top of page

ახმეტელის თეატრის „ანტიგონე“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

​

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

​

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

aa6ccc09-a1af-42f5-83ae-783307c87773.jpeg

27.09.2026

მანანა თევზაძე

ახმეტელის თეატრის „ანტიგონე“

​

ჟან ანუი „ანტიგონე“

სპექტაკლის რეჟისორია ირაკლი გოგია, მხატვრები - მარიკა კვაჭაძე და ლანა გოგოლაძე.

მონაწილეობენ მსახიობები: ანა ჯავახიშვილი, ანდრია გველესიანი, ანანო გულედანი, ჯორჯი დვალიშვილი, გვანცა კანდელაკი, ნიკა თეთრაძე, სოფია სებისკვერაძე.

 

დარბაზი სრულიად სავსეა მაყურებლით.

სცენის მთელ სიმაღლეზე, ოთხივ კუთხით ჩარჩოებით შეკრული, გამჭვირვალე ფარდა-კუბია აღმართული. ფარდა, რომელიც ეკრანივითაა და მასზე ობობას ქსელივით ირეკლება სინათლის სხივები. 

​

მის მიღმა ჯაჭვებზე ჩამოკიდებულ, უზარმაზარ, თეთრ ატლას გადაფარებულ  საწოლზე წითელ, გამჭვირვალე ხალათში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი წევს.

ანტიგონეს (მსახიობი ანა ჯავახიშვილი) შორტები და კეტები აცვია. თეთრი პერანგი გულზე გადაღეღვია. თმა გასწეწვია. იღლიაში  ფუთა  ამოუჩრია.

ნაცრისფერ შარვალ-კოსტიუმში, მაღალ ქუსლებზე შემდგარა მკაცრი ძიძა (მსახიობი გვანცა კანდელაკი).

​

შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი მცველი (მსახიობი ნიკა თეთრაძე), უტყვი სახით დგას მარცხენა კედელთან. მუსიკის ზეაღმავალ რიტმთან ერთად სიარულს იწყებს, აჩქარდება და დარბის.

ისმენეს (მსახიობი ანანო გულედანი), ჩოგბურთელის ფორმა აცვია, მხარზე შალითაში ჩადებული ჩოგბურთის ჩოგანი ჰკიდია.

საწოლზე მწოლიარე, წითლებში მოსილი ქალი ევრიდიკეა, კრეონის ცოლი (მსახიობი სოფია სებისკვერაძე), რომელსაც არც პიესაში და არც სპექტაკლში, ერთი სიტყვაც არ აქვს სათქმელი. პიესის მიხედვით ის ქსოვს, აქ კი მუსიკალური ინსტრუმენტი - პერკუსია უკავია ხელში და დროდადრო მის პატარა ბურთს ახმაურებს.

​

კრეონი (მსახიობი ანდრია გველესიანი), სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა კაცია. ეს-ეს არის ნავარჯიშები მოვიდა და მაყურებლის თვალწინ ტანსაცმელს იცვლის. მისი პიჯაკი სამხედრო კიტელს მოგაგონებთ.

საინფორმაციო პროლოგს მოქმედებაში შევყავართ. სპექტაკლი მშვიდად მიმდინარეობს. 

სად იყო მთელი ღამე ანტიგონე?

მაგიდად ქცეულ საწოლის ერთ მხარეს ძიძა, ისმენე, ჰემონი და პოლიციელი დგანან. კრეონი და ანტიგონე - თავსა და ბოლოში.

​

 - ის ჩემი ძმა იყო!..  

- ქვეყნის მმართველებს პირადი ტრაგედიებისთვის არ სცალიათ!..

სოფოკლეს ორივე ტრაგედიაში, ანტიგონე, კრეონტის წინაშე თავის სიმართლეს იცავს: მოკვდავის ბრძანება ვერ შესცვლის ღვთიურ კანონს, წმინდა წესს: მიწას მიაბაროს სისხლით ახლობელი ადამიანი. სწორედ ამიტომაა ანტიგონე იდეალური შვილი და და.

ჟან ანუის ტრაგედია ანტიკური მითის თანამედროვე გადააზრებაა.

მისი პიესა ძალიან მიყვარს. მიყვარს იმ დროიდან, როცა ჯერ კიდევ სტუდენტი, ჟან ანუის შემოქმედებას გავეცანი. პირველივე შეხვედრიდან თითქოს გული და სული ამომიტრიალდა და „ტოროლასთან“ ერთად რამდენჯერმე წავიკითხე. ველოდი, იქნებ ის პირველი შთაბეჭდილება გამქარწყლებოდა, მაგრამ არა და არა... რამდენი ტრაგიკული და  ამაღელვებელი ისტორია დაწერილა, მაგრამ ამ ამბავში  სიცოცხლე და სიკვდილი იმდენად გვერდიგვერდაა, დრო იმდენად შეკუმშულია, რომ გამოუსწორებელი მოვლენები დიდი სისწრაფით ვითარდება.

​

წეს-ჩვეულების წინააღმდეგ მიმართული კანონის გამო, დაუმარხავი ადამიანის სული მკვდართა საუფლოში სიმშვიდეს ვერ ჰპოვებს.

ანტიგონე, საკუთარი სიცოცხლის ფასად სიმბოლურად მარხავს თავის მეამბოხე ძმას.

ანტიგონეს სიკვდილს ვერ ურიგდება მისი საქმრო - ჰემონი, რომლის დედა შვილის დაღუპვას ვერ გადაიტანს.

მარტოდმარტო დარჩენილ კრეონს, აღსასრულის მოლოდინში, დაღუპული ახლობლების გახსენებაღა რჩება.

​

მაგრამ დღეს, ჩვენ რა გვესაქმება ანტიკურ ტრაგიკულ ისტორიასთან? გმირებთან და დამნაშავეებთან, რომელთაც ძველმა ბერძნებმა შეასხეს ხოტბა?

რა გვესაქმება?

ის გვესაქმება, რომ ისინი ჩვენ ვართ, საკუთარი ეგოიზმით დაბრმავებულთ, ახლობელი და ძვირფასი ადამიანების რომ არ გვესმის...

ანუი ძველ ბერძნებზე არ ჰყვება, ის  ჩვენ საკუთარ თავზე გველაპარაკება, მაგრამ მითისგან განსხვავებით, მას არ ჰყავს აბსოლუტურად მართლები.

​

კრეონი - ბოროტი ტირანი კი არ არის, არამედ მოსაწყენ და საშინელ საქმეს შეჭიდებული სახელმწიფო მოღვაწე, ხოლო ანტიგონე - ჯიუტი, მეამბოხე გოგო, რომელსაც ადამიანური არსებობის რაობაზე კითხვის პასუხი არც აინტერესებს, რადგან სამყაროში, ყველა კომპრომისზე მიდის, რადგან თაობათა შორის მარადიულ კონფლიქტში, ადამიანები ერთსა და იმავე შეცდომებსა და დანაშაულებებს იმეორებენ.

ქართულ სცენზე და არა მხოლოდ, სხვადასხვანაირად დადგმული, გააზრებული და შესრულებული საკმაოდ ბევრი სპექტაკლი „ანტიგონე“ მახსოვს. ახმეტელის თეატრის „ანტიგონეც“ უკვე ერთი იმათგანია და ამთავითვე ვულოცავ საინტერესო სპექტაკლს დამდგმელ რეჟისორს - ირაკლი გოგიას და მთელ სადადგმო ჯგუფს. ამავე დროს, არ შემიძლია არ ვთქვა იმ ჩემთვის უცნაურ  სცენებზე, რომელთა სვლაც რეჟისორმა შემოგვთავაზა და რომლებმაც მოულოდნელი კითხვები თუ პარალელები გააჩინა ჩემში.

​

ნუთუ ეს მოცემულობა საგრძნობია პიესაში?

იქნებ მორალისა და ზნეობის ფარგლებში შეგნებულად იყო მიმალული?

ალბათ პიესა კვლავ უნდა წავიკითხო...

მაინც რა ხდება სპექტაკლში, რამაც ჩემი გაოცება გამოიწვია?

მივყვები მოქმედებათა ჯაჭვს, რომლითაც მთელი სპექტაკლია შეკრული:

თავი და თავი ისაა, რომ კრეონი სრულიად ახალგაზრდა კაცია. ძლიერი სხეულით მყარად ეყრდნობა მაღალ ფეხებსა და დედამიწას და ცხოვრებაში, ალბათ პირველად იღებს სასოწარმკვეთ გადაწყვეტილებას - სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს საკუთარ დისშვილს.

მიუხედავად იმისა, რომ ანუი პროლოგშივე გვიხატავს მას, როგორც სახედაღარულ, ასაკოვან, დაღლილ  კაცს, რატომაც არ შეიძლება ასეთი კრეონი იდგას სცენაზე, ჭაბუკური შემართებით აღსავსე და შეყვარებული?..

ანტიგონე, რომელიც ანუის აღწერით არც ლამაზია, არც ტანადი, არც მოკისკისე... თუმცა სწორედ იგი უყვარს ჰემონს.

როგორც სჩანს, არა მხოლოდ ჰემონს...

​

რადგან კრეონთან მოპაექრე ანტიგონე, პირველი იწყებს კრეონის ცდუნებას!

ალბათ ამიტომაც იცინის ძალიან ხშირად სასოწარკვეთილი ევრიდიკე.

ანტიგონესა და კრეონის პაექრობის პირველივე სცენა - აშკარა ლტოლვა ერთიმეორისადმი, ანტიგონეს ხელის ვნებიანი დაკონება და კოცნა... ეროტიზმის ზღვარზე დაშლილი მათი სხეულები...

კრეონი ხომ, მისი თქმით, ქვეყნის მუშაა.

რა უნდა ანტიგონეს?

მას ხომ საქმრო ჰყავს, შესანიშნავი ახალგაზრდა, მასზე შეყვარებული ბიძაშვილი...

და ამიტომ წვება საწოლზე ბიძამისთან ფეხგაშლით?

რომ შეიწყალოს? თუ დასაჯოს აუცილებლად და არ შეიწყალოს?

მათ პაექრობაში ეს კითხვები პასუხგაუცემელია.

ჯაჭვს ჩაჭიდებული, სივრცეს გასცქერის ევრიდიკე...

ორივე დას ეშინია მოსალოდნელი წამების, ერთმანეთს ეკამათებიან, შიშისგან აკანკალებულები ერთმანეთს ეკვრიან...

​

და კიდევ ერთი ეროტიკული კადრი: ანტიგონეს სხეულს ჩახუტებული კრეონი, როგორც უცოდველ კრავს მხარზე შემოიგდებს და მოქანავე საწოლზე ადის. მისი, ერთ აღმავალ რიტმზე წაყვანილი მგზნებარე მონოლოგი, მაყურებლის ტაშსაც იმსახურებს და ანტიგონეს რამდენჯერმე გამეორებული სიტყვა, - მეზიზღები!.. სინამდვილეში, სიყვარულის გამხელაა, - მეზიზღები... მიყვარხარ!..

სასიყვარულო-ეროტიკული თუ ძალადობის გამომხატველი სცენები... კრეონის მიერ წარმოთქმული სიტყვები, თავისთავად ძალადობრივია, მაგრამ მისი ქმედება, აშკარად ეროტიკული.

​

ძნელია აქედან გარკვევა და სიმართლისთვის თვალის გასწორება: ვინ არიან ერთმანეთისათვის კრეონი და ანტიგონე - სისხლით ნათესავები და საყვარლებიც?

ძმებს შორის, ვინ იყო მოღალატე? ეთეოკლე თუ პოლინიკე? თუ არც ერთი? თუ ორივე?..

ისევე, როგორც ძნელია თავი გაართვა მარად დილემას: რა უფრო ადვილია, ღალატი თუ პატიება და რა უფრო ძნელია, ღალატი თუ პატიება!

​

ანტიგონესა და კრეონის დიალოგი, დიალოგიც არ არის, არამედ  კრეონის მონოლოგია, რომელიც საკუთარ თავს ეძიებს საზოგადო უსამართლობასა და საკუთარ უბედურებაში გზააბნეული. რადგან ყველაფერი ტყუილია და სიმართლეზე  კი ყველას უჭირს ლაპარაკი. 

ყველა პერსონაჟი მათი შეხვედრის უტყვი მოწმეა. ამ პიესის და ოდესღაც მომხდარი ამბის ყველა მონაწილე აქ არის, გარს უვლის ამ ორის ტკივილიან შერკინებას საწოლში...

და ხედავს, თუ იქნებ ვერც აღიქვამს, ან ვერც აცნობიერებს ატლასის თეთრ საფარველში ჭუპრივით გახვეულ ანტიგონეს, რომლისგანაც უეჭველად დაიბადება პეპელა. ოღონდ პეპლებიც რომ სხვადასხვანაირები არიან?

უცნაურად იცინის მცველი. მომღიმარეს შემოაქვს ქაღალდი, რათა ანტიგონემ შეწყალების თხოვნა დაწეროს... დამნაშავის აგურისფერ უნიფორმას აცმევს.

შეიძლება კი, რომ ანტიგონემ შეწყალება ითხოვოს? რომ ბოდიში მოიხადოს? რომ ის დამნაშავე არ არის...

​

მომლოდინე მუსიკა ავსებს მოქმედებათა შორის გაჩენილ მცირე ჰაერს, თუმცა აქ აქცენტი შინაგან და არა გარეგან, ფიზიკურ მოქმედებაზეა. 

ანტიგონე ნამდვილად არ გაჰყვებოდა ასეთ ჰემონს (მსახიობი ჯორჯი დვალიშვილი), ლამაზს, აღნაგს, მაგრამ რომელსაც დიდი აქვს მამის პიჯაკი და ალბათ ვერც ზიდავს მის ტვირთს.

ამიტომაც არის ჰემონი რევოლვერის ერთი გასროლით თავმოკლული და კრეონის ხელებში პატარა ბავშვივით ატატებული, „პიეტას“ სხვა ვერსიის ერთი კადრით  გამომსახველი.

თეთრ საფარველს იატაკიდან იღებს ანტიგონე და საწოლზე შლის, ასწორებს. მერე მასში ეხვევა, მერე ისევ თავისუფლდება, ტანზე შემოიხვევს, მყარად, მჭიდროდ... ერთს ღრმად ამოისუნთქავს და მაგიდა-საწოლზე დაეცემა.

​

გასაგებია, მან არ ისურვა, არ უღალატა თავის გიჟურ განზრახვას და სიკვდილი არჩია.

წითელხალათიანი ქალიც ამ საწოლზეა დასვენებული, იქვეა, როგორც ბედისწერა, როგორც ერინია...  

ხალხმა ყველაფერი იცის.

მაკვირვებს მაყურებლის სიჩუმე, მდუმარება. სპექტაკლი მას საფიქრალს სთავაზობს.

სამი უსიცოცხლო სხეულის თავს მდგომ, მწუხარე მეფე კრეონს ახსენებენ, რომ ხუთ საათზე მთავრობის სხდომაა  დაგეგმილი.

​

- მძიმე დღე იყო... მით უკეთესი თუ სხდომაა დანიშნული.

მხოლოდ რა არის უკეთესი?

და კვლავ ჩემთვის მოულოდნელი პასაჟი: კრეონი ტანთ იხდის და ანტიგონეს გვერდით, თეთრი ატლასის საფარველქვეშ წვება.

ვფიქრობ, აქ ფროიდის გავლენებია და „სტარლეტკას“ ვნებები.

ეს ის მომენტია, რამაც ზოგ რეჟისორს ოფელიასა და კლავდიუსის, იაგოსა და ოტელოს სატრფიალო ურთიერთობებში ჩაღრმავება გადააწყვეტინა.

ეშვება ფარდა, რომელზეც სინათლე კრთის, ციმციმებს, სრიალებს...

მიტოვებს კითხვას, ვის - ვინ უყვარს? ვინ - ვის, თუ რას ეწირება?

ერთია, რომ სიმართლეს შეეწირო და მეორე, რომ სიმართლისთვის იცოცხლო, რადგან უარის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე უსუფთაო საქმით შრომა ანუ ადამიანთა ხელმძღვანელობა.

ამ შემთხვევაში ანტიგონე ბედნიერია, რადგან უკეთესის იმედი არ აქვს, მისთვის იმედი პასიური ყოფნაა, რწმენა - კი მოქმედება და რომ იქ ჰადესში, ძმებთან ერთად მშვიდად იქნება.

​

სცილასა და ქარიბდას შორის მოქცეულმა  კრეონმა არ იცის, როგორ მოიქცეს, როცა სასწორის ერთ მხარეს  მისი, როგორც მეფის სოციალური მოვალეობაა და ქვეშევრდომთა მზერაც მისკენაა მიმართული, მეორე მხარეს კი პატიებისა და დახმარების ადამიანური სურვილია, თუ სიყვარული.

კლასიკა უკვდავია, მაგრამ თანამედროვე რეჟისორებს სულ უფრო უძნელდებათ მისი დადგმა. ის, რაც გუშინ გმირობად ითვლებოდა, დღეს შეიძლება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული შეიქნეს.

​

მაგრამ ახმეტელის თეატრის „ანტიგონემ“ აჩვენა, რომ ირაკლი გოგია მშვენივრად გრძნობს თავს მასალაში, რომლის  ერთგვაროვან ახსნას არ ემორჩილება.

რაც შეეხება მსახიობთა ნამუშევარს, აქ  თავშეკავებული შეფასებით შემოვიფარგლები. ახმეტელის თეატრი საერთოდაც გამოირჩევა ძლიერი დასით. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში მთლიანად ახალგაზრდები მონაწილეობენ, მათ არც ემოცია აკლიათ, არც გამოცდილება. უბრალოდ, არის მსახიობების მიერვე დღეს კი არა, გუშინ, გუშინწინ, უფრო და უფრო ადრე შექმნილი წესი, რომ მათი ყოველი გამოჩენა სცენაზე, დასამახსოვრებელი უნდა იყოს.

​

ანტიგონე - ენერგეტიკის, ბუნებრიობის, გულწრფელი გრძნობების კვანძია და მისი სახე სულაც არ ტოვებს გამოუცდელი, ახალგაზრდა მსახიობის შთაბეჭდილებას.

კრეონი - ალბათ ერთ-ერთი სრულყოფილი სახეა სპექტაკლში, რომლის გარეგნობაც და ძალაც შთამბეჭდავია.

​

სპექტაკლი ერთი ამოსუნთქვითაა შეკრული, თანამედროვე და აქტუალურია, დინამიკური, გამომსახველი და გასაგები მოტივით, რომ ერთი ადამიანის სინიდისი სჭარბობს საზოგადოებისას და ერთ ადამიანს გაცილებით მეტი სიყვარული შეუძლია, ვიდრე ბრბოს.

მაგრამ კითხვა კითხვად რჩება: ანტიგონეს საქციელი გმირობაა თუ დანაშაული?

იქნებ სიყვარულია?

სიყვარული, რომელიც ამოძრავებს მზეს და მნათობებს?

bottom of page