top of page

შვილმკვდარი მამები

download.jpeg

გუბაზ მეგრელიძე: 

შვილმკვდარი მამები

„აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძეს და სანდრო ახმეტელს არა მარტო თეატრი აკავშირებდათ, არამედ, რაღაც მისტიკით, პირად ცხოვრებაშიც ერთი ბედი გაიზიარეს, სამივე მათგანს ვაჟი დაეღუპა. თუმცა, როცა ახმეტელის ვაჟს ტრაგედია შეემთხვა, ის უკვე დახვრეტილი იყო“ - ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ტელეკომპანია „საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის“ დირექტორი გუბაზ მეგრელიძე და დიდი მსახიობების პირადი ტრაგედიების შესახებ გვესაუბრება:

-        აკაკი ხორავაზე ამბობდნენ, გარდაცვლილი შვილი სახლში ესვენა, თვითონ კი საღამოს თეატრში მივიდა და სპექტაკლში ითამაშაო. ხალხში გავრცელებულ ამ ინფორმაციაზე აკაკი ხორავას შვილობილი, მეუღლის - ნინა ალექსი-მესხიშვილის ძმისშვილი ლალი ალექსი-მესხიშვილი კითხვას სვამდა: ვინმეს სამი წლის ბავშვი რომ გარდაეცვალოს, მეორე დღეს ის სამუშაოზე წავა? შვილის გარდაცვალების შემდეგ აკაკი ხორავა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მას სპექტაკლში თამაშის თავი არ ჰქონდა. ეს მოხდა 1930 წელს, აკაკი ხორავას ბავშვი - პატარა თემური მაშინ 3 წლის იყო. რასაც ახლა გიამბობთ, ესეც ლალი მესხიშვილისგან ვიცი. რამდენიმე თვით ადრე აკაკი ხორავას სიზმარი უნახავს, მეუღლისთვის უთქვამს: ნინა, მარმარილოს კოლონებიან დარბაზიდან ბნელ სარდაფში ჩავდიოდი, გულზე დიდი ტკივილი მქონდაო. გავიდა რამდენიმე თვე, პატარა თემური აგარაკზე წაიყვანეს. ორიოდ კვირაში ცუდად გახდა, ჩამოიყვანეს საავადმყოფიოში. ბრმანაწლავი ჰქონდა გახეთქილი, სისხლი მოწამლული. დაეხვივნენ ექიმები. დედის მხრიდან ეს ბავშვი ცნობილი ექიმის სარდიონ-ალექსი მესხიშვილის შთამომავალი იყო. მთელი თბილისი ფეხზე დადგა, იბრძოდნენ ამ ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად, მათ შორის იყო ხორავას მეგობარი სანდრო ახმეტელიც. თავის მოგონებებში ხორავა წერდა, ახმეტელი მთავრობაში წავიდა და მომაკვდავი ბავშვისათვის წამალი მომიტანაო. თან ახმეტელი ამ ბავშვის ნათლიაც იყო.

-        ბავშვი გარდაიცვალა...

-        ვერ უშველეს. ეს საავადმყოფო დღევანდელ მელიქიშვილის გამზირზე მდებარეობდა. თურმე, ხორავას მეუღლე - ნინა სარდიონოვნა (ასე ეძახდნენ), სახლში წამოსულა ბავშვისთვის საცვლების წასაღებად. თემური ამ დროს გარდაიცვალა, მამის ხელში. ჯერ კიდევ თბილი, ახალგარდაცვლილი პატარა ბავშვის სხეული ხორავამ გულზე მიიკრა და სახლში წაიყვანა. როცა კარი გააღო, მეუღლეს დაუძახა: - ნინა, ია ტამ ბილ. ნინა სარდიონოვნამ მეუღლე და გულზე მიკრული ბავშვი რომ დაინახა, დაიბნა, რას წარმოიდგენდა, რომ მის ქმარს ხელში გარდაცვლილი ბავშვი ჰყავდა. გდე ბილ? - ჰკითხა ნინამ. ხორავამ სიზმარი გაახსენა, კოლონებიან დარბაზიდან ბნელ სარდაფში რომ ჩავდიოდი, ის სარდაფი საავადმყოფოს მორგი აღმოჩნდა, საიდანაც ჩვენი შვილი წამოვიყვანეო. პატარა თემური ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ხორავა ყოველ დღე სასაფლაოზე დადიოდა, ამ ცხოვრებისაკენ ის ახმეტელმა მოაბრუნა. ამბობენ, რომ ხორავა შვილზე ლაპარაკს გაურბოდა, მაგრამ მამობრივი სიყვარული გაუნაწილა ცოლის ნათესავებს: ლალი ალექსი მესხიშვილს, ნიკო და ლალი ბაქრაძეებს. ქალბატონმა ლალიმ, როდესაც ხორავა გარდაიცვალა, საწოლის გვერდით ტუმბოს უჯრაში პატარა თემურის სათამაშო იპოვა. დიდი მსახიობი ნუგეშს თავისი შვილის სათამაშოში პოულობდა. ალბათ, ამიტომაც იყო, ხორავამ ასე შთამბეჭდავად რომ ითამაშა შვილმოკლული მამის როლი კინოსურათში „გიორგი სააკაძე“ და ივნე მრისხანე „დიდ ხელმწიფეში“. პატარა თემურის გვერდით დაკრძალულია დედა - ხორავას მეუღლე ნინო სარდიონის ასული ალექსი-მესხიშვილი. როცა გარდაიცვალა, მოსაზრება იყო, რომ მეუღლის გვერდით მთაწმინდაზე დაეკრძალათ, მაგრამ მას დაბარებული ჰქონდა, რომ სამუდამო სასუფეველი შვილის გვერდით ჰქონოდა.

-        სანდრო ახმეტელისა და თამარ წულუკიძის ვაჟი - სანდი ახმეტელი 16 წლის ასაკში დაიღუპა...

-        სხვათაშორის, სანდი ახმეტელი ხორავას შვილობილის - ლალი ალექსი-მესხიშვილის თანაკლასელი იყო. ის ტრაგიკულად დაიღუპა 1947 წელს, მამის დახვრეტიდან 10 წლის შემდეგ. დაბადებული იყო 1931 წელს. ტრამვაიდან გადმოვარდა, ფეხები ბორბლებში მოყვა და სისხლისაგან დაიცალა. გარდაცვალებამდე ამბობდა, ექიმ მუხაძესთან წამიყვანეთო. ეს იყო ცნობილი ექიმი-ქირურგი, სანდრო ახმეტელის დის - ეკატერინეს მეუღლე გრიგოლ მუხაძე, ვის ოჯახშიც ის იზრდებოდა. დღევანდელი ქიაჩელის ქუჩის #24-ში დღესაც არის მემორიალური დაფა წარწერით, რომ ამ სახლში ცხოვრობდა საქართველოს ქირურგიული სკოლის ფუძემდებელი გრიგოლ მუხაძე.

-        სანდი დედასთან აპირებდა წასვლას...

-        სკოლა იმ გაზაფხულზე დაამთავრა, სწავლობდა ძალიან კარგად, ერთი სული ჰქონდა, დედასთან გამგზავრებულიყო. ამ დედა-შვილის დამოკიდებულება მათ პირად წერილებშიც ჩანს. თამარმა გადასახლებაში ყოფნის დროს თოჯინების თეატრი შექმნა, თოჯინებსაც თვითონ აკეთებდა. ბეჯითი მუშაობისთვის 1946 წელს მცირე დროით თბილისში დაბრუნების უფლებაც მისცეს. 9 წელი შვილი ნანახი არ ჰყავდა, 6 წლის იყო, როდესაც გადაასახლეს.

-        რუსთაველის თეატრიდან გათავისუფლების მერე, 1935 წელს, როდესაც სანდრო ახმეტელი და თამარ წულუკიძე მოსკოვში გადავიდნენ, შვილი თბილისში დატოვეს?

-        არსებობს თამარ წულუკიძის დედის - ვარვარა წულუკიძის  მიერ მოსკოვში სანდისადმი გაგზავნილი წერილი, დათარიღებული 1936 წლის 9 მარტით. ესე იგი, სანდი მშობლებს  მოსკოვში ჰყავდათ. თბილისში მოგვიანებით ჩამოიყვანეს, როდესაც მშობლები დააპატიმრეს. სანდიმ სკოლა დაამთავრა 1947 წელს, ემზადებოდა დედასთან გასამგზავრებლად. მისი გაგზავნილი ბოლო წერილი თარიღდება1947 წლის 13 ივნისით. თოჯინების თეატრში ბეჯითად მუშაობის გამო თამარ წულუკიძეს პატიმრობა 7 თვით შეუმცირეს, თანაც აღარც კოლონიაში ცხოვრობდა. მაგრამ დედა-შვილის შეხვედრა არ შედგა, შვილი თბილისში ტრაგიკულად დაიღუპა, ტრავმაის შეახტა, მაგრამ ვაგონს ხელმოსაკიდი მოტყდა. არსებობს რუსი რეპრესირებული მწერლის თამარ პეტკევიჩის მოგონება: როცა თამარ წულუკიძეს შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, გარეთ თოვლზე გაშალა შვილის ტანსაცმელი და დატირება დაიწყოო. ტიროდა ქართულ ენაზე.  შვილის დაკრძალვაზე ჩამოსასვლელი ფულიც  პატიმარმა ქალებმა შეუგროვეს. ჩამოვიდა კიდეც, მაგრამ სანდი უკვე დაკრძალული იყო.

-        რამდენი წლის გარდაიცვალა აკაკი ვასაძის ვაჟი გოგი ვასაძე?

-        აკაკი ვასაძეს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა, გოგი ვასაძე, დაბადებული 1919 წელს. გარდაიცვალა ახალგაზრდა, 1969 წლის აგვისტოში, 50 წლის ასაკში. მუშაობდა კონსერვატორიაში,  თეატრალური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული, იყო რუსთაველის თეატრის მსახიობიც და რეჟისორიც, ასევე  საქართველოს რადიოკომიტეტის წამყვანი რეჟისორი. შვილის სიკვდილმა თავზარი დასცა აკაკი ვასაძეს, პროფესიამ გადაარჩინა. თამარ სხირტლაძე იხსენებდა: რუსთავის თეატრში ვთამაშობდით, როდესაც აკაკი ვასაძეს შვილი გარდაეცვალა. დაკრძალვიდან მეორე დღეს რეპეტიციაზე მოვიდა, სპექტაკლს - „მაესტროს“ ვდგამდით, ყველას გაგვიკვირდა. პატარა გოგი კარგად იცნობდა სანდრო ახმეტელსაც და კოტე მარჯანიშვილსაც. ერთ ეპიზოდს გიამბობთ: როდესაც ვასაძეს კოტე მარჯანიშვილმა შეუთვალა, ახმეტელისგან წამოდი, ჩემთან სპექტაკლებში გათამაშებო და სპექტაკლებსაც დაგადგმევინებო, ვასაძემ მარჯანიშვილს უარი შეუთვალა.  რაღაც პერიოდის მერე, როდესაც მარჯანიშვილს ვასაძის ცოლ-შვილი - ანეტა და პატარა გოგი ქუჩაში შეხვდა, მისალმების მერე მარჯანიშვილმა პატარა გოგის კანფეტი და სათამაშო უყიდა და უთხრა: შენს სულელ მამას უთხარი, ქუთაისში ჩემთან წამოვიდესო. გოგის თვალები ცრემლით აევსო, სათამაშო და კანფეტები მარჯანიშვილს სახეში მიაყარა და დედას ჩაეხუტა. ვასაძის მეუღლე შეწუხებული ამბობდა: არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, მარჯანიშვილი გაოგნებული იდგაო... გოგი ვასაძე დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, აკაკი ვასაძემ გოგის ვაჟი კაკული გაზარდა, რომელთანაც ვმეგობრობდი.

აი, ასეთი მტკივნეული იყო ამ სამი ლეგენდის - ახმეტელის, ხორავასა და ვასაძის შვილების ბედი და ისტორია. ხორავას შთამომავალი არ დარჩენია, აკაკი ვასაძის შთამომავლობა გაგრძელდა გოგის ვაჟის ხაზით, ხოლო ახმეტელის შთამომავლობა გააგრძელა პირველ მეუღლესთან - ტასო როსტომაშვილთან შეძენილმა ორმა ვაჟმა.

bottom of page