top of page

არის თუ არა ქართული საბავშვო თეატრი საბავშვო?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

418035828_716359773815722_430336845728417162_n.jpg

ანა მირიანაშვილი

არის თუ არა ქართული საბავშვო თეატრი საბავშვო?

 

ვისთვის არის განკუთვნილი ესა თუ ის საბავშვო წარმოდგენა? ბავშვისთვის თუ მისი მშობლისთვის ან ბებია-ბაბუებისთვის? ლიტერატურული მასალის არჩევისას და დადგმის პროცესში რა იყო ამოსავალი წერტილი შემოქმედებითი ჯგუფისთვის - კონკრეტული ასაკის სამიზნე აუდიტორია თუ ის უფროსები, ვინც მათ ნაცვლად აკეთებენ არჩევანს, ყიდულობენ ბილეთებს და მიჰყავთ ბავშვი თეატრში? - ეს შეკითხვები ხშირად მიჩნდება ყოველი ახალი საბავშვო თუ საყმაწვილო სპექტაკლის ნახვის შემდეგ.

როგორც წესი, ზამთრის არდადეგების პერიოდში მშობლებს ხშირად დაჰყავთ ბავშვები სპექტაკლებზე, საცირკო წარმოდგენებსა თუ კონცერტებზე, ამ დროს განსაკუთრებით აქტუალური ხდება შეკითხვა - სად წავიყვანოთ ბავშვები? რომელ თეატრში რა სპექტაკლი იმართება და ა.შ. ბუნებრივია, რომ თბილისის და რეგიონების თეატრებიც ცდილობენ ყოველ ახალ წელს ახალი საბავშვო სპექტაკლით შეხვდნენ. ტრადიციულად, წელსაც შეძლებისდაგვარად შემოვიარე დედაქალაქის თეატრები, დავესწარი საბავშვო წარმოდგენებს და მაინც სულ თან მდევდა ეს შეკითხვა - არის თუ არა ქართული საბავშვო თეატრი საბავშვო? ვისთვის ან რისთვის დგამენ რეჟისორები - ბავშვებისთვის თუ მათი მშობლებისთვის? ახალი მხატვრული ამოცანების გადაწყვეტისთვის თუ დამატებითი ჰონორარისთვის და თეატრის შემოსავლის გაზრდისთვის? ალბათ, საუკეთესო გამოსავალია ისეთი შემთხვევა, როდესაც ეს ყველაფერი იდეალურ ბალანსშია - მშობელიც კმაყოფილია და ბავშვი-მაყურებელიც, სპექტაკლიც მაღალმხატვრული ღირებულებისაა და შესაბამისი შემოსავალიც მოაქვს, თუმცა ასეთი იდეალური ვარიანტი დიდი იშვიათობაა. რეალობა ასეთია - უფროსების ხელშია ფინანსებიც და ლოჯისტიკაც, ამიტომ უფრო ხშირად თეატრის ხელმძღვანელები და რიგითი რეჟისორები ითვალისწინებენ არა ბავშვი-მაყურებლის, არამედ ბილეთის მყიდველი მშობლის ინტერესებსა და პრიორიტეტებს.

ბოლო დროს აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია კერძო და სახელმწიფო თეატრების საფასო პოლიტიკამ და ბილეთის ფასმა, რომელიც სხვადასხვა თეატრში 15-25 ლარიდან 50-70 ლარამდე მერყეობს. ცხადია, სახელმწიფო თეატრებს მეტი ვალდებულება აქვს მაყურებლის წინაშე, რადგან სწორედ მათი გადასახადებიდან მიღებული ფულით ფინანსდებიან. კერძო თეატრებს ეს ვალდებულება არ გააჩნიათ, ამიტომაც მუშაობენ რომელიმე კონკრეტულ სეგმენტზე - ამ შემთხვევაში, საზოგადოების იმ ფენაზე, რომელსაც ერთ ბილეთში 30-40 ლარიდან 70 ლარამდე გადახდა შეუძლია. ბილეთის გაზრდილი ფასებით განაწყენებული მაყურებლები სამართლიანად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, აღნიშნავდნენ, რომ თეატრის დიდი სიყვარულის მიუხედავად, ბილეთებში ამხელა თანხას ვერ გადაიხდიან, მით უმეტეს, როდესაც ოჯახში ერთზე მეტი ბავშვია. ამ შემთხვევაში, ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს და ორივეს გაგება შეიძლება - თეატრისაც და მაყურებლისაც. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ამა თუ იმ თეატრში გარკვეული ტიპის ფასდაკლება ცხადდება და ბილეთების შეღავათიან ფასად შეძენაც არის შესაძლებელი.

ამ წერილში შეგნებულად არ ვაპირებ თბილისის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრების რეპერტუარის დაწვრილებით ანალიზს - დღესდღეობით ამ თეატრებში მეტ-ნაკლებად ყველა ასაკის მაყურებლისთვის მოიძებნება წარმოდგენა და ბილეთის ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომია (გამონაკლისია მხოლოდ ე.წ. ადრეული ასაკისთვის განკუთვნილი სპექტაკლები 1-4 წლამდე ბავშვებისთვის. ამჟამად საქართველოს არცერთი სახელმწიფო თუ დამოუკიდებელი დასი არ მუშაობს ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის). ამჯერად დედაქალაქის და რეგიონების დრამატული თეატრების საბავშვო სპექტაკლებით დავინტერესდი. საბავშვო სპექტაკლების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, ზოგად წარმოდგენას რამდენიმე სათაურის ჩამოთვლითაც შევიქმნით: მიუზიკლი „მუსიკის ჰანგები“ (ახალი თეატრი), „პინოკიო“ (რუსთაველის ეროვნული თეატრი), „ლურჯი ფრინველი“ (ქალაქის თეატრი), „პაპულას და ელიკოს საახალწლო თავგადასავალი“ (თეატრი სახელოსნო 42), „საშობაო სიმღერა“ (ფოთის თეატრი), „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ (ილიაუნის თეატრი), „ურჩხული და ლამაზმანი“ (ბათუმის დრამატული თეატრი), „საშობაო ჟრიამული“ (მოძრაობის თეატრი); სენაკის თეატრში „ჩიპოლინოს“ პრემიერა გაიმართა, ახმეტელის თეატრი ბავშვებს „პიტერ პენის თავგადასავალს“, მოზარდებს და მათი ოჯახის უფროს წევრებს კი „ანე ფრანკის დღიურს“ სთავაზობს; იანვარში რუსთავში საბავშვო სპექტაკლების კვირეული გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული თეატრები მონაწილეობდნენ: „ჩიჩილაკად ქცეული ქალის ზღაპარი“ და „ვინი-პუჰი“ (რუსთავის თეატრი), „მაკნატუნა“ (მესხეთის თეატრის საბავშვო თეატრალური სტუდია), „პინოკიო“ (სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი), „მზის სხივი“ (თოჯინების სახლი), „რწყილი და ჭიანჭველა“ (ჭიათურის თეატრი) და „სათაგური“ (ზესტაფონის თეატრი) და სხვა.

იანვარში თბილისს საგასტროლოდ ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრი ეწვია ახალი სპექტაკლით - „გრინჩი“ დოქტორი სიუზის მოთხრობის მიხედვით (რეჟისორი ავთანდილ დიასამიძე). შარშანდელი „ზურმუხტქალაქის ჯადოქრის“ (რეჟისორი სოსო ბაკურაძე) შემდეგ არანაკლებ საინტერესო „გრინჩი“ თბილისელმა მაყურებელმა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე იხილა. ამ სპექტაკლში ძალიან სწორადაა გათვლილი ბევრი რამ - პირველ რიგში, ლიტერატურული მასალისა და სათაურის არჩევანი - თანამედროვე ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის ძალიან კარგად ნაცნობი წიგნის, ფილმისა და ანიმაციის პერსონაჟი „გრინჩი“. აქვე უნდა აღინიშნოს მთავარი როლის შემსრულებელი ალექსანდრე გაბაიძე, რომელიც ერთდროულად კარგი მეთოჯინეცაა და მშვენიერი მხატვრული სახეც შექმნა. ვფიქრობ, სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ მსახიობები თავად ახმოვანებენ ყველა პერსონაჟს, ცოცხლად მღერიან და ეს ყოველთვის ძალიან უხდება საბავშვო წარმოდგენას - გაწმენდილ და „დავარცხნილ“, დაბალანსებულ სტუდიურ ჩანაწერზე მეტად, მაყურებელს ცოცხლად, პერსონაჟის ხასიათში შესრულებული სიმღერის მოსმენა ურჩევნია.

საზოგადოდ, საბავშვო სპექტაკლს ძალიან ამდიდრებს ხარისხიანი დეკორაცია თუ კოსტიუმი, კარგ ხარისხში შესრულებული თოჯინები და რეკვიზიტი; „გრინჩის“ (მხატვარი მირანდა გურგენაძე) და „ზურმუხტქალაქის ჯადოქრის“ (მხატვარი გიორგი გოგიტიძე) შემთხვევაშიც ეს სასიამოვნოდ თვალშისაცემი იყო - ლამაზი, მაღალ მხატვრულ ხარისხში შესრულებული დეკორაცია, კოსტიუმები და თოჯინები. კარგია, რომ წარმოდგენის ქრონომეტრაჟი სულ 45 წუთია, სპექტაკლი დინამიკურია და პატარა მაყურებელს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. ვფიქრობ, სპექტაკლის კიდევ ერთი ღირსება ისაა, რომ მასში პროექცია ზომიერად და არათვითმიზნურადაა გამოყენებული, აქ ანიმაცია ამბის თხრობის ერთ-ერთი ხერხია, რომელიც ორგანულად ერწყმის სიუჟეტის განვითარებას. სამწუხაროდ, ბოლო დროს ქართველი რეჟისორები განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ ვიდეოპროექციას, ზოგჯერ კი საკმაოდ ჭარბი დოზით და ბოროტად იყენებენ ამ ხერხს.  

გრინჩის მსგავსად, ვილი ვონკაც ქართველი ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი გახდა - ზოგი მას როალდ დალის წიგნიდან „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ იცნობს, ზოგი კი ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმებიდან. ჩარლისა და ვილი ვონკას ტკბილეულის ქარხნის ამბავი წელს ილიაუნის თეატრის სცენაზე ქეთი ასათიანმა დადგა. საინტერესოა, რომ ამ სპექტაკლში, პროფესიონალ მსახიობებთან (ანდრია ვაჭრიძე, მაკა ძაგანია, კახა ჯოხაძე) ერთად, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები, არაპროფესიონალი, მოყვარული მსახიობებიც თამაშობენ. წარმოდგენა სავსეა მათი ახალგაზრდული, გადამდები ენერგიით.

განსაკუთრებით ეფექტურია სპექტაკლის დასაწყისი - მაყურებელთა ფოიეში მოულოდნელად გამოჩნდებიან წარმოდგენის პერსონაჟები, ერთ-ერთი მათგანი როიალს მიუჯდება, დანარჩენები კი ცეკვას იწყებენ, თანდათან ბავშვებსაც აიყოლიებენ და მაყურებელი უკვე ღიმილიანი, დადებითი განწყობილებით შედის დარბაზში. სამწუხაროდ, ეს ინტერაქცია მხოლოდ პირველი ეფექტის და მუხტის შესაქმნელად გამოიყენა რეჟისორმა, მაყურებლისა და წარმოდგენის მონაწილეების კონტაქტი შემდეგ უკვე აღარ გრძელდება.

ცხადია, პატარა სცენაზე და შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობებით ძნელია ვილი ვონკას ტკბილეულის ქარხნის მთელი სიდიადის გადმოცემა, თუმცა ვფიქრობ, ეს მაინც არ არის დაუძლეველი მხატვრული ამოცანა და როალდ დალის მიერ შექმნილი საოცარი სამყარო, ვიზუალური თვალსაზრისით, გაცილებით უკეთ შეიძლებოდა წარმოჩენილიყო - საბავშვო სპექტაკლში ხომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სცენოგრაფიული გადაწყვეტა, ის გარემო, რომელშიც მოქმედებენ პერსონაჟები (მხატვარი ლიზა ჭიჭინაძე). როალდ დალის ნაწარმოებში ბევრი რამ სწორედ კონტრასტზე აგებული - ჩარლის ოჯახის სიღატაკე, შეჭირვებული ყოფა, სიბნელე, სიცივე და კომბოსტოს უგემური წვნიანის სუნი და მეორე მხრივ - ვილი ვონკას მსოფლიოში საუკეთესო საკონდიტრო ქარხანა, სადაც ფერად-ფერადი ტკბილეულით სავსე საოცარი, ვანილის და შოკოლადის სურნელით გაჯერებული ლამაზი ოთახებია. ამ შემთხვევაში კი სცენაზე არ ჩანდა ეს მკვეთრი კონტრასტი ორ სამყაროს შორის.

რუსთაველის ეროვნული თეატრი ზამთრის არდადეგებს პრემიერით შეხვდა. სპექტაკლი „პინოკიო“ კარლო კოლოდის ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა ლაშა ლომჯარიამ დადგა (დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა). აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რუსთაველის თეატრში ბილეთის ფასი 5 ლარიდან იწყება და საზოგადოების ნამდვილად ყველა ფენისთვისაა ხელმისაწვდომი. სამწუხაროდ, „პინოკიოს“ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს საბავშვო სპექტაკლებთან დაკავშირებულ გავრცელებულ პრობლემასთან - წარმოდგენა დადგმულია არა ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვის, რომლებმაც იციან ეს ნაწარმოები და თამამად ყიდულობენ ბილეთებს. მწვავედ დგას ინსცენირების და პიესაში ჩამატებული გაურკვეველი წარმოშობის ტექსტების პრობლემაც, ზოგიერთ სცენაში გამოყენებულია ისეთი სიტყვები, რომელიც დაუშვებელია, რომ ამ ასაკის ბავშვებმა სცენიდან მოისმინონ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების დიდმა ნაწილმა ამ ზღაპრის შინაარსი კარგად იცის, მათთვის მაინც გაუგებარია წარმოდგენის სიუჟეტი - ის, რაც ცალკეულ სცენებად უნდა გათამაშდეს, მხოლოდ ტექსტით არის გადმოცემული - მსახიობები პირდაპირი მნიშვნელობით გამოდიან ავანსცენაზე და, მოქმედების ნაცვლად, მხოლოდ გვიყვებიან ამა თუ იმ ეპიზოდის შინაარსს. ვფიქრობ, ბევრი სხვა მხატვრული ნაკლის გარდა, „პინოკიოს“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ დადგმის პროცესში არ გაითვალისწინეს კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფი, არ იფიქრეს იმათზე, ვისთვისაც უნდა იყოს გამიზნული წარმოდგენა - სკოლამდელი ასაკის და 6-8 წლის ბავშვებზე.

მთელ მსოფლიოში, სახელმწიფო თეატრებთან ერთად, თანამედროვე საბავშვო თეატრის განვითარების საქმეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ კერძო, დამოუკიდებელ თეატრებს. ბოლო დროს, თბილისში არსებული კერძო თეატრების რეპერტუარშიც გამოჩნდა რამდენიმე საბავშვო წარმოდგენა. ქალაქის თეატრში ანა გოგიშვილმა მორის მეტერლინკის „ლურჯი ფრინველი“ დადგა, ლევან წულაძემ კი - თეატრ სახელოსნო 42-ში „პაპულას და ელიკოს საახალწლო თავგადასავალი“, რომლის სიუჟეტიც თავად შეთხზა.

ცნობილმა ფრანგმა სიმბოლისტმა, მორის მეტერლინკმა პიესა 1905 წელს დაწერა, 1908 წელს კი ის უკვე მოსკოვის სამხატვრო თეატრში დაიდგა და მას შემდეგ ალბათ საბჭოთა კავშირში არ დარჩენილა მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რომლის რეპერტუარშიც ამა თუ იმ პერიოდში არ ყოფილა „ლურჯი ფრინველი“, ეს პიესა საქართველოშიც არაერთხელ დაუდგამთ. ითვლება, რომ ეს საბავშვო ნაწარმოებია, თუმცა ჩემი აზრით, უამრავი სიმბოლოთი დატვირთული მეტერლინკის ტექსტი უფროსი ასაკის მაყურებლისთვის უფრო გასაგებია, ვიდრე დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის.

ანა გოგიშვილმა სპექტაკლის ძირითად მხატვრულ ხერხად ანიმაცია აქცია, რაც ერთი მხრივ საინტერესო, ეფექტური სარეჟისორო სვლაა, მეორე მხრივ კი გარკვეულ ჩარჩოში აქცევს მთელ სპექტაკლს - სცენის წინ გაჭიმული გამჭვირვალე ფარდა, რომელზეც ვიდეოპროექცია გადის, მაყურებელს უკანა პლანზე მოქმედი მსახიობების აღქმაში გარკვეულწილად ხელს უშლის, ზოგჯერ მნიშვნელოვანი სათქმელი თითქოს ამ ფარდის მიღმა იკარგება. წარმოდგენაში სულ 6 მსახიობი მონაწილეობს, ისინი განასახიერებენ კონკრეტულ პერსონაჟებს და ზოგიერთ შემთხვევაში, ცოცხალ პლანში ახმოვანებენ ანიმაციურ გმირებს. ვფიქრობ, ეს წარმოდგენა 10-12 წლიდან ბავშვებისთვის არის რეკომენდებული და არა უმცროსებისთვის, თუმცა ქალაქის თეატრის აფიშაზე ასაკის მაჩვენებელი არ არის მითითებული.

„პაპულას და ელიკოს საახალწლო თავგადასავალი“ ლევან წულაძის შეთხზული ამბავია, რომლის პირველი ნაწილი საკმაოდ წააგავს საკულტო ჰოლივუდური ფილმის „მარტო სახლში“ სიუჟეტს, თუმცა აქ მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის თბილისში ვითარდება. ეს ნამდვილად საოჯახო ტიპის სპექტაკლია, რომელსაც სიამოვნებით უყურებს ბავშვიც და უფროსიც, ვისაც უყვარს ლევან წულაძის სარეჟისორო ხელწერა, თხრობის მისეული მანერა, გამორჩეული იუმორი და სიმსუბუქე. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არც ისე ხანმოკლეა და არც მთლად გასაგები ზოგიერთი ასაკის ბავშვისათვის, ისინი მაინც სულგანაბულები უყურებდნენ ულამაზეს სცენას, გემოვნებიან და დახვეწილ კოსტიუმებს, საოცარ ვიზუალურ ეფექტებს.

ცალკე აღსანიშნავია თეატრ სახელოსნო 42-ის ახალი ინიციატივა - მოგზაურობა კულისებს მიღმა - ექსკურსია თეატრში. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფად დაყოფილ ბავშვებს თეატრს შიგნიდან აცნობენ, აჩვენებენ თეატრალურ საამქროებს, მსახიობების საგრიმიოროებს და კულისებს. ბავშვები ეცნობიან თეატრის ე.წ. შიდა სამზარეულოს: რა ეტაპებს გადის სპექტაკლი, ვიდრე მას სცენაზე ვიხილავთ, როგორია სცენა და კულისები, ვინ ემსახურება სპექტაკლს სცენის მიღმა, რას ნიშნავს ფოიე, კულისები, საგრიმიორო და ა.შ. ზოგიერთ სახელმწიფო თეატრში მსგავსი პრაქტიკა არსებობდა და დღესაც არსებობს (მაგალითად, რუსთაველის ეროვნულ თეატრში) ვფიქრობ, ასეთი ტიპის აქტივობა ყველა თეატრში უნდა ტარდებოდეს, სადაც გარემო ამის საშუალებას იძლევა.

ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი სპექტაკლების ნაწილი მხოლოდ „ერთჯერადი“ გამოყენებისთვის დაიდგა და საახალწლო დღესასწაულების შემდეგ აღარ უთამაშიათ, ნაწილი კი (არასაახალწლო თემატიკის სპექტაკლები) თეატრების რეპერტუარშია და მეტ-ნაკლები სიხშირით გადის. ამ წერილში შევეცადე საქართველოში არსებული თეატრების საბავშვო რეპერტუარის მხოლოდ ზოგადი მიმოხილვა გამეკეთებინა და ჩემი მიზანი არ ყოფილა ყველა სპექტაკლის დეტალური ანალიზი. ვისურვებდი, რომ საბავშვო სპექტაკლებზეც იწერებოდეს პროფესიული კრიტიკული წერილები, რეცენზიები, იმართებოდეს დისკუსიები.

ჯერჯერობით, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო თუ კერძო თეატრების საბავშვო რეპერტუარი წლიდან წლამდე დიდ, მკვეთრ სიახლეებს არ განიცდის არც მასალის შერჩევისა და არც სარეჟისორო გადაწყვეტების თვალსაზრისით. ხშირად ზრდასრულთა უმეტესობა ბავშვებს სცენიდან ან ენის მოჩლექით, ან მენტორული ტონით ესაუბრება - ერთიც და მეორეც სრულიად მიუღებელია თანამედროვე ბავშვისთვის. სამწუხაროდ, თანამედროვე სახელმწიფო თუ კერძო თეატრებში საბავშვო სპექტაკლები მაინც უფრო „არასერიოზული“, მხოლოდ შემოსავლის მომტანი წარმოდგენების რანგში გადის. როგორც გამოიკვეთა, თანამედროვე ქართულ საბავშვო თეატრს ყველაზე მეტად უჭირს რეჟისურის და დრამატურგიის ნაწილში (ვფიქრობ, იგივე შეიძლება ითქვას საუფროსო თეატრზეც, რამდენიმე სასიამოვნო გამონაკლისის გარდა) თეატრის ხელმძღვანელთა უმეტესობა საბავშვო სპექტაკლს აღიქვამს როგორც შემოსავლის წყაროს, ხშირად ერთჯერად (მაგალითად საახალწლო) პროექტად და არა რეპერტუარის მნიშვნელოვან შემადგენელ ელემენტს.

ცნება საბავშვო თეატრი მოიცავს 0-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის განკუთვნილ წარმოდგენებს და აუცილებელია, რომ აფიშასა და ინტერნეტპორტალებზე მითითებული იყოს ასაკობრივი მაჩვენებელი, თუ რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვის არის განკუთვნილი კონკრეტული წარმოდგენა. ამრიგად მაყურებელს არჩევანის გაკეთებას ვუმარტივებთ და თან თავიდან ავიცილებთ არასასურველ პრეტენზიებსაც. საბავშვო სპექტაკლისთვის ლიტერატურული მასალის შერჩევისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორად განისაზღვროს სამიზნე აუდიტორიის ასაკი და ის, თუ რამდენად შეესაბამება ეს ლიტერატურული ნაწარმოები 21-ე საუკუნის მოზარდის საჭიროებას, ინტერესებს, აღქმას და ა.შ. ვისურვებდი, რომ ვიდრე ამა თუ იმ ასაკობრივი კატეგორიისთვის სპექტაკლის დადგმას შეუდგებიან, თანამედროვე ქართველმა რეჟისორებმა უფრო მეტად მოუსმინონ და იკვლიონ ეს ასაკობრივი ჯგუფი, კარგად გაიგონ რა გამოწვევების და პრობლემების წინაშე დგანან ბავშვები, ყური დაუგდონ მათ და შეეცადონ მოძებნონ ამ ბავშვებისთვის შესაბამისი, საინტერესო, ახალი მხატვრული ფორმები. სპექტაკლის შემქმნელებმაც და ზრდასრულმა მაყურებლებმაც უფრო უკეთ უნდა გავიაზროთ პასუხისმგებლობა ბავშვების, მოზარდების წინაშე, შევქმნათ და შევთავაზოთ მათ უკეთესი ხარისხის მხატვრული პროდუქცია, რომ არ გაჩნდეს შეკითხვა - საბავშვოა თუ არა ქართული საბავშვო თეატრი?!

bottom of page