„არსადაც არ წახვალ!!!“ -
„მარინა რევია“ მარნეულში
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშილი
„არსადაც არ წახვალ!!!“
ფოტო: ნიკა ქორბუდიანი
რა ხდება მაშინ, როცა 15 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დედა შვილებს მაშინ უბრუნდება, როცა მას არავინ ელის, რომელიც თითქმის დაავიწყდათ და მას მკვდრად აცხადებენ საკუთარი შვილები? რა განცდაა, როცა დედის გარეშე განვლილი ბავშვობისა და ყმაწვილობის შემდეგ, ოჯახში გეცხადება მშობელი დედა, რომელიც უცხოა შვილებისთვის? ბავშვობის პერიოდის დედასთან ურთიერთობის რეკონსტრუქცია და ახალი მოცემულობა საგრძნობ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, როცა უახლოესი ადამიანები ერთმანეთის მიმართ გაუცხოებულები არიან და იწყება ხელახალი გაცნობის, ერთმანეთთან ადაპტაციის, თანაცხოვრების დაწყების არცთუ სასიამოვნო პროცესი. ურთიერთობებს და თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის აქტუალურ სოციალურ თემებს წამოჭრის ალექსი ჩიღვინაძის პიესა „მარინა რევია“.
არსებობს პიესები, რომელთა სცენური ინტერპრეტაციები, ქართულ თეატრში, ძირითადად წარმატებასთან არის დაკავშირებული. ასეთ პიესებს შორისაა ალექსი ჩიღვინაძის სოციალურ-ფსიქოლოგიური დრამა „მარინა რევია“, რომელიც თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ფარგლებში შეიქმნა და დაიდგა კიდევ სამეფო უბნის თეატრში თემურ ჩხეიძის სახელოსნოს მოწაფის გურამ ღონღაძის მიერ. სპექტაკლი, ერთ-ერთი მსახიობის ტრავმის გამო მალე მოიხსნა რეპერტუარიდან და მისი ნახვა, სამწუხაროდ, ბევრმა ვერ მოასწრო (პანდემიის პერიოდში მაყურებელს საშუალება ჰქონდა სპექაკლის ჩანაწერი ეხილა ონლაინ) და ვინც მისი ნახვა მოასწრო, დიდხანს ელოდებოდა „მარინა რევიას“ არა მხოლოდ ამბისა და გამართული სადადგმო კულტურის, არამედ მსახიობთა გამოც, ვინაიდან პიესის სცენური ინტერპრეტაციის პირველ ვერსიაში დაუვიწყარი, ღრმად გააზრებული მხატვრული სახეები შექმნეს ნინო კასრაძემ, სალომე მაისაშვილმა, მაგდა ლებანიძემ და პაატა ინაურმა. 2019 წელს ნიკუშა ჩიკვაიძემ „მარინა რევია“ ფოთის თეატრში დადგა და ადგილობრივ მსახიობებთან (თამარ ჭუბაბრია, ირაკლი კვერღელიძე) ერთად სპექტაკლში მოწვეული მსახიობები: ენდი ძიძავა, ეთო ალექსიშვილი და გიორგი ელიჯარაშვილი მონაწილეობდნენ. მარინა რევიას როლის შემსრულებელმა მესხიშვილის თეატრის მსახიობმა ენდი ძიძავამ მარინა რევიას როლის შესრულების გამო, პრემია „დურუჯიც“ კი მიიღო. რეჟისორმა სცენა გადასაღებ მოედნად აქცია, მაყურებელი კი „მარინა რევიას“ გადაღების პროცესს პარტერიდან ადევნებდა თვალს. სამწუხაროდ, ფოთის თეატრის დადგმაც მალე გაქრა რეპერტუარიდან და ფართო საზოგადოებამ სპექტაკლის ნახვა ვერ მოასწრო. დადგმული სპექტაკლების შენარჩუნების პრობლემაც რომ დგას ქართულ თეატრში, ამ პიესის სცენური ისტორიაც ცხადყოფს, განსაკუთრებით რეგიონის თეატრებში ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა სპექტაკლების რეპერტუარში შენარჩუნებაა, მაგრამ ამაზე სხვა დროს...
მესამედ, პიესა მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრმა გოჩა ხვიჩიას (შალვა გაწერელიას მაგისტრატურის სახელოსნო) რეჟისურით პროფესიონალ და მოყვარულ მსახიობებთან ერთად დადგა. როცა ერთი და იგივე პიესა ერთმანეთის მიყოლებით იდგმება თეატრებში (გვახსოვს მსგავსი სერიები), ხშირად ვამბობთ ხოლმე კრიტიკოსები: - რა იყო, პიესები დაილია?! მაგრამ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ მთავარი ის კი არ არის ერთი პიესა სხვა თეატრებშიც რომ იდგმება, არამედ ის, თუ როგორ იდგმება. ერთი მხრივ, თანამედროვე ქართული პიესის სხვადასხვა თეატრში დადგმა ყოველთვის იწვევს ინტერესს შედარებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ქართველი ავტორის მიერ დაწერილი ქართული ამბავი იზიდავს და ხიბლავს როგორც რეჟისორებს, ისე მაყურებელსაც. „მარინა რევიას“ სამივე სცენური ინტერპრეტაცია რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც რეჟისორული კონცეფციით, ასევე მსახიობთა თამაშის სტილითა და მანერით.
გოჩა ხვიჩიას სპექტაკლში „მარინა რევია“ ძველ, საბჭოთა პერიოდში გარემონტებული და დღეს უკვე შელახულ, თითქმის გაპარტახებულ სახლში მიმდინარეობს, სადაც წვიმის დროს წყალი ჭერიდან ოთახში ჩამოდის, მაგრამ „ძველი დიდების ნაშთი“ მაინც შემორჩენილია ავეჯის დეტალებში. სპექტაკლში დეკორაცია, ყოფით, ნატურალიზმამდე დაყვანილ გარემოს ქმნის, მაგრამ ამბავი, რომლის მონაწილეც (და არა შორი-ახლოდან დამკვირვებელი) მაყურებელი ხდება დრამატულია. მაყურებელი კი ამ სახლის კუთხეებშია განთავსებული და ხდება იმ ყველა მნიშვნელოვანი დიალოგის, კონფლიქტის თუ მოვლენების მონაწილე, რაც სცენაზე თამაშდება, მაგრამ ეს გათამაშება იმდენად სცენური სიმართლითაა შესრულებული, რომ ძალიან ჰგავს რეალურს. ამ ატმოსფეროს შექმნაში განსაკუთრებული წვლილი, რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად, სცენოგრაფს ტატო გელიაშვილს მიუძღვის. გარდა იმისა, რომ მხატვარმა ატმოსფერო შეუქმნა მსახიობებსაც და მაყურებელსაც, დეტალებით (როგორც დეკორაციისა და რეკვიზიტის, ისე კოსტიუმების საშუალებით) მიგვანიშნებს მოქმედი გმირების სოციალურ მდგომარეობაზე, განათლებაზე, მათი ცხოვრების სტილსა თუ ყოფაზე. სცენოგრაფია იმდენად მეტყველია და სახიერი, რომ მეტყველებს ამ სახლის მასპინძლებზე. ტატო გელიაშვილი თითქოს უმნიშვნელო დეტალებით, რეკვიზიტებით ავსებს სივრცეს, რომლითაც სავსებით გამოყენებულია და „ათვისებული“. ამდენ ნივთში არაფერია ზედმეტი, არაფერია უფუნქციო...
მაყურებელი ჭადრების ქუჩა #8-ში შედის და უკან დაბნეული, აღელვებული, დადარდიანებული გამოდის. „თეატრიდან“ სახლის გზაზე მიმავალ მაყურებელს მოჰყვება განცდილი, ნანახი, რომლის შემსწრეც ჩვენც გავხდით, იმდენად ღრმად ილექება გონებაში, რომ გაფიქრებს, გაღელვებს, გაიძულებს გაანალიზო რაც ნახე. ასეთ განცდებს და მძაფრ ემოციას სწორედ მარნეულის თეატრის „მარინა რევია“ გვიტოვებს.
რეჟისორმა გოჩა ხვიჩიამ დრამატურგიულად ერთობ ჩახლართული, სოციალურ-ფსიქოლოგიური დრამა ყოფით ჟანრში გადაწყვიტა, რომელიც მძაფრ დრამად გადაიქცევა. რეჟისორი მაქსიმალურად აახლოებს მაყურებელს პიესის გმირებთან, ფაქტობრივად აიძულებს აცხოვროს ისინი გმირების ცხოვრებით, ქმნის ინტიმურ გარემოს, რასაც სცენოგრაფია და მსახიობები უზრუნველყოფენ. ამ სიახლოვეში კი მნიშვნელოვანია დარჩეს ზღვარი რეალობასა და მხატვრულ სინამდვილეს შორის, რასაც აღწევენ კიდეც მსახიობები ხშირ შემთხვევაში.
მარნეულის თეატრის „მარინა რევია“ „მსახიობთა სპექტაკლია“, მაგრამ თვალში გხვდება რეჟისორი და სცენოგრაფი, რომლებსაც მაინც გრძნობ, ხედავ. ყველა კომპონენტი ამ დადგმაში ერთმანეთს ემსახურება. ყველაფერი გმირთა ხასიათების გამოცნობაზეა ორიენტირებული. მარინა რევიას როლს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის უფროსი თაობის გამორჩეული წარმომადგენელი მარინა ჯოხაძე ასრულებს. მსახიობი ხატავს ფსიქოლოგიურად განადგურებული, მაგრამ იმედიანი, ახალი ცხოვრების დაწყების ჟინით ანთებული ტრაგიკული ხვედრის ქალისა და დედის მხატვრულ სახეს. შეუძლებელია არ თანაუგრძნო მას, არ გაგიჩნდეს ნდობა მის მიმართ და არ დაეჭვდე იმაში, რომ ამ მკლელობის საქმე ბუნდოვანებით არის მოცული. მსახიობი მარინა ჯოხაძე სცენური სიმართლით, უშუალობითა და გულწრფელობით გვიყვება ტრაგიკულ ამბავს, რომელიც შეუძლებელია ემოციის გარეშე გადმოსცე, ამიტომაც მას, ისე როგორც სპექტაკლში მონაწილე ყველა მსახიობს ბეწვის ხიდზე უწევთ გავლა, სადაც ოდნავი სიყალბეც კი წყალში ყრის მიღწეულს. 15 წლის განშორების შემდეგ მარინა რევიას შვილები - შოთა და ნათია ხვდებიან. შოთას როლს ზურა ხაფთანი ასრულებს, რომელიც წლიდან წლამდე როგორც მსახიობი, იზრდება, იძენს გამოცდილებას და ეს ეტყობა მის მიერ შესრულებულ შოთას როლსაც, რომელიც ხატავს ხელმოცარული, შეუმდგარი თანამედროვე ქართველი ახალგაზრდა კაცის მხატვრულ სახეს, რომელსაც არ აქვს უნარი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, რომელიც იღებს ვალდებულებას, მაგრამ მისი აღების შემდეგ მას გაურბის. მთელი პასუხისმგებლობა ამ მშობლების გარეშე დარჩენილ ოჯახში ნათიაზეა, რომელსაც ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, თათია თათარაშვილი ასრულებს. მსახიობი სულ სხვა, აქამდე უცნობ ამპლუაში წარსდგა მაყურებლისა და პროფესიული საზოგადოების წინაშე. მსახიობმა გამოავლინა მაღალი პროფესიონალიზმი, გმირის ხასიათში ღრმად წვდომისა და მისი გაანალიზების უნარი, გამომსახველობითი საშუალებების ფლობის ტექნიკა, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო. თათია თათარაშვილი ხატავს ახალგაზრდა ძლიერი ქალის სახეს, რომელიც არ უშინდება (არც ეპუება) ბედისწერით გამოწვეულ წინააღმდეგობებს. თათია თათარაშვილის გმირი ფინალურ ეპიზოდში, როცა აცნობიერებს, რომ დედა მათ ისევ ტოვებს, უსიტყვოდ, მხოლოდ მიმიკით აღწევს მაღალ ტრაგიზმს, რაც დიდ ემოციურ გავლენას ახდენს მაყურებელს. საფინალო ეპიზოდის მსვლელობისას, რომელიც სპექტაკლის კულმინაციური მომენტიცაა, მაყურებელს ყელში ბურთი ეჩხირება და სუნთქვაშეკრული, ცრემლმორეული ელოდება მოვლენების განვითარებას. „არსადაც არ წახვალ!“ - ეუბნება თათია თათარაშვილის გმირი დედას - მარინა რევიას. ამ დროს დედა-შვილის სახეები უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები. ეს არის ერთმანეთის მონატრების, სიყვარულის, დანაშაულის გამოსყიდვის, მიტევების ეპიზოდი. მარინა ჯოხაძის ნატანჯ, იმედგაცრუებულ, მკრთალ სახეზე, მაინც იკითხება ღირსებაშელახული ქალის განცდები, რომელიც ცდილობს არსად იყოს ზედმეტი. რეჟისორი გოჩა ხვიჩია კი ფინალში წერტილის ნაცვლად კითხვით ნიშანს სვამს. მაყურებელს საკუთარი ფინალის არჩევის შესაძლებლობას აძლევს. მარინა რევია (მარინა ჯოხაძე) გადაწყვეტს წავიდეს, მაგრამ მას ნათია (თათია თათარაშვილი) არ უშვებს. შუქი ზუსტად მაშინ ქრება სახლში, როცა მარინა რევია გასასვლელი კარისკენ აიღებს გეზს. ალექსი ჩიღვინაძის „მარინა რევიას“ გოჩა ხვიჩიას ვერსიაში ერთადერთი ტრაგი-კომიკური გმირი ნატაა, შოთას ცოლი და რევიას რძალი, რომელსაც მსახიობი ქეთი აბაშიძე ასრულებს. მსახიობი ხატავს ქარაფშუტა, ოდნავ მოსულელო, უინტელექტო ახალგაზრდა ქართველი ქალის მხატვრულ სახეს. ქეთი აბაშიძის გმირი მაყურებელს ღიმილს გვრის და მომენტებში გვარიანად აცინებს კიდეც, მაგრამ ისიც ტრაგიკული ბედის ახალგაზრდაა, რომელმაც გარემოებების გამო ოცნებები და სურვილები ვერ აისრულა. ამიტომაც კომიკურთან ერთად, ქეთი აბაშიძის მიერ შესრულებული ნატა, სევდიანი პერსონაა. მსახიობმა ზუსტად ჩაავლო მისი გმირის დადებით და უარყოფით მხარეებს, რის გამოც გმირი სქემაური და ერთფეროვანი კი არ არის, არამედ მრავალპლანიანი, რომლის დადებითი მხარეები და სისუსტეები ხილულია.
მარნეულის კულტურის ცენტრში განხორციელებულ „მარინა რევიას“ ბევრი ღირსება აქვს: გამართული რეჟისურა და მკვეთრად ჩამოყალიბებული სათქმელი, უნივერსალური სცენოგრაფია და სამსახიობო გუნდი, რომლებმაც თითქმის მივიწყებულ, გამქრალ ფასეულობებსა და ღირებულებებზე ორიენტირებული ორგანული, მართალი სპექტაკლი შექმნეს.
მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული თეატრი სპექტაკლით „მარინა რევია“ ქართულ სათეატრო რუკაზე გამოჩნდა როგორც ამბიციური მოთამაშე, რომელიც კონკურენციას გაუწევს პროფესიულ თეატრებს. ამის დასტურია ქართული სათეატრო საზოგადოების მძაფრი ინტერესი და შთაბეჭდილება, რომელიც სპექტაკლის შემდეგ აქვთ. ახლა მთავარია, დასმა მიღწეული შეინარჩუნოს და განავითაროს.