
ანტიკუ რი და შუა საუკუნეების ქართული თეატრი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

06.06.2026
თამარ ქუთათელაძე
ანტიკური და შუა საუკუნეების ქართული თეატრი
ლაშა ჩხარტიშვილის წიგნი „ანტიკური და შუა საუკუნეების ქართული თეატრი“ შედგება ლოგიკურად დასათაურებული ქვეთავებისგან, რაც ასახავს ქართული პროფესიული თეატრის გენეზისს. ნაშრომის საერთო კონტექსტიდან იკვეთება ევრაზიულ გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყნის სახელოვნებო პროცესებში მეზობელი ქვეყნების მიღწევების, სიახლეების მიმღებლობა, მათი გააზრებული, შემოქმედებითი ათვისება-აკუმულირება ეროვნულ ღირებულებებში, პრიორიტეტებში, რაც დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ნაშრომში ასახულია ისიც, რომ ქართული თეატრის საწყისებიდანვე აქტიურად შეიმჩნეოდა ხელოვნებაში ეროვნულ მეხსიერებაში დალექილი ტრადიციულ ფასეულობათა დადგენა-გადაფასების, თვითრეალიზების დემონსტრირებაცა და მძაფრი კრიტიციზმიც, რაც რეაგირებებს ჰპოვებდა ეკლესიისა თუ ხელისუფლების მხრიდან ე.წ. შესაძლო შეზღუდვებით.
ნაშრომის ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს ქართველ მოღვაწეთა მიერ აღმოსავლური სანახაობრივი ფორმებიდან სათეატრო ხელოვნებაში დაწინაურებული ბერძნულ-რომაული კულტურისკენ უსწრაფეს ლტოლვას. ყურადღების მიღმა არ რჩება ინფორმაციები ჩვენში ბერძნულ-რომაული ტიპის ახალშენებზე ადმინისტრაციულსა და პოლიტიკურ სივრცეებზე: აგორა და ბაზრობები, რელიგიურ-საკულტო არქიტექტურა (ტაძრები, საკურთხევლები, საკულტო ეზოები), სანახაობითი და კულტურულ ნაგებობები: თეატრონები, სტადიონები, გიმნასიონები, პალესტრები.
ნაშრომი შეიცავს ლუკიანე სამოსატელის, აპოლონიოს როდოსელის, ქსენოფონტეს, სტრ
აბონის, პროკოფი კესარიელისა და სხვა ბერძენ-რომაელ ისტორიკოსთა საყურადღებო ცნობებს არქაული პერიოდის საქართველოში სანახაობით და დრამატიზებულ კოლექტიურ ქმედებებზე. თავის დასკვნებს ლაშა ჩხარტიშვილი აფუძნებს სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროებში, მკვლევართა სამეცნიერო ნაშრომებსა თუ არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული არტეფაქტების შეჯერებებით. აქ მოხსენებულია უფლისციხის თეატრონი, მუსიკოს-დამკვრელის ქანდაკებები (უფლისციხე, სტეფანწმინდა, ყაზბეგი, ხაიში და სხვა), სატირის, დიონისეს გამოსახულებები (ვანი, სარკინე, ძალისა და სხვა), ქალღმერთ ნიკეს ქანდაკება, თეატრალური თუ სახეზე გასაკეთებელი ნიღბები („ვანის ნიღაბი“), რაც „ცხადყოფს, რომ მუსიკა და საშემსრულებლო ტრადიცია ანტიკურ საქართველოში სისტემური კულტურული გამოცდილება იყო, ფართოდ წარმოდგენილი მატერიალურ კულტურაში“.
ნაშრომის მეორე მონაკვეთი ეძღვნება შუასაუკუნეებში ხალხური და პროფესიული თეატრის ფუნდამენტის წარმოჩენას. როგორც ავტორი წერს, სანახაობითი და მუსიკალურ-დრამატული ტრადიციების მზარდ წარმატებას („მგოსანი გლოვისანი“ თუ „სახიობანი“), სოციალური კრიტიკის თეატრალურ ფორმებსა და გავლენებს შედეგად მოჰყვა მათი შეზღუდვის მცდელობა სამხედრო-საზოგადოებრივ გარემოში, თუმცა, ვერ შეარყია სანახაობრივი ხელოვნების ავტორიტეტი. შედეგად, მოხეტიალე, პროფესიონალი მსახიობების გვერდით (ხალხურ - ბერიკაობა, ყეენობა), დავით აღმაშენებლისა და თამარის მეფობის ეპოქებში (XI-XII საუკუნეები) ყალიბდება და ვითარდება სამეფო კარის თეატრი, - პოეტური სიტყვის, მუსიკის, ცეკვის სინთეზი, რომელმაც წარმატებით იარსება ხუთი საუკუნე (XII-XVII სს). მას დაეკისრა საერთაშორისო დიპლომატიურ შეხვედრებსა და ნადიმებზე დამსწრე რჩეული საზოგადოების გართობა მიწვეული საუკეთესო ქართველი თუ უცხოელი მსახიობ-შემსრულებლებით. მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანისა“ თუ ისტორიკოსების (ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი და სხვა) მოსაზრებათა საფუძვლეზე ლაშა ჩხარტიშვილი აღადგენს „სახიობის“ წარმოდგენების ზოგად პანორამას ქართველ მეფეთა რეზიდენციებში - ნადარბაზევს, ნაჭარმაგევს, გეგუთს. ნაშრომში შთამბეჭდავადაა რეკონსტრუირებული „სახლი სათამაშოის“ ნაგებობა, წარმოდგენების ორგანიზების წესი, სამეფო კარის სანახაობრივი კულტურა და სხვა.
ლაშა ჩხარტიშვილი ლაკონურად ახასიათებს დავით აღმაშენებლის საქართველოში მოქმედ სასულიერო („თეატრი მრჩობელთა“) და საერო თეატრებს (სასახლისკარის „სახიობა“). „რუსუდანიანისა“, დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანის“, ვახტანგ VI - ს პოემა „დასტურლამალის“ საფუძველზე გვიჩვენებს სასულიერო თეატრის მიზნებს, ჟანრს, მსახიობებს, „სახიობის“ რეპერტუარს (მემღერე-მემგოსნე-მეჩანგეთა შემოქმედება, სოფოკლესა და ევრიპიდეს ტრაგედიები, მენანდრეს კომედიები), ქალ მსახიობთა მდიდრულ კოსტიუმებსა და აღკაზმულობებს, მსახიობებსა და ხელმძღვანელებს (გიორგი საზანდარბაში, მაჩაბელა, ბარდი სათარა, ლევან კარახანი, ილი ხოშტარია, საიათნოვა და სხვა). გარდა ამისა, მოჰყავს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მუშაითობა ბავშვობიდან ისწავლებოდა ოჯახებში („ვეფხისტყაოსანი“), ხოლო ე.წ. სათეატრო სასწავლებლის „სანაღაროს“ არსებობით დასტურდება, რომ „სახიობაში“ მონაწილეობა თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის საშუალებით იყო შესაძლებელი (ნ. ურუშაძე „სახლი სათამაშოი“).
ლაშა ჩხარტიშვილის დასკვნით, საქართველოში ანტიკური ტიპის ინსტიტუციური თეატრი არ ჩამოყალიბებულა, თუმცა, შუა საუკუნეების საქართველოშიც არსებობდა ანტიკური ტრაგედიის მონათესავე სანახაობა - საჯარო წარმოდგენა „გლოვის მგოსანთა“ შესრულებით და სასახლის კარის ელიტური „მეჯლისად და განცხრომად“ წარმოსადგენი მცირე ფორმის, გასართობ-სალაღობო ნაწარმოებები. აქვე გვთავაზობს მათ ორგანიზებასა და წესრიგს. გარდა ამისა, XII საუკუნის ბიზანტიაში გავრცელებული მცირე ფორმის სანახაობრივი ჟანრების (ჰილაროდია და მაგოდია) შესატყვისად, საქართველოშიც წარმატებით მოქმედებდა შესაბამისი ჟანრი („სიმღერა სიღოდათა“). ძველი ქართული პოემებიდან („სიბილაიანა“, „რუსუდანიანი”) ამოკრეფილი ინფორმაციებით თვალნათლივ ვეცნობით პანტომიმური წარმოდგენების წყობასა და შესრულების ფორმას. ხოლო შემორჩენილი ვრცელი ტერმინოლოგიური სისტემა ცხადყოფს, რომ საქართველოში უხსოვარი დროიდან არსებობდა წარმოდგენის, როკვის, გლოვის მგოსნობისა თუ ქოროსებური შესრულების გააზრებული, მაღალი სადადგმო და საშემსრულებლო კულტურა.
ნაშრომი უხვად გვაწვდის ინფორმაციებს სხვადასხვა პერიოდის ქართველ მკვლევარ-მეცნიერთა მიერ (სულხან-საბა ორბელიანი, დიმიტრი ჯანელიძე, ნათელა ურუშაძე და სხვები) ძველქართულ თეატრალურ ტერმინთა განმარტებებს. მათ შორის პრიორიტეტულია შუა საუკუნეების ქართული მწერლობის აღიარებული ძეგლი „რუსუდანიანი“. როგორც ირკვევა, ძველი ქართული სათეატრო ტერმინოლოგია ასახავს არა მხოლოდ უცხოური ტერმინების თარგმანს, არამედ ადგილობრივად ჩამოყალიბებულ ცნებათა სისტემასაც და აღმოსავლურ და დასავლურ კულტურათა თანაარსებობასაც, ხოლო ტერმინთა მრავალფეროვნება - უდავოდ მდიდარ პრაქტიკული სათეატრო ცხოვრებას. მათ შორის „სახიობის“სანახაობა ადასტურებს მის მრავალჟანრულ, სინთეზურ ბუნებას, ხოლო ქალი შემსრულებლების აქტიური მონაწილეობა - სათეატრო ცხოვრების დემოკრატიულ სულისკვეთებას, პროგრესულ მიზნებს, დიდ ავტორიტეტს.
ნაშრომის ბოლო მონაკვეთში სამართლიანად ასკვნის ლაშა ჩხარტიშვილი, რომ საქართველოში გარკვეული მიზეზების გამო თეატრალური პროცესი წინ უსწრებდა დრამატურგიის ფორმირებას, რაც სავარაუდოდ ამ სინთეზური ხელოვნების სწრაფწარმავალი და განვითარებადი ბუნებითაც იქნა განპირობებული. ნაშრომი აღბეჭდილია საკვლევი მასალის ფლობით, მაღალი სამწერლო და თეატრალური კულტურით, არსებულ წყაროთა საფუძველზე აღდგენილი ანტიკური თუ შუა საუკუნეების ქართული თეატრის ისტორიის შთამბეჭდავი პანორამის შექმნის მცდელობით, საინტერესო პარალელებით მიმდინარე პერიოდის სათეატრო პროცესების სიახლეებთან. შესაბამისად, რეკომენდაციას ვუწევ ნაშრომს მიეცეს მსვლელობა და მიენიჭოს დამხმარე სახელმძღვანელოს სტატუსი.
გამოცემა უხვადაა ილუსტრირებული მხატვარ სოფო მამალაძის ნახატებითა და ირინა აბჟანდაძის ფოტოებით, რომლის ვიზუალურ კონცეფციაზე ფოტოგრაფმა იმუშავა. წიგნი გამოცა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის“ მიერ.