ათი მცნებისა და ცხოვრების გარშემო
ათი მცნებისა და ცხოვრების გარშემო
ლელა ოჩიაური
მაგდა ჰიკელის ფოტოები Photos by Magda Hueckel
სამეფო უბნის თეატრი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს და პრემიერებსაც (საამისოდ ბიუჯეტის არარსებობის მიუხედავად) საკმაოდ ხშირად მართავს. ნოემბრის პირველ დეკადაში მორიგი ახალი სპექტაკლის ჩვენებებიც დაიწყო და თეატრის 22-წლიან ისტორიაში მორიგი სიახლეც გაჩნდა. ახალ სპექტაკლს „დეკალოგი“ ეწოდება. რეჟისორი პოლონელია - ვოიტეკ ფარუგა და ეს ფაქტობრივად, პირველი ერთობლივი საერთაშორისო პროექტია „სამეფოსთვის“, მის ტერიტორიაზე. ქართულ-პოლონური - როგორც ახლა მოსწონთ თქმა - კოლაბორაცია, ქართულ-პოლონური სადადგმო ჯგუფისა და სხვადასხვა თაობის ქართველი მსახიობების მონაწილეობით.
კოპროდუქციაში ჩართულობის სხვა შემთხვევა იყო დათა თავაძის, 2018 წელს, ბადენის სახელმწიფო თეატრში „კარლსრუე“ (გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით) დადგმული სპექტაკლი „ვეფხვი და ლომი“, რომელშიც საქართველოს ისტორიის, 30-იანი წლების რეპრესიების ცნობილი ეპიზოდების ფრაგმენტებს, დავით გაბუნიას მონათხრობით, გერმანელი მსახიობები წარმოადგენდნენ. და რომელიც თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, იმავე წელს ვნახეთ.
კიდევ უფრო ადრე, 1993 წელს, ასევე გერმანიაში, ესენში, იზა გიგოშვილისა და მერაბ თავაძის ორგანიზებით, გერმანული მხარის დაფინანსებით, მერაბ თავაძემ, მათიას კნისბეკმა და მიხეილ ზევალდმა, ქართველი მსახიობების მონაწილეობით, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ და „ოიდიპოსი კოლონოსში“ დადგეს. ეს იყო, ფაქტობრივად, საერთაშორისო თანამშრომლობის პირველი გამოცდილება, უცხოეთში, არამარტო „სამეფო უბნის“, არამედ, დამოუკიდებელი საქართველოს თეატრის ისტორიაში.
ვოიტეგ ფარუგა კი ის რეჟისორია, რომელსაც ახალი პოლონური თეატრის ერთ-ერთ ლიდერად თვლიან და რომელმაც 2016 წელს, მარჯანიშვილის თეატრში, სპექტაკლზე „მარჯვენა მარცხენა მაღალ ქუსლებზე“ იმუშავა (წარმოდგენილი იყო თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე), პოლონეთის კულტურისა და ნაციონალური მემკვიდრეობის სამინისტროს, პოლონურ ცენტრ ASSITEJ-ისა და ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის მხარდაჭერით. „დეკალოგიც“ იგივე პროგრამის ფარგლებში დაიდგა.
„დეკალოგი“ პოლონელ კინორეჟისორ კშიშტოფ კიშლოვსკის ამავე სახელწოდების ცნობილი სატელევიზიო ფილმის (თავად კიშლოვსკისა და კშიშტოფ პეშევიჩის სცენარით) საფუძველზეა შექმნილი. ტექსტზე დავით გაბუნიამ იმუშავა. ასეთი მოცულობითი მასალის პიესად ქცევა ისეთივე (თუ მეტად არა) რთულია, როგორც დიდტანიანი ან ზოგადად, რომანის სასცენო ადაპტაცია. თეატრის სივრცეში გადასატანად 10-სრულნაწილიანი კინოსურათი შეიკუმშა, „გადამონტაჟდა“ და 120-წუთიანი სპექტაკლის ფორმატში მოექცა. ადაპტაციის ავტორმა, შეიძლება ითქვას, ახალი „პიესარომანი“ დაწერა, ბევრი განშტოებით, ახალი ჟღერადობით, სტრუქტურით, ფორმით, ახალი კონფლიქტური დატვირთვით, ორიგინალისგან განსხვავებულ ჟანრშიცა და სათქმელითაც.
სპექტაკლშიც მოქმედება პოლონეთში ხდება (ფილმშიც, 80-იანი წლების დასაწყისში), ასე თუ ისე კონკრეტულ დროში (რაზეც ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტი მიანიშნებს), მაგრამ დრო და დროის, მოქმედების ადგილის არსებობა (თუ ებრაელი გოგონას - ფაშიზმისა და შემდგომ პერიოდში მომხდარ ამბავს გამოვრიცხავთ, რომელშიც დრო ექსტრემალური ვითარებისა და ადამიანების ნამოქმედარის მოტივაციისთვისაა საჭირო და არა იმდენად ეპოქის საჩვენებლად), ისევე, როგორც ღმერთის ათი კანონის ჩართულობა პირობითია, სხვაგვარად ქმედითი და გამომსახველი.
მცნებების არც თანმიმდევრობაა დაცული და არც ყველა ამბავში შეიძლება ყველას შინაარსის ამოკითხვა. ზოგიერთი პუნქტი, ძირითადად ჩამალულია და არაპირდაპირაა გაცხადებული. ზოგჯერ, შეიძლება ითქვას, დეკლარირებული და ზოგჯერ, პირდაპირი წარწერითაა მითითებული პროექციაშიც.
პროექცია და სარკეებში ანარეკლები კიდევ ერთი შრეა სპექტაკლის ატმოსფეროს შესაქმნელად. ყურადღება მათი მეშვეობითაც სხვა ცხოვრებისეულ და მარადიულ თემებსა და პრობლემებზე მახვილდება - არა მცნებებზე, არამედ, ცნებებზე.
„დეკალოგში“ რამდენიმე ძირითადი და გამოკვეთილი სიუჟეტია, რომლებიც ფილმში/სცენარში არსებული სხვა ისტორიებიდან, სხვადასხვა პერსონაჟით, ფრაგმენტითა და დეტალით ივსება. ერთი ნოველა მეორეში, მეორე მომდევნოში შეუმჩნევლად, დინამიკურად, ზღვარგაუვლებად ან სრულიად უმნიშვნელო გრადაციით გადადის. ერთმანეთზე ფენებად ეწყობა. ზოგჯერ ვერც კი „ხვდები“, როდის დამთავრდა ერთი და ახალი როდის დაიწყო. მით უმეტეს, რომზოგიერთ ნოველაში სხვადასხვა გმირს ერთი და იგივე მსახიობები ასრულებენ. ბოლოს ყველაფერი თითქოს ერთიან ამბად იკვრება, რომელსაც აქვს დასაწყისი, ლოგიკური განვითარება და დასასრული, როგორც საერთო ისტორიის მსვლელობას შეიძლება ქონდეს ერთ ქალაქსა თუ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის. ამბები, რომლებიც მაშინაც კი არ უფერულდებიან, როდესაც წლები გადის საზოგადოებაც და ცხოვრების პირობებიც იცვლება.
რეჟისორი მცნებებს რელიგიურ თუ საეკლესიო კანონიკურ დატვირთვას არიდებს.
სპექტაკლი არ გულისხმობს მათი დაცვის ქადაგებას და არც მოწოდებას მორალური ნორმებისა თუ საყოველთაოდ მიღებული ცხოვრების წესის - „ნებადართულიას“ , „მიღებულიას“, „ნორმაას“ აღსრულებაზე. არ იღებს მორალისტისა და ზნეობის დამცველის მისიას და ააშკარავებს ცხოვრებაში მცნებების ყოველი პუნქტის დარღვევის დაშვებულობას.
ამავე დროს, ვოიტეგ ფარუგა არავის ადანაშაულებს და არც ამართლებს. ის და მსახიობები არ ქმნიან „იდეალური“, „დადებითი“ ან ხაზგასმით „უარყოფითი“ პერსონაჟების სახეებს, რაც დეკალოგის ერთ-ერთი გამომხატველი შეიძლება ყოფილიყო, მისი პირდაპირი ციტირების შემთხვევაში.
ისინი არც ადამიანის უცოდველობასა და ცოდვილობას განიკითხავენ. აჩვენებენ ასეთი ტენდენციური შინაარსისგან თავისუფალ - პიროვნებისა და საზოგადოების კონფლიქტს, ადამიანს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში ან პოლიტიკური მოვლენების ფონზე. ვითარებაში, როდესაც ერთი შემთხვევა, ერთი და არასწორად ნათქვამი სიტყვა ან გაუცნობიერებლად გადადგმული ნაბიჯი ან მცდარად გაგებული ფაქტი შესაძლოა ვიღაცის ქმედების, ბედის, ცხოვრების, პიროვნული/შინაგანი ტრავმების მიზეზად თუ საფუძვლად იქცეს. აჩვენებენ უცოდველ ადამიანებსაც, უფროსებსაც და ბავშვებსაც (წარსულშიც და აწმყოშიც, მიმდინარე დროში და მათზე მონათხრობს), რომლებიც გარემოებებისა და ყოფის მსხვერპლი ხდებიან; ადამიანებს, რომლებიც უნებურად ჩადიან შეცდომას, მაგრამ მათი არავის ესმის. არც ესმით და არც ადგილი აქვთ ამ სამყაროში. აჩვენებენ მორალისტებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ზნეობის (უზნეობის) მიხედვით ცხოვრობენ და სხვებსაც აიძულებენ ან თხოვენ, ასე იცხოვრონ. აჩვენებენ მარტოსულ და უიღბლო ადამიანებს. გარიყულებს და თვითიზოლირებულებს მომაბეზრებელი ერთფეროვნებიდამ. ბედნიერებასა და სიხარულს ამ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს. და მაინც - მათ არ ავიწყდებათ, რომ ადამიანები არიან.
მნიშვნელოვანი და აქცენტირებული პიროვნების ამქვეყნიური არსებობის თავისებურებების ამოხსნა და მის ქცევებზე, შინაგან სამყაროზე, სულიერ მდგომარეობაზე დაკვირვება, სადაც და როდესაც უნდა იყოს ის - ოკუპირებულ, „სოლიდარობის“, პოსტსოლიდარობის პერიოდში თუ თანამედროვე პოლონეთში ან ასეთივე საქართველოში.
ნანი ჩიქვინიძე, ნატა მურვანიძე, ზაალ ჩიქობავა, პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი, გიორგი კიკვიძე, მაგდა ლებანიძე, სანდრო სამხარაძე, გიორგი შარვაშიძე, სოსო ხვედელიძე - ქმნიან (ამ) საზოგადოების წარმომადგენლების განზოგადებულ ტიპებს. ერთი მხრივ, „კრებით“ სახეებს და მეორე მხრივ - საზოგადოების ერთიანი, კოლაჟური პორტრეტის ფონზე - ადამიანების ფსიქოლოგიური მახასიათებლების კატეგორიებს, ზუსტად მოძებნილი შტრიხებით. ხან ექსპრესიული და აგრესიულიც კი, და ხან, მდორედ, შენელებულ ტემპსა და დროში გაწელილი, ერთი შეხედვით, „უმოქმედო“ მანერით. ამა თუ იმ ვითარებში ადამიანების სხვადასხვა ფსიქოტიპის ქცევის, მეტყველებისთვის სპეციფიკური და პიროვნული თავისებურებისთვის გამომსახველი ტონებითა და ინტონაციების გამოყენებით.
ამ საზოგადოების წიაღიდან გამოირჩევა და გამორჩეულ ხაზს სანდრო სამხარაძის განსახიერებული გმირი/გმირები ატარებენ. მას აკისრია გამჭოლი ხაზის გავლებაც და სპექტაკლის მთავარი აზრის ტვირთიც. ეს ახალგაზრდა მსახიობი, რომლის კარიერაც ახლა და უკვე ძალიან წარმატებულად იწყება, ახერხებს ერთმანეთს შეუთავსოს უბრალო და ბანალური ყოველდღიურობა და თითქოს დროსთან, ყოფასთან შეუთავსებელი და არამიწიერი - ნიშნები.
დრო და ყოფა, გარემო, რომელშიც მოქმედება ხდება, სხვადასხვა სიბრტყესა და ადგილზე განლაგებულ, ზემოხსენებული წლებისთვის დამახასიათებელი ინტერიერების ფრაგმენტებითა და ატრიბუტიკით, ნივთებითა და ავეჯით, გმირების ჩაცმლობით (კოსტუმების მხატვარი ქეთი ნადიბაიძე) იქმნება. ვოიტეგ ფარუგა (როგორც თავის ყველა დადგმაში, თავადაა სცენოგრაფიაში გამოხატული ერთიანი კონცეფციის ავტორი) ყოფითი კონკრეტიკის მიუხედავად, აქცენტს ბევრად მოცულობით და არაერთგვაროვან საკითხებზე აკეთებს, ვიდრე კონკრეტული წლებზე მიბმული რეალობის ჩვენებაა.
სამეფო უბნის თეატრის დარბაზი, სწორედ კონცეფციიდან გამომდინარე (და არა, რეჟისორის ახირებით, რაც ასე მოხშირდა თანამედროვე ქართულ თეტრში), „შეტრიალებულია“. სცენა - მოქმედების ადგილი - იმ მხარესაა, სადაც მაყურებელი ტრადიციულად ზის ხოლმე. ამჯერად მას სცენის ნაწილი და წინამდებარე ტერიტორია ეთმობა. მოვლენები მის თვალწინ ვითარდება, ისეთ სიახლოვეს, ზოგჯერ ხელისგაწვდენაც რომ არ სჭირდება.
როდესაც ახალი ნოველა იწყება, მსახიობების ნაწილი, რომლებიც კონკრეტულ სცენებში/ამბებში არ მონაწილეობენ, დარბაზის გარშემო სხვადასხვა წერტილში სხდებიან, იმპროვიზებული სცენის ერთ ან მეორე მხარეს, ცენტრში თუ იარუს-აივანზე, იქვე, მაყურებლის სკამებთან ან ოდნავ მოშორებით, გასასვლელებსა და კარებს მიღმაც. და მაყურებელთან ერთად „უთვალთვალებენ“ (თვალთვალი ერთ-ერთი გამჭოლი ხაზია სპექტაკლში) მოვლენების მსვლელობას. უთვალთვალებენ და აკვირდებიან მაყურებელსაც. შემდეგ კვლავ ერთვებიან მოქმედებაში და მათ ადგილს სხვები იკავებენ. აერთიანებენ და კრავენ ამბებსა და თემებს. მათ, ყოველ ახალ გამოჩენას, მოქმედებაში ჩართულობასა თუ გამოთიშვას ყოველთვის აქვს საფუძველი, გამოძახილი და შედეგი. ქცევას - მოტივაცია.
მაყურებელი თითქმის ყველა მხრიდან გარშემორტყმულია. იმდენად „გაშინაურებული“, რომ ისიც ძალაუნებურად იქცევა სპექტაკლის ნაწილად (რაც, სხვათა შორის, სამეფო უბნის თეატრში იშვიათობა არაა), მოვლენების უშუალო მონაწილედაც და საკუთარი ასოციაციებითა თუ შეგრძნებებით იწყებს მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას, თვალთვალსა და პარალელური სინამდვილის გადახედვას. ყოველ შემთხვევაში, „დეკალოგის“ ერთ-ერთი მიზანი ესეცაა.
საკმაოდ სუსტად განათებული, სანახევროდ ჩრდილებში გახვეული სამოქმედო არესა და მოქმედების ამგვარი გადანაწილება, ცხოვრების გაშემო, ქმნის გარემოს, რომელიც, ერთი მხრივ, ზოგ ეპიზოდში კეტავს და სხვა შემთხვევაში, ფართოდ შლის სივრცეს, შიგნიდან და მის მიღმაც, ყველაფერს აერთიანებს, თითქოს არღვევს მიჯნას, რომელიც ორ მხარეს (გამოგონილი და ნამდვილი რეალობა - სპექტაკლი და მაყურებელი, ცხოვრება და მხატვრული სინამდვილე) შორის არსებობს.
ასეთი ხერხი კინემატოგრაფიული ახლო ხედის, პარალელური მონტაჟის ან ერთ ეკრანულ სიბრტყეში ერთდროულად ჩასმული მიზანსცენების შიდაკადრული მონტაჟის პრინციპს გავს, როდესაც თვალი კონკრეტულად დაკვირვების ობიექტზე ჩერდება და თან ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟის ამბავს ან „კადრსმიღმა“ ქმედებას აფიქსირებს.
რეჟისორი, დარბაზის გადალაგების მსგავსად, თითქოს „სხვა“, საპირისპირო მხრიდან ასახავს ცხოვრების, ყოფიერების „კადრებს“ და მცნებების „მოძღვრებებს“ განსხვავებულად შიფრავს, თუნდაც, იგივე ფილმთან შედარებით, სფეროდან სფეროში გადაადგილებით, რომლის გადაღებიდანაც წლები გავიდა. მას შემდეგ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი პრობლემა კი კვლავ მოუგვარებელი და კვლავ თანადროული რჩება. პირველ რიგში, სწორედ ამიტომ ირჩევს ვოიტეკ ფარუგა „დეკალოგში“ მოქცეულ თემებზე საუბარს და მაყურებელსაც დიალოგში ჩაბმას სთავაზობს.
იგი მაყურებელს იწვევს დიალოგში და შანსს აძლევს, თავადვე გაერკვეს სპექტაკლში წამოჭრილ არსებით, მარადიულ და თანადროულ თემებთან დაკავშირებულ საკითხებში: იფიქროს, თუ, რა იწვევს საზოგადოების, პიროვნების სულიერ შფოთვებს, სიმარტოვეს ან შინაგანი კერპების დამხობას; რა არის დანაშაული და რა აქცევს ადამიანს დამნაშავედ, აქვს თუ არა გამართლება მკვლელობას ან, თქვათ, ღალატს, ან ანგარებას; რას იღებენ ადამიანები სიყვარულის სანაცვლოდ და სიმხდალის საფასურად; რა არის ხსოვნა, მეხსიერება და ტკივილი; რა არის უფრო ძვირფასი - მატერიალური ღირებულებები თუ ადამიანის სიცოცხლე; რა არის შინაგანი და ფიზიკური ჩაკეტილობა და რა არის თავისუფლება.
P.S. არ ვიცი, რა შინაგან, სულიერ, პირად თუ საერთომოქალაქეობრივ პროცესებს გადის დღევანდელი პოლონელების საზოგადოება, როგორია მათი ყოველდღიურობა და რა ღირებულებს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც კვლავ გზაჯვარედინზე დგას და დაუსრულებელ არჩევანს აკეთებს, წარსულის გადახედვა და მისი შედეგების გააანალიზება, აწმყოში მიმდინარე მოვლენების შიდამდგომარეობაზე დაკვირვება, მათი ანარეკლი საზოგადოების ცხოვრების წესსა თუ საქციელის მოტივაციაზე, განცდებსა თუ პირადულ ფიქრებზე, იქნებ იყოს კიდეც ერთ-ერთი ბიძგი თუნდაც საკუთარ თავში გასარკვევად. საკუთარი არსებობის საიდუმლოს ამოსახსნელად.