი რეალობა და ამის დამამატკიცებელ საბუთად ჟღერს ხმოვან-თანხმოვან-ბგერითი შეძახილები - ქართველი დეკადენტი პოეტების რეპერტუარიდან: - ჯიხუხე რქა... ჯიხუ ფეხუ ფეხი... ღრე ხრე ტყე ქორავუდე... ხამი ხავი ხვავი... მოლაღური ღრუ ღორი...
და სულ ბოლოს კი საოცრად მგრძნობიარედ ამოთქმული: -
დედაო, დედავ,
სიზმარშიც ვეღარ გხედავ
ღმერთო მაღალო
თუ დამიფარავ ნეტავ
მიშველე დედა, მიშველე დედა
დედაა...
ასეთია ჩემი შთაბეჭდილება და განცდა სპექტაკლისა, მაგრამ მოდით, ახლა მათაც სთქვან ორიოდ სიტყვა, რეჟისორმა და მსახიობმა...
ლალი ნიკოლაძე:
ზურასთან მუშაობამ დამაბრუნა იმ ეპოქაში მიხეილ თუმანიშვილთან, სერგო ზაქარიაძესთან და ზინა კვერენჩხილაძესთან ერთად რომ ვმუშაობდი და დიდი სიამოვნება მივიღე.
ზურამ მაჩვენა ის, რაც დიდი ხანია მომენატრა, როცა მსახიობი შენ მიერ გაცემულს გიბრუნებს, ოღონდ ისე, რომ შენ თვითონ ვეღარ იგებ, ეს შენ მიეცი თუ მისი მოგონილია
ზურაბ შილაკაძე:
თავიდან ძალიან გამიჭირდა, ბევრს ვმუშაობდი ტექსტზე, რომელშიც ჩამატებულია ტოლსტოის და სხვათა ცნობილი ციტატები... გალაქტიონის „ლურჯა ცხენები“, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მეტად ხაზს უსვამს ჩემი გმირის ხასიათს.... ასე რომ თავდაპირველმა პიესამ ბოლო ვარიანტამდე დიდი ცვლილება განიცადა. აი შემდეგ, როცა დავრწმუნდი ჩემი როლის სრულყოფაში, მერე უფრო ადვილად და ხალისით წავიდა რეპეტიციები...
ძალიან დამეხმარა ზურაბ გუგუშვილი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სპექტაკლის და ჩემი როლის გადაწყვეტაში, ბოლო რეპეტიციებისას სხვა და სხვა დეტალები შემქონდა და ლალის შექებას ვიმსახურებდი.
პრემიერა ვითამაშე და ახლა ყოველი სპექტაკლის წინ სულ მაქვს „გულისფრიალი“...
ჩემი როლზე მუშაობა გრძელდება და ასე მგონია, სულ ასეთ რეჟიმში ვიქნები...
რეკვიზიტი მინიმალურია.
მუნკი და როდენი ჩემ პარტნიორებათ გავიხადე
გოგი ჩლაიძემ დამარწმუნა რომ მისი გენიალური მუსიკის შესრულებას შევძლებდი
სპექტაკლის შემდეგ, მეორე დღეს, დილით, დანგრეული ვარ...