
ლაშა ჩხარტიშვილის ახალი წიგნი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

05.06.2026
მაია კიკნაძე
ლაშა ჩხარტიშვილის ახალი წიგნი
ლაშა ჩხარტიშვილის წიგნი, დამხმარე სახელმძღვანელო „ანტიკური და შუა საუკუნეების ქართული თეატრი“, როგორც სათაურიდან ჩანს მოიცავს ორი პერიოდის - ანტიკურისა და შუა სააუკუნეების თეატრალური ხელოვნების არსებობის, მათი დანიშნულებისა და ფორმათა მრავალფეროვნების შესწავლას. თემა თავისთავად საინტერესო და ამავე დროს რთულად საკვლევია. სირთულის მიზეზი, ძირითადად მდგომარეობს ლიტერატურის ნაკლებობასა და თავად თეატრალური სანახაობის ფრაგმენტულობაში. დოკუმენტურ წყაროებში აქა-იქ გაჟღერებული მწირი ინფორმაცია საქართველიში არსებული ამ პერიოდის თეატრალური სანახაობების შესახებ, რა თქმა უნდა მკვლევარს გარკვეული სირთული წინაშე აყენებს, რაც თავისთავად ზრდის საკითხისადმი ინტერესს, განსაკუთრებით ეს ეხება ანტიკურ პერიოდის სანახაობებს.
სწორად შენიშნავს ავტორი, როდესაც ამბობს, რომ თეატრი საქართველოში სხვა ცივილიზაციათა მსგავსად, ისტორიულად ცვალებადი ფენომენია, რომლის შინაარსი თითოეულ ეპოქაში ახალ სოციალურ, იდეოლოგიურ და ესთეტიკურ მნიშვნელობებს იძენს. შესაბამისად, სათეატრო პროცესი თითოეულ ეპოქაში საზოგადოებრივი ცხოვრების, კოლექტიური მეხსიერებისა და კულტურული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამდენად, ლაშა ჩხატიშვილის მცდელობა ამ ჭრილში განიხილოს თეატრალური ხელოვნების ევოლუციური პროცესი, სავსებით კანონზომიერია. ამასთანავე მკვლევარი ლაშა ჩხარტიშვილი ზოგადი სურათის ასახვისას, გამოჰყოფს კონკრეტულად თეატრალური განვითარების პროცესებს, არა მარტო საქართველოში არამედ საზოგადოდ ანტიკურ პერიოდში და მათ შორის პარალელებს გვთავაზობს (მაგ, დიონისე და ბერიკაობა). ამგვარად, ავტორი შრომაში წარმოდგიდგენს ქართული თეატრის საწყისები განიხილოს, როგორც ანტიკური ხელოვნებისა და ადგილობრივი ტრადიციების სინთეზი. ავტორი, ანტიკური და შუა საუკუნეების ქართული თეატრის ისტორიას გაიაზრებს, თავისი მრავალმხრივი კულტურით, სადაც ერთმანეთს ერწყმის სარიტუალო სანახაობის მრავალფეროვნება. შრომის დიდი ნაწილი ეთმობა, უცხოურ თუ ქართულ ძეგლებსა და წყაროებში დაცული სანახაობრივი კულტურის წარმოჩენას, ბერძენ-რომაელ ისტორიკოსთა ქსენოფონტეს, სტრაბონის, აპოლონიოს როდოსელის, ლუკიანეს წერილობითი მოწმობებს, რომლებიც ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიაზე სანახაობითი და დრამატიზებული კოლექტიური ქმედებების არსებობას, ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. IV საუკუნეში.
აქვე ვხვდებით „ ქართლის ცხოვრებიდან“ ამოღებულ დოკუმენტურ მასალას, სადაც ვლინდება სანახაობის კვალი, ქართულ წერილობით მემკვიდრეობაში. ასევე მხატვრული ტექსტებიდან ბევრ რამეს ვიგებთ სანახაობითი კულტურის შესახებ (მაგ. ვეფხისტყაოსანი, რუსუდანიანი, საქართველოს მეფე-პოეტ არჩილ II -ის პოემა„საქართველოს ზნეობანი“ და სხვა). აღნიშნული ტექსტებიდან ამონარიდებს, ავტორი კომენტარს ურთავს და გარკვეულ დასკვნებს აკეთებს.
სწორედ მოიქცა ავტორი, რომ შრომაში ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ სანახაობითი ფორმების მრავალფეროვნებაზე, არამედ ამ სანახაობათა გამართვის ადგილებზე, ღია სივრცეებსა თუ დახურული ტიპის ნაგებობებზე, იქნებოდა ეს იპოდრომი თუ კლდეში ნაკვეთი ქალაქის - უფლისციხის სათეატრო ნაგებობა, რომელიც ჩვ. წ. აღ. II–III საუკუნეებით თარიღდება. თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ავტორი ცალკე თავს უძღვნის სთაურით „ქურუმთა ქალაქი“ უფლისციხე.
ამგვარად, ავტორმა წიგნში „ანტიკური და შუა საუკუნეების ქართული თეატრი“, თავი მოუყარა და წარმოაჩინა ყველა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელთა ერთობლიობა წარმოაჩენს ანტიკური და შუა საუკუნეების სათეატრო ხელოვნების მრავალფეროვნებას. აღნიშნული საკითხების (საშემსრულებლო ხელოვნება, გლოვის მგოსნობა, რიტუალი, საჯარო თამაშობა, ფერხული, ნიღბი, ტერმინების განმარტება, ნაგებობები, სახიობა- როგორც დრამატურგიის წინამორბედი და ა.შ) გაცნობა, მკითხველს საშუალებას აძლევს წარმოიდგენა იქონიოს ამ პერიოდის თეატრალური პროცესების განვითარების ტენდენციებზე, გაიაზროს და პარალელი გაავლოს ევროპული თეატრალური სანახაობითი კულტურის პროცესების კონტექსტში.
წიგნში წარმოდგენილი საკითხები, დააინტერესებს, როგორც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე ამ პერიოდის თეატრის ისტორიის მკვლევარებს.
გამოცემის რედაქტორები არიან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გიორგი ცქიტიშვილი და ლელა ოჩიაური.