top of page

ასლამაზიშვილი ისევ მიზანში ურტყამს

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

WhatsApp Image 2026-07-10 at 00.16.51.jpeg

11.07.2026

ზუკა ნემსაძე

ასლამაზიშვილი ისევ მიზანში ურტყამს

ფოთის თეატრის დირექტორმა, შეიძლება ითქვას დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, მარჯანიშვილის თეატრში, გახმაურებული სპექტაკლის „ყაჩაღები” შემდეგ, თბილისელ მაყურებელს კიდევ ერთი, სპექტაკლი „კაცია-ადამიანი?!“ შესთავაზა. აღნიშნული პროექტი, რეჟისორმა, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე წარმოადგინა.  

სანამ უშაულოდ სპექტაკლზე მოგიყვებით, უნდა აღინშნოს,  რომ საბა ასლამაზიშვილის სახელის გამოჩენა, დედაქალაქის ნებისმიერი თეატრის აფიშაზე მაყურებლის განსაკუთრებულ მოლოდინს აჩენს. სტუდენტობის წლებში შექმნილი მისი პირველი წარმატებული სპექტაკლებიდან მოყოლებული, თბილისელ მაყურებელს ასლამაზიშვილის ხელწერა კარგად ახსოვს, მის შემოქმედებით გზას ინტერესით აკვირდება. სწორედ ამიტომ, რეჟისორის „დაბრუნება“ თბილისის სცენაზე ყოველთვის აღიქმება როგორც მოვლენა, რომელსაც მაყურებელი და პროფესიული წრეები განსაკუთრებული მოლოდინით ხვდებიან.

რაც შეეხება, „კაცია ადამიანს”, - დღევანდელი ქართული თეატრი სულ უფრო ხშირად ცდილობს კლასიკური ტექსტების თანამედროვე პერსპექტივიდან წაკითხვას და მათი პრობლემატიკის ახალ სოციალურ რეალობასთან დაკავშირებას. სწორედ ამ გზას ირჩევს საბა ასლამაზიშვილი ილია ჭავჭავაძის უკვდავი მოთხრობის „კაცია-ადამიანი?!“ სცენურ ინტერპრეტაციაში.

რეჟისორი კლასიკურ ტექსტს არ უგულებელყოფს, პირიქით, მის არსს ინარჩუნებს, თუმცა სრულიად ახალ ეპოქაში გადმოაქვს. გამოჩენილ მთარგმნელთან, თეატრის სფეციფიკაში ღრმად გათვიცნობიერებულ მანანა ანთაძესთან ერთად, ტექსტზე მუშაობის შედეგად, შექმნილი დრამატურგიული ვერსია XXI საუკუნის საქართველოს რეალობას ერგება. აქ მოქმედი გმირები აღარ ჰგვანან ილიას ეპოქის პერსონაჟებს. ისინი, პრესტიჟულ დაჩაზე ან უბანში მცხოვრები, თანამედროვე, წარმატებული, სოციალურ ქსელებსა და გარეგნულ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ადამიანები არიან, რომელთა ყოველდღიურობა თითქოს ევროპული ცხოვრების სტილითაა განსაზღვრული. თუმცა სწორედ ამ გარეგნული ცვლილებების მიღმა რეჟისორი ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას სვამს  - შეიცვალა კი ადამიანი?

შაკო მირიანაშვილი თანამედროვე ლუარსაბის საინტერესო და დამაჯერებელ მხატვრულ სახეს ქმნის. ეს აღარ არის მხოლოდ ფიზიკური სიზარმაცის სიმბოლო. მისი ლუარსაბი თანამედროვე კომფორტის, თვითკმაყოფილებისა და ფასადური წარმატების განსახიერებაა - ადამიანი, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს, მაგრამ შინაგანად კვლავ იმავე ფასეულობებით ცხოვრობს, რომლებიც ილიამ საუკუნეზე მეტი ხნის წინ გააკრიტიკა. მსახიობი როლს ირონიისა და ზუსტი ფსიქოლოგიური შტრიხების დახმარებით ანვითარებს, რის შედეგადაც პერსონაჟი ერთდროულად სასაცილოცაა და შემაშფოთებელიც.

თამრი ბზიავა დარეჯანის მხატვრულ სახეს თანამედროვე ინტერპრეტაციით გვთავაზობს. მისი პერსონაჟი აღარ ამზადებს მძიმე ქართულ კერძებს და დილას სალათის ფოთლებით, ჯანსაღი ცხოვრების წესითა და ე.წ. ევროპული ელიტარული ცხოვრების ატრიბუტებით იწყებს. შეიცვალა კვების კულტურა, ჩაცმულობა, გარემო, ცხოვრების სტილი და ესთეტიკა, თუმცა, როგორც რეჟისორი მიგვანიშნებს, გარეგნული მოდერნიზაცია სულაც არ ნიშნავს შინაგანი ცვლილების არსებობას. სწორედ ამ კონტრასტში იბადება სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ირონია და საუკუნის წინ დასმული რიტორიკული კითხვა?!  - კაცია ადამიანი?  

ბექა ჯუმუტია მკითხავის ეპიზოდურ როლში კარიკატურულ და დასამახსოვრებელ მხატვრულ სახეს ქმნის. მიუხედავად მცირე სასცენო დროისა, მისი პერსონაჟი სპექტაკლის საერთო ატმოსფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია და რეჟისორის სათქმელს დამატებით სიმძაფრეს სძენს. მსახიობი განასახიერებს თანამედროვე ფსევდომკითხავს, რომელიც საკუთარი კლიენტის გულუბრყვილობასა და უმეცრებას ცინიკურად იყენებს, ირონიულად ეთამაშება მას და ცრუ წინასწარმეტყველებებით კიდევ უფრო აბნევს. ეს ეპიზოდი არა მხოლოდ კომიკურ ეფექტს ქმნის, არამედ მტკივნეულ სოციალურ რეალობასაც გვახსენებს  რომ თანამედროვე საქართველოშიც კვლავ არსებობს მკითხავ-მჩხიბაობის კულტურა, რომელშიც ლუარსაბისა და დარეჯანის თანამედროვე პროტოტიპები მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავენ, იმედისა და ილუზიის ძიებაში.

გიორგი უსტიაშვილის სცენოგრაფია და თანამედროვე ვიზუალური გადაწყვეტა ორგანულად ერწყმის რეჟისორულ კონცეფციას. კონსტანტინე ეჯიბაშვილის მუსიკა და კოტე ფურცელაძის ქორეოგრაფიული ელემენტები ქმნის დინამიკურ რიტმს, რომელიც სპექტაკლის თანამედროვე ენერგიას კიდევ უფრო გამოკვეთს.

დადგმა თავისი სტილისტიკითა და სცენური ტემპორიტმით ადგილ-ადგილ თანამედროვე ვოდევილის ესთეტიკას ავლენს - დახვეწილი, გემოვნებიანი და ზომიერი კომიკურობით, რომელიც არასოდეს გადადის იაფფასიან ეფექტებში და სპექტაკლის მთავარ სათქმელს მხოლოდ ამძაფრებს.

საბა ასლამაზიშვილის დადგმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მან ილია ჭავჭავაძის ტექსტი მუზეუმის ექსპონატად არ აქცია. პირიქით, მან აჩვენა, რომ ლუარსაბი და დარეჯანი დღესაც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. ისინი აღარ ატარებენ ძველ ქართულ სამოსს, აღარ ფიქრობენ მხოლოდ ქეიფსა და უქმად ყოფნაზე, (თუმცა ამ „პეროობის” უკან აქა-იქ მაინც გამოვლენს ჭამის მიმართ ინტერესს) აღარ იკვებებიან მხოლოდ მძიმე კერძებით. დღეს ისინი მოდურად იცვამენ, ჯანსაღად იკვებებიან, ტრენდებს მიჰყვებიან და წარმატებული ცხოვრების ილუზიას ქმნიან, მაგრამ მათი აზროვნება, ფასეულობები და ადამიანებისადმი დამოკიდებულება ხშირად კვლავ უცვლელი რჩება.

აღსანიშნია, რამდენიმე მიზანსცენა, რომლებიც სპექტაკლის ემოციურ და აზრობრივ აქცენტებს გამოკვეთს. მათ შორის, ეპიზოდი, სადაც თამრი ბზიავას დარეჯანი მწვავე ირონიითა და საყვედურებით მიმართავს შაკო მირიანაშვილის ლუარსაბს, რითაც პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობის რეალურ ბუნებას აშიშვლებს. ასევე დასამახსოვრებელია ლუარსაბის მონოლოგი - ერთგვარი დიალოგი ღმერთთან, რომელიც მიზანმიმართული ჰიპერბოლითა და აბსურდის ელემენტებითაა აგებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს სცენა კომიკურ ეფექტს ქმნის, მისი იუმორი ზოგიერთ მომენტში იმდენად გადაჭარბებულია, რომ დრამატულ ქვეტექსტს ნაწილობრივ ჩრდილავს.

„კაცია, ადამიანი“ საინტერესო, აქტუალური და ინტელექტუალური თეატრალური ნამუშევარია, რომელიც კლასიკურ ქართულ ლიტერატურას თანამედროვე საზოგადოებასთან დამაჯერებლად აკავშირებს. სპექტაკლი მხოლოდ ილია ჭავჭავაძის ტექსტის ახალი ინტერპრეტაცია არ არის, იგი მაყურებელს საკუთარ თავში ჩახედვისკენ უბიძგებს და კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ეპოქები იცვლება, ტექნოლოგიები ვითარდება, ცხოვრების სტილი თანამედროვე ხდება, მაგრამ ადამიანის მორალური არჩევანი, პასუხისმგებლობა და ღირებულებები კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად რჩება. სწორედ ამიტომ, საბა ასლამაზიშვილის დადგმა დღევანდელ ქართულ საზოგადოებას მნიშვნელოვან და საჭირო კითხვებს უსვამს.

bottom of page