top of page

არა იძუნწო, რადგან ბედნიერება ფულში არ არის

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

281651245_4805038636292543_7362892599792998904_n.jpeg
281575742_4805037516292655_2945448194002533647_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

არა იძუნწო, რადგან ბედნიერება ფულში არ არის

 

გიორგი ერისთავმა „ძუნწზე“ მუშაობა აღდგენილი ქართული თეატრის საჭიროებისთვის დაიწყო უფრო ადრე, ვიდრე „გაყრას“ დაწერდა და დადგამდა, რითაც დედაქალაქში აღდგენილ პროფესიულ თეატრს ჩაუყრიდა საფუძველს. გიორგი ერისთავის „ძუნწი“ ინტენსიურად იდგმებოდა ქართული თეატრების სცენებზე, რაც განპირობებული იყო ორი ფაქტორით: ქართული დრამატურგიის ფონდში კომედიების სიმწირით და მასში დასმული პრობლემით - არჩევანი ადამიანის უმთავრეს ღირებულებებს და მომხვეჭელობას შორის.

ქართული თეატრის განვითარების გარკვეულ ეტაპზე გიორგი ერისთავი და მისი კომედიები (თავად ასე განსაზღვრავდა ჟანრს, მაგრამ კომედია მაინც ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ერისთავის პიესები ვოდევილის ჟანრის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს) ფაქტობრივად, მიივიწყა ქართულმა თეატრმა. ამ მოვლენასაც აქვს თავისი მიზეზი: გაჩნდა ახალი ორიგინალური და უცხოურიდან თარგმნილი პიესები, დროის ცვალებადობასთან ერთად შეიცვალა თეატრი, შესაბამისად, გამოიკვეთა სხვა მხატვრული თუ თემატური პრიორიტეტები, თუმცა როგორც დრომ აჩვენა, ერისთავის პიესების პრობლემატიკა დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სწორედ ლაღი იუმორით, შეეხო რეჟისორი გოჩა კაპანაძე ადამიანში მთავარი ფასეულობის არჩევის პრობლემას, ასევე სათუთად და ფაქიზად შეგვახსენა ჩვენში ჩაბუდებული ქსენოფობიური განწყობების შესახებ, რაზეც გულიანადაც გვაცინა და დაგვაფიქრა კიდეც.

ერთხელ გამოჩენილმა რეჟისორმა გიზო ჟორდანიამ მითხრა: თუ თეატრი ცაგარელს ან ერისთავს დგამს, ეს ნიშანია იმის, რომ ის მეტი მაყურებლის მოზიდვას ცდილობსო. გოჩა კაპანაძემ კი ორივე ავტორის პიესების მიქსი შემოგვთავაზა. გიზო ჟორდანიას თეატრში მაყურებლის მოზიდვის ზემოთ ნახსენები ფორმულა, ამჯერადაც, წარმატებით „იმუშავებს“, რადგან სპექტაკლი, ვოდევილური ჟანრისაა,  რომელიც მუსიკალური ნომრებითა და ქართული ხალხური ცეკვის ელემენტებითაა გაჯერებული. მაყურებელი შეხვდება პოპულარულ და მისთვის საყვარელ გმირებსა და მსახიობებს განსხვავებულ ამპლუაში. ქართველი მაყურებლის უმრავლესობას კი მსგავსი დადგმები იზიდავს, ხიბლავს, იტაცებს, რაც უკვე დადასტურდა საპრემიერო ჩვენებაზე მაყურებლის ოვაციითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით.

რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე დადგმული „ძუნწი“ არ გახლავთ მხოლოდ გიორგი ერისთავის პიესის სცენური ინტერპრეტაცია, აქ შეხვდებით ავქსენტი ცაგარლის ხანუმას. ფაქტობრივად, რეჟისორი გოჩა კაპანაძე, რომელიც ტექსტის სცენური ვერსიის ავტორიცაა, ამ ორი ნაწარმოების კომპილაციას გვთავაზობს. შესაბამისად, სრულიად ახალ ისტორიას ერისთავისა და ცაგარლის სიუჟეტების მოტივებზე. უნდა ითქვას, რომ ორი სხვადასხვა ნაწარმოების ეპიზოდების გაერთიანება ერთ ამბად ოსტატურად მოახერხა რეჟისორმა.

გოჩა კაპანაძე ხუმრობა-ხუმრობაში, თავის თანამოაზრე მსახიობებთან ერთად, ორ მნიშვნელოვან პრობლემას ეხება: 1. ადამიანისთვის პრიორიტეტის განსაზღვრა  უმნიშვნელოვანეს ფასეულობებსა და მომხვეჭელობას (გადამეტებული ზრუნვა ქონებასა და სიმდიდრის მოპოვებაზე) შორის და 2. ქსენოფობიური გარემო, მუდმივი შიში უცხოს და (შენთვის) უჩვეულოს მიმართ. ორივე ზემოთნახსენები პრობლემა გოჩა კაპანაძემ რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენიდან იუმორითა გამოსავლის პროგრესული და ცივილური გზის პოვნის საშუალებით გადაჭრა.

გოჩა კაპანაძის სპექტაკლში მნიშვნელოვანი როლი მუსიკას ენიჭება, რომელიც კომპოზიტორმა ნათია ზეინკლიშვილმა შექმნა. რამდენიმე ქალაქურ სიმღერაზე დაფუძნებულ მუსიკალურ ნომრებს რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები ასრულებენ, მაგრამ ეს შესრულება არ არის ცოცხალი, რაც ამ დადგმის მთავარ სისუსტედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ფონოგრამაზე „მომღერალი“ არტისტები დიდ თოჯინებს ჰგვანან და მაყურებელში გარკვეულ უხერხულობასაც ქმნის. თუკი ვთანხმდებით, რომ თეატრი ყველაზე ცოცხალი ხელოვნებაა, მაშინ ფონოგრამაზე შესრულებული სიმღერები ცოცხალ ნაწარმოებში ამ ჰარმონიას არღვევს და სპექტაკლის მხატვრულ ხარისხს საფრთხეს უქმნის. არადა, როგორი მომხიბვლელი და ორიგინალური სასიმღერო ხმის ტემბრი ჰქონია ნინო არსენიშვილს და ლევან ხურციას. ლელა ალიბეგაშვილისა და ქეთი სვანიძის ვოკალური შესაძლებლობები და მათი გამორჩეული ხმა აქამდე კარგად იყო ცნობილი რუსთაველის ეროვნული თეატრის ერთგული მაყურებლისთვის.

დავით უფლისაშვილის კარაპეტა დაბაღოვი, რომელიც მთავარი როლია სპექტაკლში, გენეტიკური იდენტობის დაკარგვის შიშით არის შეპყრობილი. მას სხვა შიშები და კომპლექსებიც აქვს, მომხვეჭელობა, რომელიც უფრო დიდი პრობლემაა. საინტერესო სახასიათო ტიპაჟებს ქმნიან ქეთი სვანიძე (ხამფერა) და ლევან ხურცია (თავადი არჩილი), მათ არც სცენური მომხიბვლელობა აკლიათ, არც ჟანრის შეგრძნება და ამ მხრივ ზომიერებასაც იცავენ. ორივე მსახიობი გროტესკულ ტიპაჟებს ქმნიან, რაც უფრო მკვეთრად  ნინო არსენიშვილის (მონავარდისა) და სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის (ივანიკა) მიერ შექმნილ ტიპაჟებში ვლინდება. ისინი კლასიკურ, ტრადიციულ, ვოდევილურ მხატვრულ პორტრეტებს ქმნიან საკუთარი არტისტული შტრიხებით. არანაკლებ დასამახსოვრებელ ტიპაჟს ქმნის კახა კუპატაძე (ვახვახი), რომელიც თავისი დახვეწილი და გამოკვეთილად ნაციონალური პლასტიკით უფრო ამახსოვრებინებს თავს მაყურებელს. დავით უფლისაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდის რეპერტუარში ტრაგედიებსა და დრამებში იკვეთება, როგორც მთავარი როლების შემსრულებელი, გოჩა კაპანაძის ვოდევილში, მისი შესაძლებლობების სხვა მხარეებიც წარმოაჩინა. ის ქმნის კარაპეტას სახასიათო სახეს. რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობთა ამ თაიგულში გამორჩეული ადგილი უჭირავს ლელა ალიბეგაშვილს და მის ხანუმას. ლელა ალიბეგაშვილი თვითმყოფადი მსახიობია. ლოგიკურია, რომ მის მიერ შესრულებული ხანუმაც, რომელიც ახლახან გამოვიდა მეტეხის ციხიდან, პატიმრობამ მას ვერაფერი დააკლო. ვერც სულიერად გატეხა და ვერც ფიზიკურად. მის მიერ შექმნილი ხანუმას მხატვრული სახე საგრძნობლად განსხვავდება აქამდე მრავალი მსახიობის მიერ შექმნილი ტიპაჟისგან. ის არ მიმართავს გროტესკულ ხერხებს, არ ქმნის საკულტო პერსონაჟის კარიკატურას. ლელა ალიბეგაშვილი განსხვავებულ ხიბლს და ხასიათის შტრიხებს მატებს ხანუმას სახეს.

სპექტაკლის ბრტყელი სცენოგრაფია (რაც გამოწვეულია რუსთაველის თეატრის მცირე სცენის მოცემულობით) ლომგულ მურუსიძემ შექმნა. ერთ სიბრტყეზე „ჩალაგებული“ თეთრი კედლები, აქა იქ გამოჭრილია პეპლისა და ცილინდრიანი (სავარაუდოდ კარაპეტას) კაცის ფორმები. სიურიალისტური და პირობითი სცენოგრაფია ერთგვარ კონტრასტშია სპექტაკლის ჟანრთან და გადაწყვეტასთან, რასაც ვერ ვიტყვით ანა ნინუას კოსტიუმებზე, რომელიც XIX საუკუნის მოდისა და თბილისელთა (და არა ქართველთა) ტანისამოსის ავთენტურია. სპექტაკლში შთამბეჭდავად (გაგიკვირდებათ და, ფინალში დავით უფლისაშვილიც კი) მოძრაობენ და წაიცეკვებენ კიდეც პერსონაჟები. ფაქტობრივად სპექტაკლის ყველა მოქმედი პირი. მათი მოძრაობა დახვეწილია და ეპოქის შესაბამისი, სახასიათო. ხოლო მათი ცეკვა (განსაკუთრებით, კახა კუპატაძისა და ლევან ხურციას შესრულებით) მაყურებელს უტოვებს სურვილს, რომ მალე არ დამთავრდეს. მოძრაობაზე რეჟისორთან ერთად, ოსტატმა ქორეოგრაფმა კოტე ფურცელაძემ იმუშავა.

ვფიქრობ, „ძუნწი“ დროთა განმავლობაში დაიხვეწება (ისე კი, ბოლო დროს, პრემიერის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, უფრო ეცემა სპექტაკლის ხარისხი, ვიდრე ვითარდება), რადგან მის „გათამაშებას“ მაყურებელიც შეუწყობს ხელს, რომელიც თეატრიდან დასვენებული და ნასიამოვნები წამოსული იფიქრებს იმაზე, რომ ბედნიერება ფულში არ არის. 

P.S. ბოდიშს ვუხდით მკითხველს სპექტაკლის ფოტოების რომ ვერ ვუზიარებთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის ეროვნულ თეატრს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში „პროფესიონალთა“ მთელი არმია ჰყავს, პრემიერის გამოშვებიდან სამი დღის შემდეგაც, თეატრს სპექტაკლის ფოტოები არც ვებგვერდზე და არც Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ჯერ არ გამოუქვეყნებია.  

წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში თეატრის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა ასამდე ფოტო, რომლის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე რუსთაველის ეროვნული თეატრი

bottom of page