
არლეკინის სარკე
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

06.03.2026
ანი გონგაძე
არლეკინის სარკე
სპექტაკლის დასრულებისას დაუკმაყოფილებლობის განცდა დამეუფლა, თითქოს იმ შთაბეჭდილებასთან შედარებით, რომელიც წამების წინ ვიხილე, ტაში ზედმეტად ხანმოკლე აღმოჩნდა. თითქოს მაყურებელმა ვერ შეძლო არლეკინისთვის სათანადო მადლობის გადახდა. ვერც შავშამშე - პერსონაჟი, რომელიც მთელი წარმოდგენის განმავლობაში ვირტუალურად ჩვენს გვერდით იმყოფებოდა - ვერ ჩამოვიყვანეთ ოვაციებით, რაც შესაძლოა შეგნებულ რეჟისორულ გადაწყვეტილებადაც ჩაითვალოს ეს კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს წარმოდგენის კონცეპტუალურ ბუნებას.
სპექტაკლის დაწყებამდე, მოსაცდელ სივრცეში, წიგნაკით ხელში ვაკვირდებოდი მაყურებლებსა და მსახიობებს. მათი მშვიდი და ხალისიანი განწყობა მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ისინი თავისუფლად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან და აუდიტორიასთან, რაც უკვე წინასწარ არღვევდა ტრადიციულ ზღვარს სცენასა და დარბაზს შორის. შემდეგ პარტერისკენ შევდივართ: სარკეში ვიყურები, ვრწმუნდები, რომ შესაფერისად გამოვიყურები და ჩემს ადგილს ვიკავებ - თითქოს მეც წარმოდგენის ნაწილი ვიყო.
წარმოდგენის დაწყებისთანავე გამოიკვეთა „ თეატრი „ , სადაც მაყურებელი და მსახიობი ერთდროულად საკუთარი როლისთვის ემზადება. სცენიდან მოსმენილი ფრაზები მაყურებლის მიმართულებით, მყისიერად მაფხიზლებდა და მარწმუნებდა, რომ რაღაც ძალიან საინტერესოს და სახალისოს ვუყურებ და თან ვუსმენ. მართლაც, აღმაფრთოვანა მთავარი პერსონაჟების ინტერაქციამ მაყურებელთან - ბუნებრივად სახალისო რეპლიკები მუდმივად იწვევდა ჩვენს სპონტანურ სიცილს და კარგ განწყობას.
ცენტრალური ფიგურა - არლეკინი მათე ხიდეშელის შესრულებით - განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს. მსახიობმა შეძლო პერსონაჟის ბუნებრივი და დამაჯერებელი ხასიათის შექმნა, რაც მაყურებელს თავიდანვე ათავისუფლებდა გაუგებრობის ან დისტანციის განცდისგან. მონოლოგების განმავლობაში აქცენტების ცვლილება, მიმიკა, სხეულის ენა და ინტონაციების მრავალფეროვნება ეფექტურად მუშაობდა სხვადასხვა ასაკის აუდიტორიაზე და ინარჩუნებდა ყურადღების მაღალ დონეს.
მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მუსიკალური გაფორმება. წარმოდგენის შუა ნაწილში, როდესაც არლეკინის მონოლოგი სრულ სიჩუმეში ვითარდებოდა, სცენამ გარკვეული დროით დინამიკა დაკარგა, თუმცა მუსიკის დაბრუნებასთან და ინტერაქციის გააქტიურებასთან ერთად არლეკინმაც თითქოს „გვიბიძგა“ გამოფხიზლებისკენ და საერთო რიტმი აღდგა და მაყურებელი კვლავ სრულფასოვნად ჩაერთო პროცესში.
„არლეკინის ანდერძი“ ექსპერიმენტული და სარკისებური დადგმაა, რომელიც სახალისო, კომიკურ, სარკასტულ და შთამბეჭდავ ელემენტებს აერთიანებს. მისი მთავარი ღირსება მაყურებლის აქტიურ მონაწილედ ქცევაა. წარმოდგენა არ სთავაზობს ერთმნიშვნელოვან ინტერპრეტაციას და სწორედ ამით ინარჩუნებს აქტუალურობას. იგი არ ექვემდებარება მარტივ შედარებას ან განმარტებას. ეს არის სპექტაკლი, რომელიც გამოცდილებას მოითხოვს და არა მხოლოდ აღწერას.
სპექტაკლის სათაური „არლეკინის ანდერძი“ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. სიტყვა „ანდერძი“ შეიძლება გავიგოთ, როგორც არლეკინის მიერ, მაყურებლისთვის დატოვებული გამოცდილება, სათქმელი და ემოციური მემკვიდრეობა. წარმოდგენის განმავლობაში პერსონაჟი, თითქოს მაყურებელს უზიარებს საკუთარ ხედვას სამყაროზე, თეატრზე და ადამიანურ ურთიერთობებზე, ხოლო საბოლოოდ ტოვებს იმ აზრს, რომელიც სცენის დასრულების შემდეგაც აგრძელებს არსებობას მაყურებლის ცნობიერებაში. ამგვარად, არლეკინის „ანდერძი“ შეიძლება აღვიქვათ არა როგორც კონკრეტული ტექსტი, ან პირდაპირი განცხადება, არამედ როგორც განცდა და გამოცდილება, რომელიც სპექტაკლის დასრულების შემდეგაც რჩება მაყურებლის მეხსიერებასა და ემოციურ სივრცეში.
ამ დადგმაში არლეკინი, კომედია დელ არტეს, იმპროვიზირებული ნიღბების თეატრის მიმდინარეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა - ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: იგი არის მსახიობი, მოთამაშე, შუამავალი სცენასა და მაყურებელს შორის. სწორედ ამ მრავალფუნქციური როლის მეშვეობით პერსონაჟი თითქოს გვახსენებს, რომ თეატრი მხოლოდ სცენაზე მიმდინარე მოქმედება არ არის, იგი საერთო თამაშია, რომელშიც აუდიტორიაც აქტიურად მონაწილეობს. ამ მიზეზით სპექტაკლის განმავლობაში ხშირად ირღვევა ტრადიციული საზღვარი სცენასა და პარტერს შორის, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ცოცხალი კომუნიკაციისა და უშუალო თეატრალური გამოცდილების შეგრძნებას.
მათე ხიდეშელის მიერ შექმნილი არლეკინი განსაკუთრებული გამომსახველობით გამოირჩევა. მსახიობმა შეძლო ისეთი სახის შექმნა, რომელიც ერთდროულად აერთიანებს კომიკურ სიმსუბუქესა და გარკვეულ შინაგან სევდასაც. პერსონაჟის მოძრაობა, პლასტიკა და მეტყველების რიტმი ქმნის დინამიკურ და ცოცხალ სახეს, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს მაყურებლის ყურადღებას. ამასთანავე, მსახიობის ენერგია და იმპროვიზაციის უნარი აშკარად იგრძნობა მთელი წარმოდგენის განმავლობაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ფორმის სპექტაკლში, სადაც მაყურებელთან უშუალო კომუნიკაცია ერთ-ერთ მთავარ მხატვრულ პრინციპს წარმოადგენს.
საბოლოოდ „არლეკინის ანდერძი“ შეიძლება აღვიქვათ როგორც წარმოდგენა თეატრის შესახებ თავად თეატრში. ესაა სპექტაკლი, რომელიც თამაშობს ფორმით, მაყურებლის მოლოდინებითა და თეატრალური რეალობის საზღვრებით. სწორედ ამგვარი მიდგომა ანიჭებს მას განსაკუთრებულობასა და აქტუალობას. მისი ძალა მდგომარეობს არა მხოლოდ სიუჟეტში, არამედ იმ ცოცხალ პროცესში, რომელიც სცენასა და მაყურებელს შორის ვითარდება და რომლის შედეგადაც თეატრალური გამოცდილება უფრო უშუალო და თანამონაწილეობრივ ხასიათს იძენს.
ამგვარად, სპექტაკლი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თეატრი ერთგვარი სარკეა, რომელშიც ადამიანი საკუთარი თავის დანახვას ახერხებს. არლეკინი კი ამ სარკის წინ მდგომი ფიგურაა - პერსონაჟი, რომელიც ხან სარკასტული იუმორით გვაცინებს, ხან ირონიით გვაკვირვებს და ხანაც გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად ხშირად ვასრულებთ საკუთარ როლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამაში შეიძლება დავინახოთ მისი „ანდერძის“ არსიც.