„არადა რა კარგი დღე შეიძლებოდა ყოფილიყო“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ნუცა კობაიძე
„არადა რა კარგი დღე შეიძლებოდა ყოფილიყო“
„არაფერია ისეთი სასაცილო, როგორც უბედურება“
სემუელ ბეკეტი
„ბედნიერი დღეები“ სემუელ ბეკეტის ფემინისტური პიესაა, სადაც მთავარი გმირი ვინი, ხელჩანთით და ტუჩსაცხით, ქვიშაში ნახევრად ჩაფლული იბრძვის ყოველი დღისთვის. ნაწარმოები (1961) ითვლება აბსურდიზმის ერთ-ერთ შედევრად. ეს არის შუა ხნის ასაკის ქალის მონოლოგი ადამიანის ცხოვრების უაზრობის შესახებ. მის გვერდით უუნარო და მიუწვდომელი მეუღლე ვილია. სხვა ადამიანები კი, რომელთაც შეეძლოთ დახმარება, მხოლოდ ქალის წარმოსახვაშია, რაც რეჟისორმა გიორგი აფხაზავამ საინტერესოდ გაათამაშა გია ყანჩელის მუსიკის ფონზე ჯუჯების - მისტერ და მისის კუშების (გიორგი თენაძე, ტატა მაცხოვრიშვილი) შემოყვანით.
პიესას არ აქვს დასაწყისი, დასასრული ან ფაბულა. გაურკვეველია დრო და ადგილი. „ბედნიერი დღეები“ არ ასახავს სინამდვილეს. ის სამყაროს ბეკეტისეული ინტერპრეტაციაა. ტრაგიკული მდგომარეობის მიუხედავად, ქალი (ნინო გაჩეჩილაძე) საკმაოდ ბედნიერად გამოიყურება, თავისი ქმრისგან (ვილი - ცოტნე მაისურაძე) განსხვავებით, რომელიც პასიური და უმოქმედო სახეა - „როცა ჩემმა ჟამმა განვლო [...], იქ ჩაესვენა ჩემი მზე“. ვინი ებრძვის სიკვდილსა და მარტოობას. ის კმაყოფილია უმნიშვნელო მოვლენებითაც და უდარდელად იცინის. სწორედ იუმორია მისი იარაღი. ვინი და ვილი შეგუებულნი არიან თავიანთ ცხოვრებას. ამაშია მათი ტრაგედიაც. ისინი ფაქტობრივად ანტი-გმირებად მოიაზრებიან, რომლებსაც უნარი არ გააჩნიათ რამე შეცვალონ.
ვინი ცდილობს გადააგოროს რუტინული დღეები და თან შეუჩერებლად საუბრობს წარსულზე, მომავალზე, მარტოობასა და სიკვდილზე. პერიოდულად ცდილობს ვილის აყოლიებას საუბარში. იგი ძალიან ჰგავს ბეკეტის სხვა პერსონაჟებს, რომლებიც ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდიან, მაგრამ ამავდროულად განსხვავდება მათგან სამყაროსადმი სიყვარულით. ვინი დომინანტი პერსონაჟია, ძალისხმევას არ იშურებს, რომ ოპტიმიზმი შეინარჩუნოს.
ვილის შესახებ ცოტა რამ ვიცით. პიესაში იგი სულ რამდენიმე სიტყვას წარმოთქვამს და დროის უმეტესი ნაწილი თავისთვის არის. კითხულობს გაზეთებს, ცოლს იშვიათად ეკონტაქტება. მას გამართულად სიარულიც კი არ შეუძლია, მუხლებზე ფორთხავს, უფუნქციო და გულგრილია ცხოვრების მიმართ, დროს კლავს არაფრის კეთებაში. კაცი რადიკალურად განსხვავდება ქალისგან, რომელიც საკუთარი არსებობის საზრისს ეძებს და უპირისპირდება ბედისწერას.
პიესა ვილის ყოფნა-არყოფნით არ იცვლება, რადგან ვინი მაინც აგრძელებს საუბარს, მისი ესმის თუ არა, პასუხს უბრუნებს თუ არა - „ჩემ თავს ველაპარაკები, როგორც უდაბნოში“. ის საკუთარ თავთან მუდმივ დიალოგშია. ქალი ეგზისტენციალურ შეკითხვებს სვამს, მსჯელობს სიკვდილსა და სიცოცხლეზე. მას, ბეკეტის სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით, მთელი სამყარო უყვარს, თავს იმხნევებს როცა ქმარს მიმართავს - „დაიძინე, მთავარია ვიცოდე, რომ ახლოს ხარ. მეტი არაფერი მჭირდება“.
სპექტაკლში, ისევე როგორც პიესაში არ არის ექსპოზიცია. არ ვიცით, რა იყო ვინისა და ვილის შორის. წარმოდგენა იწყება მოქმედების განვითარებით, რომელიც მანამდე მოხდა. ანუ იმ ნაწილით, როდესაც ვილი ცდილობს ვინის მიუახლოვდეს. ბეკეტის გროტესკულ გმირებს არ გააჩნიათ ფსიქოლოგიური სიღრმე, ერთმანეთისაგან თითქმის არაფრით განსხვავდებიან.
რთული ამოცანაა შეასრულო ისეთი პერსონაჟი, რომელიც მთელი სპექტაკლის მანძილზე, სტატიკურია. მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე სცენაზე გვაჩვენებს თავის სამსახიობო შესაძლებლობების მაქსიმუმს. ის ახერხებს იყოს სიკვდილის პირას მდგარი გმირი, თუმცა სიცოცხლით სავსე. მხოლოდ კარგი თამაშის ხერხით არის შესაძლებელი იცინო გულწრფელად, სიყალბის გარეშე და თან აბსურდულ გარემოში, სადაც სასაცილო არაფერია. შემიძლია გაგიმხილოთ, რომ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი შექმნილი სახით. სცენაზე მდგარმა ოთხივე არტისტმა, მიუხედავად ჯუჯების ეპიზოდური როლისა, და ვინის უმოქმედობისა - ის თითქმის მთელი სპექტაკლი ჰამაკშია მიძინებული. არ შემიძლია არ აღვნიშნო მათი სამსახიობო მონაცემები. მაყურებელი სცენაზე უყურებს დახვეწილ, ინტელექტუალურ, ნააზრევ შესრულებას.
ის აპოკალიფსური სურათი, რაც ბეკეტმა „ბედნიერ დღეებში“ ასახა, რეჟისორმა კამერულ სივრცეში ძალიან ოსტატურად გადმოიტანა. „[...]საკუთარ თავთან ლაპარაკი იგივეა, რაც უდაბნოში ლაპარაკი“- მხატვარი (სოფიკო კიკაბიძე) დგამს ტელევიზორს, სადაც უდაბნო მოჩანს, კარის ჭრილშიც უდაბნოს პეიზაჟია. ჭერიდან დაშვებული ქვიშის საათი ძირგავარდნილ სკამზე ეშვება. ქალი ქვიშაში, ქვიშაზე ქოლგა, ოქროსფერი ვაშლი, მაღვიძარა საათი, თოკზე დაკიდებული ქუდი - ქაოსური სცენოგრაფია სალვადორ დალის სიურრეალისტურ ნახატს მაგონებს.
ბეკეტი პიესას ღიად ტოვებს, ფაქტობრივად უფინალოდ. გიორგი აფხაზავა კი ფატალურად ასრულებს სპექტაკლს - ვილი იკლავს თავს, ქალი ბოლომდე ეფლობა ქვიშაში. „და ისევ მოგვეცემა დღე დიდებული, სახელითა უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტე, ამინ!..“
ფოტო თბილისის კამერული თეატრის Facebook გვერდიდან