top of page

არაფერი ჩვენს შესახებ უჩვენოდ

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

269963586_10159969165471103_6339507482821778328_n.jpeg

მაკა ვასაძე

არაფერი ჩვენს შესახებ უჩვენოდ

ფოტო: გიორგი ყოლბაია

ბიდგოშჩის პოლონური თეატრის (Teatr Polski w Bydgoszczy) და სამეფო უბნის თეატრის კოპროდუქცია „არაფერი ჩვენს შესახებ უჩვენოდ“ რეჟისორმა დათა თავაძემ განახორციელა. სპექტაკლის დადგმის ინსპირაცია კშიშტოფ კიშლიოვსკის დოკუმენტური ფილმებია. მხატვრულ-დოკუმენტური ვერბატიმის ხერხებით განხორციელებული წარმოდგენის სახელწოდება სწორედ კიშლიოვსკის დოკუმენტური ფილმის - „მუშები ‘1971 - არაფერი ჩვენს შესახებ უჩვენოდ“ – ციტირებაა. პოლონეთში 1970-71 წლებში, ფასების გაძვირებასთან დაკავშირებული მუშათა საპროტესტო გამოსვლები, ქვეყნის მაშინდელმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო. დოკუმენტური ფილმი მათი პორტრეტებია ვინც ამ ტრაგიკული მოვლენების შესახებ ღიად და ხმამაღლა საუბარი შეძლო.

დათა თავაძის სპექტაკლი იმ უბრალო ადამიანებზეა, რომლებიც საზოგადოების უმეტეს ნაწილს წარმოადგენენ. ისინი ერთი შეხედვით არაფრით არიან გამორჩეულები, არ არიან არც გამოჩენილი მეცნიერები, არც სახელგანთქმული ხელოვანები ან სახელმწიფო მოღვაწეები. ისინი ჩვენს გარშემო ასიათასობით არსებული მუშები, მაღაროელები, ბალერინები, ფეიქრები, დიასახლისები და ა. შ. არიან. მათი ცხოვრება მონოტონური, ყოველდღიური ერთი და იმავე ქმედებებისგან შედგება, მათ ვერ ამჩნევენ სანამ ტრაგედია არ მოხდება - გაფიცვა, მაღაროში დაღუპვა, დამსახურებული მუშის გარდაცვალება...

ანა-მარია კაშმარსკას სცენოგრაფია ეპიზოდებივით დანაწევრებული დეკორაციისგან შედგება. კედლები, კარები, ფანჯრები, მაცივრები, სკამები, მაგიდა, სანათური, ლარნაკი წითელი და თეთრი მიხაკებით სხვადასხვა ბინის ასოციაციას ქმნის. ამ ბინებში ცხოვრობენ არაფრით გამორჩეული ადამიანები. მსახიობები: პაატა ინაური, მარიან იასკულსკი, სალომე მაისაშვილი, კაროლ ფრანეკ ნოვინსკი, კატაჟინა პავლოვსკა, იეჟი პოჟაროვსკი, მიხალინა როდაკი, მალგოჟატა ტროფიმიუკი ადამიანთა ცხოვრებისეულ ისტორიებს აცოცხლებენ. კიშლიოვსკის დოკუმენტური ფილმის მსგავსად დათა თავაძე ამბის გადმოსაცემად ინტერვიუს ფორმას იყენებს. მსახიობები მორიგეობით ინტერვიუერები და რესპონდენტები არიან. ინტერვიუერი სანათურიან მაგიდასთან ჯდება ხოლმე, რესპონდენტი სცენის მარცხენა კუთხეში მდგარ მიკროფონთან დგება. ინტერვიუების ვიდეოტრანსლაცია ზევით ჩამოკიდებულ თეთრ კარზე აისახება. კითხვები ერთი და იგივე: ვინ ხარ? როდის დაიბადე? რას ელი ცხოვრებისგან? რესპონდენტები მოკლე და ზუსტ პასუხებს იძლევიან. ზოგი შიშის გარეშე ცხოვრებას ელოდება, ზოგი კი საერთოდ არაფერს. შემდეგ თანდათანობით სცენაზე თითოეული მათგანის ისტორია გათამაშდება. რეჟისორი დრამატული ამბის გადმოცემისას სევდანარევ იუმორს, ზოგჯერ კი გროტესკსაც იყენებს. დათა თავაძე მაყურებელს თავიდანვე ეუბნება, რომ  რეალურ ამბებზე აგებულ სპექტაკლშიც კი, ხელოვანი ყოველთვის თავისი თვალით დანახულს, თავისი კუთხით, მონტაჟით აჩვენებს ცხოვრებას. რეჟისორი სპექტაკლში ექსპრესიონისტული და ეპიკური თეატრის ხერხს იყენებს. ყოველი ახალი ეპიზოდი დასათაურებულია, ეკრანზე ჩნდება წარწერა, მაგალითად: „სამსახური“, „ვინც შრომობს ორკესტრს იმსახურებს“, „პირველი მაისი“, „მუშები 1971“, „რძე“, „არაფერი ჩვენს შესახებ უჩვენოდ“...

ქალს, რომელსაც მეუღლე დაეღუპა, იმ ქარხნის დირექტორი ხვდება, სადაც გარდაცვლილი მთელი ცხოვრება მუშაობდა. დირექტორი გარდაცვლილის დასაფლავების სქემას სთავაზობს. ქალი ყველაფერზე თანახმაა, მხოლოდ ყვავილების შესახებ ამბობს ერთ გრძელ ფრაზას - ჩემ ქმარს წითელი მიხაკები მოსწონდა, მანამდე მისი პასუხები მოკლე კი-თ შემოიფარგლება. გროტესკულად ჟღერს დირექტორის ომახიანი ინტონაციით შეთავაზებული დამაგვირგვინებელი წინადადება: - დასაფლავებაზე ქარხნის ორკესტრიც იქნება! სევდიანია საწარმოო პროცესში დაღუპული მუშის მონოლოგი. - ყველაფერს გადაწყვეტენ ჩემს შესახებ უჩემოდ. ვითომ გვითანაგრძნობთ, სინამდვილეში კი გიხარიათ, რომ ეს ამბავი თქვენ არ შეგემთხვათ...

ხატოვნად აქვს რეჟისორს გაკეთებული ეპიზოდი „პირველი მაისი“ (მუშათა დღესასწაული). სხვადასხვა დეტალით, მინიშნებით, ხმით, ქმედებით დათა თავაძე საპირველმაისო  ატმოსფეროს ქმნის სცენაზე. პერსონაჟი მსახიობები სკამებზე სხედან და ქანაობენ. ნელ-ნელა თითოეული მათგანი ღიღინს იწყებს, ღიღინი თანდათან კაკოფონიაში გადაიზრდება, ყველა დგება და აქეთ-იქეთ სიარულს იწყებს, ფუსფუსი, სიჩქარე, ფორიაქი, ვერბალურად და არავერბალურად, ქმედებით ქაოსის ატმოსფერო იქმნება.

გულისამაჩუყებელია დამსახურებული ფეიქარი ქალის პენსიაზე გასვლის ეპიზოდი. ყველა ულოცავს, თითო მიხაკს ჩუქნის, დიდი თაიგული შეიკვრება თეთრი და წითელი მიხაკების, რაც ბოლოს პენსიონერი ფეიქრის პალტოში გაჩრილი აღმოჩნდება. ამ ეპიზოდში რეჟისორი მაყურებელთან ინტერაქტივს მიმართავს. პენსიონერი ქალი მთელი ცხოვრება მუშაობდა და ახლა აღარ იცის რა აკეთოს, რამდენიმე მაყურებელს მიმართავს კითხვით - თქვენ სად მუშაობთ? გინდათ სხვა რამე აკეთოთ? მაყურებლის უმრავლესობა უპასუხებს, რომ სხვა რამის კეთება სურს. მუშა ქალს კი არასდროს უფიქრია ამაზე, მას უყვარდა თავისი საქმე და პატიოსნად შრომობდა. ახლა კი მისმა ცხოვრებამ თითქოს აზრი დაკარგა.

ბევრ რამეზე დამაფიქრებელია ბალერინას ეპიზოდი: დედა-შვილის ურთიერთობა, ბავშვის აღზრდაში მშობლების როლი, არჩეული პროფესიის სისწორე და ა. შ. დედა, რომელიც კარგი მუშაობისთვის ოპერის თეატრში ბილეთით დაჯილდოვდა, საბალეტო სპექტაკლით მოხიბლული გადაწყვეტს ქალიშვილი ბალერინა გახდეს. გოგონას ბავშვობიდან მოყოლებული მთელი ცხოვრება დიეტაზე ყოფნა, ყოველდღიურად რამდენიმე საათიანი ვარჯიში უწევს. შედეგად კი ერთადერთხელ იცეკვა მთავარი პარტია, მეორეხარისხოვანი პარტიების შესრულების მიუხედავად ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიშობს. 37 წლის ასაკში პენსიაზე გასული ბავშვებს ასწავლის ბალეტს, ბავშვებს რომლებსაც ვერ იტანს. აქ რეჟისორი მშობლების ბავშვებზე ძალადობის თემასაც ეხება. აგრეთვე იმას, რომ არ შეიძლება აკეთო ის რაც არ გამოგდის, ხომ შეიძლება ამ ბალერინას შეეცვალა პროფესია. ბალერინას პერსონაჟის შემსრულებელ მსახიობს რთული ამოცანა აქვს მიცემული. შეუჩერებლად, ფიზიკური ქმედებისას, ცეკვის მსგავსი მოძრაობების პარალელურად, იგი თავისი პერსონაჟის ამბავს გვიყვება.

1970-71 წლებში პოლონეთში განვითარებული მოვლენები ერთი ოჯახის ფონზე ვითარდება. აქვე დიასახლისის ცხოვრებაც გათამაშდება. დიასახლისის, რომლის შრომა არ ჩანს, დაუფასებელია. მას აივანზე გასასვლელად და სიგარეტის მოსაწევადაც კი არ რჩება დრო. ახალგაზრდა და-ძმის დიალოგში თამაშდება საპროტესტო აქციების თემა. და, რომელიც აქტიურია, დადის  მიტინგებზე. ძმა რომელიც მართალია მხარს უჭერს  მუშათა მოთხოვნებს, მაგრამ ქუჩაში პროტესტს არ გამოხატავს. - ეს რომ მცოდნოდა შენც არ გაგიშვებდი, ეუბნება დარბევაში დაღუპულ დას.

კიდევ ერთი გულისშემძვრელი ეპიზოდია მეშახტის ამბავი. ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობს, შეყვარებულია, ოჯახის სარჩენად შახტში მუშაობს. დეტალურად გვიყვებიან შახტში, მიწის სიღრმეში ჩასვლას, რას გრძნობენ მეშახტეები რაც უფრო ღრმად ჩადიან შახტში. დათა თავაძე ამ ეპიზოდში ფუნქციურად ათამაშებს მაკრატელს. მთელი ეპიზოდის განმავლობაში დიდი მაკრატლით თითქოს რაღაცას ჭრიან, ისმის გაჭრის წკარუნიც. შემდეგ დაღუპულ ახალგაზრდა მეშახტეს მაკრატლებით ნელ-ნელა პერანგისა და შარვლის ნაწილებს აჭრიან. მაკრატლის ამგვარად გათამაშება ახალგაზრდა ბიჭის სასიცოცხლო ძალების ნელ-ნელა გადაჭრის, გამოცლის ასოციაციას აღძრავს მაყურებელში.

ფინალისკენ ერთ-ერთი რესპონდენტი, მოხუცი კაცი ამბობს, რომ 100 წლისაა და უნდა უფრო დიდხანს სიცოცხლე. სევდიანი, გულისამაჩუყებელია მოხუცის ეს ფრაზა. სიცოცხლე ყველა ადამიანისთვის ძვირფასია. მითუმეტეს ტრაგიკულია ახალგაზრდების დაღუპვა. ადამიანები ვეღარ ვამჩნევთ ჩვენს გვერდით მყოფებს. ჩვენ თითქოს სიყვარულის, თანაგრძნობის უნარი დავკარგეთ, უსულგულო რობოტებად ვიქეცით ამ ბიუროკრატიულ, აბსურდულ სამყაროში. ფინალისკენ გამოღებულ მაცივარში ღვთისმშობლის სკულპტურა მოჩანს, ადამიანებმა რწმენაც კი მაცივარში გამოკეტეს. ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: აღარ მახსოვს ვინ თქვა - „უფალო რატომ მიმატოვე“.  ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს?

რეჟისორმა სპექტაკლი კიშლიოვსკის ფილმიდან კადრით დაასრულა. ეკრანზე პატარა შავთმიანი გოგონას სურათი გამოისახება. იმ გოგონასი, რომელი ფილმში ამბობს - მე საზიზღარი შავთმიანი ვარ. მაყურებლის მზერა პატარა გოგონას სურათზე ფოკუსირდება, რომელიც სინამდვილეში მშვენიერია.

bottom of page